Aa Aa
1 მაისი 2020  |  17:25

ხერარდო ბედოია - ფეხბურთელი, რომელმაც კარიერაში 46 წითელი ბარათი მიიღო

სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთში უხეშობა არავის უკვირს. არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც გულშემატკივარს მხოლოდ ამის გამო თუ ახსოვს, თუმცა არსებობს ცალკე ხერარდო ბედოია! საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც თავისი, ხშირ შემთხვევაში გაუგონარი, მოქმედებებით ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა და „საპატიო“ რეკორდის ავტორიცაა.

კოლუმბიელ შუახაზელს, რომელიც 1975 წელს დაიბადა, საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები: თავისი ქვეყნის გრანდები, არგენტინული „რასინგი“ და „ბოკა ხუნიორსი“, მექსიკური „პუებლა“ და რაც მთავარია - კოლუმბიის ნაკრები, რომლის მაისურიც 49 შეხვედრაში მოირგო. თუმცა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, თავის საფეხბურთო ტალანტს, რომელიც რეალურად ჰქონდა და ამაში ქვემოთ დაგარწმუნებთ, საზარელი და გაუმართლებელი უხეშობებითა და სკანდალებით ფარავდა.

2012 წლის 23 სექტემბერს, კოლუმბიის ჩემპიონატის მთავარ დერბიში, ბედოიას „სანტა ფე“ მის ყოფილ კლუბ „მილიონარიოსს ხვდებოდა. ამ დედაქალაქურ დერბის ათწლეულების ისტორია აქვს და უაღრესად პრინციპულ დაპირისპირებად ითვლება. „El Clasico Bogota“-ში, როგორც მას ადგილობრივები ეძახიან, ინციდენტები ხშირია, ამ დღეს კი, თურმე, ბედოიას სპექტაკლის ჯერი დამდგარიყო. მან „მილიონარიოსის“ ფეხბურთელ ხონი რამირესს ჯერ ხელი ძლიერად შემოარტყა, შემდეგ კი ტკივილისგან მოედანზე დავარდნილს ბუცის ქაცვები სახესა და თავში (!!!) მიარტყა.


ფაქტს უდიდესი სკანდალი მოჰყვა და ბედოიას მიმართ ყველანაირი სიტყვები ითქვა, რასაც იმსახურებდა თუ არ იმსახურებდა. კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციამ დამნაშავე 15-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც პრაქტიკულად ჩემპიონატის ერთი სეზონის გამოტოვებას ნიშნავდა.

„თავი ვერ გავაკონტროლე და ხონისთან შეცდომა დავუშვი. ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე იყო, რადგან ყველა მე განმსჯიდა. იმ მომენტში, რამირესი მირტყამდა, რაზეც პასუხად ხელი მოვუქნიე და მიწაზე დავაგდე. მისი წაქცევა არ მომეწონა და ამის ატანას არ ვაპირებდი, მინდოდა, მსუბუქად მიმერტყა და ადგომა მომეთხოვა, რა დროსაც ის გადატრიალდა და დარტყმული სახეში მოხვდა. წამში ყველა ჩვენ გარშემო გაჩნდა“, - იხსენებდა მოგვიანებით ბედოია.

ვინმეს არ ეგონოს, რომ კოლმბიელ საყრდენს ყოფილ კლუბ „მილიონარიოსთან“ ცუდი მოგონებები ჰქონდა და ამ ინციდენტს რამე მსგავსი ქვეტექსტი გასდევს: „მილიონარიოსმა“ ბევრი რამ მომცა, იქიდან კი გადავედი „სანტა ფეში“, რომელიც ჩემთვის დღემდე ერთ-ერთი უსაყვარლესი კლუბია. ბევრი მეკითხება, ეს ორი გუნდი ერთდროულად როგორ შეიძლება გიყვარდეს, თუმცა ფაქტია, ორივე ძალიან მიყვარს“.

„მილიონარიოსთან“ მიღებული წითელი ბარათი ბედოიასთვის კარიერაში 41-ე და ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. საერთო ჯამში, 20-წლიან პროფესიონალურ კარიერაში 46-ჯერ გააძევეს, რაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო შედეგია და მასთან ახლოსაც არავინაა. მეორე ადგილზე, 27 გაძევებით, ფრანგი მცველი სირილ როოლი გახლავთ, ხოლო მესამე პოზიციაზე სერხიო რამოსია, რომელიც როოლის შედეგს მხოლოდ 1 წითელი ბარათით ჩამორჩება.

უხეშობების ფონზე, ბედოია ძალიან ტექნიკური და ელეგანტური ფეხბურთელი იყო, შესანიშნავი დარტყმა ჰქონდა, რასაც შორეული გასროლებისა და საჯარიმო დარტყმებისას წარმოაჩენდა.


სიმბოლურად დაიწყო ბედოიას სამწვრთნელო კარიერაც. 2016 წლის მარტში, „სანტა ფეს“ სამწვთნელო შტაბში ერთ-ერთ ასისტენტად ჩაირიცხა. მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრაში ვეტერან ნახევარმცველს „თავისი საქმისთვის“ მხოლოდ 21 წუთი დასჭირდა.

ბედოიას გუნდი ადრეული გოლით დაწინაურდა, რასაც მეტოქის ფეხბურთელებმაც მალევე უპასუხეს. გამათანაბრებელმა გოლმა ჩვენი ნაცნობი წყობიდან გამოიყვანა და მსაჯებთან კამათი დაიწყო. ემოციური სიტყვიერი დაპირისპირება 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ბედოიას წითელი ბარათი უჩვენეს. რატომ არ გვიკვირს?!..

გაზიარება: