Aa Aa

რა დაემართა რონალდოს 1998 წლის მუნდიალის ფინალის წინ?

1998 წელს საფრანგეთში გამართული მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო რონალდომ დაისაკუთრა, მაგრამ „კიჭა“ და მისი გუნდი სანუკვარ თასს ვერ დაეუფლნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ბრაზილია გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. ფინალური ჯახი კი, მაყურებელთა ყურადღების ცენტრში მსაჯის სასტვენამდე მოექცა და ამის მიზეზი ინციდენტი გახლდათ, რომელიც შეხვედრის დაწყებამდე მოხდა.

ბრაზილიისა და საფრანგეთის დაპირისპირებამდე 72 წუთით ადრე, გულშემატკივრები, ჟურნალისტები და კომენტატორები შოკში ჩავარდნენ. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდო შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებდა. „კიჭას“ ნაცვლად, რომელიც მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა, ძირითად შემადგენლობაში „ფიორენტინას“ შემტევს, ედმუნდოს უნდა ეასპარეზა. ბრაზილიელი მოთამაშეები გასახურებლადაც არ გასულან და „ფენომენის“ შესახებ რამდენიმე ჭორი გავრცელდა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ რონალდოს კოჭის ტრავმა ჰქონდა, შემდეგ კი, ამბობდნენ, რომ მას მუცელი სტკიოდა.

BBC-ის კომენტატორმა, ჯონ მოტსონმა, თავის კოლეგას, რეი სტაბს პელესთან ვითარების გარკვევა და მისგან ინფორმაციის მიღება დაავალა. პრეს-ლოჟაში მისულმა სტაბსმა „ფეხბურთის მეფე“ დაინახა, რომელმაც მხრები აიჩეჩა და ჟურნალისტს ასე მიესალმა, რის შემდეგაც, სტაბსი მოტსონთან დაბრუნდა და მოახსენა: თვით პელემაც არ იცის რა ხდება“.

მატჩის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, ქაოსმა დაისადგურა. ბრაზილიის ნაკრების წარმომადგენლებმა განახლებული სასტარტო შემადგენლობა გაავრცელეს, რომელშიც რონალდო ძირითადში იყო, ხოლო ედმუნდო - სათადარიგოთა სკამზე. მოტსონმა პირდაპირ ეთერში საუბრისას შექმნილი ვითარება იდეალურად აღწერა და განაცხადა; „ჩემი კარიერის განმავლობაში ასეთი რამ არასდროს მინახავს, კომენტატორების ჯიხურებში სრული ქაოსია“.

გაუგებრობის მიუხედავად, რონალდომ ფინალში 90 წუთი ითამაშა, თუმცა საკუთარი თავის აჩრდილი იყო. „კიჭას“ 26 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა აჯობა, რომელმაც პირველ ტაიმში დუბლი გაიფორმა. 68-ე წუთზე ბრაზილიამ რიცხობრივი უპირატესობა მიიღო. მსაჯმა მოედნიდან მარსელ დესაი გააძევა, თუმცა „სელესაომ“ თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა და 3-0 დამარცხდა. რონალდოს საუკეთესო მომენტი კი ალბათ ბარტეზთან შეჯახება იყო. ფინალის შემდეგ ყელზე დაკიდებული Nike-ის ბუცებითა და ვერცხლის მედლით მოსიარულე რონალდუ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს კარგად ახსოვს.

„ფენომენის“ ინციდენტის შესახებ უამრავი თეორია არსებობს. ბრაზილიელი თავდამსხმელი კი ყველაფერს ასე ხსნის: „კარგად მახსოვს, ერთ დღეს სასტუმროს ოთახში გავიღვიძე და ჩემ გარშემო თანაგუნდელები და ბრაზილიის ნაკრების ექიმი, ლიდიუ ტოლედუ დავინახე. არავინ მეუბნებოდა რა ხდებოდა და ჩემს ოთახში რატომ იყვნენ. მე კი დაძინება მსურდა და მათ გასვლა და დისკუსიის სხვაგან გაგრძელება მოვთხოვე. სურვილის შესრულების ნაცვლად მათ სასტუმროს ბაღში გამიყვანეს და მითხრეს, რომ ორი წუთით გონება დავკარგე, რის გამოც იმ საღამოს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ვითამაშებდი. ბუნებრივია მათ გადაწყვეტილებას შევეწინააღმდეგე, რადგან ჩემი ერის წინაშე ვალდებულება მქონდა აღებული და არ მინდოდა ვინმესთვის იმედი გამეცრუებინა… დარწმუნებული ვიყავი, რომ გუნდისთვის რაიმე სასარგებლოს გაკეთებას მაინც შევძლებდი და მწვრთნელს სხვა გზა არ დავუტოვე! იმ შეხვედრაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიმეღო. მატჩის დაწყებამდე სამედიცინო შტაბი დავარწმუნე, რომ დამატებითი ტესტები ჩაეტარებინათ. რამდენიმე პროცედურის გავლის შემდეგ არანაირი ანომალია არ დაფიქსირებულა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს არაფერი მომხდარა. ტესტების შედეგების ამსახველი ფურცლებითა და ექიმი ტოლედოს თანხმობით შეიარაღებული ზაგალოს მივუახლოვდი და ვუთხარი: „თავს მშვენივრად ვგრძნობ. ტესტის შედეგები მაქვს, რომლებიც ამტკიცებს, რომ არაფერი მჭირს. მოედანზე გასვლა მინდა. მას არჩევანი არ დავუტოვე და ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღე. ალბათ გუნდზე ცუდი გავლენა მოვახდინე და კარიერის საუკეთესო მატჩი არ ჩამიტარებია, მაგრამ ჩემი ქვეყნისა და ბრაზილიელი ერის წინაშე ვალდებულება მქონდა აღებული და სათადარიგოთა სკამზე ვერ დავრჩებოდი“.

რონალდოს განცხადების მიუხედავად, საფრანგეთთან მატჩის წინ მომხდარ ინციდენტზე სხვადასხვა თეორია ვრცელდება. გულშემატკივართა ნაწილი თვლის, რომ „ფენომენს“ თამაში Nike-მა აიძულა. დმუნდომ ჟურნალისტებთან საუბრისას ცნობილი კომპანიის მიერ ბრაზილიის ნაკრების საქმეებში ჩარევაზე მიანიშნა და განაცხადა: „Nike-ის წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში მასთან იყვნენ და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ბრაზილიის ნაკრების ტექნიკური პერსონალის წევრები გახლდნენ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ძალიან დიდი ძალაუფლებაა“.

ჭორების მიხედვით, რონალდუს ჯანმრთელობასთან მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა Nike-მა კატეგორიულად მოითხოვა, რომ მას ფინალში მონაწილეობა მიეღო. რამდენიმე წლის შემდეგ, ბრაზილიის პარლამენტმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. Nike-მა რა თქმა უნდა ბრალდებები უარყო, რონალდომ კი, განაცხადა, რომ მოედანზე იმიტომ გავიდა, რომ თავს კარგად გრძნობდა.

Nike-ის გარდა საუბრები სასიყვარულო სამკუთხედის შესახებაც მიდიოდა. ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით, რონალდოს მაშინდელ სატრფოს, სუზანა ვერნერს ჟულიო სეზართან რომანი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ სეზარი და ვერნერი 2002 წელს დაქორწინდნენ.

საგულისხმოა ისიც, რომ Globo TV-მ მუნდიალის დასრულების შემდეგ ელექტრონული ფოსტით საკმაოდ საინტერესო წერილი მიიღო, რომელშიც ბრაზილიურ გამოცემას აუწყეს, რომ „სელესაომ“ ჩემპიონობა გაყიდა. წყაროს ცნობით, სამხრეთ ამერიკელებმა წაგების სანაცვლოდ 23 მილიონი დოლარი მიიღეს. მასპინძელთა ჩემპიონობა განსაკუთრებით ზეპ ბლატერს უნდოდა, რომელიც თვლიდა, რომ საფრანგეთის ტრიუმფი ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს. თანხასთან ერთად, ბრაზილიის ნაკრებს დაჰპირდნენ, რომ მათ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ადვილი ბადე შეხვდებოდათ და ქვეყანა უახლოეს პერიოდში მუნდიალს აუცილებლად უმასპინძლებდა. როგორც მოგეხსენებათ 2002 წელს „სელესაო’ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 2014-ში მუნდიალი ბრაზილიაში ჩატარდა.

შეთქმულების თეორიების ერთ-ერთი ლობისტის, ჟორჟე კაჟერუს თქმით, რონალდო ნერვები ვერ მოთოკა, როცა მუხლში გაკეთებული წამლების გამო, ალერგიული შეტევა დაემართა. კაჟერუს თანამოაზრეები რადიკალურ ვარიანტებსაც არ გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ რონალდოს საბოტაჟი მოუწყვეს. მათი თქმით, ფრანგებმა „ფენომენი“ მოწამლეს. ამ თეორიის მომხრეებს სამხილი არ აქვთ, მაგრამ საინტერესო არგუმენტები მოჰყავთ. პირველი - მუნდიალი საფრანგეთში გაიმართა. მეორე - მამლებს ჩემპიონობა მოპოვებული არ ჰქონდათ და რონალდო ბრაზილიის ნაკრების ნამდვილი ლიდერი იყო.

გარდა ამისა, ბრაზილიული გამოცემა, Folha de S.Paulo გვაუწყებს, რომ რონალდოს ტურნირის მიმდინარეობისას დეპრესიის ნიშნები აღენიშნებოდა. მათი თქმით, „ფენომენზე“ ბევრი რამ იყო დამოკიდებული და ამის გამო, ის ძალიან ნერვიულობდა, რამაც ფინალამდე თავი იჩინა. გადამწყვეტი შეხვედრის წინა დღეს, რონალდოს ნერვული კრიზისი ჰქონდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო შტაბმა დოპინგის საფრთხის გამო მისთვის წამლების მიცემაზე უარი თქვა.

რონალდოს ინციდენტის შესახებ საუბარი დღემდე არ წყდება, თუმცა მთავარი ერთი რამაა. „ფენომენმა“ საკუთარი დანაშაული 2002 წელს გამოისყიდა და ბრაზილიას მუნდიალი მოაგებინა.

გაზიარება: