ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე მორიგი ორი მატჩი გაიმართება. ერთმანეთის პარალელურად, „აინტრახტი“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდება, მეორე მატჩში კი „ლივერპული“ „ენფილდზე“ მადრიდის „რეალს მიიღებს.
ბუნებრივია, გასული სეზონის ფინალური წყვილის თამაში გულშემატკივრებში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს და „კრისტალ სპორტი“ აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ყველა საინტერესო დეტალს შემოგთავაზებთ.
ლივერპული:
იურგენ კლოპის გუნდმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა მარტივად შეძლო. იმის მიუხედავად, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მერსისაიდელები არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებიან, კლოპის ფეხბურთელებმა ევროსარბიელზე თავი კარგად წარმოაჩინეს. პირველივე ტურში ნაპოლისთან 4:1 მარცხის შემდეგ, „ლივერპულმა“ ყველა შეხვედრის მოგება შეძლო. საბოლოოდ „ნაპოლისთან“ თანაბარი ქულები დააგროვა, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ჯგუფიდან პირველი ადგილით „ნაპოლი“ გავიდა.
მერსისაიდულმა გუნდმა პრემიერ ლიგაში მდგომარეობა ბოლო პერიოდში უკეთესობისკენ შეცვალა. „ლივერპულმა“ ბოლო ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო ჯერ „ევერტონთან“, შემდეგ კი „ნიუკასლთან“, თანაც ისე, რომ გოლიც არ გაუშვია, სატურნირო ცხრილში კი მე-8 ადგილზე დაწინაურდა. 22 ტურის შემდეგ, კლოპის გუნდს 35 ქულა აქვს და მეოთხეადგილოსან „ტოტენჰემს“, 7 ქულით ჩამორჩება. საგულისხმოა, რომ „ლივერპულს“ „დეზებთან“ შედარებით ორი მატჩით ნაკლები აქვს გამართული და ორივე შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში სხვაობას მინიმუმამდე დაიყვანს.
დანაკლისი:
არტური, ლუიშ დიაზი, კონატე, რამსი, ტიაგო ალკანტარა.
რა თქვა კლოპმა მატჩის წინ:
ფინალში გუნდებისთვის რადიკალურად განსხვავებული რამ მოხდა. სიმართლე გითხრათ, მატჩის ჩანაწერი ამ უქმეებამდე არ მინახავს და არც მქონია სურვილი, ახლა მივხვდი რატომაც - ეს ნამდვილი წამება იყო. კარგი მატჩი ჩავატარეთ და მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ გადამწყვეტი გოლი მათ გაიტანეს, ჩვენ კი ვერ შევძელით. ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ის თამაში წავაგეთ, მაგრამ ახლა გამოსწორება გვინდა.
რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, ბედნიერი ვარ, რომ მას ახლა ვითამაშებთ და არა რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ ორი სუპერთამაში უნდა ჩავატაროთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. თუ შესაძლებლობების მაქსიმუმს არ გამოვავლენთ, მაშინ შანსი არ გვექნება. მოუთმენლად ველოდები ენფილდის ატმოსფეროს. ეს ერთად უნდა შევძლოთ.
კარლო ანჩელოტი ყველაზე ჰარმონიული მწვრთნელია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ის უბრალოდ შესანიშნავია, ჭკვიანი... ფეხბურთელებთან მისი ადამიანური ურთიერთობა და მუშაობის სტილი კი ყველა ჩვენგანისგან შედარებით, უფრო მაღალ დონეზეა. მას პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ. მას მსოფლიო დონის გუნდი ჰყავს და შესანიშნავი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელები მოიყვანა.
მადრიდის რეალი:
როგორც მოსალოდნელი იყო, მოქმედმა ჩემპიონებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს. ანჩელოტის გუნდს მეტოქეებად „ლაიპციგი“, „შახტარი“ და სელტიკი ჰყავდა. „სამეფო კლუბმა“ 6-დან 4 შეხვედრა მოიგო, 1 წააგო და ერთიც ფრედ ითამაშა.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 2023 წელი „რეალმა“ საკმაოდ არადამაჯერებლად დაიწყო და საჩემპიონო რბოლაში „ბარსელონასაც“ მნიშვნელოვნად ჩამორჩა. 22 ტურის შემდეგ, კლუბებს შორის სხვაობა 8 ქულაა და „სამეფო კლუბს“ ახლა სასწაული თუ უშველის. ბოლო ტურში ანჩელოტის ფეხბურთელებმა სტუმრად „ოსასუნა“ 0:2 დაამარცხეს და „ლივერპულთან“ მატჩამდე შედარებით კარგი ხასიათი შეიქმნეს.
დანაკლისი:
მარიანო დიასი, კროოსი, მენდი, ჩუამენი.
რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ:
გასულ სეზონში, პარიზში გამართული ფინალი ჩვენთვის კარგ მოგონებებს იწვევს. თანაბარი თამაში იყო. ბურთი უმეტესად მათ ჰქონდათ, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად გამოვიყურებოდით. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან ორი თამაშის ჩატარება მოგვიწევს. ამას კარგად ვათვითცნობიერებთ. 180 წუთის განმავლობაში კარგად უნდა ვითამაშოთ.
გუნდი კარგ ფორმაშია და ფეხბურთელებს დიდი სურვილი აქვთ, რომ კარგად გამოვიდნენ, როგორც შარშან. ყველამ იცის, რომ რთული მატჩი იქნება. აქ დაბრუნებით კმაყოფილები ვართ. ველით კარგ თამაშს დიდი ინტენსივობით და წნეხით, სადაც ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ იქნება. ამისთვის მზად ვართ. ახლა, ჩემპიონთა ლიგის უფრო უკეთესი შანსი გვაქვს, ვიდრე შარშან.
ურთიერთშეხვედრები:
აქამდე, კლუბები ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა მადრიდელთა მხარესაა. „რეალმა“ 5-ჯერ შეძლო მეტოქის დამარცხება, 3-ჯერ „ლივერპულმა“ მოიგო, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „რეალის“ დაპირისპირება 21 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.