Aa
Aa

შარიქაძე: ''მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა''

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში უკვე ჩემპიონის რანგში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა კრასნოდარში რუსეთი 22:6 დაამარცხა. 

რუსებს იმედი მირიან მოდებაძემ მოუსპო, რომელმაც შეხვედრაში ბოლო ლელო დადო. მათიაშვილმა ზუსტად გარდასახა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 22:6 დააფიქსირა. ეს იყო "ბორჯღალოსნების" 21-ე გამარჯვება რუსების წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ხუთივე შეხვედრა მოიგო. ამის შემდეგ დაიწყო ზეიმი, თასის გადაცემა და ზღვა სიხარული. 

გამარჯვების შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ''საზოგადოებრივ მაუწყებელთან'' საუბარში განაცხადა: “ყველასთვის კარგადაა ცნობილი რომ ეს თამაში ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებულია არამარტო მორაგბეებისთვის ზოგადად საქართველოსთვის. როგორც დავპირდით გულშემატკივარს ბოლომდე დავიხარჯებოდით, ბოლომდე დავიხარჯეთ, ღვთის წყალობთ ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდა თამაში.

მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა. საქართველოს რუკა ეხატა და არაფერი სხვა! ჰიმნი იმიტომ იყო ემოციური,  რომ ყველაზე ახლოს არის ჩვენს სულიერ მდგომარეობასთან. საქართველოსთვის ვითამაშეთ ეს თამაში და მოვიგეთ.''

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

ცხელი ამბები