Aa Aa
16 სექტემბერი 2020  |  17:42

როგორ ჩაშალა სამხედრო დიქტატურამ 17 წლის მარადონას ტრანსფერი შეფილდში

1978 წელს, არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად მოიგო. სეზარ ლუის მენოტის გუნდი ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა. მუნდიალის დასრულების შემდეგ, „ალბისელესტეს“ მოთამაშეებზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა.

არგენტინაში „შეფილდისა“ და „ტოტენჰემის“ წარმომადგენლები ჩავიდნენ, თუმცა ვიზიტს თავდაპირველად ლონდონის „არსენალიც“ გეგმავდა, მაგრამ ბოლო მომენტში „მეთოფეებმა“ გადაიფიქრეს და მათ ნაცვლად ბორტზე შეფილდ სტარის ჟურნალისტი ტონი პიტჩეტი ავიდა.

ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ „შეფილდის“ მთავარი მწვრთნელი ჰარი ჰესლემი, კლუბის დირექტორი ჯონ ჰასელი, ასევე „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი კიტ ბარკინშოუ.

არგენტინაში ჩასვლის პირველივე დღეს „ტოტენჰემმა“ რიკარდო ვილა და ოსვალდო არდილესი შეიძინა. ამის შემდეგ მათ სატრანსფერო ბაზარი დატოვეს.

ხსენებულ დუეტზე „შეფილდიც“ ნადირობდა, თუმცა ფეხბურთელებმა ინგლისის უმაღლეს ლიგაში თამაში არჩიეს. „შეფილდი“ იმ დროს პრემიერშიფში გამოდიოდა.

რაც შეეხება „შეფილდის“ ტრანსფერებს, მათ ალეხანდრო საბელა (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2011-2014 წლებში), ასევე პედრო ვერდე გაიფორმეს, რომელიც უფრო მეტად ცნობილია როგორც ხუან სებასტიან ვერონის ბიძა.

მიუხედავად ორი კარგი შენაძენისა ჰარი ჰესლემს მეტი სურდა და მას, სკაუტებმა დიეგო მარადონა ურჩიეს.

17 წლის დიეგო „არგენტინოს ხუნიორსში“ 2 წელი ასპარეზობდა და მასებზე შთაბეჭდილება უკვე მოხდენილი ჰქონდა. ის მუნდიალის განაცხადში მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ მთავარი მწვრთნელი სეზარ ლუის მენოტი მას ზედმეტად ახალგაზრდად თვლიდა.

ჰესლემი კმაყოფილი დარჩა და მხარეებმა შემდეგ შეთანხმებასაც მიაღწიეს - 150 ათასი ფუნტის სანაცვლოდ „შეფილდი“ მარადონას შეიძენდა. ამის შემდეგ, ინგლისელები სასტუმროში დაბრუნდნენ.

რამდენიმე საათში ჰესლემის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. მასთან სტუმრად სამხედრო ხუნტას (სამხედრო დაჯგუფება, რომელიც ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მივიდა) წარმომადგენელი მივიდა.

1976 წელს არგენტინაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რის შედეგადაც ქვეყნის მმართველი ხორხე ვიდელა გახდა, რომელმაც მალევე დაკავებები და რეპრესიები დაიწყო.

1976 წლის 29 მარტი - ხორხე ვიდელა პრეზიდენტის პოსტს იბარებს.

ხუნტას წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ მარადონას საფასურს 150 ათას ფუნტს ზემოდან ერთი იმდენი უნდა დაამატონ, რომელსაც სამხედროები მიიღებდნენ, რის შემდეგაც მარადონას ქვეყნის დატოვების უფლებას მისცემდნენ.

ამის მოსმენის შემდეგ, „შეფილდმა“ მოლაპარაკებები იმწამსვე შეწყვიტა.

პრობლემა ფულში არ ყოფილა. „შეფილდს“ ორჯერ მეტის გადახდაც შეეძლო, თუმცა კლუბს არ სურდა პოლიტიკური თამაშის ნაწილი გამხდარიყო და ტრანსფერის გამო მათთვის ქრთამი მიეცა.

Casa de Dios - ანუ ღმერთის სახლი. მარადონას სახლმუზეუმი ბუენოს აირესში. დიეგო აქ 1978-1980 წლებში ცხოვრობდა.

მარადონას შეძენას ლიდსიც ცდილობდა

1985 წელს, „ნაპოლის“ ვარსკვლავის და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შეძენას „ლიდსი“ ცდილობდა. კლუბის დირექტორი ბილ ფოსერბი ამ იდეის მთავარი სულისჩამდგმელი იყო.

ინგლისის რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე „ლიდსმა“, რომელიც იქ უკვე 5 წელი გამოდიოდა, ნეაპოლელებს 5 მილიონი ფუნტი შესთავაზეს და პლუს ამას მარადონას იტალიაში კიდევ 1 წლით დარჩენის უფლებაც მისცეს.

ფოსერბი თვლიდა, რომ ტრანსფერი აუცილებლად გამოვიდოდა. მან დიეგოსთან შეხვედრაც კი მოითხოვა, რომ ის სპოსნორებთან ერთად ენახა.

რაღაც მომენტში არგენტთან კონტაქტი გაწყდა და ტრანსფერი ჩაიშალა. მიუხედავად ჩავარდნილი გარიგებისა „ლიდსმა“ მაინც სარგებელი ნახა. Yorkshire Evening Post-მა ამ არშემდგარი ტრანსფერის შესახებ დაწერა, მათ თავად ფოსერბიმ დაურეკა.

გაზეთის ჟურნალისტი დონ უორტერსი იხსენებს, რომ მან ფოსერბის ნაამბობს არ დაუჯერა, რომელიც მარადონასთან მოლაპარაკებებზე საუბრობდა.

„მას მართლა ჯეროდა, რომ „ლიდსს“ შანსი ჰქონდა. მან, ასევე იცოდა საჯარო ინფორმაციის ფასიც და სურდა, რომ „ლიდსი“ გაზეთებში ენახა“. - იხსენებს ჟურნალისტი დონ უორტერსი.

„ამ მოლაპარაკებებმა უდიდესი პოპულარობა მოგვიტანა, რომელმაც მოგვიანებით კლუბს აღორძინების საშუალება მისცა“, - თქვა 2010 წელს ფოსერბიმ. 1991-92 წლების სეზონში ჰოვარდ უილკინსონის თავკაცობით „ლიდსი“ ინგლისის ჩემპიონი გახდა -  გარი სპიდთან, გარი მაკალისტერთან, ერიკ კანტონასთან ერთად და მარადონას გარეშე.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში