Aa Aa
17 აპრილი 2020  |  20:03

დედას ბიჭი „ლემპსი“ - სამაგალითო პიროვნება, რომლისგანაც უნდა ისწავლონ

"როდესაც სკოლის ასაკში ვიყავი, ადვოკატოვა მსურდა". - კიდევ კარგი, პატარა ბიჭს ასაკის მატებასთან ერთად გემოვნება და ხედვები შეეცვალა. საბოლოოდ ბიჭი მამის გზას გაჰყვა და ფეხბურთელი გახდა.

„ჩელსის“ ქომაგი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა „არისტოკრატთა“ რიგებში რამდენიმე ისეთი ფიგურა ასპარეზობდა, რომელთა კარიერა სამაგალითოა და ის ყველა ბავშვმა უნდა ნახოს. მე კი ამჯერად ერთ-ერთზე კერძოდ კი, ფრენკ ლამპარდზე საუბარს ვაპირებ.

„ორი ძალიან რთული კომბინაცია

არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც სხვა გუნდის გულშემატკივრებს არ სძულთ, მათ მიმართ არანაირ ანტიპატიას არ გამოხატავენ და მეტიც, მათ დიდ პატივს სცემენ, ფიქრობენ რომ – „ნეტა ეს ჩემს გუნდში თამაშობდესო“. ფეხბურთელები, რომლებზეც ცუდს უბრალოდ ვერ იტყვი და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ფრენკ ლამპარდია.

წარმომიდგენია თუ რა მაგარი გრძნობა იქნებოდა "სტემფორდ ბრიჯზე" ჯდომა და ამ ყველაფრის ცოცხლად ნახვა... - "ფრენკიმ მიიღო, ერთ მეტოქეს გასცდა, ბურთი ოდნავ მარჯვნივ გაიგდო, გაისწორა და ბუუუმ! ტრიბუნებმა იქუხა! გოოოლ!"

ბევრისთვის მთავარია ფეხბურთელი თავის საქმეში იყოს კარგი და მის პიროვნებას არ დაეძებენ, თუმცა პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი პიროვნებაა ის მოთამაშე, რომლის მინდორზე ცქერაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

რა თქმა უნდა, სხვებისთვის ჩემი აზრის თავზე მოხვევას არ ვცდილობ. ყველას თავისი გემოვნება და შეხედულებები აქვს, მე კი ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ, რომელსაც პირადად ვიზიარებ.

იყო კარგი ფეხბურთელი და ამავდროულად იყო კარგი პიროვნებაც - ეს ორი ძალიან რთული კომბინაციაა, თუმცა ლამპარდი ასეთი იყო!

"მე ვარ ადამიანი, რომელსაც თამაში სისტემატურად სურს. მოედანზე ყოველი გასვლის შემდეგ, სულ უფრო უკეთ ვთამაშობ.

ისევე ვარ, როგორც სხვა ყველა - ყოველი მატჩის თამაში მსურს, თუმა ვიცი, რომ ეს შეუძლებელია".

ფრენკი ის ადამიანი იყო, ვინც შეუძლებელს შესაძლებლად ხდიდა. შრომობდა, იბრძოდა და მიზანს აღწევდა.

2001 წლიდან 2005 წლამდე ლამპარდმა პრემიერლიგაში ზედიზედ 164 მატჩი ჩაატარა, რაც ამ დრომდე აბსოლუტური რეკორდია.

„ლემპსი“ პრემიერლიგის ისტორიაში ნახევარმცველთა შორის საუკეთესო ბომბარდირია. "ჩელსის" ისტორიაში კი სულაც საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.

უსაზღვრო ნიჭი - ლემპსის მეტი შეეძლო, თუმცა...

ლამპარდის ნიჭი უსაზღვრო იყო. მისი მრავალფეროვანი არსენალი ჩემში მუდმივად იწვევდა გაოცებას და სულ ვფიქრობდი, რომ „ლემპსის“ რომელიმე სხვა, უფრო შემტევი სტილის და უფრო დომინანტი გუნდის რიგებში მეტის გაკეთება შეეძლო.

მან „ჩელსის“ რიგებში 2001-2014 წლებში ითამაშა. კლაუდიო რანიერი, ჟოზე მოურინიო, ავრაამ გრანტი, ლუიშ ფელიპე სკოლარი, გუუს ჰიდინკი, კარლო ანჩელოტი, ანდრე ვილაშ-ბოაში, რობერტო დი მატეო, რაფაელ ბენიტესი - ეს იმ მწვრთნელთა ჩამონათვალია, რომლებთანაც „ლემპსის“ მუშაობა მოუწია.

სიაში, მწვრთნელთა უმრავლესობა „ჩელსის“იმ დროს წვრთნიდა, როცა მათი კარიერა არც ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა. სამწუხაროდ ანჩელოტისთან ლამპარდმა მხოლოდ 2 წელი იმუშავა, შემდეგ იტალიელი დაითხოვეს.

ამ მწვრთნელთა აბსოლუტური უმრავლესობა არც ისე შემტევი ფეხბურთის მქადაგებელია. ლამპარდს უდაოდ საოცარი კარიერა ჰქონდა. რაზეც გული მწყდება არის ის, რომ მას გაცილებით მეტის მიღწევა და ჩვენთვის უფრო დიდი სიამოვნების მონიჭება შეეძლო, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებშიც.

"10 წლის წინანდელი ინგლისის ნაკრები გავიხსენოთ. მაშინ მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა გვყავდა. ფერდინანდი, ტერი, კოული, ჯერარდი, სქოულზი, ლამპარდი, ბექჰემი, ოუენი, მე... ორი აზრი არაა, რომ გუარდიოლას დონის მთავარი მწვრთნელი რომ გვყოლოდა, ყველაფერს მოვიგებდით". - ეს სიტყვები უეინ რუნის ეკუთვნის და ის 2019 წელს თქვა, რაც რეალობისგან არც ისე შორსაა.

ინგლისის ნაკრებს მწვრთნელების მხრივ ყოველთვის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. გადავხედოთ პრემიერლიგის კლუბებს, მათ მიერ მოგებულ ტიტულებს და შემდეგ ჩავხედოთ, თუ ვინ იყო კონკრეტული კლუბის მწვრთნელი ამ დროს... მგონი ყველაფერი ნათელია.

კრეატიული და მრავალფეროვანი ლიდერი, რომელიც ჩელსიმ დაკარგა

„ლამპარდი გუნდში უდიდეს როლს თამაშობდა და მისი სახით „ჩელსიმ“ გამარჯვებულის მენტალიტეტი დაკარგა“. – ეს სიტყვები ჟოზე მოურინიოს ეკუთვნის, რომელიც მან „ლემპსის“ გუნდიდან წასვლის შემდეგ წარმოთქვა.

ფრენკი ნამდვილი ლიდერი იყო. ჩუმი ლიდერი. მას ბევრი საუბარი არ უყვარდა. არც მსაჯებთან კამათით გამოირჩეოდა. ის, თავის საქმეს აკეთებდა და თან ძალიან ეფექტურადაც.

დროგბას წასვლის შემდეგ, „ჩელსის“ მენტალურ ლიდერად მხოლოდ ფრენკი დარჩა. 2014 წელს კი გუნდმა ისიც დაკარგა...

"მე და ფაბრეგასს ერთად არასდროს გვითამაშია და კლუბშიც თვლიდნენ, რომ გვერდიგვერდ ასპარეზობას ვერ შევძლებდით. საბოლოოდ კი "ჩელსიდან" გამიშვეს, რათა სესკისთვის ადგილი გაეთავისუფლებინათ". – „არისტოკრატებმა“ თავიანთი ლეგენდარული თაობის ჩანაცვლება ვერ მოახერხეს. გუნდი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.

ედენ აზარი ექსტრაკლასის მოთამაშეა, თუმცა ის იმ დონის ვერ არის, რომ მის ირგვლივ ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლი გუნდი აეწყოთ. დიახ, მას გვერდით სხვა ვარსკვლავებიც ჰყავდა, თუმცა საქმე ამაში როდია. გუნდმა ის მებრძოლი სული და ის მენტალიტეტი დაკარგა, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში შეიძინა.

გადავხედოთ „ჩელსის“ შემადგენლობას 2012 წელს, როცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. არც ისე ძლიერი კოლექტივი იყო, როგორიც ჩემპიონს უნდა ჰყავდეს, თუმცა მათ დაცვას ჯონ ტერი ამაგრებდა, ნახევარდაცვას „ლემპსი“ აკონტროლებდა, ხოლო თავდასხმაში დროგბას სახით ნამდვილი მკვლელი მოქმედებდა.

ფეხბურთი ცხოვრებასავით მოულოდნელობებით არის აღსავსე და ჩვენ ყველაფრის ახსნა არ შეგვიძლია. საერთოდაც, ყველაფერზე პასუხის მიღება საჭირო არც არის, ასე ხომ ყველაფერი პროგნოზირებადი, ახსნადი და უინტერესო გახდება.

რაც „ჩელსიმ“ 2012 წელს შეძლო, ეს იყო კლასის, გამოცდილების, მენტალიტეტისა და უდიდესი მონდომების ნაზავი.

დედას ბიჭი, რომელიც სიტყვის ერთგული დარჩა

2008 წლის 24 აპრილს, მძიმე პნევმონიის შედეგად ფრენკის დედა პეტ ლამპარდი გარდაიცვალა.

„ლემპსისთვის“ თავისი ყველაზე დიდი მხარდამჭერისა და გულშემატკივრის დედის გარდაცვალება ძალიან მძიმე დარტყმა იყო.

30 აპრილისთვის გუნდს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი ელოდა, რომლის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია.

ბრიტანული პრესა იმ დროს წერდა, რომ ფრენკი მატჩს გამოტოვებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ლამპარდმა შეხვედრა ძირითადში დაიწყო და 98-ე წუთზე უმნიშვნელოვანესი პენალტიც გაიტანა, რომელიც ძალიან ემოციურაად აღნიშნა.

ფეხბურთის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყევლაზე ემოციური მომენტი იყო...


„ლურჯებმა“ მატჩი საბოლოოდ 3:2 მოიგეს და ფინალში გავიდნენ, ფრენკიმ კი თავისი განსაკუთრებულობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ის, რაც მან გააკეთა ამას ბევრი ვერ შეძლებდა.

„ჩემს გოლებს ყოველთვის დედაჩემს ვუძღვნი. მე ის რამდენიმე წლის წინ დავკარგე. ის ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო და მუდამ ჩემს გვერდით იდგა.

სანამ ის გარდაიცვლებოდა მითხრა, რომ "ჩელსი" არ დამეტოვებინა...

გულახდილად, რომ გითხრათ, მე ყოველთვის დედას ბიჭი ვიყავი და ყოველთვის ასეთად დავრჩები". - აქ სიტყვები ზედმეტია...

2013 წლის 11 მაისს, პრემიერლიგაში გამართულ შეხვედრაში, სადაც "ლურჯები" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდნენ, 34 წლის ფრენკიმ დუბლი გაიფორმა. მეორე გოლი ამ გუნდის მაისურით მისთვის 203-ე იყო. ინგლისელი გატანილი გოლების მიხედვით კლუბის რეკორდსმენი გახდა.

შეხვედრის შემდეგ ლამპარდმა მის მიღწევაზე ისაუბრა და რეკორდი დედას მიუძღვნა: "რამდენიმე წლის წინ დედა დამეღუპა. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და თაყვანისცმემელი იყო, ამიტომ ეს რეკორდი მას მივუძღვენი. ბობი ტემბლინგი შესანიშნავი ადამიანია. სასიამოვნო იყო მისი რეკორდის გამეორება, თუმცა, არ მინდოდა მისდამი პატივისცემის გამო გადაჭარბებულად მეზეიმა“.

დიახ, ის ყოველთვის დედას ბიჭი იყო. ის დიდი ფეხბურთელი იყო და დიდი პიროვნება არის. იმედია ასეთივე მწვრთნელიც იქნება.

„ლემპსი“ - სანამ შენნაირები იარსებებენ, იქამდე ბავშვებისთვის სპორტის ეს სახეობა ყოველთვის სამაგალითო იქნება.

ჩემი ფავორიტი 3 მომენტი, რომელიც ლამპარდის გენიალურობას ყველაზე კარგად ასახავს

გაზიარება: