ბერკამპიდან კოუტინიომდე - ფეხბურთელები რომლებმაც ინტერში ვერ გაამართლეს
Aa Aa

ბერკამპიდან კოუტინიომდე - ფეხბურთელები რომლებმაც ინტერში ვერ გაამართლეს

„ინტერი“ არის კლუბი, რომელსაც ყოველთვის კარგი შემადგენლობა ჰყავს და ჰყავდა, თუმცა შესაბამის დონეზე თითქმის ვერასდროს თამაშობს.

გვინახავს კლუბები, რომელთა რიგებშიც ვარსკვლავებსა, თუ ტალანტებს თავი არაფრით გამოუჩენიათ და მათი კარიერა სწორედ იმ კონკრეტული გუნდიდან წასვლის შემდეგ აეწყო.

„ინტერი“ ერთ-ერთი ასეთი გუნდი გახლავთ, რომელსაც „ტალანტების სასაფლაოსაც“ ეძახიან.

იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც "ინტერმა" უბრალოდ ნდობა არ გამოუცხადა და მისი შესაძლებლობები სწორად ვერ შეაფასა.

გთავაზობთ კლუბის ისტორიაში ბოლო 20-30 წელში გაჩარხულ 9 ყველაზე ცნობილ ტრანსფერს, რომელთაგან "ინტერმა" იმდენი სარგებელი ვერ მიიღო, როგორსაც საფეხბურთო სამყარო ელოდა.

დენის ბერგკამპი

ამსტერდამის „აიაქსში“ გაბრწყინების შემდეგ, „ინტერმა“უნიჭიერესი დენის ბერგკამპის გაფორმება გადაწყვიტა და 1993 წლის 1 ივლისს, 9.77 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნიდერლანდელი ხელში ჩაიგდეს.

ბერგკამპმა 1994 წელს გუნდთან ერთად უეფას თასის მოგება შეძლო, რაშიც მისი წვლილი საკმაოდ სოლიდური იყო. დენისს არც ისე ურიგო სეზონი ჰქონდა - 72 შეხვედრა, 21 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

ნიდერლანდელი სერია ა-ში ისეთი ლაღი ვერ იყო, როგორსაც ვიცნობდით. ეს რა თქმა უნდა, „იტერში“ არსებული მუდმივი არეული გარემოს დამსახურებაც იყო.

1995 წლის 1 ივლისს, 11.25 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბერგკამპმა არეული და მუდამ არასტაბილური "ნერაძური" დატოვა და კარიერა ლონდონის „არსენალში“ გააგრძელა სადაც ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

რობერტო კარლოსი

1995 წლის 15 აგვისტოს, „პალმეირასის“ უნიჭიერესმა მარცხენა მცველმა კარიერის ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა და 3.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ინტერს“ შეუერთდა.

"ერთხელ, როცა "ინტერში" ვთამაშობდი, როი ჰოჯსონმა მითხრა, რომ როგორც მარცხენა მცველი შედეგს ვერასდროს მივაღწევდი. მითხრა, რომ საკმარისად კარგი ვერ ვიყავი. მე კი ვუპასუხე, რომ მას ფეხბურთი არ ესმოდა". - იხსენებს რობერტო კარლოსი.

ბრაზილიელს მილანურ კლუბში შესაბამისი ნდობა არ ჰქონდა, დიდი სტაბიურობით არც გუნდი გამოირჩეოდა და სეზონის ბოლოს გადაწყდა, რომ მას ტრანსფერზე დააყენებდნენ.

34 მატჩი, 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა - კარლოსი 1996 წლის 1 ივლისს, 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის „რეალს“ შეუერთდა. შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით...

ანდრეა პირლო

„ბრეშაში“ წარმატებული თამაშის შემდეგ, ახალგაზრდა ანდრეა პირლომ გრანდების ყურადღება მიიპყრო და 1998 წელს, 19 წლის ასაკში 2 მილიონის სანაცვლოდ „ინტერს“ შეუერთდა.

იმ დროს გუნდში დიდი კონკურენცია იყო, თუმცა „ნერაძურიში“ პირლოს ტალანტი შესაბამისად ვერ დაინახეს და ფეხბურთელი სეზონის ბოლოს „რეჯინაში“ გაანათხოვრეს. შემდეგ სეზონში კი კვლავ იჯარა და კვლავ „ბრეშა“.

საბოლოოდ, „ინტერმა“ პირლო გაყიდა და ფეხბურთელი 2001 წელს, 17.4 მილიონი ევროს სანაცვლოდ „მილანის“ ფეხბურთელი გახდა, სადაც 2011 წლამდე ითამაშა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

კლარენს ზეედორფი

განსხვავებული და ორიგინალური სტილის მქონე ნიდერლანდელი ნახევარმცველი უკვე შემდგარი ვარსკვლავი იყო, როდესაც „ინტერში“ გადავიდა.

2000 წლის 1 ივლისს, 24.1 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის „რეალმა“ კლარენს ზეედორფი დათმო.

კლარენსმა „ინტერში“ სამი სეზონი გაატარა. საკმაოდ ნორმალური სტატისტიკაც ჰქონდა - 93 მატჩი, 14 გოლი და 11 საგოლე გადაცემა, თუმცა ეს ზეედორფის შესაძლებლობების მხოლოდ ზღვაში წვეთი იყო. „ნერაძურიმ“ ნიდერლანდელი შესაბამისად ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, პირლოს მსგავსად ისიც თანაქალაქელ „მილანს“ (22.5 მილიონი) დაუთმო.

ზეედორფმაც პირლოს მსგავსად „მილანში“ თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინა და კლუბის ლეგენდადაც იქცა.

ფაბიო კანავარო

პირლოს მსგავსად კანავაროსთვისაც „ინტერი“ კარიერაში პირველი გრანდი იყო. ორი უტიტულო სეზონის შემდეგ, ფაბიომ გუნდი დატოვა და ტურინს მიაშურა, სადაც შეურთდა ძველ თანაგუნდელებს ჯიჯი ბუფონსა და ლილიან ტურამს , რომლებთან ერთადაც კანავარო "პარმაში" ასპარეზობდა.

„ინერმა“ კანავარო „პარმადან“ 23 მილიონად შეიძინა, „იუვენტუსს“ კი 10 მილიონად მიჰყიდა და ჯამში 13 მილიონი ევრო იზარალა.

ედგარ დავიდსი

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მილანურ კლუბში ასპარეზობა კარგად დაიწყო, მაგრამ მალევე გუნდის სათადარიგო მოთამაშე გახდა. მოგვიანებით კი დავიდსი განაცხადშიც ვეღარ ხვდებოდა.

ზოგადად დავიდსმა ვერცერთ მილანურ კლუბში ვერ მოიკიდა ფეხი. 1996-97 წლებში „როსონერიში“ მხოლოდ ერთი უსახური სეზონი ჩაატარა, მსგავსი იყო მისი კარიერა „ინტერშიც“, რის შემდეგაც ნიდერლანდელი ინგლისის პრემიერლიგაში წავიდა და „ტოტენჰემს“ შეუერთდა.

დავიდსის კარიერის საუკეთესო ეტაპი 2004 წლამდე იყო. „იუვენტუსის“ დატოვების შემდეგ, ფეხბურთელმა იმ დონეზე თამაში ვეღარ შეძლო, როგორც „აიაქსსა“ და ტურინულ გრანდში გვაჩვენა.

ლეონარდო ბონუჩი

ლეონარდო ბონუჩის „იუვენტუსამდე“ კარიერა შეგვიძლია ერთი სიტყვით შევაფასოთ - ქაოსი.

„ვიტერბეზე“, „ტრევიზო“, „პიზა“, „ბარი“, „ჯენოა“, - ბონუჩი იჯარის წესით აქეთ-იქეთ მოგზაურობდა, თუმცა ფეხს ვერსად იკიდებდა. 2006 წელს ლეონარდო „ინერში“ აღმოჩნდა, სადაც პირველ გუნდში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა, რასაც ისევ განათხოვრება მოჰყვა, საბოლოოდ როგორც იქნა მის სანაცვლოდ ფულიც გადაიხადეს - 4 მილიონ ევროდ „ჯენოამ“ ბონუჩი „ინტერიდან“ გამოისყიდა.

„ინტერმა“, რომ ბონუჩი ვერ გამოიყენა ამაში ამჯერად გასაკვირი არაფერია, რადგან მილანურ კლუბს თავისი ისტორიის მანძილზე ბევრად უფრო ნიჭიერი და თუნდაც ვარსკვლავური იმიჯის მქონე ფეხბურთელები ჰყავს ხელიდან გაშვებული.

საბოლოოდ, ბონუჩი 2010 წელს „იუვენტუსში“ აღმოჩნდა, სადაც თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა შეძლო და დღეს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება.

ფელიპე კოუტინიო

2008 წელს, “ინტერმა“ ბრაზილიური „ვასკო და გამადან“ 3.8 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნიჭიერი შემტევი გაიფორმა.

„ნერაძურიმ“ კოუტინიო 2 წლით ბრაზილიურ კლუბს დაუტოვა და უკან 2010 წელს დაიბრუნა.

2 სეზონის შემდეგ, კოუტინიო „ესპანიოლში“ გაანათხოვრეს, საიდანაც გრანდების ყურადღება მალევე მიიპყრო და 2013 წელს „ნერაძურიმ“ 13 მილიონის სანაცვლოდ ბრაზილიელი „ლივერპულს“ მიჰყიდა.

„ინტერისგან“ განსხვავებით კოუტინიო „მერსისაიდელებმა“ ჩინებულად გამოიყენეს და ბოლოს „ბარსელონაში“ 145 მილიონად გაუშვეს. ეს იყო ნამდვილი მასტერკლასი, თუ როგორ უნდა იხეირო კლუბმა ნიჭიერი ფეხბურთელით.

„ნერაძურიმ“ კი თავის „მუზეუმს“ მორიგი გამოუყენებელი ნიჭიერი ფეხბურთელი შემატა.

რობი კინი

2000 წლის 30 ივლისს, „ინტერმა“ „ქოვენთრიდან“ 19.5 მილიონ ევროდ ირლანდიელი რობი კინი გაიფორმა. ბევრმა ამ ტრანსფერის შესახებ არც იცის.

კინმა „ინტერის“ რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და სეზონის ბოლოს კარიერა „ლიდსში“ გააგრძელა, საიდანაც ევროპულ ფეხბურთში მისი ცნობადობა გაიზარდა.

„ინტერმა“ კინი 18 მილიონად გაყიდა და მისი ტრანსფერით ბევრი არ უზარალია, თუმცა კიდევ ერთი ნიჭიერი ფორვარდი დაკარგა და მათი არასასურველი იმიჯი შეინარჩუნა.

გაზიარება: