გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

„ყოველდღიურად უფრო უკეთესი ხდება“ - ბარახამ მამარდა შეაქო

ლა ლიგის მე-18 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა.

ქართველი მეკარე ტრადიციულად „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავი ერთი მოგერიებით დაგვამახსოვრა. მე-11 წუთზე თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა, როდესაც პირისპირ დარჩენილ „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელს დასარტყმელი სივრცე შეუზღუდა და აქტივში მორიგი კარგი ეპიზოდი ჩაიწერა.

საბოლოოდ, „ვალენსიამ“ სერხი კანოსის გოლით მოიგო, მამარდამ კი მიმდინარე სეზონში მეექვსედ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ღამურების“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ გიორგი მამარდაშვილი შეაქო და კლუბში მის როლზე ისაუბრა.

რა თქვა ბარახამ:

გიორგი მამარდაშვილი ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან გამარჯვებაში მეკარეც დიდ როლს თამაშობს. გასულ ტურში, „ბარსელონასთან“ ბრწყინვალედ ითამაშა, დღეს კი რიგი ეპიზოდები კარგად წაიკითხა. 3-4 საჰაერო მოქმედებაში კარგად ითამაშა, ეპიზოდები კარგად გათვალა. რთულ თამაშებში ის ძალიან გვეხმარება, გუნდის მხარდაჭერა შეუძლია, მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მუდმივად ვმუშაობთ მის მაქსიმუმზე და ყოველდღიურად უფრო უკეთესი ხდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ჯერ მხოლოდ 22-23 წლისაა. ეს მეკარისთვის ის ასაკია, როდესაც კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს, მაგრამ მას საქმისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს და შედეგიც სახეზეა. ეს წელი მისთვის სტაბილურია, შესანიშნავ თამაშებს გვაჩვენებს და გუნდიც მხარს უჭერს.

23 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ყველა ტურში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. 18 მატჩიდან კარი მშრალად ექვს შეხვედრაში შეინახა, ამ სტატისტიკით კი ლა ლიგაში მხოლოდ სამ მეკარეს ჩამორჩება. მასზე კარგი შედეგი მხოლოდ უნაი სიმონს („ატლეტიკ ბილბაო“), დავიდ სორიას („ხეტაფე“) და სტოლე დიმიტრევსკის („რაიო ვალეკანო“) აქვთ, რომლებმაც კარი მშრალად შენახვა 7 შეხვედრაში შეძლეს.

18 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ ლა ლიგაში 23 ქულა აქვს დაგროვებული და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება. რუბენ ბარახას გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 იანვარს, საქართველოს დროით 00:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები