Aa Aa

ტანჯვა, შიში, ოფლი და მსხვერპლი - კაპიტანი რომელმაც პირობა შეასრულა

2015 წლის თებერვალში, ალესანდრო ლუკარელი „პარმას“ მთავარი მწვრთნელის, რობერტო დონადონის გვერდით იჯდა და საგანგებო პრესკონფერენციისთვის ემზადებოდა.

„მმართველ ინსტიტუტებს დაცვა და პატივისცემა ვთხოვეთ, მაგრამ პასუხი არავინ გაგვცა. ამიტომ, თამაშზე უარი ვთქვით,“ -განაცხადა ლუკარელიმ.

პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე, „პარმამ“ უსახსრობის გამო, სერია A-ს ეგიდით „უდინეზესთან“ გასამართი მატჩი გააუქმა. „პარმალატს“ სტადიონის სტიუარდების დასაქირავებლად საჭირო თანხა არ ჰქონდა...

„კროჩიატი“ ფინანსურ უფსკრულთან ერთ ნაბიჯში იყო. 2004 წელს გაბანკროტებული „პარმა“ წლების შემდეგაც იმავე პრობლემის წინაშე იდგა, ლუკარელი კი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვისაც კითხვის ნიშნები გაუჩნდა. Gazzetta dello Sport-თან საუბრისას ალესანდრომ აღნიშნა, რომ საეჭვო იყო, ფეხბურთელები ხელფასებს ყოველთვის ბოლო დღეს რომ იღებდნენ...

ალესანდრო „პარმაში“ 2008 წელს, 30 წლის ასაკში გადავიდა. მაშინ „კროჩიატის“ ღირსებას მისი ძმაც იცავდა. ლუკარელის წინამძღოლობით „ჯალობლუ“ სერია A-ში დაბრუნდა, იტალიელი მცველი კი „პარმალატის“ ლიდერად ჩამოყალიბდა და 5 წლის განმავლობაში გუნდს უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.

ლუკარელის კაპიტნად დანიშვნის შემდეგ, „პარმამ“ 2013-2014 წლების სეზონი მეექვსე პოზიციაზე ჩაამთავრა, თუმცა 200 000 ფუნტის ოდენობის გადასახადის გადაუხდელობის გამო, ევროპა ლიგაზე თამაში აუკრძალეს.

2015 წლის თებერვალში იტალიელმა სამართალდამცველებმა ფულის გაფლანგვის ბრალდებით კლუბის მფლობელი, ჯამპიეტრო მანენტი დააპატიმრეს. სასამართლომ გუნდის მოძრავი ქონება დააყადაღა და დიდი დავალიანების გამო, „პარმა“ ცხელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პრობლემების მიუხედავად, ლუკარელის „კროჩიატის“ დატოვება არც უფიქრია და „ჯენოასთან“ მატჩის წინ თანაგუნდელებს საკუთარი ტრანსპორტით შეხვედრაზე წაყვანაც შესთავაზა... „თუ საჭირო გახდება, „პარმას“ შემადგენლობაში სერია D-შიც ვითამაშებ,“ - აღნიშნა ლუკარელიმ.

ალესანდრომ თავის სიტყვას არ უღალატა. „პარმა“ სერია A-დან გავარდა, ბანკროტად გამოცხადდა და რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობა ახალი სახელით, „პარმა კალჩო 1913“-ით დაიწყო. „კროჩიატი“ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა მათ შორის ლუკარელი არ ყოფილა. ალესანდროს მეთაურობით „ჯალობლუმ“ სერია D წაუგებლად მოიგო და რანგით მესამე დივიზიონში დაბრუნდა.

მომდევნო სეზონი გაცილებით რთული აღმოჩნდა. „პარმამ“ მეორე ადგილი დაიკავა და პლეიოფის ფინალურ შეხვედრაში „ალესანდრიას“ დაუპირისპირდა. მატჩის წინ კამერებმა ლუკარელის სულისშემძვრელი მონოლოგი დააფიქსირეს.

„ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად დიდი ტანჯვა გამოვიარეთ, შიში განვიცადეთ, ბევრი ოფლი დავღვარეთ და უზარმაზარი მსხვერპლი გავიღეთ! სერია B ჩვენგან ერთ ნაბიჯშია. მიზნამდე 90 წუთი გვაშორებს და ამ დროში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. დღეს ენერგია არ უნდა დავზოგოთ! ყველაფერი უნდა დავხარჯოთ! რასაც ფეხით ვერ შევწვდებით, გულით უნდა შევწვდეთ! ჩვენ ამას ვიმსახურებთ! მთელი სეზონის განმავლობაში თავს ვიკლავდით, რათა აქ მოვსულიყავით. ჩვენი არავის სჯეროდა და ახლა დროა დავამტკიცოთ, რომ ცდებოდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, სერია B-ში გადასვლის შანსს ოდესმე კიდევ თუ მივიღებ. ამიტომ, ვალდებული ხართ, დღეს სერია B-ში გადამიყვანოთ. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის“!

კაპიტნის სიტყვებმა ფეხბურთელები შთააგონა და „პარმამ“ 2-0 იმარჯვა, 40 წლის ლუკარელი კი ერთი სეზონით დარჩენაზე დაიყოლიეს.

იმ წლის ზაფხულში გატარებული რეფორმების შემდეგ, ლუკარელი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც „პარმას“ სერია A-ს დღეებიდან შემორჩა. „ჯალობლუმ“ სერია B-ში ასპარეზობა ცუდად დაიწყო, 9 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო და ექსპერტთა უმრავლესობა თვლიდა, რომ „კროჩიატი“ სეზონს სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში დაასრულებდა, თუმცა ლუკარელის წინამძღოლობით „პარმალატი“ ჭაობიდან ამოვიდა. ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოთამაშე ალესანდრომ მომდევნო 6 მატჩში სამი გოლი გაიტანა და კლუბი დაწინაურების კანდიდატთა სიაში მოახვედრა.

11-დან 8 თამაშის მოგების შემდეგ, „პარმას“ ბოლო ტურში „სპეციასთან“ გამარჯვება ესაჭიროებოდა და თან „ფროზინონეს“ ქულები უნდა დაეკარგა. „ჯალობლუ“ შინ 2-0-ს იგებდა, თუმცა „ფროზინონე“ საკუთარ კედლებში უმოტივაციო „ფოჯას“ 2-1-ს ამარცხებდა... 89-ე წუთზე სასწაული მოხდა და გულშემატკივრებმა უეცრად იყვირეს... „ფოჯამ“ ანგარიში გაათანაბრა, რისი წყალობითაც „პარმა“ სერია A-ში გადავიდა და თანამედროვე ფეხბურთი ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც აღზევება ზედიზედ სამჯერ მოახერხა.

ლეგენდარულმა ლუკარელიმ, რომელსაც მკლავზე კაპიტნის სამკლავურის ტატუ აქვს, ტირილი დაიწყო, ხოლო მისმა თანაგუნდელებმა საყვარელი მოთამაშე ხელში აიტაცეს... ალესანდროს მოგზაურობა სერია D-დან სერია A-მდე დასრულდა.. მან პირობა შეასრულა...

„ამ დღის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. „პარმას“ 10 წლის განმავლობაში ვეხუტებოდი და გუნდს ჩემი თავი და ალბათ უფრო მეტიც მივეცი. ჩვენ სერია A-ში გადავედით! მიზანი მიღწეულია. ისტორია დაწერილია! პირობა, რომელიც 3 წლის წინ მოგეცით, შესრულებულია! არ არსებობს ისეთი რამ, რაც თავს უფრო ამაყ ადამიანად მაგრძნობინებს, ვიდრე სერია A-ს საგზურის დასაკუთრებაა. უბედნიერესი ვარ და იმედი მაქვს, „პარმა“ სერია A-შიც წარმატებით გამოვა“.

იმავე საღამოს 41 წლის ლუკარელი დიდი ფეხბურთიდან წავიდა.

„პარმა“ იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბია. სამგზის „კოპა იტალიის“ და ორგზის „უეფას თასის“ მფლობელმა ფეხბურთის გულშემატკივრების გული 90-იან წლებში მოიგო.

ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ლილიან ტურამი, ერნან კრესპო, ხუან სებასტიან ვერონი, ჯანფრანკო ძოლა, ენრიკო კიეზა, ხრისტო სტოიჩკოვი... „პარმალატის“ სახელგანთქმული ფეხბურთელების სია ძალიან გრძელია... თუმცა გუნდის 105-წლიანი ისტორიის განმავლობაში ხმარებიდან მხოლოდ ერთი მაისური ამოიღეს. გამოცნობა რთული ნამდვილად არაა, ალესანდრო ლუკარელის 6-ნომრიანი ფორმით „პარმაში“ აღარასდროს არავინ იასპარეზებს.

გაზიარება: