გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ბურთი ძელს გაარტყა - ქოჩორა სასტარტოში დაბრუნდა და აქტიური იყო

ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში „რასინგი’’ – „ლევანტე’’ 0:0 დასრულდა. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, საუკეთესო ექვსეულში მოხვედრისთვის იბრძვიან, რომ შემდეგ ფლეი-ოფის გზით ელიტაში დაბრუნდნენ.

36 მატჩში „ლევანტემ’’ 52 ქულა დააგროვა, მე-11 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა მე-6 ადგილზე მყოფმა „ოვიედომ’’ ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა, მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშია.

„ლევანტეს’’ მთავარმა მწვრთნელმა ფელიპე მინამბრესმა გიორგი ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, 58-დან 51 პასი ზუსტად შეასრულა (88 პროცენტი), მინდორზე 8-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო, 2-დან ერთ საჰაერო დუელში გამარჯვებული გამოვიდა. ასევე, მეტოქის ორი დარტყმა დაბლოკა.

ქოჩორას თამაშიდან რამდენიმე მომენტია გამოსარჩევი, პირველ ტაიმში საკუთარ გუნდის საჯარიმოსთან ბურთი დაკარგა და „ლევანტე’’ გოლს გადაურჩა. ამ შეხვედრაში ეს მისი ერთადერთი უხეში შეცდომა იყო.

მეორე ტაიმში გოლის გატანასთან ახლოს იყო, ბურთი კარის ძელს გაარტყა. რომ გაეტანა, ამ სეზონში მისი გოლების რაოდენობა სამამდე გაიზრდებოდა, რაც საყრდენისთვის კარგი მაჩვენებელია.


აღნიშნული მომენტების გარდა კიდევ რამდენიმე ეპიზოდს გთავაზობთ ქოჩორას დღევანდელი თამაშიდან. მატჩის მიწურულს კარისკენ დაარტყა და „რასინგის'' მეკარემ ბურთი ხელებში დაიჭირა. ასევე, ერთ ეპიზოდში თანაგუნდელის მისამართით მეტოქის საჯარიმოში კარგ პასს აკეთებდა, თუმცა ეს პასი ჩაჭრეს.

ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19-დან 12 სასტარტოში დაიწყო, მის ანგარიშზე 2 გოლია, „მირანდესსა’’ და „კარტახენას’’ გაუტანა, „მირანდესთან’’ ანგარიში გაათანაბრა, „კარტახენასთან’’ კი გამარჯვების გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები