მარკო ვან ბასტენი, კარლო ანჩელოტი, რუუდ გულიტი, არიგო საკი, ალესანდრო კოსტაკურტა, ფრანკო ბარეზი, რობერტო დონადონი, პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი
Aa Aa

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გუნდი | რით და რატომ იყო მაგარი საკის „მილანი“?!..

„წარმოუდგენლად ვამაყობთ იმით, რომ საკის „მილანს“ გვადარებენ. ეს იყო გუნდი, რომელმაც ფეხბურთის ისტორია შექმნა“, - ჩავი.

როდესაც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელებზე საუბრობ, აქცენტი კეთდება დიდ სპეციალისტებზე, რომელთაც საყვარელი საქმე დეკადების განმავლობაში აკეთეს. თუმცა, არიგო საკის შემთხვევა განსხვავებულია - იტალიელ ტაქტიკოსს სიდიადისთვის მოკლე დრო ეყო.

კაცს, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შექმნა, რევოლუციონერობას მიაწერენ და თუ რატომ, ამაზე და სხვა საინტერესო კითხვებზე, პასუხებს ეს სტატია ჩამოარიგებს. თუმცა, სანამ მთავარ ნაწილსა და კითხვა-პასუხებზე გადავალთ, იტალიელი ტაქტიკური გენიოსი გავიცნოთ კარგად.

დი სტეფანო-პუშკაშის „რეალით“ და ტოტალური ფეხბურთი მოხიბლული: გიჟი რევოლუციონერი თუ ფუტურისტი პერფექციონისტი

„ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, მისი მითითებების შესრულება რთული იყო, რადგან პერფექციონისტია. ნებისმიერ ვარჯიშზე მაქსიმალურად დახარჯვას მოითხოვდა, მაგრამ ჩვენი წარმატების გასაღებიც, ალბათ, სწორედ ეს გახდა“, - მარკო ვან ბასტენი.

შესაძლოა, აბზაცის დასათაურებაში სიტყვა „ფუტურისტიც“ გეზედმეტათ, მაგრამ არიგო საკი, განვლილი გზის მიხედვით, სხვა არაფერია, თუ არა - არსებული რეალობის უარმყოფი და მისი თავისებურად შეცვლის სურვილის იდეებით შეპყრობილი ადამიანი. ადამიანი, რომელმაც ეს სისრულეში მოიყვანა და, აი, რატომ:

პროფესიონალური ფეხბურთი არასდროს უთამაშია, თუმცა ამას სამწვრთნელო სიდიადეში ხელი არ შეუშლია. თვითონაც, „მილანში“ დანიშვნისთანავე, ჟურნალისტს ასეთი პასუხი გასცა:

„იმისთვის, რომ კარგი ჟოკეი გახდე, არ მგონია, ცხენობა იყოს საჭირო“.

დამეთანხმებით, ხმამაღალი განაცხადია რავენას 7000-კაციან პროვინცია ფუსინიანოში დაბადებული ადამიანისგან, რომელსაც ბევრი არავინ იცნობდა, პატარა კლუბებში ჰქონდა ნამუშევარი და მხოლოდ „პარმაში“ წარმატებული 2-წლიანი პერიოდით იწონებდა თავს.

მართალია, ფეხბურთის თამაში სცადა და მშობლიურ ფუსინიანოს გუნდში მცველად ირიცხებოდა, მაგრამ პროგრესი არ ჩანდა. ცოტა რომ წამოიზარდა, მამის მაღაზიაში, ფეხსაცმლის გამყიდველად, დაიწყო მუშაობა. ოღონდ, ხაზი გავუსვათ, რომ საკების ოჯახს არასდროს უჭირდა და ლეგენდარულ სპეციალისტს ბავშვობიდანვე საკმაოდ კარგი ცხოვრება ჰქონდა. 70-იანების ბოლოს არჩევანის წინაშე დადგა: შემოსავლიანი და პერსპექტიული სამენეჯერო კარიერა, მამის მაღაზიათა ქსელში, თუ საფეხბურთო მწვრთნელის გზა, რომელიც გაცილებით მეტი ქარტეხილით იყო სავსე და არც რამის გარანტიას იძლეოდა. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ: უზრუნველი და მშვიდი ცხოვრება თუ რისკი და თავგადასავლები?!..

თინეიჯერობის წლებში, ანუ 50-იანების მიწურულსა და 60-იანების დასაწყისში, მადრიდის „რეალის“ სუპერ გუნდის ყურებით იყო აღტაცებული, თუმცა მის საფეხბურთო გემოვნებაზე ყველაზე დიდი გავლენა 70-იანების ნიდერლანდების ნაკრებმა მოახდინა. კრუიფის, ნეესკენსის, რეპის, კროლისა და სხვა ვარსკვლავების შემხედვარე, არიგო ტოტალური ფეხბურთის სიღრმეებით დაინტერესდა და რას წარმოიდგენდა, რომ სადღაც 10-15 წელში ამ ყველაფერს ფეხბურთელებს მოედანზე ისე ეფექტიანად გადაატანინებდა, რომ საფეხბურთო მოდის მთავარი მკარნახებელი თავად გახდებოდა. აი, რას ამბობდა, რინუს მიხელსის 1974 წლის გუნდზე:

„ეს ჩემთვის მისტიკა იყო. ტელევიზორი ძალიან პატარად მეჩვენებოდა, რადგან მთლიანი მოედნის დანახვა მსურდა იმის გასაგებად, რას და როგორ აკეთებდნენ ფეხბურთელები“.

იქიდანვე ცხადი ხდებოდა, რომ, ნერეო როკოსა და ელენიო ერერას გავლენით, 60-იანებში გაბატონებული ტრადიციული იტალიური საფეხბურთო სტილი „კატენაჩო“ და საკის ფილოსოფია აბსოლუტური ანტიპოდები იქნებოდნენ. ასეც მოხდა: მიხელსის ფესვებზე დაშენებულმა საფეხბურთო ხედვამ 80-იანების ბოლოს აპენინებზე ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ეპოქაში, როცა ხსენებული „კატენაჩო“ უპირობოდ და ულაპარაკოდ ორ დეკადაზე მეტხანს მეფობდა და გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა სათამაშო სისტემას მისი მიხედვით აწყობდა, საკიმ ცურვა დინების საწინააღმდეგოდ დაიწყო.

„არიგომ იტალიური ფეხბურთი სრულიად შეცვალა: ფილოსოფია, სავარჯიშო მეთოდები, ინტენსიურობა, ტაქტიკა. იტალიური გუნდები თავდაცვისას, თავს იცავდნენ, ჩვენ კი ამას შეტევისა და პრესინგის ხარჯზე ვაკეთებდით“, - კარლო ანჩელოტი.

გენიოსის აღქმა: არიგო საკის ფრაზები

ცალკე საუბრის თემაა არიგო საკის აღქმა და გადმოცემა იმისა, რასაც საფეხბურთო მოედანზე ან უბრალოდ ფეხბურთის გარშემო ხედავს და ფიქრობს. მისი გამონათქვამები არის ის, რამაც შეიძლება, გამოგკვებოს და ფანტაზია მოგიქოქოს. აქვე რამდენიმე გამორჩეულ ფრაზას შემოგთავაზებთ.

„ყველა იტალიური გუნდი, როცა გოლს გაიტანდა, უკან იხევდა და შენარჩუნებაზე თამაშობდა. მე ვთქვი - არა! გოლი გავიტანეთ, მაგრამ შეტევები უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს კრივივითაა: როცა კარგ ჰუკს შეასრულებ, გადამწყვეტი დარტყმებიც უნდა მიაყოლო და საქმე ბოლომდე მიიყვანო“.

„დღეს აქცენტი შედეგზე კეთდება და არა იმაზე, რამდენად კარგად მუშაობს და თამაშობს გუნდი. ცათამბჯენს ერთ დღეში ვერ ააშენებ, მაგრამ ქოხის აშენება შესაძლებელია“.

„ერთხელ მარადონამ მითხრა: „თქვენთან მუშაობით, ანჩელოტი უფრო სწრაფი გახდა“. მე კი განვუმარტე: „ის სწრაფი არ გამხდარა, უბრალოდ, დანიშნულების ადგილზე პირველი მიდის“.

„გამარჯვება ისტორიის ფურცლებს რჩება, მაგრამ ის, თუ როგორ აღწევ მას - ხალხის გონებას“.

„ჩემი „მილანი“ სხვებზე მეტს არ დარბოდა, ჩვენ, უბრალოდ, ამას უკეთესად ვაკეთებდით“. 

„ჩემი „მილანი“ ყველასთვის კარგი მაგალითია იმისა, რომ ჯობს, შეუტიო, ვიდრე შემოგიტიონ, ჯობს, დომინანტი შენ იყო, ვიდრე ინიციატივა სხვებს დაუთმო. დაუღალავი შრომა, მუდამ ფოკუსირებით და ინტერესით ყოფნა, ლამაზი თამაში, მხიარულება და ინოვაციები არის ის ელემენტები, რომლებიც სისრულეში უნდა მოიყვანო. ჩემთვის, დაუმსახურებელი მოგება, მოგება არაა“.

„საკუთარი თავისა და ფეხბურთელების მიმართ ძალიან მომთხოვნი და კრიტიკული ვიყავი, თუმცა მათ იცოდნენ, რომ, ოჯახის შემდეგ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ“.

„ერთხელ, ემილიო ბუტრაგენიომ მითხრა, რომ „რეალმა“, ჩვენი ვარჯიშის სანახავად და გასაანალიზებლად, სპეციალური დამკვირვებელი გამოუშვა. როცა მადრიდში დაბრუნდა, უთქვამს, რომ ვარჯიშის შინაარსიდან ვერაფერი გაიგო, რადგან 11 კაცი აქეთ-იქით უბურთოდ დარბოდა და არავის ეთამაშებოდა“.

„პრესინგი არა სირბილი და შრომისუნარიანობის გამოვლინება, არამედ სივრცეების კონტროლია“.

ახალი ერა „მილანში“: რატომ ენდო ბერლუსკონი „მისტერ არავინ“-ს

„თუ დააკვირდებით, ყველა დიდ გუნდს ერთი საერთო აქვს: დომინანტები არიან და მუდამ თამაშის კონტროლს ცდილობენ. ჩემი მიზანი სწორედ ასეთი გუნდის შექმნა იყო, მაგრამ უმთავრეს მიზანს მაინც ხალხისთვის სიამოვნებისა და მხიარულების მინიჭება წარმოადგენდა. თუ გინდა, ისტორიაში ჩაეწერო, მხოლოდ მოგება საკმარისი არაა. ამისთვის მხიარულება და გულშემატკივრის გართობა გჭირდება“, - ამბობდა საკი.

ეს ან სიგიჟეა, ან რაღაც ახალ და ძალიან საინტერესოსთან გაქვს საქმე. ალბათ, ამასვე ფიქრობდა სილვიო ბერლუსკონი, როცა სერია B მოვლილი და არც ისე კარგ დღეში მყოფი „მილანის“ ყიდვის შემდეგ, საეტაპო მომენტში, გუნდი ასეთი ხედვების კაცს ჩააბარა.

ბერლუსკონის „მილანი“ თასიდან საკის გაწვრთნილმა „პარმამ“ გამოაგდო, „როსონერის“ მფლობელს პარმელთა სათამაშო სტილი ისედაც მოსწონდა და ამ, ბევრისთვის, რისკიანი გადაწყვეტილების მიღებაზე დიდხანს აღარ უფიქრია. მილანელთა პრეზიდენტის ამ თამამი ნაბიჯის ფონზე, იტალიურმა პრესამ საკის „მისტერ არავინ“ შეარქვა.

„ბერლუსკონიმ მითხრა, რომ „პარმაში“ თვალს მადევნებდა და ჩემი პროგრესი მოსწონდა. როცა „მილანის“ გაწვრთნა შემომთავაზა, ვუთხარი: „თქვენ ან გიჟი ხართ ან გენიოსი“. ჩემს ამ ვარაუდზე პასუხი წლებთან ერთად, საბოლოო შედეგებით მივიღე“.

საკის პოსტზე დანიშვნის მომენტში, „შავ-წითლებს“ იტალიის ჩემპიონობა ბოლო 20 სეზონიდან მხოლოდ ერთში (1978-79) ჰქონდათ მოგებული. ახალმა მწვრთნელმა „მილანელოზე“ შეკრებილ ვარსკვლავებს პირველი ვარჯიშის დაწყებამდე ასეთი ფრაზით მიმართა: „კი ბატონო, მე ფუსინიანოდან ვარ, მაგრამ თქვენ რა გაქვთ მოგებული“?

საკის მისვლამდე „მილანში“ არსებული მდგომარეობა მაურო ტასოტის ერთი კომენტარითაც მარტივად ფასდება.

„სანამ იგი გუნდში მოვიდოდა, ფეხბურთელები ვარჯიშზე ბოლომდე არ ვიხარჯებოდით და ენერგიას ვზოგავდით. მან დაგვარწმუნა, რომ თუკი თამაშებზე 100%-ით ვიყავით დამუხტულები, მოსამზადებელი პროცესისასაც ასე უნდა ყოფილიყო. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლეთ“.

ცხადია, ბერლუსკონიმ გარკვეულწილად გარისკა, როცა ფსონს საკიზე ჩავიდა, მაგრამ მან და გალიანიმ ნათლად დაინახეს ის საფეხბურთო ხედვა, ენთუზიაზმი, ვნება და რაღაც დიდის გაკეთების შინაგანი სურვილი და შესაძლებლობა, რაც 41 წლის ფუსინიანოელ სპეციალისტს ჰქონდა. ოღონდ, გავითვალისწინოთ, რა დროს აკეთებს ამას „როსონერის“ პრეზიდენტი:

დაახლოებით 1 წლის ნაყიდი აქვს გუნდი, რომელსაც საშინელი პერიოდი უდგას, სერია B-დან დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ 4 სეზონში მე-5 ადგილზე მაღლა არ გასულა, თამაშობს მოსაწყენ და არაფრით გამორჩეულ ფეხბურთს და იქაურ გრანდებთან მიახლოებაზე საუბარიც ზედმეტია. გარშემო „კატენაჩოს“ გავლენაა და ნებისმიერი იტალიური კლუბი წარმატებას მის ფესვებზე აღმოცენებული თამაშით აღწევს, თუმცა დონ სილვიო მომავალს სხვანაირად, რევოლუციონერულად უყურებს და რაღაც ისეთის შექმნა უნდა, როგორიც იქამდე არავის შეუქმნია. საკიც რისკიანი, მაგრამ შესაფერისი კანდიდატურა იყო: ბერლუსკონიმ მასში „One step in advance“ პერსონა და მკვეთრი ფუტურისტი დაინახა.

აქ კიდევ ერთი ფაქტორია, რომელსაც, ჩემი აზრით, ბერლუსკონის გადაწყვეტილებაზე გავლენა ექნებოდა: როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, გარშემო „კატენაჩო“ მეფობს და იტალიელ მწვრთნელთა აბსოლუტური უმრავლესობა მის სპეციფიკას იყენებს ან მიჰყვება მაინც. არაიტალიელის მოყვანა უფრო მეტ პრობლემას განაპირობებდა, ვიდრე - ადგილობრივის. საკის გარდა, გარშემო ბევრი ისეთი ადგილობრივი არ იყო, ვინც სრულიად ახალ და მომავალზე გათვლილ უდიდეს პროექტს ხელს მასსავით მგზნებარე ენთუზიაზმით და იდეათა თანხვედრის ფონზე მოკიდებდა. ერთია, ხელის მოკიდება და მეორე ნიჭი, უნარი და შესაძლებლობა, რამდენად შეიძლება, რომ ესა თუ ის საქმე მართო და დიდ შედეგზე გახვიდე.

ასე რომ, „შავ-წითლების“ პრეზიდენტმა რისკიანი, მაგრამ საკმაოდ რაციონალურად გააზრებულ-გათვლილი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გუნდის მომავალი საკის ანდო და სრული პროფესიული თავისუფლება მისცა. იმის მიუხედავად, რომ მას და გალიანის ფეხბურთი მშვენივრად ესმოდათ, გადამწყვეტი სიტყვა მაინც მწვრთნელზე იყო.

ინოვაციები: უბურთო ფეხბურთი და პრესინგის ვარიაციები

„თუკი არიგო საკის, მის წინამორბედთან შედარებას მთხოვთ, გეტყვით, რომ მისტერ ლინდჰოლმი აქცენტს უფრო ფიზიკურ ასპექტებზე აკეთებდა და მენტალურ მხარეზე ნაკლებად ფოკუსირდებოდა. საკი კი მუდმივად ფეხბურთზე ფიქრისკენ მოგვიწოდებდა და უნდოდა, ეს ჩვენი ყოველდღიურობის მთავარი ხაზი ყოფილიყო. ძალიან რთული იყო, მაგრამ, სწორედ ამ მიდგომით, ძალიან ბევრი ვისწავლე“, - პაოლო მალდინი.

მისტერ საკის მოთხოვნების გარკვეული ნაწილი სრულიად უჩვეულო, ინტენსიური და რთულად შესასრულებელი, მაგრამ, ამავე დროს, ინოვაციური იყო. იგი თავის ერთ-ერთ იარაღად ფეხბურთელებისთვის ფანტაზიის მაქსიმალურად გამოღვიძებასა და გაღვივებას მიიჩნევდა. ამის იდეალური მაგალითი უბურთო ფეხბურთია, რომელსაც თავის ფეხბურთელებს ვარჯიშისას ათამაშებდა. იდეა მარტივად გენიალური: მისტერ არიგო ფეხბურთელებს ეუბნებოდა, სიტუაციის არსს და იმას, თუ წარმოსახვითი ბურთი სად იყო, მათ კი შესაბამისი რეაქცია უნდა მოეხდინათ, მოძრაობები გაეკეთებინათ და ერთმანეთისთვის „პასები“ გადაეცათ. 20-ზე მეტი ზრდასრული ადამიანი, რომელთაგანაც თითქმის ნახევარი ვარსკვლავები იყვნენ, საათ-ნახევარს აქეთ-იქით უბურთოდ სირბილსა და წარმოსახვითი ბურთის დევნაში ატარებდა. ამ ყველაფრის უნისონში კეთება მათ შორის ურთიერთშეთანხმებას, ჰარმონიას, სათამაშო დისციპლინის უმაღლეს დონემდე განვითარებასა და ერთიანობას განაპირობებდა.

„წარმოსახვითი ფეხბურთისას, უცებ, როცა ბურთი მეკარეს „ჰქონდა“, ყველას ვაჩერებდი და თითოეულს ვეკითხებოდი, საუკეთესო გაგრძელება რა იქნებოდა: დრიბლინგის წამოწყება თუ მოკლე პასის გაცემა. შემდეგ, როცა უკვე მართლა ბურთს იღებდნენ, დონადონი და ვან ბასტენი სინქრონულად ცვლიდნენ პოზიციებსა და სივრცეებს, რაც სწორედ ამ ვარჯიშების შედეგად მიმაჩნია.

ერთხელ, ემილიო ბუტრაგენიომ მითხრა, რომ „რეალმა“, ჩვენი ვარჯიშის სანახავად და გასაანალიზებლად, სპეციალური დამკვირვებელი გამოუშვა. როცა მადრიდში დაბრუნდა, უთქვამს, რომ ვარჯიშის შინაარსიდან ვერაფერი გაიგო, რადგან 11 კაცი აქეთ-იქით უბურთოდ დარბოდა და არავის ეთამაშებოდა“, - ამბობს ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში საკი ღიმილით.

საკის კიდევ ერთი ნოვატორული სავარჯიშო მეთოდი მეკარისა და მცველების შემტევთა წინააღმდეგ 5:10-ზე თამაში იყო. მეკარე გალი და დაცვის ოთხეული - ტასოტი, კოსტაკურტა, ბარეზი, მალდინი, 10 შემტევის წინააღმდეგ 15 წუთის განმავლობაში, სპეციალური წესებით, თამაშობდა. ბურთი მუდმივად შემტევ ათეულს ჰქონდა, როცა კარგავდნენ, ყველაფერი ახლიდან, მოედნის ცენტრიდან, იწყებოდა. შემტევებს გოლი არც ერთხელ გაუტანიათ! არც ერთხელ!!! საკის განსაკუთრებული „მილანის“ მშენებლობა სწორედ აქედან დაიწყო.

ცხადია, როცა მსგავს ინოვიაციებს და სიგიჟეებს იგონებ, რთულია, ათობით ადამიანს ისინი იმდენად სწორად გადასცე, რომ ყველაფერი მარტივად და სწრაფად აითვისონ. მალდინი ამბობდა: „მისი ვარჯიშები საკმაოდ რთული იყო. სახლში გადაღლილი მივდიოდი და მთელი ღამე თავს შეუძლოდ ვგრძნობდი“.

საკის იდეების აღქმა „როსონერის“ სხვა მოთამაშეებსაც უჭირდათ და ძნელად ადაპტირდებოდნენ. ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახებოდა და ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ფუსინიანოელ ტაქტიკოსს „სან სიროზე“ იდეალური სტარტი ჰქონდა.

პრესას საბაბი მიეცა და ალაპარაკდნენ, რომ საკი „მილანის“ დონის მწვრთნელი არ იყო და მხოლოდ „პარმას“, „ჩეზენასა“ და „რიმინის“ მასშტაბის გუნდებს თუ გამოადგებოდათ. გადამწყვეტი ხელმძღვანელობის მიდგომა გამოდგა: სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიასნის საკის იდეების სჯეროდათ, მხარს უჭერდნენ და ზურგსაც უმაგრებდნენ.

„საწყისი პერიოდი სრული კატასტროფა იყო. სერია A-ს პირველი საშინაო მატჩი „ფიორენტინასთან“ წავაგეთ, უეფა-ს თასზე „ესპანიოლს“ ვერ ვაჯობეთ, იტალიის თასზე კი - „ასკოლის“. ყველაფერი ეს სეზონის სტარტზე, ნოემბრამდე ხდება. ჩემპიონატში მერვე თუ მეცხრე ადგილზე ვიყავით, რა დროსაც „ინტერთან“ დერბი უნდა გვეთამაშა. გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაკავშირებდა და, ასეთ ვითარებაში, ბერლუსკონი ფურცლით ხელში მოდის და ყველას უცხადებს: „საკისთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით ვახანგრძლივებთ“.

საკის არ აკმაყოფილებდა მხოლოდ კარგი მცველი, ნახევარმცველი ან თავდამსხმელი, რადგან მას თერთმეტი მუდმივად თამაშში ჩართული და აქტიური ფეხბურთელი სჭირდებოდა. შეტევაში ჩართვებისა და თანაგუნდელების ამ ფორმით დახმარების გარდა, მცველების მოვალეობას პრესინგში მონაწილეობას შეადგენდა. ცხადია, ამ ყველაფრის პრაქტიკაში გადატანას ბევრი მუშაობა დასჭირდა: „პრესინგი ყოველთვის კოლექტიური უნდა იყოს. მინდა, თერთმეტივე ფეხბურთელი აქტიურ პოზიციებში იყოს და მეტოქის მოთამაშეებზე უწყვეტ გავლენას ახდენდეს“. ეს მისეული პრესინგის ზოგადი განმარტებაა, თუმცა მხოლოდ ზოგადი და თუკი უფრო მეტად დავინტერესდებით, შეგვიძლია, საკის პრესინგის სამივე ვარიანტზე შევიქმნათ წარმოდგენა:

1) ნაწილობრივი პრესინგი - მოთამაშეები უფრო მეტ ყურადღებას მეურვეობაზე ამახვილებენ, ვიდრე ბურთის დაბრუნებაზე. ზოგავენ გამძლეობას და მეტოქეს საქმეს კომპაქტურობით ურთულებენ.

2) იმიტაციური პრესინგი - მოთამაშეები მჭიდროდ განლაგდებიან მეტოქეებთან და მიზნად აქვთ, რომ გამწვავების საშუალება არ მისცენ იქამდე, სანამ თანაგუნდელები პოზიციებს არ დაიკავებენ. ასევე გამოიყენებოდა თამაშგარე მდგომარეობების ხაფანგებად და მეტოქეთა ოფსაიდში ჩასატოვებლად.

3) ტოტალური პრესინგი - მჭიდრო, უმეტეს შემთხვევაში, კონტრპრესინგი, რომლის მიზანია ბურთის მოპოვება და შეტევაზე მყისიერი გადასვლა.

როგორც მისი ერთ-ერთი ფრაზიდან ვხვდებით, საკის გუნდის პრესინგი დაუღალავი სირბილისგან და შრომისგან არ შედგებოდა, ის უფრო მეტად სივრცეების კონტროლს ემსახურებოდა: „პრესინგი არა სირბილი და შრომისუნარიანობის გამოვლინება, არამედ სივრცეების კონტროლია“.

დასკვნის სახით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საკის პრესინგის მთავარი მოცემულობა კომპაქტურობის შენარჩუნება იყო, ეს მისი გუნდის თამაშის ურღვევი კომპონენტი უნდა ყოფილიყო, რაც მთლიანად გუნდის თამაშს განსაზღვრავდა.

წლების შემდეგ, საკის პრესინგის სპეციფიკა გამოიყენეს: ჟოზე მოურინიომ - „პორტუში“, პეპ გუარდიოლამ - „ბარსელონაში“, იუპ ჰაინკესმა - „ბაიერნში“ და იურგენ კლოპმა - „დორტმუნდში“. საკის უმადლის თავის ვალენსიურ წარმატებებს რაფაელ ბენიტესიც, რომელმაც „ღამურებს“ ლა ლიგა და უეფა-ს თასი მოაგებინა, შემდეგ წელს კი „ლივერპულთან“ ერთად, საერთოდ, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

როლები და შემსრულებლები: ვისზე და რაზე იდგა საკის „მილანი“

პირველი სეზონის შემდეგ, როდესაც უკვე ჩემპიონი გუნდი კიდევ უფრო თავის ყაიდაზე გადააწყო. სწორედ 1988-89 წლების სეზონიდან იწყება საკის დიადი „მილანის“ სრულად გამოვლინება და საერთაშორისო დონეზე დომინაცია.

მილანელთა დამრიგებელი ტრადიციულ 4-4-2 სქემას იყენებდა, რა დროსაც გუნდი, როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი ოპერაციებისას, ერთიანად მოქმედებდა. მოედანზე სამ რგოლად განლაგებული ფეხბურთელები, რგოლებს შორის, 10-15-მეტრიანი დისტანციით მოქმედებდნენ და მუდამ ამ კომპაქტურობის შენარჩუნებას ცდილობდნენ. ეს კომპაქტურობა და ეფექტური პოზიციონირებით გადაადგილება განაპირობებდა იმას, რომ გუნდი დაცვითი და შეტევითი ოპერაციებისას ერთიანი ყოფილიყო და დავალებები სათანადოდ შეესრულებინა. დღევანდელ ფეხბურთში რომ გადმოვიდეთ, საკის ფეხბურთის ყველაზე კარგი ანალოგი მაურიციო სარის სათამაშო სისტემაა, რომელიც საათივით გამართულ ერთიანობასა და სინქრონულ თამაშს გულისხმობს: თუ მუშაობს ყველა, 11-ვე რგოლი, ყველაფერი კარგადაა, ხოლო თუ ერთი მცირე ხარვეზი მაინც არსებობს, სიტუაცია რთულდება და სტრუქტურა რღვევას იწყებს.

რგოლებს შორის ასეთი ახლო დისტანციისა და კომპაქტურობის პირობებში, აუცილებელი იყო გუნდს მაღლა ამოწეული დაცვითი ხაზით ეთამაშა და ნახევარდაცვასთან აქტიური კავშირი დაემყარებინა. ტასოტი-კოსტაკურტა-ბარეზი-მალდინის კვარტეტი საკის ფორმაციის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა.

ამ ოთხეულზე იყო დამოკიდებული, რამდენად თავისუფლად ითამაშებდა გუნდის ნახევარდაცვის ხაზი, რაც, თავისთავად, ფორვარდების თავისუფლებაზე აისახებოდა. სპეციალისტების აზრით, საკის „მილანის“ დაცვითი ორგანიზებულობა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. აი, რატომ: თითოეული მცველის სათამაშო არსენალი და ფუნქციონალი ერთმანეთისას ბრწყინვალედ მიესადაგებოდა და ავსებდა, რაც განაპირობებდა იმას, რომ ერთმანეთის სივრცეში არასდროს იჭრებოდნენ და თავიანთი „სამეფოები“ ჰქონდათ.

„რთულია, მოძებნო მცველები, რომლებიც ისეთივე ტექნიკურები და სწრაფები არიან, როგორიც ამ ოთხეულის ბიჭები. ეს მსოფლიოს საუკეთესო დაცვის ხაზი იყო“, - იტყვის, ოდნავ მოგვიანებით, საკის გზის „მილანში“ გამგრძელებელი, ფაბიო კაპელო.

ამ კვარტეტში ყველაზე ნაკლებად ვარსკვლავური გვარი ტასოტია. რომში დაბადებული და „ლაციოში“ ახალგაზდრობაგამოვლილი მარჯვენაფლანგელი „მილანში“ 1980 წლიდან თამაშობდა, „როსონერისთან“ ერთად სერია B-ს პერიოდიც გამოიარა, „მილანელოსა“ და მთლიანად კლუბის გარემოს სიდიადეს ბოლომდე აცნობიერებდა და თანაგუნდელებისთვის საიმედო დასაყრდენი იყო - კაცი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში თავს გადადებს და არ დაგაღალატებს. მისი მთავარი მახასიათებლები ფიზიკური სიძლიერე, ტაქტიკური ინტელექტი და ერთი-ერთზე ეფექტური თამაში იყო. პირველში ნაკლებად, მაგრამ დანარჩენ ორში მას დავიდე კალაბრია ხომ არ ჰგავს?!

ტასოტის ერთ-ერთი პლუსი შეტევებში აქტიურად ჩართვა იყო და ამისთვის თავის ფიზიკურ სიძლიერეს იყენებდა: ჩარბენებსა და მუდმივ მოძრაობას მეტოქის თამაშში დაძაბულობა და დაბნეულობა შეჰქონდა. დადებით დამახასიათებელ ნიშნებში იყო კარგი ჩაწოდებაც. თუკი ტასოტის სათამაშო სტილისა და არსენალის მოკლედ დახასიათებას გვთხოვენ, შეგვიძლია, წინადადებები ასეთ სიტყვებზე ავაგოთ: სერიოზული, კარგი საფეხბურთო აზროვნების, თამაშის მკითხველი, მშრომელი და საიმედო მცველი.

საკის „მილანში“ ტასოტი პრაქტიკულად შეუცვლელი ფიგურა იყო, მწვრთნელი ძალიან ენდობოდა და ეს ნდობა იმითაც დასტურდება, რომ ფეხბურთელს იტალიის ნაკრებში არასდროს ეთამაშა, სანამ „აძურას“ დამრიგებლად მისტერ საკი არ დაინიშნა.

ოთხეულიდან ყველაზე მრავალმხრივი მცველი ალესანდრო „ბილი“ კოსტაკურტა იყო. მართალია, მალდინის მარცხენა და ცენტრალურ მცველად თამაში შეეძლო, მაგრამ „ბილი“ სამივე პოზიციაზე თავისუფლად დადგებოდა. ტაქტიკური გენიოსი, სხარტი გონებითა და თამაშის წაკითხვისა და რეაგირების ბრწყინვალე უნარებით. მისი განსაკუთრებული თვისება კაცის მეურვეობა იყო, თუმცა ზონურ დაცვასთანაც უპრობლემოდ ადაპტირდებოდა. შესანიშნავად თამაშობდა მეორე სართულზე და კარგად ურტყამდა პენალტებს, რაც მისი მრავალფეროვანი სათამაშო არსენალის კიდევ ერთი დადასტურებაა.

გასაგებია, რომ ორი კაპიტნის, ბარეზისა და მალდინის ფონზე, ყველაზე შესამჩნევად ვერ იკაშკაშებდა და ეს მას, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში, კარიერულ ლაიტმოტივად გასდევს, მაგრამ კოსტაკურტას ელეგანტურობა, სათამაშო რიტმთან თანხვედრის უნარი და მოხერხებული პოზიციონირება, ის თვისებებია, რომლის მფლობელიც უბრალო მცველად ვერ ჩაითვლება: რა დონეზე, რა კლუბში, რა ეპოქაში?!

ვერავინ დაგიპირისპირდებათ თამამად იმაში, რომ კოსტაკურტა თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი არაა, რადგან იტალიელის პოზიციების გასამაგრებლად იმაზე გაცილებით მეტი არგუმენტი არსებობს, ვიდრე - პირიქით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მისი თაობის ცენტრალურ მცველებში „ბილი“ პირველი არ გაგახსენდება, მაგრამ საუკეთესოებში მოგიწევს, დაასახელო.

„მისტერ მილანი“ – მილანური გრანდის მრავალმილიონიანი ტიფოზერიისთვის უპირველესი კაპიტანი და გუნდის უმთავრესი სიმბოლო, რომელსაც „სამუდამო კაპიტანსაც“ ეძახიან. შედარებით ახალ თაობას შეიძლება, გაუკვირდეს, მაგრამ ამ სტატუსით არა პაოლო მალდინი, არამედ ფრანკო ბარეზი სარგებლობს. მან „შავ-წითელი“ მაისურით 20 სეზონის განმავლობაში (1977-1997) ითამაშა, რაც მალდინის მაჩვენებელზე 4 წლით ნაკლებია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, ფანების გაცილებით მეტი ნაწილისთვის ბევრად საყვარელი ფიგურა იყოს, ვიდრე პაოლო.

ამას უფრო მეტად პირადი ურთიერთობები განაპირობებს: ბარეზი, როგორც აღმოჩნდა, უფრო მოქნილი და ნაკლებად კონფლიქტური ადამიანია, მას ტიფოზერიასთან უთანხმოება არასდროს ჰქონია და მათში მუდამ უსაზღვრო ავტორიტეტით სარგებლობდა, რასაც, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მალდინიზე ვერ ვიტყვით. მაგალითად, აპენინურ პრესაში და საფეხბურთო წრეებში ბევრი იმაზე საუბრობდა, რომ 1999 წელს, „სკუდეტოს“ მოგებას მალდინი ცალკე აღნიშნავდა, რაც ფანებთან გართულებულ ურთიერთობას უკავშირდებოდა.

ცალკე საუბრის თემაა 2005 წლის ფინალის შემდეგ მილანში ჩასვლა და იქ მომხდარი ამბები, როცა გაბრაზებულ გულშემატკივრებთან მალდინი კონფლიქტში შევიდა და მათ კლუბის მიმართ მეტი პატივისცემისკენ მოუწოდა. მოკლედ, რამდენიმე ასეთი ამბის გამო, მალდინი, როგორც კაპიტანი, ფანების ნაწილის გადმოსახედიდან, ბარეზიზე დაბლა დგას. თუმცა, ეს პაოლოს და „მილანის“ სიყვარულს არ ცვლის. მარტივად ავხსნი და ყველა გაიგებს: 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მალდინიმ ოპერაცია გაიკეთა და როდესაც ნარკოზიდან გამოვიდა, პირველ წამებში, ინსტინქტურად ფინალის შედეგი იკითხა. შვილი, ცოლი, ოჯახი, მშობლები: წარმოიდგინეთ, რამდენი რამ შეიძლება იყოს შენს კლუბზე უფრო მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, მაგრამ მან პირველი ეს კითხვა დასვა. ეს ხომ ინსტინქტია და ამით ხომ ყველაფერი ნათქვამია?!..

თემას ოდნავ გადავუხვიეთ, მაგრამ როცა „მილანში“ ვინმეს რამეში მალდინიზე ზემოთ დაყენებაზე საუბრობ, არგუმენტები და გარემოებები აუცილებელია. დავუბრუნდეთ ბარეზის და მის სათამაშო ასპექტებზე ვილაპარაკოთ.

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრალური მცველი, უმთავრესი დასაყრდენი, მით უმეტეს, საკის პერიოდში. ფიზიკური ძალა, ტემპი, გამძლეობა და სტაბილურობა, ყველასთვის არასასურველ მეტოქედ აქცევდა. ამ ყველაფერთან ერთად კი იშვიათი საფეხბურთო ინტელექტი და ინსტინქტები ჰქონდა, თამაშის წაკითხვის მაგისტრი და ბურთის შესანიშნავი გამნაწილებელი, მაგარი პირველი პასით. ამ ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების იდეალური სინთეზი ქმნიდა იმ ლიდერს, რომელიც საკის „როსონერის“ წინ მიუძღვებოდა. ლიდერობა, სიმშვიდე, ჭკუა, ელეგანტურობა!.. სიტყვა განუმეორებელის მნიშვნელობა რომ კარგად მიესადაგება, ბარეზი, აი, ეგეთი უნიკალური ფეხბურთელი და კაპიტანი იყო. საკის პერიოდში მას კარიერის პიკი ჰქონდა და დიდი ვარსკვლავის სტატუსიც იმ წლებიდან მოიპოვა. მილანური გრანდის რიგებში გატარებული 20 წელი, მათგან 12 კაპიტნის სამკლავურით!

საუბრობ „მილანზე“, ესე იგი, საუბრობ პაოლო მალდინიზე. დიდი კაპიტნის, ჩეზარე მალდინის შვილი, რომელმაც, მამის მსგავსად, „შავ-წითელთა“ მიერ მოგებული არაერთი თასი პირველმა ამართა და „როსონერის“ 12 წლის განმავლობაში კაპიტნობდა. კლუბში დებიუტი 16 წლის ასაკში, 1985 წელს ჰქონდა, საკის დანიშვნის მომენტში კი 19 წლის ახალი შესრულებული იყო. ვფიქრობ, თქვენს გარკვეულ ნაწილს მალდინის კარიერა, სრულად თუ არა, ბოლო წლებით მაინც ახსოვს. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, რომელიც, ბარეზის არ იყოს, უაღრესად ელეგანტური სათამაშო სტილით ხასიათდებოდა.

ალექს ფერგიუსონის კომენტარი საკის გუნდსა და მალდინიზე: „არიგო საკიმ იტალიური ფეხბურთი შეცვალა. მან „კატენაჩო“ მაღალი პრესინგით ჩაანაცვლა, რა დროსაც მალდინი წინ ხშირად ადიოდა და თანაგუნდელებს ეხმარებოდა. აპენინური ფეხბურთის მენტალიტეტი უეცრად სხვა სტილით მოგვევლინა, ეს მართლაც ძალიან მოკლე დროში მოხდა. დაცვაში ჩაჯდომისა და კონტრშეტევების მოლოდინის ნაცვლად, აგრესიული და შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი ვიხილეთ, რაც უმნიშვნელოვანესი ძვრების წინაპირობა გახდა".

მარჯვენა მცველადაც უთამაშია, მაგრამ კარიერის უდიდესი ნაწილი მარცხენა ფლანგზე გაატარა, შემდეგ კი ცენტრალური მცველის როლი მოირგო. ჭკვიანი, სწრაფი, ინტელექტუალი და ტექნიკური მცველი, რომელიც სუპერ საიმედო დაცვითი უნარებითა და კარგი შეტევითი მახასიათებლებით გამოირჩეოდა. იშვიათი ვარდნების ტექნიკა: მალდინი ამას მართლაც რაღაც განსხვავებულად ეფექტურად აკეთებდა, ისე, თითქოს ეს მხოლოდ მისი მოგონილი და დამუღამებული რაღაც იყო. ორგანული და ნატურალური ვარდნები პაოლოს ერთ-ერთი მთავარი ნიშა და იარაღი იყო. სხვა მხრივ, მალდინიზე ბევრი საუბარი საჭირო არაა, ვისაც მისი თამაში ცოცხლად არ უნახავს, ვიდეოებითაც მიხვდება, რა მასშტაბის მცველთან აქვს საქმე.

ფაქტი ამ კვარტეტზე: ტასოტი-კოსტაკურტა-ბარეზი-მალდინი - ჯამში, ოთხივემ ერთად, „მილანის“ მაისურით 2862 მატჩი ჩაატარა... 2862!!!

მატჩების რაოდენობას რატომ გავუსვი ხაზი: წარმოუდგენლად დიდი რიცხვია 4 ფეხბურთელისთვის, თუნდაც მცველებისთვის. ეს სტატისტიკა ნათლად მიუთითებს იმაზე, რამდენად კარგად შეთამაშებულ და რამდენად „მილანელ“ კაცებთან გვქონდა საქმე. მოედანზე და მის გარეთ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ, რაც თამაშისას აშკარა პლუსი და ბევრი ბენეფიტის მომცემია. როგორია, როდესაც ასეთი მყარი, საიმედო, ძლიერი და ჭკვიანი დაცვა გიმაგრებს ზურგს?!

ასევე, რა ადვილია კარში დგომა, არა?! თუ გინდათ, ჯოვანი გალის ვკითხოთ. გალი ძოფი ან ბუფონი არ იყო, მაგრამ „პრაიმში“ ძალიან კარგ მეკარედ ითვლებოდა და არც ისეთ დიდ გუნდში დგომას დააყვედრებდა ვინმე, როგორიც საკის „მილანი“ იყო. თანმიმდევრული, მოქნილი, ტექნიკური და საიმედო, პოზიციის შერჩევის განსაკუთრებული გრძნობით. თუმცა, გალის მთავარ ღირსებად მაინც მისი ლიდერის ხასიათი, მენტალიტეტი, მშვიდი ენერგეტიკა და მცველებთან ჰარმონიული კომუნიკაციის უნარი მიიჩნეოდა: მათ არასდროს ძაბავდა, პირიქით, თავდაჯერებულობას მატებდა. ერთი სიტყვით, კარგი მეკარე, რომელსაც ზურგიდან გუნდში სიმშვიდე და სტაბილურობა შეჰქონდა.

„როცა გუნდის შენება დავიწყე, ყველაზე მეტი ყურადღება დაცვით ფაზას დავუთმე. ჩვენ გვყავდა კარგი დამზღვევი და კაცის ამყვანი მცველები. იტალია, ოდითგანვე, დაცვითი კულტურით გამოირჩეოდა და ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება. შეტევითი რგოლი კი ინტელექტზე, ტექნიკაზე, შემოქმედებით თამაშსა და ინდივიდუალურ ოსტატობაზე იყო მიმაგრებული“, - საკი.

ამრიგად, „როსონერის“ მთავარ დასაყრდენს მეკარისა და დაცვის ოთხეულის სუპერ შეხმატკბილებული, ურთიერთგაგებაზე ორიენტირებული და ძალიან საიმედო თამაში წარმოადგენდა. სხვაგვარად, გულიტი-ვან ბასტენის დუეტს, ძლიერ ფლანგის ნახევარმცველებსა და ანჩელოტი-რაიკაარდის ცენტრალური ნახევარდაცვის წყვილს, საუკეთესო თვისებების გამოვლინება არ გამოუვიდოდა და მწვრთნელი ვერ მიიღებდა იმ სათამაშო ხარისხს, რასაც ითხოვდა.

მოედნის ცენტრში ჭკვიან, ინტელექტუალ და ტაქტიკურ გენიოს ანჩელოტის, უმაღლესი დონის ფეხბურთელი და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული ფრანკ რაიკაარდი ჰყავდა მეწყვილედ. პირველი ფაზიდან წამოსული პასის მიმღებები და გამნაწილებლები ისინი იყვნენ, რასაც გუნდის სათამაშო რიტმის განსაზღვრის ფუნქციაც ემატებოდა. ეს დუეტი ერთმანეთს კარგად აბალანსებდა: ანჩელოტი მშვიდი, სოლიდური, მოაზროვნე, ტაქტიკური ფეხბურთელი იყო, ნიდერლანდელისთვის კი დაბრკოლებები არ არსებობდა, თამამი იყო ნებისმიერ სიტუაციაში და არა მხოლოდ უშუალო მოვალეობას ასრულებდა უმაღლეს დონეზე, არამედ, ხშირად აუცილებელი ბონუსების მოტანაც შეეძლო.

„შევამჩნიე, რომ „ბენფიკას“ ორივე ცენტრალური მცველი ერთი ერთზე მეურვეობას თამაშობდა და მუდამ კაცზე იყვნენ ორიენტირებულნი. უჭირდათ გადაწყობა, როცა ერთმანეთთან დაშორება უწევდათ, რის გამოც სივრცე რჩებოდათ. შეგვეძლო, ისინი ამოგვეტყუებინა და, ჩვენი ნახევრიდან ზონაში გაკეთებული ორი პასით, სიტუაცია გაგვემწვავებინა. აუცილებელი იყო, ვან ბასტენს უკან ჩამოეწია, რაც ორ რამეს მოგვცემდა: თავის კაცსაც ამოიყვანდა და პასის გაკეთებაც უნდა მოეხერხებინა. რჩებოდა ზონაში შერბენის ამოცანა და მომენტის რეალიზება“.

გამოიცანით, ხსენებულ მატჩში, რომელიც 1990 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი იყო და „როსონერიმ“ 1:0 მოიგო, ვინ გააკეთა ჩარბენა და ეპიზოდი გოლითაც დაასრულა. რა თქმა უნდა, ფრანკ რაიკაარდმა.

იმ პერიოდში იტალიურ კლუბებს მხოლოდ 3 ლეგიონერის ყოლა შეეძლოთ, მისტერ საკიმ კი რაიკაარდის „სან სიროზე“ გადასაყვანად ყველაფერი გააკეთა, რადგან ფიქრობდა, რომ სწორედ ის იყო ფეხბურთელი, რომელიც მისი გუნდის მოქნილ სისტემას ყველაზე ეფექტურად შეავსებდა და სიმტკიცეს მისცემდა.

„იმ პერიოდში გუნდში 3 უცხოელის ყოლის უფლება გქონდა. ჩვენ ეს ლიმიტი შევსებული გვქონდა, ვან ბასტენს და გულიტს, ცხადია, არ შევეხებოდი, მესამე ლეგიონერი კი მინდოდა, რაიკაარდით ჩამენაცვლებინა და ბერლუსკონისთან საუბარი წამოვიწყე.

სილვიოს ის ფეხბურთელი ძალიან უყვარდა, მაგრამ სეირნობისას თანდათან მისი დაყოლიება მოვახერხე და მითხრა: „კარგი, ამ ბიჭის ნაცვლად რაიკაარდს ვიყიდით“. ფრანკი არა მხოლოდ უდიდესი პროფესიონალი, არამედ ფენომენალური ფეხბურთელი იყო. რაიკაარდი-გულიტი-ვან ბასტენის ტრიო ჩემთვის უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენდა“.

კომპაქტური 4-4-2: როლები და სათამაშო მონახაზი

1990-91 წლების სერია A-ს ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელებს „სამპდორიამ“ აჯობა. ჯანლუკა ვიალი გენუელთა ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. აი, რას ამბობდა ის საკის გუნდის ტაქტიკაზე:

„მათმა გუნდურმა სტილმა იტალიურ ფეხბურთში უდიდესი ცვლილებები შემოიტანა. მაღალი პრესინგი და დაცვაში უეცრად დახევის უნარი, ინოვაციური და პროდუქტიული მონახაზი იყო. საკისგან ეს ტაქტიკა ბევრმა გუნდმა გადაიღო“.

ბურთის ფლობისას, „როსონერი“ დინამიკური გუნდი იყო, მუდმივად სივრცეებს ეძებდა და მათზე შეტევას ცდილობდა. ამ სათამაშო დინამიკას, კომპაქტურობასთან ერთად, რაიკაარდი-ანჩელოტის სინქრონული მოქმედებები და რობერტო დონადონისა თუ ანჯელო კოლომბოს ან ალბერიკო ევანის მრავალფეროვანი ფლანგური უნარები და სათანადო პოზიციონირება განაპირობებდა. დონადონი თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგის ნახევარმცველი იყო და გუნდშიც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, უფრო მეტად შეტევაში, გამწვავება-შექმნის კუთხით, რადგან ძალიან ტექნიკური და მრავალფეროვანი მოთამაშე იყო, შესაძლოა, „ოქროს მილანის“ ყველაზე ტექნიკურიც და, ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია!..

განაპირა მცველებს - ტასოტისა და მალდინის სრული თავისუფლება ჰქონდათ და იერიშში ჩართვა ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ, მათ ანჩელოტი აზღვევდა. საერთოდ, „პაპა კარლო“ მოედანზე საკის „ელჩი“ იყო: თამაშის მიმდინარეობას იდეალურად კითხულობდა და გამოუვალ მდგომარეობაში უბრალოდ ვერ ჩააგდებდი, ნებისმიერ მომენტში ზუსტად იცოდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა.

გუნდი უარს არც სწრაფ გრძელ პასებზე ამბობდა: ბარეზისა და მალდინის კარგი გრელი პასი ჰქონდათ, გულიტი და ვან ბასტენი კი ფიზიკურად სათანადოდ იყვნენ მომზადებულნი, რომ გადაგდებული ბურთისთვის ებრძოლათ, კარგი გამქცევი იყო დონადონიც, რაც კიდევ ერთი ოფცია იყო.

ზონური დაცვა, რომელიც რიცხობრივი უპირატესობის შექმნაზე იყო ორიენტირებული, მცველების შეტევაში ჩართვა, რათა იერიშებს სიღრმე მისცემოდა და მეტი ვარიანტი გაჩენილიყო, ფლანგის ნახევარმცველების სწორი გადაადგილება, რაც მეტოქის დაცვას „წელავდა“ და აფართოებდა. ამ ყველაფერს დაცვითი როლის ნახევარმცველების მოულოდნელ პოზიციებზე შერბენები და იქ ადგილის დაკავება ემატებოდა, ცხადია, ამას მეტოქეებში, მინიმუმ - დაბნეულობა, მაქსიმუმ კი არეულობა შეჰქონდა. გულიტი-ვან ბასტენის ღვთაებრივი ტექნიკა და საფეხბურთო უნარები იყო ის, რაც ამ ყველაფერს აგვირგვინებდა და საბოლოო ეფექტს სძენდა. ვან ბასტენზე, წესით, უფრო მეტი რამე გეცოდინებათ, გულიტზე კი ახალი თაობისთვის უბრალოდ დავამატოთ, რომ მას ზოგი სტაჟიანი ჟურნალისტი, რომელთაც ფრენკ ლამპარდის თამაშიც ნახეს, „ბევრად უკეთეს ლამპარდს“ ეძახდა. აი, ვან ბასტენის თუ არაფერი გინახავთ, Youtube და ბევრი სხვა საშუალება არსებობს, რათა ეს დანაკლისი ამოივსოთ. დაუჯერებლად მაგარი! ვან ბასტენი ფეხბურთია!

არადა, „უტრეხტელი გედს“იტალიაში ჩასვლიდან პირველი თვეები რთული ჰქონდა და გუნდში ამაზე სერიოზულად წუხდნენ. გარეთ იშვიათად გადიოდა, თანაგუნდელებთან ერთად სადილს, სახლში დარჩენა, მეუღლესთან საუბარი და ჯორჯ მაიკლის მოსმენა ერჩივნა. ვარჯიშების შემდეგ, ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ნარდს თამაშობდა, ხშირად საყიდლებზე დადიოდა ან ქალაქის ერთ-ერთ მისთვის საყვარელ ბარში ყავას სვამდა. ვან ბასტენი ზრდილობის ეტალონი იყო, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობა არც ისე კარგად გამოსდიოდა. სოციალურად აქტიური იტალიელები კი ისეთ ადამიანებს, რომლებიც გრძნობებსა და ემოციებს იშვიათად გამოხატავენ, თითქმის არასდროს ენდობიან. პრესამ მარკოს „ყინულის კაცი“ შეარქვა.

„ვან ბასტენი ყველასგან გამორჩეული იყო. კლასიკური შემთხვევა, როცა უგემრიელეს ტორტს ზემოდან მარწყვს ადებ. ტორტს სხვები ამზადებდნენ, ის კი მას გრაციოზულობას სძენს. გულიტი ლიდერი იყო, ძალიან ძლიერი ხასიათით. ჩემთვის, ნომერ პირველი დასაყრდენი სწორედ ის გახლდათ“, - ამბობდა საკი.

გულიტის როლს ნათლად უსვამს ხაზს დემეტრიო ალბერტინის კომენტარიც. ალბერტინის „მილანში“ დებიუტი სწორედ საკის ხელმძღვანელობით ჰქონდა, ნიდერლანდელზე კი, აი, რას ამბობს:

„გულიტი გუნდის დამაკავშირებელი იყო. მისი შემტევი მენტალიტეტი და ქარიზმა, იტალიელებსა და ნიდერლანდელებს, გვაერთიანებდა იმ საერთო ღირებულებების გარშემო, რომელიც გუნდურობისა და ერთი მიზნისთვის ბრძოლისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია“.

საინტერესო და ბევრისმთქმელია თავად გულიტის დამოკიდებულებაც. „როსონერიმ“ მასში პსვ-ს საკმაოდ დიდი ფული, 6 მილიონი ევრო გადაუხადა, თავად ნიდერლანდელი კი, როგორც თავად ამბობს, ოცნების გუნდსა და გარემოში მოხვდა.

„ეს ახალი თავგადასავალი იყო, თანაც რაღაცნაირად ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. ეს ჩემთვის სიახლე იყო და სრულიად არაფრის მეშინოდა, არავითარი მნიშვნელობა ჰქონდა, ვის ვეთამაშებოდი ან რა პირობებში. ვფიქრობ, ეს ჩემს ცხოვრებაში სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული წელია“.

ყველა ზემოთ ნახსენები სათამაშო ხერხი, მონახაზი თუ ფეხბურთელთა დავალება მიმართული იყო იმისკენ, რომ მოედანზე ყოფილიყო გუნდი, რომელიც თამაშს სრულად გააკონტროლებდა, ექნებოდა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა და მეტოქეს მუდმივ წნეხში ამყოფებდა. სწორედ ამ ყველაფრის გრაციოზულად კეთება აქცევდა საკის „მილანს“ პრაქტიკულად დაუმარცხებელ გუნდად: თუ სისტემა მუშაობდა, მასთან გამკლავება შეუძლებელ ამოცანად ჩანდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, დაცვის ხაზისა და ნახევარდაცვის ცენტრის მოქნილობისა და მობილურობის წყალობით, გუნდს საშუალება ეძლეოდა მოედანზე თავი კომფორტულად ეგრძნო და საკის მიერ დასახული ამოცანები ეფექტიანად შეესრულებინა. ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას კონკრეტულ ზონებში მეტობის უსწრაფესად შექმნა წარმოადგენდა.

1988 და 1989 წლების „ოქროს ბურთის“ სამივე ნომინანტი ამ უძლიერესი „როსონერის“ წევრი იყო: 88-ში - ვან ბასტენი, გულიტი და რაიკაარდი; ხოლო 89-ში - ვან ბასტენი, ბარეზი და რაიკაარდი.

გუარდიოლას „ბარსელონას“ პერიოდი და 2010 წლის „ოქროს ბურთის“ სამეული ხომ არ გაგახსენდათ უცებ?! დიახ, ასეთივე დომინანტი და მოდის მკარნახებელი იყო მაშინდელი „როსონერი“.

ჩემპიონთა თასის ზედიზედ ორი ტიტული: „რეალთან“ 5:0 და ფინალში - 4:0

საკის პირველსავე სეზონში (1987-88) მარადონას უმაგრეს „ნაპოლისთან“ მთელი ჩემპიონატი ურთულესი ბრძოლა იყო. მილანელები ნეაპოლელებს პრაქტიკულად მთელი სეზონი ჩამორჩებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც სათავისოდ შეატრიალეს.

„საკი თავდაჯერებულობაზე ყოველდღიურად გველაპარაკებოდა. გვეუბნებოდა, რომ გვქონდა უფლება, იგი გიჟი გვგონებოდა, მაგრამ გვარწმუნებდა, რომ ბოლომდე სჯეროდა ყველა იმ სიტყვის, რასაც ამბობდა.

პირველი სეზონი „ნაპოლის“ მუდმივად ქულა-ქულაში მივყვებოდით, მაგრამ პირველ ადგილზე გადასვლას ვერაფრით ვახერხებდით, ის კი მტკიცედ გვიმეორებდა: „თუ მათ დევნას გავაგრძელებთ, ეჭვი არ მეპარება, რომ გადავასწრებთ და ტიტულსაც მოვიგებთ“, - დანიელე მასარო.

იმ სეზონის სერია A-ში „შავ-წითლებს“ დეკემბრის შემდეგ, ზედიზედ 19 მატჩი აღარ წაუგიათ - 12 მოგება და 7 ფრე. ყველაფერი კი 1-ელ მაისს, „სან პაოლოზე“, მარადონას „ნაპოლისთან“ გადაწყდა. ქვემოთა ფოტოზე რა ვთქვათ?! ხელოვნებაა! გემრიელი, ნოსტალგიური სიძველე რომ მოაქვს და ეგრევე პატივისცემის გრძნობა გიჩნდება.

სუპერ თამაში, რომელშიც „სკუდეტო“ იდო სასწორზე და წარმოიდგინეთ, გუნდები რა ძალით შეასკდნენ ერთმანეთს, ამას დავუმატოთ 90 000 კაცის მიერ შექმნილი ნეაპოლური გარემო, მარადონას მაგია, საკის საოცარი გუნდი და ადვილად ვხვდებით, რა სანახაობაა!

აქვე, ვიდეოს გაგიზიარებთ და გეტყვით, რომ ვირდისის დუბლით და ვან ბასტენის გოლით, მილანელებმა 3:2 მოიგეს, დარჩენილ ორ ტურში კი ორივე ფრედ ითამაშეს და „სკუდეტო“ 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგეს. ნეაპოლელთაგან მარადონას ჯარიმა უბრალოდ ნახეთ!

„მარადონას ნაპოლის ვხვდებოდით. მის გარდა, არაერთი უძლიერესი, არაამქვეყნიური დონის ფეხბურთელი ჰყავდათ. თუმცა, თუ ბურთის დაჭერას მოვახერხებდით, დიეგო ბევრს ვერაფერს გააკეთებდა. ასეც მოხდა, როცა პრესინგს ვიწყებდით, მათგან შეცდომების დაშვება არ აყოვნებდა. მოკლედ, ძალიან სოლიდურად ვითამაშეთ.

საერთოდ, სტადიონები ყველგან ივსებოდა, რადგან ხალხს ჩვენი თამაში ძალიან მოსწონდა. „ნაპოლის“ ის მატჩი მოვუგეთ, რასაც იტალიის ჩემპიონატის მოგებაც მოჰყვა. ნეაპოლელთა ტიფოზერიამ აპლოდისმენტებით დაგვაჯილდოვა. ამაზე უფრო მაგარი რა შეიძლება იყოს“? - გვეკითხება საკი.

სერია A-ს მოგება პირველსავე სეზონში გამოვიდა, რასაც ვერ ვიტყვით ჩემპიონთა თასზე, მაგრამ ეგ ამბავი ფიზიკურად ვერ გამოვიდოდა, „მილანი“, წინა სეზონში მე-5 ადგილზე გავიდა და უეფა-ს თასზე თამაშობდა. 

აი, 1988-89 წლებიდან კი საკისთვის სადებიუტო საჩემპიონთალიგო სეზონი დაიწყო. ბულგარულ „ვიტოშასთან“ იოლად მოგების შემდეგ, კარგ ბელგრადის „რედ სტართან“ იტალიელებმა იწვალეს და პენალტებში წკიპზე გაიარეს. 1/4 ფინალში „ვერდერსაც“ რთულად გაცდნენ (0:0 და 1:0), ნახევარფინალიდან კი დღესასწაული დაიწყო. ბევრი გუნდი იცით, რომელსაც ნახევარფინალსა და ფინალში 5 და 4 გოლი გააქვს?! ეს, აი, ამ გუნდის გაკეთებულია!

საკი 1989 წლის 1/2 ფინალზე: „მაშინდელი „რეალი“, შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, დიდი გუნდი იყო. ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ 5-ჯერ მოიგეს, ზედიზედ ორჯერ კი უეფა-ს თასზე მოიპოვეს ტიტული. საქმე მართლაც უძლიერეს გუნდთან გვქონდა. ჩემპიონთა თასის ფინალში თამაში ვის არ უნდა, მაგრამ, რაც ჩვენ იმ საღამოს მადრიდელებთან გავაკეთეთ, რაღაც ეპიკური იყო. ისეთი სათამაშო რიტმი შევთავაზეთ, რომელსაც უბრალოდ ფეხი ვერ აუწყეს, მათთვის ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

მაშინდელი „მილანი“ იყო გუნდი, რომელსაც მუდმივად მეტის გატანა სურდა. ეს გამარჯვება მკაფიო ილუსტრაცია იყო იმისა, რომ მსოფლიოში საუკეთესოები ვიყავით: არა მხოლოდ მოგების გამო, არამედ ზუსტად იმის გამო, რასაც ეს გუნდი მოედანზე აკეთებდა“.

კატალონიური გამოცემა, Mundo Deportivo წერდა: „მილანის“ რეჩიტატივი, რომელსაც ნიდერლანდური აქცენტი ჰქონდა. „რეალი“ ჰგავდა მარიონეტს, რომელსაც იტალიური კლუბი მართავდა და გოლს, როცა მოუნდებოდა, მაშინ უტანდა“.

თუკი, საკის გუნდის სიდიადის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ვერსიის ნახვა გსურთ, მაშინ ეს 90 წუთი უნდა ჩართოთ. საბედნიეროდ, სრული მატჩი ხელმისაწვდომია და თუ ვერ მიაგენით, შეგიძლიათ, მომწეროთ.

ორი აზრი არაა, რომ „რეალთან“ 5:0 გამარჯვება საეტაპო და ძალიან ხმაურიანი წარმატებაა, მაგრამ ის არაფერი იქნებოდა, თუკი „როსონერი“ ფინალს წააგებდა. გადამწყვეტი სიტყვა ბარსელონაში, „ნოუ კამპზე“ იყო სათქმელი, სადაც ევროპის მთავარი საკლუბო თასისთვის „შავ-წითლები“ წლების განმავლობაში ნიკოლაე ჩაუშესკუს მიერ ზურგგამაგრებულ ბუქარესტის „სტიაუას“ უნდა შეხვედროდნენ.

1969 წლის შემდეგ პირველად „მილანს“ ჩემპიონთა თასის ფინალში უნდა ეთამაშა. ნერეო როკოს თავოსნობითა და ჯანი რივერას, კარლ-ჰაინც შნელინგერის, ჯოვანი ტრაპატონისა და პიერინო პრატის ლიდერობით მოგებული ტიტულის შემდეგ, ეს დიდ ევროპულ სცენაზე პირველი გამოჩენა იყო. ზუსტად 20 წლის მერე, სრულიად ახლებური, სტილისტურად არაიტალიური გუნდითა და ნოვატორი მწვრთნელით!

„ეს საოცარი იყო. პირველი ფინალი და ის დღეები განუმეორებელია! სტადიონზე ყველაფერი შავ-წითლად იყო მორთული: თითქმის სრული სტადიონი ჩვენი ტიფოზები იყვნენ, „სტიაუას“ კი სულ 3-4 ათასი კაცი თუ უჭერდა მხარს. აღმაფრთოვანებელი სანახავი იყო ის, თუ როგორ გვქომაგობდა ათობით ათასი ადამიანი უცხო სტადიონზე. როცა ეს ყველაფერი გავაცნობიერეთ, იმ წამსვე მივხვდით, რომ ამ თამაშის წაგება არ შეგვეძლო“, - პაოლო მალდინი.

„იმ საღამოს ფეხბურთელებს ვკითხე, რას ფიქრობდნენ, გულიტმა კი თქვა: „მისტერ, პირველივე წუთებიდან შევუტევთ და იქამდე არ გავჩერდებით, სანამ ძალა გვექნება. სულ ეს იყო“, - საკი.

ყველაფერი გულიტის სცენარით წავიდა. საკის გუნდმა რუმინელებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა: მე-3 წუთზე გულიტმა ანგარიში გახსნა, 38-ე წუთისთვის კი ტაბლოზე უკვე 3:0 ენთო. საბოლოოდ, 4:0 და არიგო საკის სამწვრთნელო სიდიადის პირველი საერთაშორისო აღიარება.

ყველა კარგად აცნობიერებდა, რომ ეს „მილანი“ სხვებისგან განსხვავდებოდა და რაღაც ახალი, ისეთი ნოტებით უკრავდა, როგორითაც იქამდე არავის დაუკრავს. ბევრის აზრით, ეს იყო გუნდი, რომელიც მომავლის ფეხბურთს თამაშობდა. ისიც მშვენიერი ილუსტრაციაა, რომ ჩემპიონთა თასის ისტორიაში დღემდე მხოლოდ 3 ფინალია, რომელიც 4-ბურთიანი სხვაობით დასრულდა - 1960-ში „რეალმა“ „აინტრახტი“ დაამარცხა; 1974-ში „ბაიერნმა“ – „ატლეტიკო და 1989-ში „მილანმა“ – „სტიაუა“.

ამ მატჩის შემდეგ, ფრანგული L'Equipe-ს შეფასება ასეთი იყო: „როცა „მილანის“ თამაშს უყურებ, ფეხბურთს სხვანაირად აღიქვამ“.

თუკი 1988-89 წლების სეზონში საკის გუნდმა ჩემპიონთა თასი მოიგო, მაგრამ სერია A-ში ჩემპიონობის შანსი არ ჰქონია, მომდევნო წელს დუბლისთვის იბრძოდა და ამის რეალური შანსიც ჰქონდა.

იტალიის ჩემპიონატში „შავ-წითლებს“ ტიტულს ისევ მარადონას „ნაპოლი“ ეცილებოდა და ბოლო ტურებამდე მაგარი ამბები იყო. ფინიშამდე 4 ტურით ადრე, მილანელებს 44 ქულა ჰქონდათ და ლიდერები იყვნენ, ნეაპოლელებს კი - 43 და მოწინააღმდეგის ფეხის დაცდენას ელოდებოდნენ.

საბოლოოდ, საკის გუნდმა დარჩენილ ტურებში 2-დან ვერც ერთი გასვლითი მატჩი მოიგო: ჯერ „ბოლონიასთან“ ითამაშა ფრედ, შემდეგ კი „ვერონასთან“ საერთოდ წააგო. ამ ფონზე, „ნაპოლიმ“ ოთხივე შეხვედრაში გაიმარჯვა და ისტორიაში მეორე და 2023 წლამდე ბოლო „სკუდეტოს“ დაეუფლა.

რაც შეეხება ჩემპიონთა თასს, პირველ რაუნდში ფინური „ჰიკის“ ბარიერი იოლად გაიარეს, რასაც „რეალთან“ კიდევ ერთი გადაკვეთა მოჰყვა. პირველი თამაში მილანში ჩატარდა და, რაიკაარდისა და ვან ბასტენის გოლებით, 2:0 დასრულდა. მადრიდში ერთადერთი ბურთი ბუტრაგენიომ შეაგდო და „როსონერი“ 1/4 ფინალში ბელგიურ „მეხელენზე“ გავიდა.

1/4 ფინალში - „მეხელენთან“ და 1/2 ფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ საკის გუნდს დამატებითი დრო დასჭირდა, თუმცა ფინალში გავიდა და იქ სვენ-გორან ერიქსონის „ბენფიკას“ უნდა შეხვედროდა. ფრანკ რაიკაარდის ერთადერთმა გოლმა ტიტული არიგოს „მილანს“ მოუტანა, რაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდობისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იყო.

„6-თვიან მონაკვეთში ჩემპიონთა თასი ევროპის სუპერ თასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოვიგეთ და ანჩელოტიმ თქვა: „ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ“, - განაცხადა საკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

საკის გუნდმა 1990 წელს მორიგი ჩემპიონთა თასი მოიგო და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდობაზე თამამი პრეტენზია ჰქონდა, თუმცა, „ბენფიკასთან“ მოგებული ფინალიდან 12 თვეში, 44 წლის სპეციალისტმა კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო:

„ბერლუსკონის ვაცნობე, რომ თანამდებობის დატოვებას ვაპირებდი. ბოლო პერიოდში თავს დაღლილად ვგრძნობდი ყველაფერ იმისგან, რაც ჩემს ყოველდღიურობაში ხდებოდა”.

იტალიელმა ტაქტიკურმა გენიოსმა „მილანსა“ და იტალიურ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა, სპორტის ეს სახეობა შეცვალა, ახალი და თავისებური შტრიხები შესძინა და განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. მან ეს „შავ-წითლებთან“ ერთად მოგებული სერია A-თი; იტალიის სუპერ თასით; 2 ჩემპიონთა თასით; 2 ევროპის სუპერ თასითა და 2 საკონტინენტთაშორისო თასით გააკეთა. თუმცა, მთავარი, რითაც ეს გააკეთა იყო ის, როგორც მისი გუნდი თამაშობდა, საკისთვისაც ხომ ეს იყო მთავარი?!

„მე ვარ ადამიანი, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს და უპირველეს ამოცანად ყოველთვის ტიფოზების გაბედნიერება მქონდა, ჩვენი თამაშისგან სიამოვნება უნდა მიეღოთ. ცხადია, ეს ისე ვერ მოხდებოდა, თუკი თამაშით ტკბობას თავად ფეხბურთელები ვერ შეძლებდნენ. ერთხელ დონადონიმ მითხრა: „კვირის განმავლობაში ძალიან ბევრს ვმუშაობთ, სამაგიეროდ, მატჩის დღეს დიდი მხიარულება გვაქვს“.

ყველა დიდ გუნდს თავისი ვარსკვლავები და გმირები ჰყავს და ასე იყო საკის „მილანის“ შემთხვევაშიც. ვან ბასტენი, გულიტი, რაიკაარდი, დონადონი, ბარეზი, მალდინი - ყველა მათგანი ტოპ კლასის ფეხბურთელია და „როსონერისთვის“ რამდენიც გააკეთეს, ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი კაცი მაინც ფუსინიანოელი ტაქტიკური გენიოსია, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ ასეთი რამ თქვა:

„ჩემი გუნდი საოცრება იყო. ნიდერლანდელები მშვენივრად გამოიყურებოდნენ, თუმცა წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სათამაშო სქემა იყო. გუნდის ლიდერად სწორედ მას დავასახელებდი, რადგან ფეხბურთელები უსიტყვოდ მიჰყვებოდნენ. ის არასდროს იღლებოდა და არც ტრავმას იღებდა. მოთამაშეების ნიჭსა და სიძლიერეს მატჩები არ მოუგიათ, ეს სწორედ იმ ტაქტიკამ გააკეთა".

ცალსახაა, რომ საკიმ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა და მისი გავლენა დიდია დღევანდელ მწვრთნელებზეც. კარლო ანჩელოტის საკის კარგ მოსწავლეს ეძახიან, ნათლად იკითხება არიგოს სათამაშო მეთოდების კონტურები პეპ გუარდიოლასა და იურგენ კლოპის ფეხბურთშიც.

იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც სტატიაში ვისაუბრეთ და რაც საკის „როსონერიმ“ გააკეთა, სრულიად ლეგიტიმურია, ამ გუნდს მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთ უძლიერესად ვასახელებდეთ. იმედი მაქვს, სტატიამ ამ თემაზე სამსჯელო არგუმენტებით მოგამარაგათ და „მილანელოზე“ მცირედით მაინც შეგაჭყიტათ.

მისტერ საკისა და მისი სამწვრთნელო გზის შესახებ რამდენიმე კარგი დოკუმენტური მასალა და ფილმია, ცხადია, არსებობს წიგნებიც. ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და გამორჩეული მისივე დაწერილი წიგნია, სახელწოდებით - „The Immortals: How My Milan Team Reinvented Football“. მისი ინგლისური სათაური ასეა, იმედია, მალე ეს წიგნი ქართულადაც ითარგმნება, იქამდე კი ინგლისური თარგმანის გამოსაწერ ლინკს შემოგთავაზებთ.

გაზიარება: