“პაპა კარლო“ - კაცი, რომელიც დროს თავისი წესებით ეთამაშება
Aa Aa

“პაპა კარლო“ - კაცი, რომელიც დროს თავისი წესებით ეთამაშება

„ჩვეულებრივ, ყველაზე ჭკვიანი მოთამაშე ნახევარმცველია“, - ეს სიტყვები კარლო ანჩელოტის ეკუთვნის. მისი საფეხბურთო ფილოსოფიიდან და კარიერიდან გამომდინარე, ის ამ მოსაზრებას ხორცს ყოველთვის ასხამდა.

ფეხბურთი მუდმივად პროგრესირებს და ევოლუციას განიცდის. დროის გასვლასთან ერთად შეცვლა და მასთან ფეხის აწყობა უწევთ ფეხბურთელებს, რაც საკმაოდ რთული საქმეა და ეს ყველას არ გამოსდის. სწორედ ამიტომ არის, რომ ზოგიერთი პოზიცია თანამედროვე ფეხბურთმა „შეჭამა“. მაგალითად, კლასიკურ 10 ნომერს დღეს ვეღარ ნახავთ. ანალოგიურად ხდება ტაქტიკურ სქემებთან მიმართებაშიც.

დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემა მწვრთნელი იქნება, რომელიც დროს არასდროს ჩამორჩება და რაც ყველაზე მიმზიდველია - ის, თამაშს თავისი წესებით აგრძელებს. კარლო ანჩელოტიმ საფეხბურთო სამყაროს თავისი გენიალურობა კიდევ ერთხელ „ნაპოლიში“ მუშაობის დროს დაანახა, თუმცა სანამ იქამდე მივიდოდეთ, მანამდე „პაპა კარლოს“ 2 მნიშვნელოვან სქემას შევეხოთ, რომლებმაც ისტორია დაწერეს.

პირველი გაელვება - ანჩელოტის დომინანტი და შედეგიანი „რომბი“

2001 წელს კარლო ანჩელოტიმ „მილანი“ ჩაიბარა და ამ უდიდესი გუნდის ისტორიაში მორიგი ეპოქა შექმნა.

„პაპა კარლო“ „როსონერიში“ 2009 წლამდე დარჩა და 8 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის 2003 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ანჩელოტის ყოველთვის თავისი ხედვა ჰქონდა და გავრცელებულ, პოპულარულ სქემებს სხვებივით არ მისდევდა. 2000-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ პოპულარული იყო 4-4-2 და 4-1-3-2 ტაქტიკური განლაგებები, თუმცა იტალიელ სპეციალისტს სხვა შეხედულება ჰქონდა და 4 ნახევარმცველიდან ყველა მათგანს ცენტრში იყენებდა.

კარლო ფლანგებზე თამაშს განაპირა მცველების გამოყენებით შლიდა. კაფუ, მალდინი, კალაძე, სერჟინიო, ოდო და სხვები - „მილანში“ უმაღლესი დონის შემსრულებლები ყოველთვის ჭარბად იყვნენ.

ანჩელოტის „მილანს“ ყოველთვის ძლიერი დაცვა ჰყავდა, თუმცა კიდევ უფრო სრულყოფილი მისი ნახევარდაცვის ხაზი იყო. გატუზო, პირლო, ზეედორფი, რუი კოშტა, კაკა და სხვები.

ამ ფორმაციის მილანში ასეთი რაღაცები ხშირად ხდებოდა ხოლმე...


მილანური კარიერის ბოლოს კარლომ თავისი „რომბი“ შეცვალა და ამის მიზეზი ანდრეი შევჩენკოს წასვლა იყო. „როსონერიმ“ ზაფხულში მისი ღირსეული შემცვლელი ვერ იპოვა. 2007 წლის 18 იანვარს კი მილანელებმა ბრაზილიელი რონალდო გაიფორმეს, თუმცა მაშინდელი წესების თანახმად ზამთარში შეძენილ ფეხბურთელს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ნათამაშები ჰქონდა, ახალი გუნდის რიგებში ის ამ ტურნირზე ვეღარ გამოვიდოდა.

აქედან გამომდინარე გუნდში კაკას როლი კიდევ უფრო გაიზარდა. 2006-2007 წლების სეზონში ანჩელოტიმ 4-3-2-1 სქემა გამოიყენა და ეს ძირითადად ჩემპიონთა ლიგაზე ხდებოდა.

"როსონერისთვის" კაკა ყველაფერი იყო და ის ამას ხშირად გვიმტკიცებდა...


2003 და 2007 წლებში „როსონერიმ“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, თუმცა 2005 წლის ფორმაციის გუნდი, რომელიც ფინალში „ლივერპულთან“ საოცარ მატჩში დამარცხდა, ვფიქრობ ყველაზე ძლიერი კოლექტივი იყო, რომელიც ანჩელოტის ოდესმე ჰყოლია, მაგრამ სტამბულში სასწაული მოხდა, რომლის ახსნასაც ბევრი დღემდე ვერ ახერხებს.

კარლოს მეორე გაელვება - „ლა დესიმა“ და რონალდუს ევოლუცია

2013-2014 წლების სეზონში კარლო ანჩელოტიმ მოურინიოს „რეალი“ ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა - ნანატრი „ლა დესიმა“.

კარლომ მოურინიოს სათამაშო სქემა მთლიანად შეცვალა. იტალიელმა გუნდი გაცილებით სწრაფი და მოქნილი გახადა.

ჟოზე ძირითადად 4-2-1-3 სქემას იყენებდა. საყრდენ ნახევარმცველებად ხედირასა და ალონსოს ათამაშებდა. მათ წინ კი მესუთ იოზილი იყო გამწესებული.

შემტევი ტრიო კი რონალდუ-ბენზემა-დი მარიასგან იყო დაკომპლექტებული. მოურინიოს სქემა ვერ ამართლებდა. გუნდმა 3 წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ნახევარფინალებში ითამაშა, ლა ლიგა კი ერთჯერ მოიგო.

ანჩელოტიმ სქემა თავის პირველივე სეზონში შეცვალა. საჭიროების შემთხვევაში გუნდი ერთ შეხვედრაში 4-4-2-ს და 4-3-3-საც თამაშობდა.

რონალდუს საჯარიმოსკენ შეწევამ გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა და ამ ყველაფრის შემოქმედი ანჩელოტისთან ერთად ანხელ დი მარია იყო, რომელმაც 2013-14 წლებში საოცარი სეზონი ჩაატარა.

მადრიდელთა სქემა ასე გამოიყურებოდა: დი მარია თამაშს ცენტრიდან იწყებდა, შეტევის დასკვნით ფაზაში არგენტინელი მარცხენა ფლანგისკენ იწყებდა გადაადგილებას, რონალდუ კი საჯარიმოში ბენზემას უწყვილდებოდა. ასეთი მანევრი მეტოქე გუნდის მცველებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.

ხსენებულ სეზონში რონალდუს სტატისტიკამ ანჩელოტის გენიალურობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა - კრიშტიანუმ გატანას უმატა:

ლა ლიგა: წუთი - 2540, მატჩი - 30, გოლი - 31

ჩემპიონთა ლიგა: წუთი - 933, მატჩი - 11, გოლი - 17 (რეკორდი)

კრიშტიანუს კარიერაში ანჩელოტიმ უდიდესი როლი ითამაშა. "რონიმ" ასაკის მატებასთან ერთად სიღრმიდან თამაშს მოუკლო და საჯარიმოში მეტი დროის გატარება დაიწყო. ერთი შეხედვით ეს მტკივნეული პროცესი პორტუგალიელმა ანჩელოტის დახმარებით ფენომენალურად გაიარა. იტალიელის გენიალურობა კიდევ ერთხელ ვიხილეთ.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ანჩელოტის მიერ გარდაქმნილი დი მარია, რომელსაც მოედნის ცენტრში ამის შემდეგ აღარ უთამაშია. დიახ, ის რამდენიმეჯერ ნაკრებშიც და პსჟ-შიც ნახევარდაცვის შუა ხაზს მოარგეს, თუმცა ეს დროებითი და უშედეგო იყო.

კარლო ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც დი მარიაში ეს ნიჭი დაინახა და ის სწორად გამოიყენა. „რეალის“ ქომაგები დამეთანხმებიან, რომ არგენტინელი 2013-2014 წლების სეზონში გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

მესამე გაელვება - ნაპოლი და კლასიკური, თუმცა ახალი სტილის 4-4-2

2018-2019 წლებში ანჩელოტიმ „ნაპოლი“ ჩაიბარა. კლუბის პრეზიდენტი აურელიანო დე ლაურენტისი კი მისგან სერია ა-ში სკუდეტოსთვის ბრძოლას ელოდა, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ „პაპა კარლო“ სათასო მწვრთნელია.

ანჩელოტიმ „მილანში“ 9 წლიანი მუშაობისას სკუდეტოს მოგება მხოლოდ ერთჯერ შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ დე ლაურენტისმა მას 2 სეზონის დასრულებაც არ აცადა და შუა სეზონში დაითხოვა, 60 წლის სპეციალისტმა თავისი კვალის დატოვება მაინც შეძლო.

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კლოპის „ლივერპული“ ევროპაში ყველაზე ძლიერ გუნდად ითვლება და მათი დამარცხება იშვიათი რამ გახლავთ. თან, დამარცხებასაც გააჩნია...

ანჩელოტი „მერსისაიდელებთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ მოხვდა. 4 მატჩიდან ნეაპოლელებმა 2 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 დათმეს. ბურთების სხვაობა 4-1-ზე.

ყველას კარგად ახსოვს ის ერთი წაგებული მატჩი „ენფილდზე“, სადაც არკადიუშ მილიკმა ბოლო წუთებზე ხელიდან საოცარი მომენტი გაუშვა და „ლივერპული“ ჯგუფში ჩატოვებას გადაურჩა.


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე „სან პაოლოზე“ გამართული შეხვედრა, როცა ნეაპოლს დაუმარცხებელი „ლივერპული“ ესტუმრა და მიწაზე დაეშვა.

ანჩელოტიმ 2019-2020 წლების სეზონისთვის გუნდი 4-4-2-ზე გადააწყო, რაც ბოლო წლებში არც ისე ხშირად გამოყენებადი სქემა გახლავთ.

4-4-2-ზე პირველი ვინც გვახსენდება მადრიდის „ატლეტიკოა“, თუმცა დიეგო სიმეონე ამ საქემას სხვაგვარად იყენებს. „როხიბლანკოს“ ოთხი ნახევარმცველიდან ხშირ შემთხვევაში სამი, ან ოთხივე მათგანი ამპლუით ცენტრალურია, რაც მათ წინააღმდეგ თამაშს ძალიან რთულს ხდის.

კარლოს სქემა კი უფრო კლასიკურს ჰგავდა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ახალი დეტალით. ხაზზე განლაგებული ნახევარმცველებიდან ორი ცენტრალური იყო, ორიც კი სუფთა ფლანგის შემტევი, მათ წინ კი ლოგიკურად ფორვარდები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ანჩელოტი თავდასხმის ხაზში 2 ტანმორჩილ და ძალიან სწრაფ შემტევ ნახევარმცველს იყნებედა - ირვინგ ლოზანო და დრის მერტენსი.

როგორც მოგეხსენებათ, არცერთი მათგანი ცენტრფორვარდი არ გახლავთ. იტალიელი სპეციალისტი შემტევ ოთხეულს საკმაოდ აგრესიულ პრესინგს ათამაშებდა, კონკრეტულად „ლივერპულთან“ შეხვედრაში კი ბურთის ფლობისა და დიდი ძალებით შეტევისას ნეაპოლელები 3-2-5-ზე ეწყობოდნენ, რითიც კლოპის ბიჭებს სივრცეებს უზღუდავდნენ და მათ საჯარიმოზე დიდ ზეწოლას ახდენდნენ.

“ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკომაც“ დაამარცხა, თუმცა მადრიდელებმა ეს ძალიან მჭიდრო და უხეშობის ზღვარზე მყოფი თამაშით მოახერხეს. „ჩოლოს“ გუნდმა მეტოქე ყველანაირი ორთაბრძოლისას დაჩაგრა და თავისი თამაშის ჩვენების საშუალება არ მისცა.

სხვაგვარად იმოქმედა ანჩელოტიმ, რომელმაც „ლივერპულს“ მომენტების შექმნის საშუალება მისცა და ფეხბურთი თავადაც ითამაშა.

კარლოს თავისი გუნდის შესაძლებლობების სჯეროდა. საკუთარ კედლებში ისინი აგრესიულად და თამამად მოქმედებდნენ, მრისხანე მეტოქის მიმართ მორიდება და შიში არ გამოუვლენიათ, ეს თვისება ანჩელოტის ხასიათში აქვს, რომელიც მის გუნდებზე ყოველთვის გადადის.

ეს ყველაფერი, რომ შემთხვევითი არ იყო, ანჩელოტიმ „ენფილდზეც“ დაამტკიცა. „ნაპოლიმ“ „საფეხბურთო ჯოჯოხეთიდან“ ქულა წამოიღო.

ნეაპოლელებმა იგივე სქემით ითამაშეს, თუმცა დაცვაში გაცილებით მჭიდროდ და კონტრშეტევაზე იდეალურად მოქმედებდნენ.

კონტრიერიშებზე თამაშს კარლოს „ნაპოლი“ იდეალურად იყენებდა და ეს „ენფილდზეც“ ვიხილეთ.

ლოზანოსა და ინსინიეს სწრაფი დუეტი მეტოქის დაცვას მუდმივ მოლოდინში და შიშში ამყოფებდა. ყველაფერი 21-ე წუთზე მოხდა.

მანე-ფირმინო-სალაჰის ტრიოს ნეაპოლელთა 6 მოთამაშე აკონტროლებდა

„ლივერპული“ ჩვეულ პრესინგს მიმართავდა, რა დროსაც ვან დაიკი მერტენსს ცენტრამდე აყვა და საჰაერო ორთაბრძოლის დროს ფეხი იტკინა, პოზიცია დაკარგა, „ნაპოლიმ“ ბურთი სწრაფად გაათამაშა და შეტევა ფლანგზე დი ლორენცოზე გაიშალა, რომელმაც „მერსისაიდელთა“ დაცვის ზურგსუკან გრძელი გადაცემა შეასრულა, მერტენსი იმწამსვე საჯარიმოსკენ დაიძრა.

მოედნის ცენტრში „ნაპოლის“ მხოლოდ 1 მოთამაშე იმყოფება, „ლივერპულიდან“ კი 4

ვან დაიკი ლოვრენს, ან რომელიმე ნახევარმცველს უნდა დაეზღვია, ამ შემთხვევაში ვაინალდუმს, თუმცა მისი დაჭერა ვერავინ მოასწრო და ყველაფერი გოლით დასრულდა.


სადაც არ უნდა მივიდეს, ანჩელოტი თავის სიტყვას ყველგან ამბობს

სერია ა-ში არასახარბიელო მდგომარეობის გამო დე ლაურენტისმა კარლო თანამდებობიდან დაითხოვა და მის ნაცვლად გატუზო დანიშნა.

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ანჩელოტის გატუზოთი შეცვლა უდიდესი შეცდომაა. მათ სამწვრთნელო უნარებს შორის დაახლოებით იმხელა სხვაობაა, როგორიც დენის ბერგკამპისა და ნიკლას ბენდტნერის სათამაშო კლასს შორის.

ნეაპოლელთა პრეზიდენტს სერია ა-ს ოთხეულში სტაბილურად მყოფი გუნდის ყოლა სურს, რომელიც ჩემპიონობაზეც იოცნებებს ხოლმე, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარლო სათასო მწვრთნელია და მან ეს წლევანდელი სეზონის პირველ წრეშიც დაგვანახა, როცა „ლივერპულს“ ჯგუფში 4 ქულა აართვა.

დე ლაურენტისს ზამთარში კარლოს დათხოვნის ნაცვლად 2 ნორმალური დონის ტრანსფერი უნდა გაეკეთებინა, თუმცა ეს მათი საქმეა და ამაზე ზედმეტად მსჯელობა არ ღირს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ანჩელოტი ამჟამად „ევერტონს“ წვრთნის და „კანფეტებს“ მისი ხელი ნელ-ნელა ეტყობათ. მიმდინარე სეზონში რამდენად, ეს რთული სათქმელია, თუმცა გაისად ლივერპულური გუნდი პრემიერლიგაში ნებისმიერისთვის რთული მეტოქე იქნება.

და ბოლოს...

"ანჩელოტიმ იცის, როგორ ამუშაოს გუნდი, როგორ დაელაპარაკოს ფეხბურთელებს. მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე. არ გეტყვით ზუსტად რა, მაგრამ ბევრი რამ". - ზინედინ ზიდანი.

ზიდანი როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამჯერადაც მართალია. კარლო თავის სიტყვას კიდევ იტყვის. „ევერტონში“, თუ სადმე სხვაგან ამას მოგვიანებით გავიგებთ. ისე კი, მის მიერ გაწვრთნილი გრანდის ყურება ერთი სიამოვნებაა. დღეს, ფეხბურთს ანჩელოტისნაირი ფილოსოფოსები ნამდვილად ცოტა ჰყავს.

გაზიარება: