გიჟი ახალი იდეებით: დეშამი - როგორც „სერიული მკვლელი“
Aa Aa

გიჟი ახალი იდეებით: დეშამი - როგორც „სერიული მკვლელი“

„ისინი აგრესიულად გვეთამაშებიან. თქვენ მათი ენერგიულობა კარგად ნახეთ, ამიტომ რაც შეიძლება მარტივად ითამაშეთ. როდესაც ბურთი გექნებათ, თუ მეტოქე თქვენთან ახლოს იქნება და თქვენს შეწუხებას მეორე ოპონენტიც შეეცდება, გადაცემა გააკეთეთ...  როგორც კი მოახერხებთ ბურთი კილიანს მიეცით.

ანტუან კონტრშეტევებისას ცოტა უკან ჩამოწიე. თავდამსხმელების გვერდით რჩები და ჩვენ შეტევის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტად გვჭირდები“. - ეს მითითებები დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შესვენებისას თავის მოთამაშეებს მისცა. როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთმა შეხვედრა 4-2 მოიგო და მუნდიალის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა.

ფეხბურთის ისტორიაში არც ისე ბევრი მწვრთნელია, რომლებმაც მათ ხელში არსებული რესურსი მაქსიმალურად გამოიყენეს. კიდევ უფრო ცოტაა იმათი რიცხვი, ვინც რესურსი სრულად გამოიყენა და პლუს ამით შედეგსაც მიაღწია.

დიდიე დეშამმა რუსეთის 2018 წლის მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების ოქროს თაობა ჩაიყვანა, რომელთაგანაც ქომაგები დომინანტური და შემტევი ფეხბურთის თამაშს ელოდნენ, თუმცა დეშამს სულ სხვა გეგმები ჰქონდა - მას შედეგის მიღების თავისებური ხედვა აღმოაჩნდა, რამაც პირადად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

დეშამის სწორი დასკვნები - შეცვლილი სქემა და მიგნება, რომელმაც გაამართლა

ფრანგებმა მუნდიალი არც ისე დამაჯერებელი თამაშით დაიწყეს. პორველ ტურში ავსტრალიასთან მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ, პრესა მათ ფავორიტობაზე ნაკლებად საუბრობდა.

უფერული და არადამაჯერებელი თამაშის მიზეზი გუნდის შემადგენლობა იყო. დეშამმა 4-3-3 სქემა აირჩია და ამან არ გაამართლა.

ფრანგებს ერთი შეხედვით ძლიერი დაცვა ჰყავდათ, თუმცა ეს ასე საერთოდ არ იყო. „მამლების“ მთავარ თავდაცვით ძალას ნახევარდაცვა წარმოადგენდა.

დეშამმა ავსტრალიასთან ნახევარდაცვა კანტე-ტოლისო-პოგბას ტრიოთი დააკომპლექტა და პოგბას შეტევაში მეტი თავისუფლება მისცა. ტოლისოს კი უფრო მეტად კანტესთან ახლოს უნდა ემოქმედა.

ნათლად გამოჩნდა, რომ გუნდს საჯარიმოში ცენტრფორვარდი სჭირდებოდა და არა მბაპე, რომელიც მოედანზე მეტი თავისუფლების მოყვარულია. არც ფლანგისკენ გადაწეულმა გრიზმანმა გაამართლა და მითუმეტეს არც უსმან დემბელემ.

დეშამი მიხვდა, რომ ასეთი წყობით მისი გუნდი შორს ვერ წავიდოდა. მან აქცენტი თავდაცვაზე გააკეთა და სქემა მთლიანად შეცვალა - ასე დაიწყო დამაჯერებელი გზა მსოფლიო ჩემპიონობისკენ.

ჩემს სტატიებში არაერთხელ გამიმახვილებია ყურადღება თანამედროვე ფეხბურთში ნახევარდაცვის როლზე.

ბოლო წლებში ასეთი დონის მატჩებში, როდესაც ერთმანეთს ორი გრანდი ერკინება და ორივე მათგანი საბრძოლო შემადგენლობით არის, დიდწილად იმარჯვებს ის ვისაც უფრო ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს და ვინც მეტად აკონტროლებს ბურთს. ეს ფაქტია.

ნახევარდაცვის ხაზს ყველა მწვრთნელი სხვაგვარად იყენებს, თუმცა თუ გინდა რომელიმე დიდი ტურნირი მოიგო, შენი შუა ხაზი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. მაგალითად, გუარდიოლა და ზიდანი უპირატესობას ბურთის კონტროლსა და მაღალ პრესინგს ანიჭებენ ხოლმე. კლოპი კი თავის გეგენპრესინგს იყენებს.

დიდიე დეშამმა აქცენტი ბურთის კონტროლზე გააკეთა, თუმცა მისი გუნდი აგრესიულ შეტევას არ თამაშობდა. „მამლები“ პოზიციურად უტევდნენ და კონტრშეტევებს იდეალურად იყენებდნენ.

დეშამმა შემადგენლობაში 2 ცვლილება გააკეთა - ტოლისო და დემბელე თადარიგში გადასვა, ძირითადში კი ჟირუ და მატუიდი გაამწესა.

ამ ორმა ცვლილებამ გუნდის თამაში ფუნდამენტურად შეცვალა. ჟირუმ საჯარიმოს ფორვარდის როლი მოირგო, რომელიც ყველა მაღალ ორთაბრძოლას იგებდა და თანაგუნდელებს სივრცეს უთავისუფლებდა.

მოედანზე ჟირუს ყოფნით მეტი თავისუფლება მიიღო მბაპემ და გრიზმანმა. კილიანი თავისთვის ნაცნობ პოზიციას დაუბრუნდა, რომელზეც ის პსჟ-ში თამაშობს ხოლმე.

რაც შეეხება გრიზმანს, ნათლად გამოჩნდა, რომ ის მოედნის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელია და მისი გამოყენება არც ფლანგზე, ასევე არც ფორვარდად არ შეიძლება.

დეშამმა გრიზმანი ნახევარდაცვის სიღრმეში ჩაწია და პოგბასთან მაქსიმალურად ახლოს დააყენა. კონტრშეტევბისას მათი გადაცემები მეტოქეებისთვის მომაკვდინებელი იყო. მოედნის ცენტრში კი გუნდს უკვე 4 მოთამაშე ჰყავდა, რაც თამაშზე გადამწყვეტ გავლენას ახდენდა.

დეშამმა უარი თქვა მარცხენა ფლანგიდან აგრესიულ და ეფექტურ შეტევებზე. განაპირა მცველად ლუკას ერნანდესი დააყენა, რომელიც სუფთა მარცხენა მცველი არ გახლავთ, ნახევარდაცვაში კი ფლანგზე ბლეზ მატუიდი ვიხილეთ. მწვრთნელის გადამალული ჯოკერი სწორედ ის გახლდათ.

თავდაპირველ სქემაში მატუიდი მარცხენა ნახევარმცველად გვევლინებოდა, თუმცა როდესაც ფრანგები თავს იცავდნენ ის მესამე ცენტრალური ნახევარმცველი ხდებოდა და კანტეს აზღვევდა, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდა.

ბლეზ მატუიდის როლი ყველაზე მეტად არგენტინასთან შეხვედრაში გამოჩნდა, როცა ის კანტეს მესის განეიტრალებაში დაეხმარა.

მატუიდი მესის ფეხბურთელთან ერთი-ერთზე წამითაც არ ტოვებდა და მაშინვე მის სიახლოვეს ჩნდებოდა


ფრანგების ნახევარდაცვა ძალიან გადაიტვირთა და ნებისმიერი გუნდისთვის გაუვალი გახდა, ამან კი დაცვის ხაზს საქმე გაუმარტივა, რამაც ჯამში გუნდის თამაში გაამარტივა.

მატუიდი ეგრეთწოდებულ Box to Box-ს თამაშობს. ეს ფეხბურთელი მოედანზე ერთი წამითაც არ ჩერდება. იგი ცაციაა, თან სწრაფიც გახლავთ და არც გოლების გატანა უჭირს, მას შიგადაშიგ მარცხენა ფლანგზე „იუვენტუსიც“ იყენებს ხოლმე.

ფლანგზე მისი თამაში ასე გამოიყურებოდა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ მისი მთავარი მოვალეობა კანტეს დაზღვევა იყო.


მატუიდის ტიპის ფეხბურთელები დღეს არც ისე ცოტანი არიან, თუმცა მის თვისებებს ცოტა თუ ფლობს. დეშამმა სწორედ ეს გამოიყენა. მწვრთნელი სწორ დროს სწორად მოიქცა - ამას კი დიდი ცოდნა და კლასი სჭირდება.

დეშამი - როგორც „სერიული მკვლელი“

ფრანგების სამუნდიალო განაცხადზე უკვე ვისაუბრეთ. „მამლებს“ იმ დონის შემადგენლობა ჰყავდათ, რომ მათ შემტევი, ლაღი და უხვგოლიანი მატჩები უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა დეშამი ამ შემთხვევაში პრაგმატული მწვრთნელის როლში მოგვევლინა, რომელმაც ევრო 2016-იდან ბევრი რამ ისწავლა.

ყველას ახსოვს მისი „მონაკო“, თუ რა ლაღ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვანაირად მოქმედება იყო საჭირო, რის შესახებაც ცოტა ხანში ვისაუბრებთ...

გავიხსენოთ ფინალური მატჩი პორტუგალიასთან, რომელიც ფრანგების ნახევარდაცვამ წააგო, რაც დეშამის არჩევანის ბრალი იყო.

დეშამმა ფინალურ მატჩში ნგოლო კანტე საერთოდ არ გამოიყენა და აქცენტი ზედმეტად შემტევ სქემაზე გააკეთა. გუნდს დამატებით ტაიმებში დაღლა დაეტყო, პორტუგალიელთა თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა კი ყველაფერი სწორად გათვალა.

თანამედროვე ფეხბურთში იმარჯვებს ის, ვინც მის ხელში არსებულ რესურსს სწორად იყენებს და მატჩის სცენარს სწორად გათვლის, მას ზუსტად დაგეგმავს და იღბლის, ან შემთხვევითობის იმედად არ იქნება.

მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა... - საფრანგეთის ნაკრების თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე არ მომწონდა და მათ გამარჯვებას საერთოდ არ ვქომაგობდი, რადგან მათგან მეტს ველოდი და მეტის ნახვა მინდოდა, თუმცა დეშამის გენიალურმა გადაწყვეტილებებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

დეშამმა საკუთარ სტილზე უარი თქვა, მან გადაიფიქრა და შედეგიც მიიღო. „ის ვისაც გადაფიქრება არ შეუძლია, ვერც ვერაფერს შეცვლის“, - ეს ცნობილი ფრაზა ირლანდიელ დრამატურგს ჯორჯ ბერნარდ შოუს ეკუთვნის.

ფეხბურთში ბევრჯერ გვინახავს, როდესაც ერთი გუნდი მეორეს უფრთხოდა და დაცვაში „ავტობუსს“ აყენებდა. ასეთი ფეხბურთის ყურება ბევრს არ მოსწონს, თუმცა კონკეტული მწვრთნელი ასეთ გადაწყვეტილებას იმიტომ იღებს, რომ მასზე ძლიერ მეტოქესთან გამარჯვების, ან არწაგების შანსი შეინარჩუნოს, მაგრამ სულ სხვა შემთხვევაა დეშამის ფორმაციის საფრანგეთის ნაკრები...

დეშამს იმ დონის შემადგენლობა ჰყავდა, რომ ნებისმიერი ნაკრების წინააღმდეგ შეეძლო პირველ ნომრად ეთამაშა, თუმცა მწვრთნელს 2 წლის წინ მწარე გამოცდილება ჰქონდა მიღებული და გარისკვას აღარ აპირებდა.

საფრანგეთის ნაკრების თამაში ინტელექტუალი სერიული მკვლელის მოქმედებას ჰგავდა, რომელიც მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას დიდი ხნის განმავლობაში აგროვებს, ყველა დეტალს სწორად თვლის, შემდეგ მოქმედებაზე გადადის და ამ ყველაფერს იმ გზით აკეთებს, რომელიც შედეგს გარანტირებულად მოიტანს. დიახ, მას მსხვერპლის მოკვლა მარტივად, სწრაფად და ხმაურიანად შეუძლია, თუმცა ასეთ დროს, როცა ზედმეტი ხმაურია, შესაძლოა ამან შემთხვევითობა გამოიწვიოს... დიდიე დეშამმა ყველანაირი შემთხვევითობა გამორიცხა და შედეგი ისე მიიღო, რომ მისი შეჩერების შანსი არავის ჰქონია. როცა ყველაფერი დასრულდა „გამოძიებაც“ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო, თუმცა „ნადავლი“ უკვე მის ხელში იყო.

დეშამმა საუკეთესო გრიზმანი გვანახა

მადრიდის „ატლეტიკოში“ მოთამაშე გრიზმანი ყველას ახსოვს. „ჩოლო“ სიმეონე 4-4-2 სქემას იყენებს და მუდამ ორი ფორვარდით თამაშობს ხოლმე.

გრიზმანს „ატლეტიკოში“ ფორვარდის უკან მოქმედება ევალებოდა, თუმცა მას მოედანზე სრული თავისუფლება ჰქონდა მიცემული.

ნაკრებში კი დეშამმა ის უფრო მეტად ნახევარმცველად აქცია. ანტუანმა გამთამაშებლის ფუნქციები შეითავსა და ეს იდეალურად გაკეთა, თუმცა ამ სქემამ რატომ და როგორ იმუშავა, ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

დეშამმა „ბარსელონასაც“ მიმართა, რომელიც გრიზმანს ყველა შესაძლებლობიდან ყველაზე არასწორად იყენებს, რაც ფეხბურთელს სრულიად უსარგებლოს ხდის.

ახალ გუნდში გადასვლა მარტივი არასდროსაა. „ატლეტიკოში“ მთელი გუნდი გრიზმანზე იყო აწყობილი. „ბარსელონა“ რადიკალურად განსხვავებული სტილის კლუბია და ანტუანს მოედანზე სხვა პოზიციაზე უწევს თამაში. ის ნაკრებშიც განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს.

ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ის მოედანზე ნაკლებად პროდუქტიული და მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე „ატლეტიკოში“.

ნაკრებში ყველაფერი სხვგვარადაა. აქ გრიზმანი იმ პოზიციაზე ასპარეზობს, რომელზეც თამაში საუკეთესოდ გამოსდის“.

პირადად ჩემი აზრით, დიდიე დეშამი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სპეციალისტია, რომელიც სათამაშო სქემას საკმაოდ საინტერესოდ ირჩევს და კონკრეტული ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს წურავს.

მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბევრი საუბრობდა, რომ ოლივიე ჟირუ გუნდში ზედმეტი იყო და მან გოლის გატანა არ იცის. ფეხბურთი უკვე დიდი ხანია ევოლუციას განიცდის და დღეს იქამდეც მივედით, რომ მოედანზე მყოფი ცენტრფორვარდისგან მწვრთნელი გოლების გატანას არ ითხოვს - მას სულ სხვა რამეს სთხოვს, რასაც ეგრეთწოდებული „შავი სამუშაო“ ჰქვია.

წლების წინ, ასეთი რამ სრულ სიგიჟედ მოგვეჩვენებოდა და რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას არავინ მიიღებდა, თუმცა ხომ იცით რა თქვა გენიალურმა მარსელო ბიელსამ... - „ადამიანი ახალი იდეებით გიჟია, სანამ მისი იდეები ტრიუმფს არ მოიპოვებენ“.

ასეთია ფეხბურთი, რომელიც დროს ფეხს უწყობს და ჩვენს გაოცებას კვლავ ახერხებს. დიახ, თამაშმა მეტი პრაგმატულობა შეიძინა და ნაკლებად სანახაობრივია ვიდრე 15-20 წლის წინ იყო, მაგრამ ვინ თქვა, რომ რაც „მოდიდან გადადის“, ის შემდეგ უკან არ ბრუნდება?

P.S. შესაძლებელი, რომ იყოს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი 2018 წლის საფრანგეთისა და 2010 წლის ფორმაციის ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირებას.

გაზიარება: