ყალბი სამბა - ყვითელი მაისური, რომელიც ოდესღაც ბევრს ნიშნავდა
Aa Aa

ყალბი სამბა - ყვითელი მაისური, რომელიც ოდესღაც ბევრს ნიშნავდა

ბავშვობაში ეზოში ფეხბურთის თამაშისას სულ სხვა მოტივაცია და ენთუზიაზმი გქონდა, როდესაც რომელიმე კლუბის, ან ნაკრების მაისური გეცვა. ამ დროს, თავს უფრო მაგარ ბიჭად და მაგარ მოთამაშედ გრძნობდი, ცდილობდი რომელიმე ვარსკვლავის მოძრაობები გაგემეორებინა.

გადიოდა წლები და ჩვენ ტანზე იცვლებოდა მაისურები, თუმცა ერთი ფერი უცვლელი რჩებოდა - ყვითელი ვიღაცას ყოველთვის ეცვა.

ბრაზილიის ნაკრები ყოველთვის „მოდაში“ იყო. „სელესაოს“ შესახებ ყველა ბავშვს ჰქონდა მოსმენილი ლამაზი ისტორიები, რომლებიც მოგვიანებით ვიდეოს სახით ვიხილეთ, შემდეგ გაგვიმართლა და „ჯინგა“ პირდაპირ ეთერშიც ვნახეთ.

„პენტაკამპეონებისგან“ ყველა ყოველთვის ჯადოქრობებს და სპექტაკლებს ელოდა, რადგან თამასა აქამდე თავადვე აწიეს. 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პელემ, გარინჩამ და ვისენტე ფეოლას ნაკრებმა ბრაზილიურ ფეხბურთს და მთელ მსოფლიოს შოუს ელემენტებით გაჟღენთილი თამაში დაუბრუნეს და მას შემდეგ, სანახაობამ სისტემატური სახე მიიღო. ბრაზილია ყოველთვის ყველაფერს ვერ იგებდა, მაგრამ თავის ხელწერას არასდროს კარგავდა, რაც ჩემი აზრით კონკრეტული შედეგის დადებაზე და კონკრეტული ტიტულის მოგებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, „სელესაო“ თავის სტატუსს ბოლო წლებში ვეღარ ამართლებს და არ აქვს მნიშვნელობა მათ ქომაგობ, თუ არა - როცა ბრაზილია თავის სტილში ვერ თამაშობს, ამით ზოგადად ფეხბურთი აგებს.

როდის დაიწყო ბრაზილიელთა დაღმასვლა? 2006 წლიდან, როცა გერმანიის მუნდიალზე მოქმედი ჩემპიონის რანგში ზედმეტად თვითდაჯერებულები და ვარსკვლავებით დახუნძლულები ჩავიდნენ.

ფეხბურთში არის ასეთი დაუწერელი კანონი, რომ ერთ გუნდში რამდენიმე ლიდერი არ უნდა იყოს, რადგან ისინი ერთმანეთს სივრცეებს შეუზღუდავენ და თავიანთ შესაძლებლობებს სრულად ვერ წარმოაჩენენ. 2006 წლის ბრაზილიის ნაკრები ამის ნათელი დასტური იყო.

ზედმეტი ვარსკვლავი, ზედმეტად შემტევი სტილი, ზედმეტი თვითდაჯერებულობა, შედეგი კი - გაკვეთილი ზინედინ ზიდანისგან. ამის შემდეგ, „პენტაკამპეონები“ დაფიქრდნენ და არასწორი დასკვნები გამოიტანეს - ისინი ზედმეტად ევროპულად ათამაშდნენ.

ბრაზილიამ გაიმეორა ის შეცდომები და მოექცა იმ გავლენის ქვეშ, რომელიც 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჰქონდათ, რაც პელემ და კომპანიამ დაასრულეს.

2010 წლის მუნდიალისთვის ნაკრები დუნგას ხელში იყო, რომელიც საკმაოდ პრაგმატულ სტილს იყენებდა და გუნდს შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს ათამაშებდა, პლუს ამას პირადი და ძალიან უცნაური შეხედულებები ჰქონდა.

დუნგას ფორმაციის გუნდში ვხედავდით ისეთ სახეებს, როგორებიც იყვნენ ელანო, ლუიშ ფაბიანო, ვაგნერ ლავი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდნენ რონალდინიო და პატო.

ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად - ასე ღალატობდა ბრაზილია საკუთარ თავს...

ბრაზილიურ ფეხბურთს დღეს ისეთი პიროვნებები აკლია, მაგალითად როგორიც სოკრატესი იყო.

სოკრატესს ბავშვობაში სამი გმირი ჰყავდა და ფეხბურთთან კავშირი არცერთ მათგანს ჰქონდა - ჩე გევარა, ფიდელ კასტრო და ჯონ ლენონი. ბრაზილიელის გმირები მეამბოხეები იყვნენ, რომლებსაც მსოფლიოს შეცვლა სურდათ.

2010 წლის მუნდიალზე ბრაზილია ნიდერლანდებთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს მეოთხედფინალური სტადიიდან გამოეთიშა. ჟურნალისტებმა დუნგას ფორმაციის ნაკრების თამაშის შეფასება სოკრატესს სთხოვეს, რომელმაც საკმაოდ ორიგინალური პასუხი გასცა:

"ბრაზილიაში არავის სწყენია, რომ ჩვენმა ნაკრებმა წააგო. დუნგას ნაკრებში ხელოვნება საკმარისი არ იყო. თქვენთვის ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ წაგება მაშინ გვწყინს, როცა ჩვენი ხელოვნება აგებს. სირბილში წაგება რა საწყენია. დღეს ბავშვებს უნერგავენ, რომ ფეხბურთით ფულს იშოვიან. ამიტომ, ფეხბურთის სახელოვნებო სული იჩაგრება. ვან გოგს და დეგას რომ ეფიქრათ, მაინცდამაინც ფულისთვის ვხატავთო, მათი ტილოები ხომ სულ სხვანაირი იქნებოდა. ასევეა ფეხბურთშიც. იქ მთავარი მოგება არ არის, მოგება მაშინაა კარგი, როცა ხელოვნება გამარჯვებას ემთხვევა".

ძნელია, რომ სოკრატესს არ დაეთანხმო და მისი შეფასების შემდეგ, ამ თემას რამე დავამატოთ...

დღევანდელი ბრაზილიის ნაკრები თავისივე თავით არის დათრგუნული. ის სტატუსი, რომელიც მათ აქვთ, იმ ხალხისთვის, რომლებიც ამჟამად „სელესაოს“ ხელმძრვანელობენ და გუნდს აკომპლექტებენ, მათთვის ეს თამასა ზედმეტად მძიმეა და სწორედ ამიტომ, ისინი შედეგზე არიან ჩაციკლულები.

ბოლო წლებში პაულინიო ნაკრების უცვლელი წევრი იყო. მას არაფერს ვერჩი, მაგრამ ასეთი სტილის მოთამაშეები ყვითელ მაისურს სისტემატურად არ უნდა ატარებდნენ.

მოედნის ცენტრში კაზემიროს გვერდით პაულინიო - ეს ნახევარდაცვის ცენტრს ზედმეტად ამძიმებდა და გუნდის თამაშზე პირდაპირ მოქმედებდა.

რაც შეეხება ბრაზილიური ფეხბურთის დღევანდელ და უმთავრეს იმედს ნეიმარს, ის სამწუხაროდ იუთუბზე დარჩა. მისი ვიდეოები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახლავთ და უამრავი ნახვაც აქვს, თუმცა ამ ყველაფერს მინდორზე გადასვლისას შედეგი ნაკლებად მოაქვს ხოლმე.

ნეიმარი იმ გარემოს მსხვერპლია, რომელშიც ის გაიზარდა და რომელშიც იგი ახლაც ცხოვრობს. თავის დროზე მას რამდენიმე არასწორი რჩევა მისცეს, რამაც მისი კარიერა დღევანდელ დღემდე მოიყვანა - ფეხბურთელი, რომელიც მესის და რონალდუს მემკვიდრე და კონკურენტი უნდა ყოფილიყო, დღეს 28 წლის არის და ჩვენ მისგან პოტენციალის სრულად გამოვლენას ისევ ველოდებით...

მოლოდინი - აი რა აერთიანებთ ბრაზილიის ნაკრებსა და ნეიმარს. ფურცელზე დაწერილი სახელი და სახელები, ყვითელი მაისური, სტატუსი და იმედი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე გამძლე რამ არის.

ნეიმარის და ზოგადად ბრაზილიური მენტალიტეტის პრობლემის შესახებ, კიდევ ერთმა ბრაზილიელმა და „ლიონის“ ლეგენდამ ჟუნინიო პერნამბუკანომ ისაუბრა, რომელმაც აზრი უნაკლოდ ჩამოაყალიბა:

„ბრაზილიაში ბავშვობიდან მხოლოდ ფულზე ფიქრს გვასწავლიან, ევროპაში კი ხალხს საერთოდ სხვა მენტალიტეტი აქვს. მასწავლიდნენ, რომ იქ უნდა წავსულიყავი, სადაც მეტს გადამიხდიდნენ. ეს ბრაზილიური გზა გახლავთ.

ნეიმარის მაგალითი ავიღოთ. ის პსჟ-ში მხოლოდ ფულის გამო გადავიდა. პარი სენ-ჟერმენმა ყველაფერი გააკეთა, რაც ნეიმარმა მოისურვა, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ახლა მას კონტრაქტის ამოწურვამდე კლუბიდან წასვლა სურს. არადა, ის დროა, პსჟ-ს აჩვენოს, რომ მადლიერია.

ნეიმარმა მოედანზე მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და ერთგულება, პასუხისმგებლობა და ლიდერის თვისებები გამოავლინოს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ბრაზილიის მმართველ წრეებში სიძუნწეა გავრცელებული, ქვეყნის მართვა ამაზეა დაფუძნებული და ყოველთვის უფრო და უფრო მეტი ფული სურს.

აუცილებელია განვასხვავოთ ნეიმარი-ფეხბურთელი და ნეიმარი-ადამიანი. როგორც ფეხბურთელი ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში შედის და რონალდუსა და მესის დონეზე იმყოფება. სწრაფია, ძლიერია, გოლების გატანა კარგად გამოსდის და საგოლე გადაცემების გაკეთებაც ეხერხება. თუმცა ვთვლი, რომ როგორც ადამიანი, ის დამნაშავეა. მას პროგრესირება და საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა მართებს. ამჟამად კი, მხოლოდ იმას, აკეთებს რაც ცხოვრებამ ასწავლა“.

ფეხბურთში ასე იყო - თუ, შენ ბრაზილია იყავი, ხალხი ორ ნაწილად იყოფოდა: ერთი ვისაც შენი ეშინოდა და მეორე, ვინც შენგან სპექტაკლის დადგმას ელოდა. დღეს, მსგავსი რამ სამწუხაროდ აღარ ხდება.

დღეს, „სელესაოსგან“ სპექტაკლებს პირადად მე აღარ ველოდები და სამწუხაროდ ბევრი ადამიანი იგივე აზრზეა. რაც შეეხება შიშს, მათი აღარავის ეშინია, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა 2014 წელს გერმანიამ ბრაზილია 7:1 გააცამტვერა.

ბრაზილიელები საკუთარი ხელწერის დაკარგვასთან ერთად დროსაც ჩამორჩნენ. ბოლო წლებში დიდ სანაკრებო ტურნირებზე გრანდებმა ახალი ხედვა შემოგვთავაზეს. მაგალითად, გერმანიამ 2014 წლის მუნდიალი არაგერმანულ სტილში მოიგო და დომინანტური, ბურთის კონტროლზე აქცენტირებული ფეხბურთი ითამაშა. 2010 წელს კი ესპანეთმა „ბარსელონას“ ტიკი-ტაკა გადააკოპირა და მსოფლიო ჩემპიონებიც გახდნენ.

2018 წელს რუსეთში განსხვავებული საფრანგეთის ნაკრები ვიხილეთ, რომელსაც უდიდესი რესურსი ჰქონდა, თუმცა დიდიე დეშამმა ის საკმაოდ პრაგმატულად, მომაკვდინებლად და უზუსტესად გამოიყენა. ფრანგებმა რაღაც ახალი გვანახეს.

ბრაზილიამაც გადაწყვიტა, რომ რაღაც ახალი ჭირდებოდათ, ეს ახალი კი მათ სათამაშო სტილში ევროპული ხელწერის შეტანა აღმოჩნდა, რის შედეგსაც „ყვითელმაისურიანები“ დღემდე იმკიან - „სელესაოსი“ დღეს აღარავის ეშინია.

ბოლოს ისევ სოკრატესით მინდა დავასრულო. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია „ორგანიზებულ ქაოსს“ თამაშობდა (როგორც თავად სოკრატესმა უწოდა).

„ტიტულები არ მოგვიგია, მაგრამ ტრადიციული 4-2-4 და 4-3-3 და კიდევ ჰოლანდიელების გამოგონილი რაღაც სათამაშო ტაქტიკა შევცვალეთ“.

ამ ფორმაციის „სელესაომ“ მუნდიალის მეოთხედფინალური ეტაპი ვერ გადალახა, თუმცა მათი თამაშის ცქერა ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის ნამდვილი ზეიმი იყო, რადგან ეს გახლდათ ბრაზილიის ნამდვილი სახე.

მათ იცოდენ როგორ უნდა ეთამაშათ და თუ მოიგებდნენ სწორედ ასეთ სტილში უნდა მოეგოთ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - რას სთავაზობ შენ მაყურებელს? ყველაფერს აკეთებ შედეგის მისაღწევად, თუ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენმა სათამაშო სტილმა შედეგი აჩვენოს? ეს, ორი სხვადასხვა რამაა და ბრაზილიისთვის პრიორიტეტული ყოველთვის იყო მოედანზე სამბა ეცეკვათ.

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ლამაზად მოთამაშე დამარცხებული გუნდის სტატუსი ცალსახად 1982 წლის ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებს აქვს.

„გამარჯვება ყველაფერზე მნიშვნელოვანი არა არის! ფეხბურთი ხელოვნებაა და იგი კრეატიულობას ითხოვს. ვინსენტ ვან გოგს და ედგარ დეგას საკუთარი მომავლის და სიკვდილის შემდეგ მოპოვებული აღიარებების შესახებ რამე რომ სცოდნოდათ, შედევრებს ვერ შექმნიდნენ. ხელოვნებით სიამოვნებას უნდა იღებდე და საკუთარ თავს „გავიმარჯვებ თუ არა“?-ს არ უნდა ეკითხებოდე". - სოკრატესი.

დიახ, ასეა. ნეიმარმა აღიარება იქამდე მიიღო, სანამ რამე დიდს და ღირებულს გააკეთებდა. მისი სახელი პოპულარული და ძვირად შეფასებული იმდენად ადრე გახდა, რომ ცოტა რთულია ახალგაზრდა მოთამაშე ამას გაუმკლავდეს და სწორ გზაზე დარჩეს.

როგორც ჟუნინიომ თქვა, ნეიმარი იმას აკეთებს, რაც ცხოვრებამ ასწავლა...

ბოლოს ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც მინდორზე სამბა იცეკვა რონალდინიო იყო, რომელიც ასაკშიც და საქველმოქმედო მატჩებშიც იმაზე მაღალ კლასსა და ტექნიკას გვაჩვენებდა, ვიდრე „სელესაოს“ მოქმედი წევრები ახლა.

არ აქვს მნიშვნელობა ბრაზილიის ქომაგი ხარ თუ არა, ფეხბურთს ისინი სჭირდება. სანაკრებო ფეხბურთი მათი ჰანგების გარეშე გაუფერულებულია. ეს არის ყალბი სამბა და ყვითელი მაისური, რომელიც ოდესმე ბევრს ნიშნავდა...

ბოლოს კი ვიდეოს დაგიტოვებთ - ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში 10 საუკეთესო გოლი, რომელიც ფეხბურთის ნამდვილი საგანძურია.

გაზიარება: