Aa
Aa

ჰაკუჰო ანუ თვით სუმო - ქართველთან დამარცხებული ნახევრად ღმერთი!

მაისის "ნაცუ ბაშოს" მე-12 დღეს, ლევან გორგაძეს უმნიშვნელოვანესი და როგორც შემდეგ გაირკვა, ისტორიული ორთაბრძოლის ჩატარება მოუწია. მისი მოწინააღმდეგე თანამედროვე სუმოს უდიდესი მებრძოლი და უამრავი რეკორდის მფლობელი, მონღოლი სპორტსმენი, ჰაკუჰო შო გახლდათ, რომელსაც "თეთრი ფენიქსის" მეტსახელით მოიხსენიებენ.

დღევანდელ დაპირისპირებამდე, ქართველმა მასთან ოფიციალურ დონეზე 25-ჯერ იბრძოლა, თუმცა გამარჯვებას ვერ ახერხებდა. ერთადერთი გამონათება მიმდინარე ბაშოს მოსამზადებელი ტურნირის ეგიდით გამართული შეხვედრა იყო.

მონღოლმა, სუმოს იერარქიაში მე-2 წოდება - ოძეკი 2006 წელს მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი, 2007 წელს, უმაღლესი სტატუსი, იოკოძუნა მიიღო. ერთი მხრივ, იოკოძუნობა უდიდესი პრესტიჟია, თუმცა ამავდროულად, საკმაოდ მძიმე ტვირთი და პასუხისმგებლობაა. თუკი ამ წოდების სეკიტორი ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს, მისგან ელიან, რომ კარიერის დამთავრების შესახებ გამოაცხადებს. სწორედ ამიტომ, არის შემთხვევები, როცა იოკოძუნა ბაშოს მიმდინარეობისას ტრავმას იმიზეზებს და ბრძოლას აღარ აგრძელებს. 

იოკოძუნა ჰორიზონტალურ თოკს ნიშნავს, რაც ამ წოდების გამომხატველი სიმბოლოა და იგი ამ სტატუსის მქონე სუმოისტებს წელზე აქვთ შემორტყმული. შიმენავას იაპონური რელიგიის წმინდა ადგილების მოსანიშნად გამოიყენებენ, იოკოძუნას ეს თოკი კი შიმენავას მსგავსად, სუმოისტს განწმენდს და გამოარჩევს. თოკი შეიძლება 20 კგ.-საც იწონიდეს და მას სუმოისტები მაშინ შემოიხვევენ, როცა ბრძოლისთვის დოჰიოზე გამოსვლის რიტუალს ატარებენ.


 

სუმოს ისტორიაში, ჰაკუჰო ერთ-ერთი გამორჩეული სეკიტორია და ბევრის აზრით, ყველა დროის საუკეთესოც. სწორედ ამაზე მიუთითებს ამ სპორტის რეკორდების ჩამონათვალი, რომელთა დიდ ნაწილშიც პირველ ადგილზე, ქართველის მიერ დამარცხებული მონღოლის მაჩვენებლებია. "თეთრ ფენიქსს" მაკუუჩი დივიზიონში ყველაზე მეტი, 40 ბაშო აქვს მოგებული, მათგან 13-ჯერ ეს საერთოდ დაუმარცხებლად გააკეთა (ესეც ყველა დროის რეკორდია). ზედიზედ 7 ბაშო მოიგო და ეს ასაშორიუს რეკორდის გამეორებაა. 

2001 წლიდან მოყოლებული, ჰაკუჰომ 1066 ორთაბრძოლა მოიგო, მათ შორის 972 მაკუუჩი დივიზიონში - ორივე ეს მაჩვენებელიც სარეკორდოა. ერთ კალენდარულ წელიწადში უმაღლეს დივიზიონში მოგებულ მატჩთა რაოდენობის რეკორდიც ჰაკუჰოსია. მან 2009 წელს 90-დან 86 ორთაბრძოლა მოიგო, 2010 წელსაც იდენტურ შედეგს მიაღია და ეს მაჩვენებლები ყველა დროის სარეკორდო ჩამონათვალის პირველ-მეორე ადგილზეა. 2013 წელს 82 დაპირისპირებაში იმარჯვა, 2014-ში კი - 81-ში, ეს რიცხვებიც რეკორდთა ჩამონათვალის საწყის პოზიციებზეა.

"თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. ბაშოს დარჩენილ ორთაბრძოლებს მეტი აღმაფრენით ჩავატარებ. მავაშში სოლიდური ჩავლება ავიღე და წარმატება ამან განაპირობა". - აღნიშნა ქართველმა. 

ტოჩინოშინმა ცოცხალ ლეგენდას 26-ე ცდიდან პირველი ურთიერთშეხვედრა მოუგო. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ მოგებით, გორგაძემ სუმოს იერარქიაში იოკოძუნას შემდეგ, მეორე წოდება - ოძეკი გაინაღდა. იგი ამ სპორტის ისტორიაში მე-3 ევროპელია, რომელმაც ოძეკის სტატუსი მიიღო.

ასევე იხილეთ - "ტოჩინოშინმა შესანიშნავი სვლა გააგრძელა" - Japan News დღევანდელ ბრძოლას გამოეხმაურა...

ცხელი ამბები