მსოფლიო ჩემპიონატი - 8 ცვლილება პორტუგალიასთან
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - 8 ცვლილება პორტუგალიასთან

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის მეორე მატჩში, პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

პირველ ტურში საქართველო ავსტრალიას 9 სექტემბერს ეთამაშა (15:35), მეორე ტურში ისვენებდა და მოედანს ორკვირიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება. პორტუგალიას 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 16 საათზე ტულუზში ვერკინებით. პირველი მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილებაა.

ტრავმა მოიშუშა და მოედანს უბრუნდა მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელსაც სამივე გასახურებელი თამაში და ავსტრალიასთან შეხვედრა გაუცდა. მეორე ფლანკერი კვლავ თორნიკე ჯალაღონია, ხოლო შრრკინების შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

მეორე ხაზში თამაშს იწყებს და კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება ლადო ჩაჩანიძე, რომელიც მსოფლიო თასზე სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს.

შეიცვალა ორივე ბურჯი. მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებს მიხეილ ნარიაშვილი. ჯამში ის მესამე მსოფლიო თასს თამაშობს. მარქაფიდან დაწინაურდა ბექა გიგაშვილი, კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა კი ადგილი შეინარჩუნა.

სრულად შეიცვალა ღერძი. მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდნენ გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე. ასევე მარქაფიდან დაწინაურდა და ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება გიორგი კვესელაძე. თავის მეოთხე მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს ფრთა სანდრო თოდუა. აკაკი ტაბუცაძე და დავით ნინიაშვილი კვლავ დამწყებთა შორის არიან.

კვაჭი თენგიზ ზამთარაძე, ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე თააშს ამჯერადაც მაქაფიდან იწყებენ. ავსტრალიასთან ძირითადში იყვნენ და ამჯერად შეცვლაზე არიან გურამ პაპიძე, ნოდარ ჭეიშვილი, ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა და დემურ თაფლაძე.

მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან მატჩი რამდენიმე ბორჯღალოსნისთვის გამორჩეული იქნება. ტულუზში გელა აფრასიძე, გიორგი კვესელაძე და ნოდარ ჭეიშვილი 50-ე კეპს მოიხვეჭენ.

გუნდს 50-ედ უკაპიტნებს მერაბ შარიქაძე, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით 98-ე მატჩს ატარებს და თუ მსოფლიო თასის დანარჩენ ორ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, მე-7 ქართველი ცენტურიონი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პორტუგალიის მწვრთნელი: „საქართველოს დამარცხებას ვაპირებთ“
პორტუგალიის მწვრთნელი: „საქართველოს დამარცხებას ვაპირებთ“