მე-7 მუნდიალი, 59 მატჩი და 127 ქვეყანა - ესპანეთის ნაკრების სამაგალითო გულშემატკივარი
მსოფლიოში ცოტა ადამიანს თუ შეუძლია თქვას, რომ 127 ქვეყანაშია ნამყოფი და სწორედ ასეთთა რიგებს მიეკუთვნება ფეხბურთის 66 წლის ესპანელი გულშემატკივარი ხუან ბრავო, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს. მან ესპანეთის ნაკრების ქომაგობა მსოფლიოს ჩემპიონატებზე 2002 წლის კორეა-იაპონიის მუნდიალიდან დაიწყო და მას შემდეგ საყვარელი გუნდის მონაწილეობით ჩატარებულ შვიდივე პლანეტის პირველობას დაესწრო. ხუანი ახლაც ადგილზე და ნიუ-ჯერსიში MARCA-ს ჟურნალიტს შეხვდა, რომელსაც საკუთარი თავგდასავალის შესახებ დეტალურად მოუყვა.
„ჩემი ისტორია 2002 წლიდან იწყება და კორეაში იმდენად დაუვიწყარი ემოციები განვიცადე, საკუთარ თავს შევპირდი, რომ ეს უკანასკნელი არ იქნებოდა. უკანასკნელი კი არა, ახლა რიგით მეშვიდე მსოფლიოზე ვიმყოფები. 2030-ში პლანეტის პირველობა ესპანეთში ტარდება და არსად წასვლა არ მომიწევს. სამაგიეროდ, თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, 2034-ში საუდის არაბეთში ვგეგმავ წასვლას“ - განაცხადა ბრავომ, რომელიც მენორკაშია დაბადებულია და მშობლიურ ქალაქში ბარის ქსელი აქვს გახსნილი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხუანი იძულებული გახდა გერმანიაში წასვლა-ჩამოსვლის პრინციპით მოქცეულიყო და ბიზნესის გამო გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ყველა თამაშს დაესწრო. დილემის წინაშე იდგა ფინალის წინ, რადგან მისი ბარის ყველაზე დიდ კლიენტურას ინგლისელები წარმოადგენდნენ, თუმცა ბიზნესის საქმეები საკუთარ თავზე მეუღლემ აიღო და ბრავოს და ესპანეთის ნაკრების ტრადიციაც არ დაირღვა.
შეკითხვაზე, თუ რომელი მუნდიალი მოეწონა ყველაზე მეტად, ხუანი აცხადებს, რომ 2002 წლის კორეის და 2022 წლის კატარის, რადგან პატარა ქვეყნებია და სხვადასხვა მატჩებზე დასასწრებად დიდი მანძილის გავლა არ უწევდა. ფინალში თანამემამულეების შანსებს კი ასე აფასებს: „ესპანეთი ნამდვილი ფავორიტია, მაგარი გუნდი გვყავს. ტალიაფიკოს კუკურელიასთან შედარება არ შეიძლება. მეორე ფლანგზე კი პედრო პორო გვყავს, რაც შეეხება კაპიტანს, როდრი შეუდარებელ ფორმაშია“.
ცნობისათვის, ბოლო 24 წლის მანძილზე ხუან ბრავო მსოფლიოს შვიდ და ევროპის ოთხ ჩემპიონატზე არის ნამყოფი და საერთო ჯამში ესპანეთის ნაკრების მონაწილეობით 59 მატჩს დაესწრო. ბუნებრივია, ის ეროვნულ გუნდს ამხანაგურ მატჩებზეც ქომაგობს და 127 ქვეყნის მონახულებაც ამიტომ მოასწრო.