ნაპოლი, დიეგო მარადონა
Aa Aa

რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?

ბევრჯერ ითქვა, რომ მეორე მარადონა აღარ იქნებოდა. ისტორიაში ასეთი ადამიანი ერთია და 1000 გოლიც კი ვერ გადაფარავს მის სიდიადეს. დიეგოს არ სჭირდებოდა მისი მიღწევების დამოწმება და დამტკიცება. მისი დაჯერება შესაძლებელი იყო და ეს გაცილებით მნიშვნელოვანი და მეტია, ვიდრე ნებისმიერი რაციონალური მტკიცებულება.

რა თქმა უნდა, დიეგო და მისი ცხოვრება არ ყოფილა სამაგალითო. სამაგალითო ყოველთვის ნიშნავს სწორს - ისინი ყოველთვის იღებენ გააზრებულ გადაწყვეტილებებს მოედანზე და მის მიღმაც, ამიტომ მათი თვისებების აღქმა და კოპირება მარტივია, ისევე როგორც ყველაფერი, რაც აღქმას, გაგებას და ანალიზს ექვემდებარება.

მარადონაში არაფერი იყო ზედაპირული, ერთი გრამიც კი არ იყო მასში ხელოვნური.

ურთიერთგაგების უპირატესობა შთაგონებაზე, პროფესიონალური ფეხბურთის მთავარი თვისებაა - დიეგოსთვის კი ეს თავისებურება იყო. სწორედ ამიტომ გააღმერთა ხალხმა ის.

დიეგომ ფეხბურთს დაუბრუნა ის, რაც მან ეზოდან არენამდე მიმავალ გზაზე დაკარგა. შეუძლებლის წარმოდგენა, რაც თამაშს თან ახლდა. ფეხბურთი ამიერიდან არასდროს დატოვებს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას - მარადონამ გამოავლინა ყველაფერი, რაც კი მასში იყო.

დიდი რისკია და არ არის სწორი ნაბიჯი ის, რომ ასეთი ფენომენალური ფეხბურთელის კარიერა სტატისტიკად აქციო, ციფრებში გადაიყვანო მაშინ, როდესაც მას კარიერა დასრულებული აქვს და ის მღელვარება და ყველა ემოცია ჩამცხრალია - ცივი ანალიზი.

ჩვეულებრივ, ლეგენდა როგორც წესი რეალურ პიროვნებას აჭარბებს. გადის დრო და გაღმერთებული კონკრეტული სპორტსმენი იქნება ეს, თუ უბრალოდ სხვა დარგის წარმომადგენელი, თანამედროვე ეპოქაში მითოლოგიურ პერსონაჟად მოჩანს, მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ მოულოდნელად ციფრები და ზემოხსენებული ცივი ანალიზი ამ მითს ადასტურებს, მას რეალურს ხდის. ასეთ დროს უკეთ გესმის, თუ რა დაკარგა ფეხბურთმა...

დიეგომ გატანილი ჯარიმებით რეკორდები დაამყარა, გაჰქონდა გოლები და ასრულებდა ისეთ საგოლე გადაცემებს, რაც სხვას არავის შეეძლო, ქომაგებს ბურთთან ერთად მისი მოძრაობები შოკში აგდებდა - მას ნამდვილად შეეძლო ყველაფერი.

„მარადონა არის ფეხბურთი. რასაც ის ბურთით აკეთებდა, ამას ვერავინ ვერასდროს გაიმეორებს“.

- თქვა ტოტიმ.

დიეგო ბურთს განსაკუთრებულად გრძნობდა, ეს მის ულამაზეს სათამაშო სტილს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. არ იყო არაფერი ისეთი, რაც მარადონამ სანახევროდ იცოდა. მასში არცერთი თვისება არ ყოფილა განსაკუთრებულად გამორჩეული, რომელიც სხვა უნარებს გადაფარავდა.

დიეგოს თამაში ცალკეულ კომპონენტებად არ დაუყვია. საჭირო და არასაჭირო კომპონენტებს ის არ გამოარჩევდა. დარტყმა, პასი, დრიბლინგი - ყველაფერი რისი გაკეთებად მოედანზე შეიძლებოდა, დიეგო მას აკეთებდა. მას ყველაფერი შეეძლო.

დიეგოს 25 დიდებული დრიბლინგი


მის წინააღმდეგ ერთ მატჩში საშუალოდ 10-20-ჯერ ჯარიმდებოდნენ. ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული პოლონელი ფეხბურთელი ზბიგნევ ბონეკი იხსენებს:

„ნაპოლისთან მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთელებმა გასახდელში მოვილაპარაკეთ, რომ მარადონას შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამტვრევა იყო, თუმცა შეხვედრის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ, გადავიფიქრეთ, რადგან დიეგოს თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო“.

იტალიელი ჟურნალისტი დარვინ პასტორინი:

„მარადონამ ჩვეულებრივი ტყავის ბურთი საგანძურით სავსე ზარდახშად აქცია“.

დიეგოს განსხვავებულმა და განსაკუთრებულმა ხედვამ, ბურთის მიმართ შეხედულებები შეცვალა და შექმნა ახალი დისციპლინა - ფეხბურთის თავისუფალი სტილი. თუმცა, დიეგო ყველასგან ცალკე იდგა. მისი დრიბლინგი და შოუს ელემენტები განსაკუთრებული გახლდათ. მარადონა ყველაფერს ფენომენალურ დონეზე აკეთებდა.

დიეგოს დიდებული ჯარიმები


მარადონამ კარიერაში 62 ჯარიმის გატანა შეძლო, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. დიეგომ 1987-88 წლების სეზონში სერია A-ში 5 ჯარიმა გაიტანა, რაც კარგა ხანს რეკორდული მაჩვენებელი იყო. მსგავსი შედეგი მიშელ პლატინისა და ზიკოსაც ჰქონდა დაფიქსირებული. 90-იან წლებში კი რეკორდი სინიშა მიხაილოვიჩმა დაამხო.

259 მატჩი, 115 გოლი და 29 საგოლე გადაცემა - დიეგოსა და მისი „ნაპოლის“ მიერ მოგებული ორი სკუდეტოს ხილვა ფეხბურთის ისტორიის მდიდარი წიგნის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დაუვიწყარი გვერდებია.

ლეგენდარული „ნაპოლის“ ნახევარმცველი სალვატორე ბანი იხსენებს:

„ის იდეალური პარტნიორი იყო. ასეთი რამ არასდროს ყოფილა, რომ მას ეთქვას: „მომეცით ბურთი და თქვენ გვერდზე გადექით“. დიეგო თავის თავს სხვაზე მაღლა არასდროს აყენებდა, ის ყოველთვის გუნდზე ფიქრობდა და გულუხვი იყო. ის თავის უპირატესობას არასდროს გვაგრძნობინებდა“.

დიეგოს ტოპ 50 ასისტი


დიეგოს თამაშში სუსტ წერტილს ვერ მოძებნიდით. ალბათ ზოგიერთი მის მარჯვენა ფეხს დაგისახელებთ, თუმცა ხანდახან მარადონას სუსტი ფეხითაც გაჰქონდა გოლები, თუმცა მის ისტორიაში ეს მნიშვნელოვანი არ არის.

მარადონა ხალხს დაამახსოვრდა ფეხბურთელად, რომელიც მარტო იგებდა არა მატჩებს, არამედ ტიტულებსაც. რეალობა და  უბრალო რიგითი გულშემატკივრის მოგონებები, რომ ერთმანეთისგან განვასხვაოთ, ამისათვის ყველაფრის გადამოწმება არის საჭირო.

„ნაპოლიმ“ პირველი ორი სკუდეტო დიეგოს დროს მოიგო, თუმცა ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ჩემპიონობა იყო.

1984 წლის ფორმაციის „ნაპოლის“ საშუალო დონის გლეხად თუ მოვიხსენიებთ, ეს მათთვის დიდი კომპლიმენტი იქნებოდა. დიეგოს შეძენამდე, გუნდმა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში სერია A-დან გავარდნას თავი დიდი წვალების შედეგად დააღწია. გასავარდნ ზონას 1-2 ქულით უსწრებდნენ.

მარადონას გუნდში მისვლის შემდეგ, „ნაპოლიმ“ პირველი სეზონი მე-8 პოზიციაზე დაასრულა, მეორე სეზონი კი ტოპ სამეულში, ხოლო მესამე წელს გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა.

მარადონას სიდიადისა და დამსახურებების სრულად გასაანალიზებლად უნდა იცოდეთ, თუ ვის გვერდით თამაშობდა ის და რა გუნდთან ერთად მოიგო ტიტულები.

80-იანი წლების სერია A, სავარაუდოდ ისტორიაში ყველაზე კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი იყო. მსოფლიოს ჩემპიონები, ლეგენდები და იმ მომენტში პლანეტის საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც ლიდერობდნენ ადგილობრივ კლუბებს და სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფებოდნენ. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ სხვა კლუბებსაც ჰყავდათ მსგავსად დაკომპლექტებული შემადგენლობები.

ერთი რამ ფაქტია - 1986-87 წლების „ნაპოლი“ ამ გუნდებთან შემადგენლობით ახლოსაც ვერ მივიდოდა. მოდით მივყვეთ და გავეცნოთ იმ გუნდს, რომლითაც დიეგომ შეუძლებელი შეძლო:

კლაუდიო გარელა - 31 წლის მეკარე, რომელსაც სერია A-ში თამაშის 5-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. საოცარი რეაქცია ჰქონდა, თუმცა საშუალო დონის მეკარედ ითვლებოდა და მას იტალიის ნაკრებში არავინ იწვევდა.

ჩირო ფერარა - მას ალბათ „იუვენტუსიდან“ იცნობთ, თუმცა იმ დროს იგი 19 წლის გახლდათ და მან 1986 წელს კარიერაში პირველი სრული სეზონი ჩაატარა.

ალესანდრო რენიკა - 24 წლის ცენტრალური მცველი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში არც იმ დროს და არც ამის შემდეგ, 1 მატჩიც არ ჩაუტარებია.

მორენო ფერარიო - მეორე ცენტრალური მცველი. ის კლუბის ლეგენდაა, თუმცა სერია A-ში ყოველთვის საშუალო დონის ფეხბურთელად ითვლებოდა და ეროვნულ ნაკრებს მის მიმართ დაინტერესება არ გამოუჩენია.

ჯუზეპე ბრიუსკოლოტი - მარჯვენა მცველი, მეტსახელად „რკინის სვეტი“. კლუბის ლეგენდა 511 მატჩით, თუმცა სხვების მსგავსად, ისიც საშუალო დონის მოთამაშედ ითვლებოდა და ნაკრებში არასდროს უთამაშია.

ფრანჩესკო რომანო - საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც სეზონის შუაწელს სერია ბ-დან შეიძინეს.

სალვატორე ბანი - ენერგიული განაპირა ნახევარმცველი, რომელიც კარგი დრიბლინგით გამოირჩეოდა და პაოლო სორენტინოს კერპი გახლდათ. ის იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. 1986-87 წლების სეზონში მისმა პიკმა ჩაიარა და 2 წლის შემდეგ კარიერა დაასრულა.

ფერნანდო დე ნაპოლი - მარჯვენა ნახევარმცველი, რომელსაც მეტსახელად „რემბოს“ ეძახდნენ. ის გუნდის ახალწვეული იყო და მოულოდნელად გაამართლა, რის შემდეგაც მალევე ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს.

ბრუნო ჯორდანო - ის 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური იტალიელია. ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა, თუმცა ძირითადად როტაციაში. „სკუადრა აძურას“ წევრი „ნაპოლიში“ გადასვლამდე იყო. ნეაპოლელთა რიგებში ჯორდანო 30 წლის ასაკში მივიდა. სერია A-ში თავის პოზიციაზე საუკეთესო ხუთეულში ვერ შედიოდა.

ანდრეა კარნევალე - ცენტრფორვარდი, რომელმაც კარიერაში მხოლოდ ერთჯერ შეძლო და ერთ სეზონში 9 გოლი გაიტანა. ეს მისი საუკეთესო მაჩვენებელი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, ის ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს, თუმცა ცოტა გაჰქონდა და მალევე „სკუადრა აძურას“ დატოვება მოუხდა.

აი ასეთი გუნდით მოიგო მარადონამ სკუდეტო

1986-87 წლების სეზონში მეორე პოზიციაზე ტურინის „იუვენტუსი“ გავიდა, რომელსაც შემადგენლობაში ლაუდრუპი, პლატინი და შირეა ჰყავდა. მესამეზე კი „ინტერი“ გავიდა, რომლის ლიდერები ტარდელი, რუმენიგე და პასარელა იყვნენ. მათ რიგებში მსოფლიოს 8 ჩემპიონი თამაშობდა. „ნაპოლიმ“ კი სეზონის ნაკრებში მოთამაშე მხოლოდ 1 ფეხბურთელით დაიწყო (დიეგოს გარდა).

ამ წარმატებაში მარადონას წვლილი ძალიან თვალშისაცემი და სოლიდური გახლდათ. დიეგომ გუნდის მიერ გატანილი 41 გოლიდან 27-ში მონაწილეობა მიიღო. 10 თავად გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა შეასრულა და 6 გოლი მისი დარტყმულის შემდეგ გავიდა (გუნდელებმა დაამატეს).

იმავე სეზონში დიეგომ მოიგო იტალიის თასიც. მან 10 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ფინალში კი 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„მარადონამ ყველა ტაქტიკური თეორია გაანადგურა. მას თამაში ყველგან შეეძლო. იგი სხვაობას ქმნიდა იტალიაშიც და ესპანეთშიც. მან გააუმჯობესა ყველა გუნდი, რომელშიც ითამაშა. მის წინააღმდეგ თამაშისას, თქვენ დროს ეჯიბრებოდით, რადგან იცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ის ან გაგიტანდა, ან საგოლე გადაცემას შეასრულებდა“. - თქვა არიგო საკიმ.

ლეგენდარული საკის სიტყვებს კომენტარი არ სჭირდება...

დიეგოს სტატისტიკა 1986-87 წლების სეზონში

მეორე სკუდეტო „ნაპოლიმ“ 1990 წელს მოიგო, როდესაც მსოფლიოს „მილანი“ მართავდა. ორი წლის განმავლობაში საკის „როსონერიმ“ ჩემპიონთა თასი (ლიგა) 2-ჯერ, საკონტინენტთაშორისო თასი 2-ჯერ, უეფას სუპერ თასი 2-ჯერ და სერია ა 1-ჯერ მოიგო.

2007 წელს, World Soccer-მა მსოფლიო მასშტაბით ექსპერტების გამოკითხვა ჩაატარა,  რის შედეგადაც ისტორიაში საუკეთესო საფეხბურთო კლუბად საკის ფორმაციის „მილანი“ დასახელდა. მარადონამ მათი შეჩერება შეძლო.

1989-90 წლების სეზონში „ნაპოლი“ უკეთესი გუნდი იყო. ჩირო ფერარასა და დე ნაპოლის ასაკი ჰქონდათ მომატებული და გაცილებით დაღვინებულები იყვნენ. გუნდში მივიდნენ ვარსკვლავები კარეკა და ალემაო, ჯანფრანკო ძოლა კი სერია A-ში პირველ სეზონს ატარებდა.

კარეკა, დიეგო და ალემაო

გუნდის დანარჩენი წევრები ისევ იგივენი იყვნენ, რომლებმაც 1986 წელს ჩემპიონობა იზეიმეს. ამჯერად, „ნაპოლის“ კონკურენტად მხოლოდ „მილანი“ არ ჰყოლია. სერია A-ს პირველობისთვის იბრძოდა „ინტერი“, რომლის რიგებში კლინსმანი, ბრემე, მათეუსი და ბერგომი თამაშობდნენ. ასევე, იყო ვიალისა და მანჩინის საკმაოდ ძლიერი „სამპდორია“ და რა თქმა უნდა ტრადიციულად ძლიერი „იუვენტუსი“.

ამ სეზონში მარადონა საგოლე გადაცემების დიდოსტატად იყო ქცეული. დიეგოს უკვე ყველაფრის კეთება აღარ უწევდა, რადგან წინ გოლის გამტანი ფორვარდები ჰყავდა. დოზირებული დრიბლინგი, უფრო მეტ პასს აკეთებდა და ბურთს უფრო ხშირად შორდებოდა ხოლმე. ბოლო წლების მესის ხომ არ გაგონებთ?... (უფრო სწორად, მესი ჰგავს დიეგოს).

ბურთის ფლობისას დიეგო უფრო ცენტრისკენ იწევდა, საკუთარი ნახევრისკენ სიღრმეში ჩადიოდა და ხაზების დაკავშირებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, მას მაინც ფენომენალური სეზონი ჰქონდა. 28 მატჩში მარადონამ 16 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან გუნდის გოლების 62%-ში მიიღო მონაწილეობა.

იმ დროისთვის ეს ცალსახად ფენომენალური შედეგი იყო. „ზოგიერთს დიეგო ღმერთში ეშლებოდა“. - ამბობდა ხორხე ვალდანო.

დიეგოს სტატისტიკა 1989-90 წლების სეზონში

80-იან წლებში გამარჯვება 2 ქულით ფასდებოდა და არა სამით. აქედან გამომდინარე გუნდები ნაკლებად რისკავდნენ და ფრეზე ბევრი თანახმა იყო, თანაც მოპოვებული ქულა გამარჯვებას ბევრად არ ჩამოუვარდებოდა.

ადრე გუნდები გაცილებით მცირე რაოდენობის მატჩებს ატარებდნენ. 1990 წელს 34 ტური იყო, 1987-ში კი 30. აქედან გამომდინარე, მარადონას სტატისტიკური მონაცემები მარტივად შეგვიძლია ავხსნათ - 16 გოლს პლუს 14 საგოლე გადაცემა, დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით ასეთია: 30 გოლს პლუს 25 საგოლე გადაცემა.

თუმცა, ეს სტატიკა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი სერია A, მსოფლიოში უძლიერესი ლიგა იყო, რომელშიც მცველები საკმაოდ უხეშად თამაშობდნენ.

აზრი არ აქვს სტატისტიკაზე ამდენ საუბარს, თუ რამდენს გაიტანდა დიეგო დღეს. ერთი რამ ცხადია - მის ეპოქაში მოთამაშე ფეხბურთელები შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ: „შედარებები ჩემში ღიმილს იწვევს. მესი ძლიერია, თუმცა დიეგო უნიკალურია. მესი თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და მის წინ 2-3 მეტრი სივრცეა. ვისურვებდი მენახა, თუ რამდენ გოლს გაიტანდა დიეგო მასაც, რომ ამხელა სივრცე ჰქონოდა“. - ამბობს „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი პასკუალე ბრუნო.

მოიგო ერთი მატჩი მარტომ - საამისო ბევრი გზა არსებობს, თუმცა მოიგო კონკრეტული ტურნირი, ამისათვის მხოლოდ ერთი გზაა - გააუმჯობესო შენი თანაგუნდელები. სწორედ ეს არის მარადონას სიდიადე. მის გვერდით საშუალო დონის ფეხბურთელები გაუმჯობესდნენ და ისტორია დაწერეს.

ანდრეა კარნევალე, მარადონა და ფერნანდო დე ნაპოლი

„ჩვენ ვარჯიშებზე ისე გავდიოდით, თითქოს დღესასწაული იყო. ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ვეკითხებოდით: რას მოიფიქრებს დღეს მარადონა? ეს ჩვენი გუნდის საიდუმლო იყო. დიეგო გვაოცებდა და შთაგვაგონებდა“. - ამბობს ალესანდრო რენიკა.

დიეგოს მინიმუმ 3 ოქროს ბურთის მოგება შეეძლო

მარადონას დროს ოქროს ბურთს მხოლოდ ევროპელი ფეხბურთელები იგებდნენ. შემდეგ France Football-მა ეს წესი შეცვალა.

დიეგოს 1986 და 1890 წლების სეზონებისთვის 2 ოქროს ბურთი მოგვიანებით გადაეცა. მარადონამ 2017 წელს Marca-სთან საუბრისას გააცხადა: „ჩემს დროს გაცილებით დიდი კონკურენცია იყო, თუმცა მე მაინც უფრო მეტ ოქროს ბურთს მოვიგებდი, ვიდრე მესი და რონალდუ“.

ზემოხსენებული 2 ოქროს ბურთის გარდა, დიეგო ალბათ კიდევ ერთს 1987 წელს მიიღებდა, როცა საშუალო დონის „ნაპოლი“ ჩემპიონობამდე მიიყვანა. ამ წელს ჯილდო რუუდ გულიტს გადაეცა, რომელმაც მხოლოდ ნიდერლანდების ჩემპიონატის მოგება შეძლო. მარადონა მას აშკარად აღემატებოდა.

ალფრედო დი სტეფანო და დიეგო

რაც შეეხება დიეგოს კარიერის პირველ ნახევარს, აქ ყველაფერი გაცილებით რთულადაა. 22 წლამდე ის არგენტინაში თამაშობდა, რომლის ჩემპიონატსაც მსოფლიოში ბევრი მაყურებელი არ ჰყავდა, თუმცა იმ დროს სათამაშო დონე დღევანდელზე გაცილებით მაღალი იყო.

შემდეგ იყო 2 წელი სანაკრებო ტურნირებისა და ევროპის გარეშე, რა დროსაც მსოფლიოში საუკეთესოს წოდებას მიშელ პლატინი ატარებდა, რომელთანაც დიეგომ პირადი დუელი წააგო, როდესაც სერია ა-ში პირველ სეზონს ატარებდა.

მსჯელობიდან და ფაქტებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ მარადონა ოქროს ბურთის მოგებას ჯამში 3-ჯერ შეძლებდა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და არავინ იცის, რა იქნებოდა კონკრეტულად იმ დროში, როცა დიეგო თავისი არაამქვეყნიური თამაშით მთელს მსოფლიოს ნუსხავდა.

აი ვინ იყო მარადონა - ის ერთ-ერთია იმ იშვიათთაგან, ვისი რეალური დონე შეესაბამება მის შესახებ არსებულ მითს. შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ იმაში, რომ როცა დიეგოს შესახებ ისტორიებს მოისმენთ - მათში უდიდესი ნაწილი რეალურია, ვიდრე მითი.

და რა თქმა უნდა, ის არ მომკვდარა. გარდაიცვალა ადამიანი, ფეხბურთელი. მისი ფენომენი, ისტორია, მემკვიდრეობა უკვდავია.

გაზიარება: