Express.de - ბაიერნი კვარაცხელიათი დაინტერესდა
Aa
Aa

Express.de - ბაიერნი კვარაცხელიათი დაინტერესდა

გერმანული ვებგვერდი, Express.de მიუნხენის „ბაიერნის“ სატრანსფერო გეგმების შესახებ წერს და ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, „რეკორდმაისტერის“ ყურადღების ცენტრში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მოექცა.

„ბაიერნი მომავალზე ფიქრობს და შემადგენლობის გაახალგაზრდავებას აპირებს, ოღონდ არ სურს, რომ ამან გუნდის პოტენციალი შეასუსტოს. მაგალითისთვის: კლუბის ხელმძღვანელებმა ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესება გამოხატეს. 20 წლის ფეხბურთელი საქართველოში დიდ ტალანტად ითვლება.

მისი აგენტი, მამუკა ჯუღელი უკვე ვარაუდობს, რომ კვარაცხელიას დიდი მომავალი აქვს და შესაძლოა, იგი მიუნხენშიც ვიხილოთ. „დარწმუნებული ვარ, რომ რეალში ან ბაიერნში აღმოჩნდება,“ - თქვა ჯუღელმა Estadio Deportivo-სთან საუბრისას. აგენტმა ეს განცხადება ხვიჩას მიერ ესპანეთის კარში გატანილი გოლიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა. სანაკრებო პაუზისას კვარაცხელიამ ყურადღების მიპყრობა მოახერხა.

რუბინის შემტევს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია და რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 3 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

ქართველებს ბუნდესლიგაში თამაშის გრძელი და წარმატებული ტრადიცია აქვთ. 90-იან წლებში ფრაიბურგის რიგებში იაშვილი, კობიაშვილი და ცქიტიშვილი თამაშობდნენ, ახლა კი შესაძლოა, ბაიერნში კვარაცხელიამ იასპარეზოს“, - წერს Express.de.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისი მთავარი მიზანი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები