ტაისონის ბოლო ბრძოლა - როგორ დაგვემშვიდობა რკინის მაიკი
Aa Aa

ტაისონის ბოლო ბრძოლა - როგორ დაგვემშვიდობა რკინის მაიკი

ბოლო პერიოდში კრივის გულშემატკივართა ყურადღება მაიკ ტაისონისკენაა მიპყრობილი. ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოკიდებიდან 15 წლის შემდეგ, ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე დაბრუნებასა და 4-რაუნდიანი საჩვენებელი ბრძოლების გამართვას გეგმავს. „რკინის მაიკს“ საქველმოქმედო მიზნები ამოძრავებს და რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარებას აპირებს.

„ვვარჯიშობ და ვცდილობ რინგზე დასაბრუნებლად ფორმაში ჩავდგე. სავარაუდოდ საჩვენებელ ბრძოლებს ჩავატარებ და მსურს სასურველ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებოდე. სპორტდარბაზში დავდივარ და მინდა ფორმაში ჩავდგე, რათა 3 ან 4-რაუნდიანი საქველმოქმედო ბრძოლების გამართვა შევძლო. ჩემი მიზანი ფულის შეგროვება და უსახლკარო და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების დახმარებაა“.

მაიკის რინგზე ხილვას ყველანი მოუთმენლად ველით, თუმცა დღეს ტაისონის სამომავლო გეგმებზე საუბარს არ ვაპირებ. დღეს მინდა ის ბრძოლა გავიხსენო, რომლის შემდეგაც „რკინის მაიკი“ დაგვემშვიდობა.

„მივხვდი, რომ აღარ მაქვს ის, რაც საჭიროა. ფორმის შენარჩუნება კვლავინდებურად შემიძლია, მაგრამ ჩხუბისთვის საჭირო შემართება აღარ მაქვს. ამას ამ ბრძოლის საწყის რაუნდებში მივხვდი. ძალიან ვწუხვარ იმედი რომ გაგიცრუეთ. რინგზე მხოლოდ იმიტომ გამოვედი, რომ გადასახადები გადავიხადო. ვგრძნობ, რომ გაქრა მრისხანება, რომელიც ადრე მქონდა. იგივე ცხოველი აღარ ვარ. დიდი ალბათობით, აღარასდროს ვიჩხუბებ. ასეთი კალიბრის მებრძოლების წინააღმდეგ წაგებით კრივის მიმართ უპატივცემულობას აღარ გამოვხატავ. დარწმუნებული ვარ, რაღაც ახალს აღმოვაჩენ. კრივი არაა, ის, რაც ჩემს ცხოვრებას განსაზღვრავს“. ამ სიტყვების ავტორი მაიკ ტაისონი გახლავთ. ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ ეს განცხადება 2005 წლის 11 ივნისს, კარიერის ბოლო ბრძოლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გააკეთა.

2005 წლის 11 ივნისს „რკინის მაიკი“ ბევრისთვის უცნობ მოკრივესთან დამარცხდა. მის მეტოქეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოსაპოვებლად 6 რაუნდი დასჭირდა. მეექვსე რაუნდის დასრულების შემდეგ, ტაისონმა და მისმა წარმომადგენლებმა ბრძოლის შეწყვეტა გადაწყვიტეს. მაიკის ბოლო ჯახი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა. განსაკუთრებით ის სცენა, რომელიც მეექვსე რაუნდის დასრულების მაუწყებელ გონგის ხმასთან ერთად ვიხილეთ.

დაღლილი მაიკ ტაისონი რინგზე ზის, ბრძოლის გაგრძელების ძალა არ აქვს და აცნობიერებს, რომ ეს მისი საოცარი კარიერის დასასრულია... ლეგენდარული მოკრივე რინგზე რამდენიმე წამის განმავლობაში იჯდა, მაგრამ ეს დრო საკმარისი გახლდათ, რათა მიმხვდარიყავით, რომ ერთ დროს პლანეტის ყველაზე საშიში მოკრივე დამარცხებული იყო. „რკინის მაიკი“ გაჭირვებით წამოდგა და თავისი კუთხისკენ ნელი ნაბიჯებით გაემართა. იქ მან ჯეფ ფენეკთან კონსულტაცია გაიარა და ბრძოლის შეწყვეტა გადაწყდა...

„მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც ამ ბრძოლის სანახავად ფული გადაიხადეს და დრო დაკარგეს. ნეტავ არსებობდეს გზა, რომლის დახმარებითაც, მათთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეიძლებოდეს. კევინის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თქვენც მშვენივრად მოგეხსენებათ რა ვითარებაში ვიმყოფები“.

კევინი, უფრო სწორად კევინ მაკბრაიდი იმ მცირერიცხოვან მოკრივეთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებმაც მაიკ ტაისონის ძლევა მოახერხეს. ირლანდიური წარმოშობის მებრძოლის შესახებ ბევრმა დღემდე არაფერი იცის და ყურადღების ცენტრში ყოფნა დიდად არც თავად მაკბრაიდს ხიბლავს.

„ამჟამად სატყეო მეურნეობაში ვარ ჩართული და სხვადასხვა სამუშაოს ვასრულებ. ვერ ვიჯერებ მაიკის დამარცხებიდან 15 წელი რომ გავიდა. ყოველთვის, როცა ტაისონის რინგზე დაბრუნების შესახებ საუბრობენ, ჩემს სახელსაც ახსენებენ, რადგან მე ის ბიჭი ვარ, რომელმაც მაიკი ბოლოს დაამარცხა. ეს მომწონს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმ ბრძოლის ვიდეოჩანაწერი დიდი ხანია არ მინახავს. რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე მოკლე კლიპს წავაწყდი და ტაისონთან ჯახი კიდევ ერთხელ გამახსენდა. ხალხი ამბობს, რომ საჩემპიონო ქამრისთვის რომ მეჩხუბა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუმცა მე მაიკ ტაისონის წინააღმდეგ ვიჩხუბე და მისი დამარცხება მოვახერხე. როცა ჩემი შვილები გაიზრდებიან, შეეძლებათ თქვან, რომ მათმა მამამ მაიკ ტაისონი სცემა“.

როცა ტაისონისა და მაკბრაიდის ბრძოლა დააანონსდა, „რკინის მაიკმა“ პირობა დადო, რომ მარტივად გაიმარჯვებდა: „მას თევზივით გამოვფატრავ“. მაიკის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა და ეს ირლანდიელ მძიმეწონოსანსაც კარგად ახსოვს: „მოსამზადებელ პერიოდს ბოსტონში გავდიოდით და ხშირად ვისმენდით, რომ არანაირი შანსი არ მქონდა და მაიკი მარტივად დამამარცხებდა“.

მაკბრაიდი ამ სიტყვებს უყურადღებოდ ტოვებდა, თუმცა ბუნებრივია, მათ გარკვეული გავლენა მაინც ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, მისმა მწვრთნელმა მოსამზადებელი პერიოდისას ფსიქოლოგიურ ასპექტებზე უდიდესი აქცენტი გააკეთა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მას საკუთარი თავის ერწმუნა და დაეჯერებინა, რომ მაიკ ტაისონის დამარცხება შეეძლო. მახსოვს, ჩემს მეგობარს ფოტოშოპში სურათის გაკეთება ვთხოვე, რომელზეც მაიკ ტაისონი რინგზე იჯდა, ხოლო კევინ მაკბრაიდი გამარჯვებას აღნიშნავდა. ეს სურათი მის ოთახში დავკიდეთ, რათა ყოველ საღამოს, ძილის წინ, მისთვის შეეხედა“, - იხსენებს კევინის მწვრთნელი, სტივ კოლინსი.

მაკბრაიდის სამწვრთნელო შტაბი ამაზე არ გაჩერებულა და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჰიპნოზსაც აქტიურად იყენებდნენ. „ჰიპნოზი მოსამზადებელი პერიოდის შემადგენელი ნაწილი იყო. მახსოვს, მწვრთნელები მარწმუნებდნენ, რომ ყოველთვის, როცა მაიკი ძლიერად დამარტყამდა, გამეღიმა. ბრძოლას რომ უყუროთ, ნახავთ, რომ ხშირად ვიღიმი“.

გულშემატკივრებისთვის აბსოლუტურად უცნობი მაკბრაიდისა, რომელსაც 32 გამარჯვება დაბალი დონის მოკრივეების წინააღმდეგ ჰქონდა მოპოვებული და ტაისონის ბრძოლამ, მაინც დიდი ინტერესი გამოიწვია.

ვაშინგტონში მდებარე MCI ცენტრში გამართულ დაპირისპირებას 20000 ადამიანი დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ „რკინის მაიკი“ 38 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინა ბრძოლა დენი უილიამსთან ნოკაუტით წააგო, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის პიკისგან ძალიან შორს გახლდათ, ქომაგებს მისი მაინც სჯეროდათ და დარწმუნებული იყვნენ, რომ „რკინის მაიკი“ მათ გაოცებას კიდევ ერთხელ შეძლებდა.

ბრძოლის დაწყებამდე კოლინსმა მაკბრაიდის გასახდელი დატოვა, რათა დაკვირვებოდა ტაისონს ხელებს როგორ უხვევდნენ. დაბრუნების შემდეგ კი, კევინს უთხრა: „ტაისონი კანკალებს და მისთვის ხელების შეხვევა სამჯერ მოუწიათ“.

მაიკმა ჩხუბი ჩვეულ სტილში დაიწყო, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ის ცეცხლი აღარ ჰქონდა, რომლითაც ერთ დროს ყველას აოცებდა. მაკბრაიდს რაც შეეხება, ბრძოლის სტარტზე ის ტაქტიკურად ჩხუბობდა და სიმაღლეში უპირატესობას იყენებდა. შუა რაუნდებში აშკარა გახლდათ, რომ ტაისონი გადაიღალა. მისი ჰუკები ეფექტური აღარ იყო. მისი დარტყმები მიზანს პრაქტიკულად ვერ აღწევდა და ერთ მომენტში, მეტოქისთვის ხელის მოტეხვის მცდელობის გამო მსაჯისგან გაფრთხილებაც მიიღო. „ის მომენტი დღემდე ძალიან კარგად მახსოვს. მე-6 რაუნდში ისე ძლიერად დამარტყა, რომ მეგონა ლეპრეკონები ჩემს თავში დასარტყამ საკრავებზე უკრავდნენ, თუმცა ინსტინქტურად ვუპასუხე: „სულ ეს შეგიძლია? თუ ასეა პრობლემები გაქვს“. სწორედ ამ დროს, მან ბინძურ ხრიკს მიმართა და სცადა ჩემთვის ხელი მოეტეხა“.

გაფრთხილებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ტაისონმა მაკბრაიდს თავი დაარტყა, რის გამოც არბიტრმა 2 ქულა დააკლო. „რინგზე სასოწარკვეთილი ვიყავი და მიზნის მისაღწევად ყველა გზას ვიყენებდი“, - იხსენებს „რკინის მაიკი“.

მაკბრაიდის თქმით კი, მისი მეტოქე ნამდვილად ყველა გზას იყენებდა! „მაიკმა სცადა ჩემთვის მკერდზე ეკბინა! მადლობა ღმერთს, მას კბილების დამცავი ეკეთა, თორემ, ჩემი კერტი (დვრილი) მის პირში აღმოჩნდებოდა. ეს რომ მომხდარიყო, მე არ ვიქნებოდი ბიჭი, რომელმაც ტაისონი დაამარცხა, მე ისტორიაში დავრჩებოდი, როგორც ბიჭი, რომელსაც ტაისონმა კერტი (დვრილი) მოაჭამა“.

ყველაფერი მეექვსე რაუნდში დასრულდა, უფრო სწორად, მეექვსე რაუნდის შემდეგ. მოკრივე, რომელიც კარიერის პიკში მყოფი ტაისონის წინააღმდეგ ალბათ 1 წუთსაც ვერ გაძლებდა, გამარჯვებულად გამოცხადდა. „რკინის მაიკის“ 20-წლიან კარიერას წერტილი დაესვა. გონგის ხმასთან ერთად კი, ზუსტად ის სცენა ვიხილეთ, რომელსაც მაკბრაიდი ყოველ საღამოს, ძილის წინ უყურებდა. ტაისონი რინგზე იჯდა, კევინი კი, გამარჯვებას აღნიშნავდა.

მაკბრაიდთან ჩხუბისას ტაისონის კუთხეში მისი ახლო მეგობარი და ამავდროულად მისი მწვრთნელი, ჯეფ ფენეკი იდგა. სწორედ ამ უკანასკნელის დამსახურებაა მაიკმა ფორმაში ჩადგომა რომ მოახერხა, თუმცა ფენეკის თქმით, იყო მომენტები, როცა მისი შეგირდი ვარჯიშზე უარს ამბობდა და რამდენიმე დღით ქრებოდა. „მოსამზადებელი  ეტაპის პირველი კვირები იდეალურად მიმდინარეობდა, მაგრამ ერთ პარასკევს მაიკმა თხოვნით მომმართა: „ჩემპიონო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები მტრედების რბოლის გამო ცოტა ხნით რომ წავიდე“? მე ვუპასუხე: „მისმინე მაიკ, ჩვენ ბრძოლისთვის ვემზადებით და ძალიან გთხოვ, მალე დაბრუნდი". ტაისონი 4-5 დღე არ გამოჩენილა... მაშინ მქონდა შანსი მასთან მუშაობაზე უარი მეთქვა, მაგრამ მაიკთან დარჩენა გადავწყვიტე.

იმ ბრძოლის შემდეგ განვითარებული მოვლენები არასდროს დამავიწყდება. როცა გასახდელისკენ მივემართებოდით, გულშემატკივრები სხვადასხვა საგნებს გვესროდნენ და მაიკს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამან ძალიან გამაბრაზა და რამდენიმე მათგანთან ვიჩხუბე. ტაისონი ჩემი მეგობარი გახლდათ და მას ფანებთან ჩხუბის უფლებას ნამდვილად არ მივცემდი. თანაც ეს ის მაიკ ტაისონი არ იყო, რომელიც დონოვან რუდოკს და მაიკლ სფინქსს დაუპირისპირდა. ეს იყო ბიჭი, რომელიც იმ მაიკ ტაისონის პოვნას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა“.

ის ბრძოლა მაკბრაიდსაც მშვენივრად ახსოვს და მის დავიწყებას დიდი ხნის განმავლობაში არ აპირებს.

„მაიკი დაუჯერებლად ძლიერია. ტაისონის მიერ კორპუსში განხორციელებული დარტყმების მიღების შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს შენმა ერთმა თირკმელმა ადგილმდებარეობა შეიცვალა და მეორე თირკმელს შეეხო.

მაიკთან ბრძოლაში მისია მქონდა შესასრულებელი და მადლობა ღმერთს, რომ გავიმარჯვე. ჩემმა წარმატებამ აჩვენა, რომ მოგება აუტსაიდერებსაც შეუძლიათ. კრივის ხიბლი და სილამაზე სწორედ ესაა. თანაც ტაისონი კევინ მაკბრაიდს დანებდა. ვინ იფიქრებდა ამას? მაიკთან ჩხუბს 20 წლის მერეც გავიხსენებ. მასთან გამარჯვებით ისტორია დავწერე და ეს წარმატება ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება.

ბავშვობაში ორ მოკრივეს ვაღმერთებდი. მუჰამედ ალისა და მაიკ ტაისონს. იმ საღამოს ორივე მათგანს შევხვდი. ბრძოლის შემდეგ, ჩემთან ალი მოვიდა და ყურში ჩავჩურჩულე: „ახლახანს ლეგენდა დავამარცხე, ახლა კი, ლეგენდას ვხვდები“.

ირლანდიელმა მძიმეწონოსანმა კარიერის ბოლო 7 ბრძოლიდან მხოლოდ 1 მოიგო. მაიკი კი, რინგს დაემშვიდობა... ან ჩვენ გვეგონა, რომ დაემშვიდობა...

გაზიარება: