ლუკა მაისურაძე, ირაკლი დემეტრაშვილი
Aa
Aa

„გამარჯვებას პატრიარქის ხსოვნას ვუძღვნით“ - მაისურაძე და დემეტრაშვილი ჩემპიონობის შემდეგ

თბილისის გრან სლემი ქართველების ტრიუმფით დაიხურა. ტურნირის დასკვნით დღეს ოქროს მედლის მფლობელები -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და +100 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილი გახდნენ.

ტურნირის დასრულების შემდეგ თბილისის გრან სლემის ჩემპიონებმა თავისი გამოსვლა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან შეაფასეს.

ირაკლი დემეტრაშვილი:

ძალიან გახარებული ვარ. ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო, რამაც დანებების საშუალება არ მომცა და ჩემპიონობა ძალიან მინდოდა. მინდა საბა ინანეიშვილსაც მივულოცო ეს გამარჯვება. საბამ რომ მოიგო, ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. მინდოდა, რომ დღე გამარჯვებით დამესრულებინა.

ემოციურად, ჩემთვის თბილისის გრან სლემი ყველაზე მაგარი შეჯიბრია, რადგან შენი გულშემატკივრების წინაშე გიწევს ასპარეზობა. ქართველი ხალხის გულშემატკივრობა ძალიან დიდ ძალას მაძლევს. დანებება არ შეგიძლია და მიდიხარ ბოლომდე, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარო.

ლუკა მაისურაძე:

გრან სლემებზე ეს ჩემი პირველი მედალია და ნამდვილად არ ვიცი, ამას როგორ ვახერხებდი, ძალიან ბევრი ფინალი წავაგე. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ვარ, მაგრამ გრან სლემის ტიტული არ მქონდა და ჩემთვის ორმაგად უფრო სასიხარულოა, რომ პირველი მედალი საქართველოში მოვიპოვე.

ჩემთვის, ყველა ტურნირი ძალიან რთულია, მაგრამ დღეს ყველაფერი ძალიან მარტივად წარიმართა, რადგან კარგად საკმაოდ კარგად ვიყავი მომზადებული. ეს მომზადება უფრო ევროპის ჩემპიონატისთვის იყო, ისე მოხდა, რომ აქაც დაგვჭირდა ასპარეზობა. ღმერთის წყალობით, ოქროს მედალი ავიღე და ძალიან ბედნიერი ვარ.

მართალია, გამარჯვება გუნდში ყველას გაგვიხარდა, მაგრამ ზეიმი არ შეგვიძლია. ჩვენთვის, ქართველებისთვის და ზოგადად, ქრისტიანებისთვის დიდი მწუხარების დღეა. სამხიარულოდ საქმე არავის გვაქვს, მაგრამ ეს სპორტია და დღეს, აქ უნდა გვეასპარეზა. ჩვენს გამარჯვებას პატრიარქის ხსოვნას ვუძღვნით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის და მისი ხსოვნა მარადული იყოს.

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან სლემი 2 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დემეტრაშვილის ოქრო, ინანეიშვილის ბრინჯაო - თბილისის გრან სლემი ქართველების ტრიუმფით დაიხურა
დემეტრაშვილის ოქრო, ინანეიშვილის ბრინჯაო - თბილისის გრან სლემი ქართველების ტრიუმფით დაიხურა