''შეურაცხყოფა ტრანსლაციის რეჟისორს მიაყენა'' - ფიცხი ქეცბაიას მორიგი სკანდალი
Aa
Aa

''შეურაცხყოფა ტრანსლაციის რეჟისორს მიაყენა'' - ფიცხი ქეცბაიას მორიგი სკანდალი

გამოცდილი ქართველი საფეხბურთო სპეციალისტი თემურ ქეცბაია მორიგ სკანდალში გაეხვა. მან შეურაცხყოფა თავისი გუნდის ფეხბურთელსა და მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის რეჟისორს მიაყენა. ინფორმაცია კვიპროსულმა 24sports-მა გაავრცელა.

წყაროს ცნობით  ''ანორთოსისის'' მთავარი მწვრთნელი სიტყვიერად გააფრთხილეს, ამჯერად ფინანსურ სასჯელს გადაურჩა, თუმცა ფაქტის განმეორების შემთხვევაში, სასჯელი უფრო მკაცრი იქნება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ქეცბაია ფინანსურად რამდენჯერმე დააჯარიმეს, რადგან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციებს არ ესწრებოდა და ჟურნალისტების კითხვებს პასუხს არ სცემდა.

აღნიშნული ფაქტი 5 აპრილს დაფიქსირდა, როცა ლარნაკას აეკ-მა შინ ''ანორთოსისი'' 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ქეცბაიას გუნდმა ოქრიაშვილის გოლით მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ აეკ-მა ორი გოლი შეაგდო და 3 ქულა მოიპოვა. ცხადია, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე ქეცბაია კარგ განწყობაზე ნამდვილად არ იქნებოდა, მისმა გუნდმა უპირატესობა დაკარგა და საბოლოოდ მატჩი ქულის გარეშე დაასრულა.

კვიპროსის ჩემპიონატში ''ანორთოსისმა'' საუკეთესო სამეულში მოხვედრის შანსიც დაკარგა, თუმცა კვიპროსის თასის მოპოვებისთვის იბრძვის. პირველ ნახევარფინალურ მატჩში ქეცბაიას ფეხბურთელებმა ''აპოელს'' 1:0 სძლიეს. საპასუხო მატჩი 21 აპრილს ''აპოელის'' საშინაო არენაზე შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები