კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ
Aa Aa
26 იანვარი 2022  |  05:50

კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ

2020 წლის 26 იანვარი - დღე, რომლის გახსენება ცრემლების გარეშე შეუძლებელია. „უდიდესი შეცდომა, რომელსაც ცხოვრებაში ვუშვებთ, იმის ფიქრია, რომ დრო გვაქვს“. ზუსტად ორი წლის წინ, ამ სიტყვების ავტორი დავკარგეთ. 2020 წლის 26 იანვარი ის დღეა, როცა კალაბასასში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ბევრმა იტირეთ, მაგრამ ცრემლები დროს უკან ვერ დააბრუნებს. ცხოვრება გრძელდება და როგორც ეს ადამიანი ამბობდა, წინსვლა არასდროს უნდა შევწყვიტოთ.

დღეს, 2022 წლის 26 იანვარია და კობი ბრაიანტის ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელი გავიდა. „შავი მამბა“ წავიდა, მაგრამ დაგვიტოვა მემკვიდრეობა, რომლის წყალობითაც ჩვენს გულებში სამუდამოდ იცოცხლებს. კობიზე საუბრისას ბევრი რამ გვახსენდება. მისი მიღწევები, ტიტულები, რეკორდები... მაგრამ აი, იმ სიდიადეს, აი, იმ გენიალურობას და აი, იმ განსაკუთრებულობას, რომელიც ბრაიანტს ახასიათებდა, ბოლომდე ვერც ერთ მათგანზე საუბარი ვერ აღწერს. NBA-ის ისტორიაში მიღწევებით, რეკორდებითა და ტიტულებით თავი ბევრს გამოუჩენია, მაგრამ იყო ერთი რამ, რაც „შავ მამბას“ სხვებისგან გამოარჩევდა. ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ბრაიანტზე ლაპარაკისას პირველი ხომ სწორედ Mamba Mentality გვახსენდება...

ბუნებრივია ჩნდება კითხვა - რა არის Mamba Mentality? მოდით, თავად კობის განმარტებას შემოგთავაზებთ.

„თუ დათვთან ბრძოლისას მნახეთ, დათვისთვის ილოცეთ. ეს გამოთქმა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. Mamba Mentality სწორედ ესაა. ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენ შიში ვერ გვამარცხებს, ჩვენ არ გავრბივართ. პირიქით! ჩვენ ვითმენთ და შემდეგ ვიპყრობთ. შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება! გამოსავალი იპოვეთ და მუშაობას ისეთი ჟინითა და რწმენით შეუდექით, როგორიც აქამდე არასდროს გქონიათ“.

რატომ იყო კობი განსაკუთრებული?! ალბათ, იმიტომ, რომ მისი სიტყვები სიტყვებად არასდროს რჩებოდა. ის საკუთარი ქმედებებით გვარწმუნებდა, რომ Mamba Mentality ეპოქალური მოვლენა გახლდათ და ეს კარიერაში უამრავჯერ გაუკეთებია.

Mamba Mentality – ისტორიული შეხვედრა

2006 წელს, კობიმ „ტორონტოს“ 81 ქულა ჩაუგდო. ESPN-მა „რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართულ ისტორიულ შეხვედრას ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ლეგენდარული მატჩის შესახებ სხვა კალათბურთელებთან ერთად კომენტარი ბრაიანტმაც გააკეთა.

„90 ან უფრო მეტი ქულა უნდა ჩამეგდო! ტორონტოსთან მატჩამდე ზედიზედ 62 საჯარიმო მქონდა გამოყენებული, რეპტორსთან კი ორი ავაცილე და რამდენიმე ძალიან მარტივი სროლა გავაფუჭე. ბევრი შანსი მქონდა და ყველა რომ გამომეყენებინა, 100 ქულამდე ავიდოდი. და საერთოდ, პირველ მეოთხედში 6 წუთი სათადარიგოთა სკამზე რომ არ გამეტარებინა, ალბათ, უილტის რეკორდს გავაუმჯობესებდი“.

ბრაიანტი „ტორონტოსთან" შეუჩერებელი იყო. „რეპტორსის" ერთ-ერთმა კალათბურთელმა, ჩარლი ვილანუევამ მოგვიანებით The Players' Tribune-ში სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც კობის გენიალური გამოსვლა ასე შეაფასა: ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მანქანის წინააღმდეგ ვთამაშობდი“.

ასეთი იყო კობი. „შავი მამბასგან" „შავ მამბაზე" მეტს არავინ ითხოვდა. ბრაიანტმა 81 ქულა ჩააგდო, მაგრამ გაცილებით მეტი სურდა...

Mamba Mentality - როცა იცი რა მოხდება

„ლეიკერსთან" ერთ-ერთი მატჩის წინ, „ნიუ იორკ ნიქსის“ მძიმე ფორვარდმა, დევიდ ლიმ იცოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. წარმოდგენა არ ჰქონდა, საიდან, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც აუცილებლად მოხდებოდა.

„სადავო გდებამდე კობი მოწინააღმდეგეებს ხელს ართმევს და ესალმება ხოლმე, თუმცა იმ შეხვედრის წინ ბრაიანტი გამოვიდა და უბრალოდ გვიყურებდა. ნიქსის მთავარ მწვრთნელს, მაიკ დენტონის გავხედე და ვუთხარი: „არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდება“.

დევიდ ლი მართალი აღმოჩნდა...

იმ საღამოს კობი ხელშეუხებელი იყო. „შავმა მამბამ“ 61 ქულა ჩააგდო და ბერნარდ კინგის რეკორდი დაამხო.

Mamba Mentality - შურისძიება

ბრაიანტმა კარიერის პირველი ორი წელი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. დელ ჰერისი მას ძირითად შემადგენლობაში არ ამწესებდა, რაც ახალგაზრდა „შავ მამბას“ ძალიან აღიზიანებდა. მარკ მედინასთან საუბრისას კობი იხსენებს: „როცა ახალწვეული ვიყავი, დელი მეზიზღებოდა. ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ თუ შანსს მივიღებდი, მასზე შურს აუცილებლად ვიძიებდი“.

2005 წლის 20 დეკემბერს, ბრაიანტმა „დალასის“ სათადარიგოთა სკამზე დელ ჰერისი დაინახა და მისი ალტერ ეგო ამოქმედდა. ამოქმედდა და თან როგორ! გაითვალისწინეთ, რომ მაშინდელი „დალასი“ ცუდი გუნდი არ ყოფილა და დიდი ამბიციები ჰქონდა, თუმცა ტექსასელებმა განრისხებულ „შავ მამბას“ ვერაფერი დაუპირისპირეს.

„მავსის“ ყოფილი თავკაცი, ევერი ჯონსონი იხსენებს: „კობი უბრალოდ ვერ გავაჩერეთ. მის წინააღმდეგ ორმაგი და ზონური დაცვაც გამოვიყენეთ, მაგრამ არაფერმა გაამართლა. ბრაიანტმა უბრალოდ საუცხოო მატჩი ჩაატარა“.

კობიმ პირველ მეოთხედში - 15, მეორეში - 17, მესამეში კი „ლეიკერსისთვის“ სარეკორდო - 30 ქულა ჩააგდო. გადამწყვეტი პერიოდის წინ ლოს-ანჯელესური გუნდი 95-61-ს იგებდა. მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე ლეგენდარულმა ფილ ჯექსონმა დაფაზე, რომელსაც კომბინაციების დასახაზად იყენებდა, დაწერა - კობი - 62, „დალასი" - 61.

„შავმა მამბამ“ მისია შეასრულა. ბრაიანტმა შური იძია და თანაც ისე, რომ მეოთხე მეოთხედი სათადარიგოთა სკამზე გაატარა! 2015-16 წლების სეზონში, როდესაც კობიმ დალასში ბოლო შეხვედრა გამართა, ჟურნალისტებმა მას აღნიშნული მატჩი გაახსენეს და ჰკითხეს, მისი ფენომენალური ასპარეზობა რამ განაპირობა. კობის პასუხი მარტივი იყო - „დელ ჰერისმა“.

Mamba Mentality - კითხვის ნიშნები და ოპტიმიზმი

2013 წელს „გოლდენ სტეიტთან“ მატჩში კობი ბრაიანტმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა. მიუხედავად ამისა, „შავმა მამბამ“ ორი საჯარიმო შეასრულა და პარკეტი მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა. სათადარიგოთა სკამზე კობიმ გუნდის ექიმს ფეხის შეხვევა სთხოვა, რათა მატჩში დაბრუნებულიყო, თუმცა პასუხად ასეთი ფრაზა მიიღო - „არა, კობი! შენ აქილევსის მყესი დაიზიანე, ვერსად წახვალ“!

მატჩის შემდეგ ბრაიანტი ჟურნალისტებს შეხვდა და განუცხადა, რომ მისთვის სეზონი დასრულებული იყო, მეორე დღეს კი „ფეისბუქზე“ საკმაოდ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა...

„ეს სრული სისულელეა! ვარჯიშში გათენებული ღამეები და გაღებული მსხვერპლი ერთი მოძრაობის გამო, რომელიც კარიერაში ალბათ მილიონჯერ გამიკეთებია, წყალში ჩაიყარა. იმედგაცრუება, რომელსაც ახლა ვგრძნობ, აუტანელია. გაბრაზება მრისხანებად იქცა. ვინმე ამიხსნით ეს საზიზღრობა რატომ მოხდა? ამ ასაკში ასეთი ტრავმა უნდა გადავიტანო და იმავე დონეზე ან უკეთესად მოასპარეზე კალათბურთელად დავბრუნდე?! ეს როგორ უნდა გავაკეთო?! წარმოდგენა არ მაქვს! შევძლებ კი ამ დაბრკოლების გადალახვას?! იქნებ ჩემი წიგნი ასე სრულდება? იქნებ დრომ მეც დამამარცხა"...

ან იქნებ არა! ღამის ოთხის ნახევარია, ჩემი ფეხი საშინლად გამოიყურება, ტკივილგამაყუჩებლებისგან თავი მიბრუის და მაინც ფხიზლად ვარ. ასეთი პოსტის გამო, ბოდიშს გიხდით, მაგრამ რა აზრი აქვს სოციალურ ქსელებს თუ თქვენ რეალური სურათი არ დაგანახეთ? ემოციებისგან დაცლა კარგია. ემოციებისგან დაცლის შემდეგ პერსპექტივას ხედავ. ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება გვხვდება და გაწყვეტილი მყესი ყველაზე რთული ნამდვილად არაა! შეწყვიტეთ საკუთარი თავის შებრალება. იპოვეთ ძალა და პრობლემების გამოსწორებაზე მუშაობას შეუდექით. ერთ დღეს ახალ თავგადასავალს დავიწყებ. დღეს ეს დღე არაა“!

Mamba Mentality – Airball-ების ამბავი

1997 წელი, „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „იუტა ჯაზს“ ხვდება. მთელი სეზონის განმავლობაში ლოს-ანჯელესელების გულშემატკივრები გუნდის მთავარ მწვრთნელს, დელ ჰერისს მოუწოდებდნენ, 18 წლის ახალწვეული კობი ბრაიანტისთვის მეტი სათამაშო დრო მიეცა. დელმა მათი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში შეისმინა, მაშინ, როცა „ლეიკერსის“ სეზონი სასწორზე იდო, მაგრამ ქომაგებს იმედი გაუცრუვდათ.

ის შეხვედრა ბაირონ სკოტმა ტრავმის გამო გამოტოვა, რობერტ ორი გააძევეს, შაკილ ონილს კი პერსონალური ფოლების გამო საფინალო სირენამდე 1:46 წუთით ადრე, პარკეტის დატოვება მოუწია. უეცრად, ერთი ახალგაზრდა ბიჭი „ლეიკერსის“ პირველ ოპციად იქცა.

ანგარიში 89-89 იყო და მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე, ბურთი „შავ მამბას“ ჰქონდა. კობი ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მეტოქის კალათს შეუტია - Airball. ოვერტაიმის სტარტზე ვან ექსელმა თავისუფალი ბრაიანტი იპოვა და კობიმ სამიანი გაუშვა - Airball. რამდენიმე წამის შემდეგ, კიდევ ერთი სამიანი - Airball. შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა. ტაბლოზე წამები იყო დარჩენილი. „იუტა“ სამი ქულით იგებდა და სერიის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. კობიმ კიდევ ერთი სამიანი გაუშვა. Airball. „იუტა“ – 98, „ლეიკერსი“ – 93, მატჩი დასრულდა, სერია დასრულდა.

„მამბას“ სახეზეც ეტყობოდა, რომ განადგურებული იყო. ჟურნალისტები მას აქტიურად აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ გადამწყვეტ მომენტში ბურთი ვან ექსელს უნდა ჰქონოდა. ამას თავად ვან ექსელიც ამბობდა, თუმცა ჰერისი სხვა აზრზე იყო. „მატჩის ბოლოს, ამ სროლას დღეს, ხვალ, მომდევნო კვირას და 15 წლის შემდეგაც კობი ბრაიანტს მივანდობ“.

მძიმე მარცხის შემდეგ, „ლეიკერსის“ ლეგენდა შაკმა გაამხნევა: „იცი რა?! დაიმახსოვრე ეს. დაიმახსოვრე ეს ხალხი, რომელიც დაგცინის. დაიმახსოვრე და იქნებ ერთ დღეს ჩვენ მიზანსაც მივაღწიოთ“.

კობიმ დაიმახსოვრა და თან როგორ... როგორც კი „ლეიკერსის“ თვითმფრინავი ლოს-ანჯელესში დაეშვა, ბრაიანტი სავარჯიშოდ წავიდა და მზის ამოსვლამდე ისროდა. იმ ზაფხულს, ყოველი დღე ასეთი იყო - სროლა მზის ამოსვლამდე. მალევე ყოველდღიური რუტინა ყოველთვიურ და ყოველწლიურ რუტინად იქცა. „შავმა მამბამ“ მაქსიმუმზე ბევრად მეტი გააკეთა, რათა „იუტასთან“ მომხდარი არასდროს განმეორებულიყო. 18 წლის ჩვეულებრივი ბიჭისთვის ამხელა წნეხი შესაძლოა, დამღუპველი ყოფილიყო, მაგრამ კობი განსხვავებული გახლდათ, კობის ხომ Mamba Mentality ჰქონდა...

2013 წელს არა, მაგრამ ბრაიანტი დრომ 2020 წელს დაამარცხა... კობის წიგნი ზუსტად ორი წლის წინ დასრულდა...

Mamba Mentality – MAMBA OUT

იმ სიტყვებით დაგემშვიდობებით, რომლებიც დასაწყისში ვახსენე და ყველაფერს თავად ამბობს... „უდიდესი შეცდომა, რომელსაც ცხოვრებაში ვუშვებთ, იმის ფიქრია, რომ დრო გვაქვს“.

ყოველთვის გვეყვარები კობი! მშვიდად განისვენე!

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში