Aa Aa

ქართველი ვარსკვლავი ტიტების ქვეყანაში და ბუნდესლიგური კარიერის სევდიანი დასასრული

''ჩემი მშობლები გრძნობდნენ, მაგრამ  მე არ მიგრძვნია საბჭოთა კავშირის ცუდი და კარგი, არ მაინტერესებდა საბჭოთა კავშირია თუ რა სისტემაა, ჩემთვის იყო უდარდელი და ნათელი ბავშვობა.''

 მხატვარი მაია სუმბაძე 

ბავშვობა საბჭოთა კავშირში გაატარა, თუმცა ცხოვრების ამ ეტაპს, ბავშვობის წლებს ყოველთვის ახლავს დასამახსოვრებელი ეპიზოდები, რაც მასთან მიმართებში ცხოვრების მთავარ გატაცებასთან, ფეხბურთთან ასოცირდება. როცა ევრო 1984 პლატინისა და ბელონის გოლებით ''სამფეროვანთა'' ტრიუმფით დასრულდა, საფრანგეთიდან მამამ შვილებისთვის საუკეთესო საჩუქრები, ტანგოს ბურთი და ადიდასის ბოტასები ჩამოიტანა. ''მსგავსი სიხარული არ მქონია'' - ასე იხსენებს ამ დღეს არჩილ არველაძე.

''მახსოვს იმდენს ვვარჯიშობდით, ყიფიანი შუქს აქრობდა, რომ მინდვრიდან გამოვსულიყავით.''

ინტერვიუს რესპონდენტი არჩილ არველაძე

იმ თაობის ფეხბურთელები, რომლებმაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის სახელი ევროპაში პირველად გაიტანეს, წარმოადგენდნენ თავისუფლებისთვის მებრძოლ პატარა ქვეყანას, რომელიც მონობიდან თავის დაღწევას საუკუნეების მანძილზე ელოდა და რომელმაც საბჭოთა კავშირის, როგორც დიდი ბოროტების დაშლის შემდეგ მიზანს მიაღწია, თუმცა ვიდრე ქართველი ფეხბურთელები ლეგიონერები გახდებოდნენ და ევროპული საკლუბო ფეხბურთის კარს შეაღებდნენ, უნდა გაევლოთ მათ ხელში, ვინც ერთფეროვან ქვეყანაში ბავშვობის დღეებს უფერადებდათ. ერთ-ერთი მათგანი დავით ყიფიანი იყო, რომელმაც 70-იან წლების მეორე ნახევარსა და 80-იანი წლების დასაწყისში თბილისის ''დინამოს'' რენესანსის ხანაში, ევროპული თასის მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. რეალურად, ევროპელთათვის ის არ იყო ქართული ფეხბურთი, ის იყო საბჭოთა ფეხბურთი, 90-იანი წლების თაობას გაცილებით დიდი ასპარეზი ჰქონდა და მისიაც დიდი იყო, რაც  გლობალურ ჭრილში რომ განვიხილოთ საქართველოს დიდ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას გულისხმობდა.

ბავშვობა, დავით ყიფიანი და ევროპული გამოცდილება

კარიერის საუკეთესო ეტაპი: როცა ჰოლანდიურ გრანდებს ამწარებდა

1997 წლის ზაფხულში პსვ-სთან ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ არჩილ არველაძემ კონტრაქტი ‘‘ბრედასთან’’ გააფორმა, სადაც მთავარ მწვრთნელად ჰერბერტ ნოიმანი დახვდა, ‘‘კიოლნის’’ ლეგენდა და გერმანიის თასის, პოკალის სამგზის გამარჯვებული. ნოიმანი ფეხბურთელ არჩილ არველაძეს კარგად იცნობდა, როცა ტყუპები ‘‘ტრაბზონის’’ ისტორიას წერდნენ, გერმანელი სპეციალისტი ‘‘ისტანბულსფორს’’ წვრთნიდა.

არჩილ არველაძის კარიერის საუკეთესო პერიოდი ''ბრედაში'' გატარებულ წლებს უკავშირდება, ჰოლანდიაში მძიმე ტრავმა არ მიუღია და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მის შედეგიან თამაშს განაპირობებდა. დასაწყისიც შესანიშნავი იყო,1997 წლის 24 აგვისტოს დიკ ადვოკატის პსვ-ს გაუტანა, ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ზენდენი, ვამპეტა, სტამი, კოკუ და სხვა ძალიან ცნობილი ფეხბურთელები თამაშობდნენ.

‘‘1997 წლის ზაფხულში ჩემი გადაბირება პსვ-ს სურდა, თუმცა შემდეგ ამ კლუბის მხრიდან უარი მივიღე და ‘‘ბრედაში’’ წავედი. პსვ-სთან კარგად ვითამაშე, გოლიც შევაგდე. მაშინ პსვ-ს სპორტული დირექტორი ფრენკ არნესენი იყო. შემდეგ  ჩემი აგენტი ივან ბენეში მიყვებოდა, არნესენს გული დაწყდა, რომ ჩემზე უარი თქვა და სხვა გადაწყვეტილება მიიღო.''

საუკეთესო ჰოლანდიურ კლუბებთან შეხვედრებში ქართველი ფორვარდი შედეგიანობით გამოირჩეოდა, ერედივიზიეში გატარებულ ორ სეზონში პსვ-ს 2 გოლი გაუტანა, ''ფეიენორდს'' - 3 და ამსტერდამის ''აიაქსს'' - 1, როცა საუკეთესო ჰოლანდიური კლუბების კარს იერჟი დუდეკი, რონალდ ვატერეუსი და ვან დერ სარი იცავდნენ. საერთო ჯამში ერედივიზიეში 58 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის ქომაგთა გუნდის, ''ყვითელი არმიის'' საყვარელ ფეხბურთელად იქცა.

ლიტმანენის შეცდომა და არველაძის გოლი ვან დერ სარის კარში

 

ოცნება, რომელიც ჰელმუტ შიონმა მოკლა

ჰერბერტ ნოიმანმა, რომელიც ''ბრედაში'' არჩილ არველაძეს წვრთნიდა, 70-იან წლებში ფეხბურთის ევროპელ ქომაგებს თავი ელეგანტური თამაშის სტილით დაამახსოვრა, თუმცა მისი ყველაზე დიდი ოცნება არ შედგა და კარიერის საუკეთესო ეტაპს იმედგაცრუება ახლდა.

1976 წელს ჰანეს ვაისვალერი ''ბარსელონადან'' ''კიოლნში'' მიდის და 1978 წელს ''ცხვრები'' ბუნდესლიგის ჩემპიონები ხდებიან. გუნდი, რომლის კარში ლეგენდარული ტონი შუმახერი იდგა, ნახევარდაცვის ცენტრში ჰერბერტ ნოიმანი და ჰაინც ფლოე შესანიშნავ დუეტს ქმნიდნენ და გოლების მანქანად დიტერ მიულერი გვევლინებოდა, თუმცა ჰელმუტ შიონი სხვაგვარად ფიქრობდა და ნოიმანი-ფლოეს დუეტიდან არგენტინის მუნდიალზე მხოლოდ ფლოე წაიყვანა, ნოიმანის ოცნება მუნდიალზე თამაშსა და მსოფლიოს ჩემპიონობაზე მოკვდა.

ჰელმუტ შიონი

სამხრეთ ამერიკაში გამგზავრებამდე ჰელმუტ შიონი ნოიმანთან მიმართებაში აღნიშნა: ''ნახევარდაცვაში პოზიციები შემიძლია შევავსო ერიკ ბერით ''ჰერტადან,'' ნოიმანით ''კიოლნიდან'' ან სხვებით, მაგრამ ეს იქნება  უფრო მეტად კოსმეტიკური ცვლილება და გუნდის თამაშში ფუნდამენტურ ცვლილებას ვერ შეიტანს.''

1978 წლის ზაფხული არგენტინის მუნდიალად იქცა: ე.წ. კონფეტებით მოფენილი მინდორი და მარიო კემპესი მსოფლიო თასით ხელში, ხოლო დასავლეთ გერმანიის ეროვნული გუნდი ავსტრიასთან მარცხის შემდეგ ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა. არავინ იცის რას მიაღწევდა გერმანიის ნაკრები ფლოე-ნოიმანის დუეტით, მაგრამ შონე ნოიმანის შესაძლებლობებს სკეპტიკურად აფასებდა.

არჩილ არველაძე ჰერბერტ ნოიმანის შესახებ და ქურდობა ბრედაში

Danke Ewald Aufstieg 2000 - მადლობა ევალდ აღზევებისთვის

ასე მიმართეს ''კიოლნის'' ქომაგებმა მთავარ მწვრთნელ ევალდ ლინენს, როცა ''თხებმა'' 2000 წლის მაისში მეორე ბუნდესლიგა ტრიუმფით დაასრულეს. ზაფხულში ლინენის სურვილით ქართველი ფორვარდი ''ტიტების'' ქვეყნიდან ბუნდესლიგაში წავიდა. ეს იყო არჩილ არველაძის კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი, როგორც შემდგომში აღმოჩნდა ტრავმის გამო ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში მხოლოდ ერთი სრული სეზონი გაატარა, თუმცა ''თხებისთვის'' 7 გოლი შეაგდო, 1 საგოლე გადაცემა შეასრულა და ლინენის ნდობა შედეგიანი თამაშით გაამართლა.

70-იანი წლების მიწურულსა და 80-იანი წლების დასაწყისში ლინენი უდო ლატეკის ''გლადბახში'' ლეგენდარულ იუპ ჰაინკესთან, ალან სიმონსენთან და ბერტი ფოგსთან ერთად თამაშობდა, 1979 წელს უეფას თასი მოიგო, თუმცა მისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად არასასიამოვნო ფაქტი რჩება. ჰორორის ჟანრის ფილმებს მიეკუთვნება ტრავმა, რომელიც ლინენს 1981 წლის ზაფხულში მიაყენეს. მძიმე კადრია, პირველად ნახვისას თვალებზე ხელები ავიფარე, ისევე როგორც სტადიონზე მყოფმა უამრავმა ქომაგმა.

შოკისმომგვრელი ტრავმა

 

ქართული ლეგიონის საუკეთესო სეზონი ბუნდესლიგაში

 ''კიოლნი'' არველაძეების ოჯახისთვის კარგად ნაცნობი გუნდი იყო, 1994 წელს რევაზ არველაძემ მორტენ ოლსენის ''კიოლნში'' ნახევარი სეზონი ითამაშა. 

2000-01 - ეს სეზონი ბუნდესლიგის ქართული ლეგიონისთვის საუკეთესოა. არც მანამდე და არც მას შემდეგ ოთხ ქართველს გერმანიის უმაღლეს ლიგაში ასე წარმატებით არ უთამაშია. ფოლკერ ფინკეს ''ფრაიბურგი'' ჩემპიონთა ლიგასთან ახლოს იყო და საბოლოოდ უეფას თასის საგზური მოიპოვა, ალექსანდრე იაშვილმა 4 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა, არჩილ არველაძის მსგავსად ლევან კობიაშვილმაც 7 გოლი შეაგდო, ''ფრაიბურგის'' წარმატებაში კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, ბრწყინვალე ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ლევან ცქიტიშვილმაც შეიტანა წვლილი.

აღნიშნულ სეზონში არველაძემ, იაშვილმა და კობიაშვილმა საერთო ჯამში ბუნდესლიგაში 18 გოლი გაიტანეს, რაც ბუნდესლიგის ქართული ლეგიონისთვის საუკეთესო შედეგია, თუმცა არჩილ არველაძის გერმანულ კარიერას სირთულეებიც ახლდა, რაც ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვების გარდა საბედისწერო ტრავმასაც უკავშირდებოდა, რის გამოც 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. გარდა ამისა არჩილ არველაძე ბუნდესლიგური კარიერიდან ერთ-ერთ საუკეთესო მატჩს, იური ჯორკაეფის ''კაიზერთან'' დაპირისპირებას იხსენებს,

 გერმანული ფეხბურთის სირთულეები და ჯორკაეფის კომპლიმენტი


გაზიარება: