Aa Aa
5 მაისი 2021  |  05:14

"საზიზღრად ვითამაშე, მან კი პრესასთან შემაქო" - კრუიფის გენია და გავლენა კუმანზე

გრონინგენი - უდიდესი ქალაქი ჩრდილოეთ ნიდერლანდებში. სტუდენტური ქალაქი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრების დიდ ინტერსს არ იწვევს, რადგან ადგილობრივი კლუბი ვერ აჩვენებს ისეთ ფეხბურთს, რომ ეს დაიმსახუროს. თუმცა, მეორე მხრივ, კლუბის აკადემიამ მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები აჩუქა, როგორებიც არიენ რობენი, ვირჯილ ვან დეიკი და რონალდ კუმანი არიან. სამივე ფეხბურთელი გამოირჩევა უნივერსალიზმით. ამპლუით მცველ კუმანს საკლუბო კარიერაში 193 გოლი დაუგროვდა, ხოლო რობენს, რომელიც შემტევი იყო, მასზე მხოლოდ 16-ით მეტი გოლი აქვს გატანილი.

რონალდ კუმანი ყოველთვის არასტანდარტული იყო. ეს გამოიხატა არა მხოლოდ ფეხბურთის ეფექტურად თამაშში, არამედ ცხოვრებაშიც. როდესაც 1987 წელს,  „ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა კატალონიურ კლუბში გადასვლა შესთავაზა, რონალდმა მოფიქრებისთის ერთი წელი აიღო. „ჩვენ ვიჯექით ეინდჰოვენის სასტუმროს ლობში, როდესაც „ბარსელონაში“ გადასვლა შემომთავაზეს. ჩემი პასუხი იყო, რომ კონტრაქტი კლუბთან კიდევ 1 წლით მაკავშირებდა და თუკი წინადადება მომავალ წელსაც ძალაში იქნებოდა, მათთან გადავიდოდი“, - იხსენებს კუმანი.

ერთი წლის შემდეგ კუმანს თვით იოჰან კრუიფმა დაურეკა და პირობა შეახსენა: „1988 წლის ბოლოს, კრუიფმა დამირეკა. როდესაც ვამბობ წლის ბოლოს, არაფერს ვაზვიადებ - ზუსტად 31 დეკემბრის საღამოს 10 საათი იყო. მეუღლის მშობლებთან სტუმრად ვიყავი. კრუიფი მადრიდიდან მიკავშირდებოდა, მის გუნდს 1-ელ იანვარს „ატლეტიკოსთან“ უნდა ეთამაშა. მის ზარს ნამდვილად არ ველოდი, მით უმეტეს, ასეთ დროს. - “რონალდ, მე ვარ, იოჰანი. მინდა, შენ ჩემთან თამაშობდე, რადგან აქ მჭირდები. ჩამოხვალ?“, - იხსენებს კუმანი.

მიულოცეს თუ არა ერთმანეთს დამდეგი 1989 წელი კრუიფმა და კუმანმა, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ დაახლოებით 6 თვეში რონალდი კატალონიურ გრანდში გადაბარგდა.

თავიდან ფეხბურთელს მოედანზე არაფერი გამოსდიოდა. ყველაფერი სათამაშო პოზიციის ბრალი იყო. კრუიფი მას ნახევარდაცვაში ათამაშებდა, რაც კუმანისთვის აშკარად მოუხერხებელი ადგილი გახლდათ. ნიდერლანდელები გასახდელში სულ კამათობდნენ, მაგრამ ჟურნალისტების კრიტიკისგან კრუიფი თავის ფეხბურთელს ყოველთვის იცავდა.

„მახსოვს ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი. ეს იყო ჩემპიონატის დასაწყისში „მალიორკასთან“ გასვლითი შეხვედრა - ძალიან ცხელოდა. ჩემ უკან დაცვაში თამაშობდა ლოპეს რეკარტე, რომლის გადაცემები ყოველთვის არაზუსტი იყო. მე მას ვევედრებოდი, რომ ზუსტი პასი მოეცა, მაგრამ უშედეგოდ. ის შეხვედრა 0:1 წავაგეთ. გასახდელში კი კრუიფთან კამათი მომიწია და ვუთხარი, „რას ჩამოგყავდი პსვ-დან თუ აქ ნახევარდაცვაში უნდა მათამაშო“-მეთქი. მან არაფერი მიპასუხა და პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მატჩში საუკეთესო კუმანი იყო. უბრალოდ, ჯერ ფეხბურთელები ვერ ხვდებიან, მას ზუსტი პასები მისცენ. არ მჯეროდა, რომ მან ეს თქვა, მე ხომ საზიზღრად ვითამაშე“, - გაკვირვებული ამბობდა კუმანი.

მოგვიანებით, კრუიფმა თანამემამულე დაცვაში დააბრუნა და მაშინ დაიწყო კუმანის ვარსკვლავური პერიოდი 90-იანების „ბარსელონაში“. ზუსტად კუმანის გასროლის შემდეგ მოიპოვა  „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტიტული. თვითონ ფეხბურთელიც „სამპდორიასთან“ დამატებით დროში გატანილ გოლს ყველაზე მნიშვნელოვანად მოიხსენიებს.

„საიდან კუმანს ასეთი დარტყმა. იმ პერიოდში ყველა ამას საუბრობდა. მე ბავშობიდან ძლიერი დარტყმა მქონდა, რომელიც მამაჩემა მასწავლა. მას შემდეგ დაყენებულ დარტყმებზე მთელი კარიერა ვვარჯიშობდი“, -ამბობს კუმანი.

„მის დარტყმებს ვერაფერს ვუხერხებ. ვხედავ დარტმის მომენტს, ბურთის ფრენას, მაგრამ მაინც ვერ ვიგეირებ, რადგან ბურთი ყოველთვის სხვანაირად უმატებს სიჩქარეს“, - იხსენებს „ბარსელონას“ კაპიტანი, მეკარე ანდონი სუბისარეტა.

კრუიფის და კუმანის ურთიერთობა არ იყო მხოლოდ მინდორზე. თუნდაც რონალდის შვილის დაბადების ისტორიაც ამის მაგალითია. ეს ნამდვილად ფილმისთვის გამზადებული სცენარია.

„ის დღე ყოველთვის მახსოვს, როდესაც მეულემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენი შვილი ტიმი დაიბადებოდა. მაშინ მე თამაში მქონდა სან სებასტიანში და გოლიც გავიტანე. კრუიფს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მან ვიღაცას დაავალა, რომ თავისი მანქანა ბარსელონადან ჩამოეყვანათ, რათა მატჩის შემდეგ ეგრევე ბარსელონაში წავსულიყავით. გუნდი იმ ღამეს სასტუმროში დარჩა. იოჰანმა მიმიყვანა მანქანასთან და მითხრა: „ჩვენ გვაქვს მიზეზი, რომ ვიჩქაროთ და ორივე ბარსელონასკენ წავედით, რათა ტიმის დაბადებისთვის ჩაგვესწრო. 7-საათიანი მგზავრობის შემდეგ, დილის 6 საათზე მივედით სამშობიაროში. რომ არა ის, ვერასდროს მივუსწრებდი ამ საოცარ მოვლენას. ეს ენით აღუწერელი ემოცია იყო“, - იხსნებს კუმანი.

კუმანი კრუიფის გარეშე ძალიან მოწყენილია. „ჩვენ ძალიან გვენატრები“, - დაწერა ტვიტერზე კუმანმა. იოჰან კრუიფი 2016 წელს, ფილტვების კიბოს გამო გარდაიცვალა.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში