''საოცრად თავმდაბალი რივალდო ცოტას ლაპარაკობდა'' - ''მაშინ თავი სიზმარში მეგონა''
Aa Aa
30 მაისი 2021  |  00:24

''საოცრად თავმდაბალი რივალდო ცოტას ლაპარაკობდა'' - ''მაშინ თავი სიზმარში მეგონა''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-მცველმა გიორგი ფოფხაძემ კარიერის გამორჩეული წლები დანიურ ''ვიბორგში'' გაატარა, სკანდინავიურ კლუბს 20 წლის ასაკში შეუერთდა და 4,5 წელი უერთგულა (2006-10). ქომაგებმა ზედიზედ ორჯერ გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მათი დიდ სიყვარულიდან გამომდინარე, სუპერლიგიდან გავარდნილ კლუბს რანგით მეორე ლიგაში გაჰყვა. 

''ქომაგების მხრიდან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი და წასვლა მიჭირდა. გულით ვმოქმედებდი და არა - პრაგმატულად'' - აღნიშნა ფეხბურთელმა ''ვიბორგიდან'' წამოსვლის შემდეგ.

მოგვიანებით, 2017 წელს, მათე ვაწაძე ''ვიბორგში'' ჩაირიცხა და კლუბის ერთ-ერთი ქომაგი გაიცნო, რომელსაც გიორგი ფოფხაძისადმი პატივისცემის ნიშნად მისი სათამაშო ნომრის (27) სვირინგი ჰქონდა.

''ვიბორგში'' ერთადერთი გოლი 2009 წელს ''სილკებორგს'' შეუგდო. ახლახანს, კლუბის პრესსამსახურმა ეს გოლი გაიხსენა, რომელსაც ფოფხაძე ხუმრობით გამოეხმაურა: ''ეს ჩემი კარიერის პირველი და უკანასკნელი გოლია''.

View this post on Instagram

A post shared by Viborg FF ☘️ (@viborgff)

კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გრაცის ''შტურმში'' გაატარა (2011-12), ავსტრიულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, ძალიან ლამაზად მოთამაშე ''ზესტაფონის'' ძლევით ფრანკო ფოდას გუნდს შესანიშნავი შანსი გაუჩნდა, თუმცა გადამწყვეტ მატჩში, საკუთარ კედლებში ბორისოვის ''ბატესთან'' დამარცხდა. საოცნებო თამაშები (''მილანთან'' და ''ბარსელონასთან'') ევროპა ლიგის შეხვედრებმა შეცვალა.

პროფესიული კარიერის დასაწყისში მისი პირველი უცხოური კლუბი პირეოსის ''ოლიმპიაკოსი'' იყო. 2006 წელს, დანიურ ''ვიბორგში'' გადასვლამდე, ბერძნულ კლუბში რივალდოსთან, იაია ტურესთან, დანი გარსიასთან და სხვა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად ვარჯიშობდა. მან კარიერის სტარტზე ''ოლიმპიაკოსში'' თავის დამკვიდრება ვერ შეძლო, თუმცა პროფესიული განვითარების კუთხით დიდი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა.

გარდა ამისა, გიორგი ფოფხაძე ლეგენდარულ რივალდოზე საუბრობს და მის პიროვნულ თვისებებს, თავმდაბლობასა და ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი ცოდნის გადაცემის უნარს ხაზს უსვამს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ 8 ქვეყანაში ითამაშა: ''ჰაკენის'' ასაკობრივი გუნდი (შვედეთი), პირეოსის ''ოლიმპიაკოსი'' (საბერძნეთი), ''ვიბორგი'' (დანია), ''შტურმი'' (ავსტრია), ''ბაკი'' (აზერბაიჯანი), ''იაგიელონია'' (პოლონეთი), ფლამურტარი (ალბანეთი), ''ყიზილჟარი'' (ყაზახეთი). მრავალფეროვანი გამოცდილება განსხვავებულ გამოწვევებთან გამკლავებასა და სხვადასხვა კულტურებთან ადაპტაციას გულისხმობს. ახლახანს ამ თემაზე ვილი სანიოლმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოეთში ყოფნა ფეხბურთელების პიროვნულ და პროფესიულ პროგრესზე დადებითად აისახება.

ვფიქრობ არ იგულისხმება მხოლოდ დიდი საფეხბურთო ქვეყნები, არამედ მხედველობაში ის მოცემულობა უნდა გვქონდეს, როცა ერთი გამოწვევის მიმართ განსხვავებული მიდგომების ნახვით საუკეთესო არჩევანის გაკეთება და დასკვნების გამოტანა შედარებით უფრო ადვილი ხდება.

უცხოურ ქვეყნებში მიღებული მრავალფეროვანი გამოცდილება არანაკლებ მნიშვნელოვანია მაშინ, როცა კარიერას ასრულებ, საფეხბურთო აგენტი ხდები, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა და მათთვის შესაბამისი კლუბისა თუ გარემოს შერჩევის ვალდებულება აქვს. საქართველოს ეროვნული გუნდის ექს-ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე იმ ნიუანსებსა და სირთულეებზე CrystalSport-თან საუბრობს, რაც აგენტის პროფესიას თან ახლავს.

 

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში