Aa Aa
13 ოქტომბერი 2020  |  17:01

გახსოვთ ჰაიტაუერი? - NFL-ის ლეგენდა, რომელიც მსოფლიომ პოლიციელის როლით გაიცნო

ჩარლზ აარონ სმიტი, რომელიც შემდეგში ბუბას სახელით გაიცნეს, 1945 წლის 28 თებერვალს, ტეხასის ერთ-ერთ პატარა ქალაქში დაიბადა. მისი მამა, უილი რეი სმიტი ამერიკული ფეხბურთის წარმატებული მწვრთნელი იყო და ბომონტის რაიონის სკოლის 3 სხვადასხვა გუნდთან ერთად 235 გამარჯვება იზეიმა.

ბუბა მამის ხელმძღვანელობით ჩარლტონ პოლარდის სკოლის გუნდში თამაშობდა, თანდათან კი სკოლათა ლიგის ტეხასის შტატის საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მისი უმცროსი ძმა, ტოდი სმიტი ასევე ფეხბურთელი გახდა, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის რიგებში ასპარეზობდა. პროფესიონალურ ლიგაში ტოდიმ მცველის პოზიციაზე „დალას კოვბოიზის“, „ჰიუსტონ ოილერზისა“ და „ბუფალო ბილზის“ შემადგენლობაში იასპარეზა და NFL-ის მთავარი ჯილდოს მოგებაც მოახერხა.

ბუბა სმიტიც მცველის პოზიციაზე თამაშობდა და სკოლის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის გუნდზე ოცნებობდა.იმ დროს რასიზმი ამერიკაში საგრძნობლად მომატებული იყო და „ლონგხორნსის“ მთავარმა მწვრთნელმა, დარელ როიალმა სმიტს სტიპენდია არ დაუნიშნა და კლუბშიც არ მიიღო. ბუბას ქალაქის შეცვლა მოუწია და მიჩიგანში გადაბარგდა.


პირველივე სეზონში ის გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშე გახდა და სტადიონზე „ბუბა, ბუბა“-ს ხშირად სკანდირებდნენ. ფანების ფავორიტი პირველსავე სეზონში ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. საუნივერსიტეტო ლიგის ბოლო მატჩი ბუბასთვის ეპიკური გამოდგა. იმ მომენტისთვის „მიჩიგანს“ 9 მოგება ჰქონდა, ხოლო „ნოტრ დამს“ - 8. გულშემატკივრების აზრით, ეს შეხვედრა მე-20 საუკუნის 10 საუკეთესო მატჩში შევიდა.

პირველივე ნახევარში სმიტმა მოწინააღდეგების საუკეთესო მოთამაშე, კვოტერბეკი ტერი ჰანრატი თამაშიდან გამოთიშა. თუმცა, ბევრი ფიქრობდა, რომ ამას თამაშზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან შეცვლაზე შესულმა კოლი ობრაინმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - იგი ჰანრატიზე სწრაფი და მოძრავი აღმოჩნდა. საბოლოოდ, თამაში 10:10 დასრულდა.

1988 წელს, ბუბა უნივერსიტეტების დიდების დარბაზში შეყვანეს. 2006 წლის 23 სექტემბერს კი მისი სათამაშო ნომერი - 95 ხმარებიდან ამოიღეს. ისტორიული მოვლენა „ნოტრ-დამთან“ მატჩის დაწყებამდე, ათასობით გულშემატკივრის თვალწინ მოხდა.

NFL-ის დრაფტზე სმიტი პირველ ნომრად „ბალტიმორ კოლტსმა“ აირჩია. დღემდე ის რჩება „მიჩიგანის“ ერთადერთ მოთამაშედ, რომელიც დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. სმიტმა პირველ 5 წელიწადში Super Bowl-ში ორჯერ იასპარეზა.

1972 წელს, ბუბამ მუხლის ტრავმა მიიღო და მთელი სეზონი გაუცდა. მომავალ წელს კი მოთამაშე „ოკლენდ რეიდერსში“ გაანათხოვრეს.

სმიტმა კლუბში 2 წელი გაატარა და შემდეგ „ჰიუსტონ ოილერსში“ გადაბარგდა. ასევე 2 წლის შემდეგ ქრონიკული მუხლის ტრავმის გამო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა.

70-იანების ბოლოს ბუბა კინოინდუსტრიაში წავიდა. მაშინ აქტუალური იყო დაბალბიუჯეტიანი დეტექტივური სერიალები და სმიტსაც როლის შოვნა არ გასჭირვებია. მან მალევე 3 სერიალში „კარგი დრო“,“ ჩარლის ანგელოზები“ და „ვეგასი“-ში ითამაშა. ბუბას არ ჰქონდა მსახიობის განათლება, ის უბრალოდ საკუთარ თავს თამაშობდა - დიდ, ძლიერ პიროვნებას.

1984 წელს, სმიტმა თავის როლს მიაგნო და მსახიობის ამპლუითაც ძალიან პოპულარული გახდა. ცნობილ კომედიაში „ამერიკის პოლიციის აკადემია“ დაამტკიცეს და იქ მოზეს ჰაიტაუერის როლი შეასრულა.


ფილმი ძალიან პოპულარული მალევე გახდა. 4-მილიონიანი ბიუჯეტის მიუხედავად, მხოლოდ ამერიკაში 81 მილიონი გამოიმუშავა. ამ წარმატებიის შემდეგ სმიტი სერიალებში აღარ თამაშობდა. ბუბა ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს სატელევიზიო პროექტს დათანხმდა.

1983 წელს, გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი სახელად „მოკალი, ბუბა, მოკალი“, რომელშიც აღნიშნა, რომ მესამე Super Bowl-ი გარიგებული იყო და გამარჯვება „ნეთსს“ უნდა დარჩენოდა.

სიცოცხლის ბოლოს ამერიკული ფეხბურთის ლეგენდას გული აწუხებდა, თავისი სიმაღლისა და წონის გამო კი გადაადგილებაც უჭირდა. იგი 2011 წლის 3 აგვისტოს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუბას გვამი მოსამსახურემ ნახა.

2016 წის 24 მაისს, ბოსტონის უნივერსიტეტის ექიმებმა განაცხადეს, რომ სპორტსმენს თავში ჰქონდა იმ ტიპის დაზიანებები, რომლებიც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებს ხშირად ემართებათ.

რაც შეეხება ბუბას პირად ცხოვრებას, მას ცოლ-შვილი არასდროს ჰყოლია. ვინ იცის, ასე რომ არ ყოფილიყო, სიკვდილის მომენტში მარტო არ ყოფილიყო და მისი სიცოცხლეც ვინმეს გადაერჩინა...

ბუბა სმიტი მიჩიგანში ყოველთვის ეყვარებათ, ის ასევე ემახსოვრებათ ჰაიტაუერის როლის გამო, რომელიც ბრწყინვალედ შეასრულა. განსხვავებული სპორტსმენი იყო და განსხვავებული ისტორია აქვს, რომელიც მხოლოდ ბუბასია...

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში