Aa Aa

არგენტინა - კოლუმბია 0 – 5! მატჩი, რომელმაც საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო

ერთ-ერთი ინტერვიუსას დიეგო მარადონამ ხელი ასწია, ჰაერში წარმოსახვითი ხაზი გაავლო და განაცხადა: „ისტორიულად არგენტინელები აქ ვართ“. ამის შემდეგ „ფეხბურთის ღმერთმა“ მეორე ხელი რამდენიმე სანტიმეტრით დაბლა დასწია და დასძინა: „კოლუმბია კი აქაა“!

ამ ჟესტით ყველაფერი ნათელი გახლდათ და „ელ დიეგოს“ განცხადება რეალობისგან შორს ნამდვილად არ ყოფილა. მაშინ „ალბისელესტე" ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და კოპა ამერიკის თოთხმეტგზის ტრიუმფატორი იყო. რაც შეეხება კოლუმბიას, „ლოს კაფეტეროსს” საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევა ძალიან უჭირდა და მუნდიალზე მხოლოდ ორჯერ ჰქონდა ნათამაშები.

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრები, არგენტინის მსგავსად როჟე მილას კამერუნმა გაამწარა. „ალბისელესტე“ აფრიკელებთან ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდა. „ლოს კაფეტეროსს“ კი კამერუნმა პლეიოფში სძლია.

1991 და 1993 წლებში კოპა ამერიკის მიჯრით დასაკუთრების შემდეგ, არგენტინამ 1994 წლის მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლა დაიწყო. ნაკრებები ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. A ჯგუფში 4 გუნდი იყო და გამარჯვებული საგზურს ავტომატურად ინაღებდა. მეორეადგილოსანი კი პლეიოფში თამაშობდა. B ჯგუფს რაც შეეხება, აქ 5 გუნდი იბრძოდა და პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მუნდიალზე ავტომატურად ხვდებოდნენ.

არგენტინა აშკარა ფავორიტი გახლდათ და საფეხბურთო სამყარო დარწმუნებული იყო, რომ მას კონკურენციას ვერავინ გაუწევდა, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. ალფიო ბასილეს გუნდი 1993 წლის 15 აგვისტოს „ლოს კაფეტეროსს“ დაუპირისპირდა. არგენტინას კოლუმბიაში ჩასვლამდე 33-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, თუმცა მასპინძლებმა ჩინებულად იასპარეზეს და „ესტადიო მეტროპოლიტანოზე“ 2-1 იმარჯვეს.

ორივე გუნდს მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ ჯერ დასრულებული არაფერი იყო. განმეორებითი შეხვედრის წინ არგენტინა სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებდა და კოლუმბიას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა. „ალბისელესტეს“ საკუთარ კედლებში საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით არცერთი მატჩი ჰქონდა წაგებული და ბევრი თვლიდა, რომ ტრადიცია არც ამჯერად დაირღვეოდა.

თუმცა არგენტინამ ფრანსისკო მატურანას კოლექტივი სათანადოდ ვერ დააფასა. „ტოტალური ფეხბურთით“ შთაგონებული თავკაცის გუნდმა მაღალ პრესინგს მიმართა, ბურთის ფლობაზე გახლდათ ორიენტირებული და შეტევებისას კრეატიულობასა და სწრაფ ტემპს იდეალურად იყენებდა. „ლოს კაფეტეროსის“ ნახევარმცველი, ბარაბას გომესი იხსენებს: „მან ჩვენში ინდივიდუალიზმისა და საფეხბურთო ფანტაზიის გაღვიძება მოახერხა“.

რეალურად მატურანამ გაცილებით ბევრი გააკეთა. მისი წყალობით კოლუმბიური ფეხბურთი ნაჭუჭიდან გამოვიდა და თავისი იდენტობა იპოვა. იდენტობა, რომელსაც ამ ქვეყნის ნაკრები დღემდე ინარჩუნებს.

The Blizzard-თან საუბრისას მატურანამ განაცხადა: „სანამ ეროვნულ გუნდში მოვიდოდი კოლუმბიის ნაკრები სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ჩემი გაწვრთნილი ბიჭები კი იყენებდნენ სტილს, რომელიც ქვეყნის მთავარ ღირებულებებს იდეალურად გამოხატავდა - ბედნიერი და მეოცნებე ერი, რომლის შთაგონებაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს“.

კოლუმბიური ფეხბურთისთვის არგენტინასთან მოპოვებული გამარჯვება სწორედ იმ მომენტად იქცა, რომელმაც მომავალი თაობა შთააგონა!

მატჩი ორმხრივ შეტევებში დაიწყო. გაბრიელ ბატისტუტასა და რამონ მედინა ბელოს გოლის გატანა პირველივე წუთებზე შეეძლოთ, თუმცა ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს. კოლუმბიელებმა მათ ფაუსტინო ასპრილიას სოლორეიდით უპასუხეს. ამ უკანასკნელმა ყველაფერი დარტყმით დააგვირგვინა, მაგრამ სერხიო გოიკოეჩეას კარი ვერ აიღო.

შეხვედრას დიეგო მარადონაც დაესწრო. „ელ დიეგო“ დისკვალიფიციას იხდიდა და დაპირისპირებას თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა. მარადონას საყვარელი ნაკრების განადგურება კი პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაიწყო.

ანგარიში ფრედი რინკონმა გახსნა, რომელიც „რეალში“, „ნაპოლიში“ და ინტერპოლის ყველაზე საშიშ ძებნილთა სიაში ირიცხებოდა. რინკონის გოლი ლეგენდარული კოლუმბიელის და გუნდის უდავო ლიდერის, კარლოს ვალდერამას დამსახურება გახლდათ.

გამორჩეული ვარცხნილობის მქონე ფეხბურთელმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ფრედის მისამართით მოკლე პასი გააკეთა, რომლითაც არგენტინის ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობა „თამაშგარეში“ დატოვა. რინკონი წინ გაიჭრა, მეკარე იოლად ჩამოიშორა და საკმაოდ ლამაზი გოლი შეაგდო. კოლუმბიამ პირველი ტაიმი დამსახურებულად მოიგო.

მეორე ნახევრის სტარტზე ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა არგენტინელ ფეხბურთელებს შეტევაში გადასვლისკენ მოუწოდა. „ტრიკოლორთან“ წაგების შემთხვევაში იყო შანსი „ალბისელესტე“ მუნდიალს მიღმა დარჩენილიყო.

მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, მატურანას გუნდმა ქომაგები უფრო აანერვიულა. 49-ე წუთზე კოლუმბიამ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 72-ზე კი ყველაფერი ნამდვილ კოშმარად იქცა. კოლუმბიელებმა მესამე შეაგდეს, რასაც რამდენიმე წამში მეოთხე მიაყოლეს. „ალბისელესტეს“ ტანჯვას წერტილი ვალენსიამ დაუსვა... საბოლოოდ „ლოს კაფეტეროსმა“ არგენტინა მიწასთან გაასწორა და 5-0 სძლია.

მასპინძლები სასოწარკვეთილები იყვნენ და ნერვების მოთოკვას ვერ ახერხებდნენ. დიეგო სიმეონემ მატჩის მთავარი არბიტრის, ერნესტო ფილიპის თვალწინ ვალენსიას იდაყვი უთავაზა. მსაჯი „ჩოლოსკენ“ მრისხანე სახით გაემართა, თუმცა რატომღაც მისთვის გაფრთხილება არ მიუცია. ლეგენდის თანახმად გომესმა ფილიპის სთხოვა სიმეონე არ გაეგდო, რადგან არგენტინელებს განადგურების გასამართლებელი მიზეზი არ მისცემოდათ. ერნესტოს პასუხი ასეთი გახლდათ: „კარგი, ოღონდ ამ ნაბიჭვრებს კიდევ ერთი გოლი გაუტანეთ“.

გომესის უკან მაშინ მთელი სამხრეთ ამერიკა იდგა. ნაკრებები, რომლებსაც არგენტინის ქედმაღლობის ატანა აღარ შეეძლოთ!

„ალბისელესტეს“ ჭკუა ასწავლეს და მიწაზე დაანარცხეს! მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად არგენტინა იძულებული გახდა ინტერკონტინენტალურ პლეიოფში მიეღო მონაწილეობა. „იმ შეხვედრის გახსენება არ მინდა! ის მატჩი ბუნების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყო. დღე, როცა საფლავის გათხრა და ჩემი თავის დამარხვა მსურდა“ - აცხადებს შერცხვენილი ალფიო ბასილე.

კოლუმბიის თამაშით გულშემატკივარმა უდიდესი სიამოვნება მიიღო. ეს გახლდათ სამარადისო ცეკვა, რომლისთვის საჭირო მუსიკას ფეხბურთელები ქმნიდნენ.

კოლუმბიური ფეხბურთის ისტორიაში კი არგენტინასთან მოპოვებული გამარჯვება სამუდამოდ დარჩება.

გაზიარება: