იულიან ნაგელსმანი, კრისტოფ გალტიე
Aa Aa

პსჟ VS ბაიერნი - მატჩის წინ

ხვალიდან, ფეხბურთის მოყვარულებს 3-თვიანი შესვენების ჩემპიონთა ლიგა დაუბრუნდებათ. მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 1/8 ფინალური მატჩებით განახლდება. პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართება, ერთ-ერთი კი პარიზში, „სტად დე ფრენცზე“ შედგება, სადაც ადგილობრივი პსჟ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, Crystal Sport-ი ყველა საინტერესო ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

პარი სენ-ჟერმენი

კრისტოფ გალტიეს გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ერთი შეხედვით ფავორიტად მოიაზრებოდა და წესით, პირველი ადგილით გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც გულშემატკივარი ელოდა. პსჟ-ს მეტოქეებად „ბენფიკა“, ჰაიფას „მაკაბი“ და „იუვენტუსი“ ჰყავდა, ყველასთვის მოულოდნელად კი ლისაბონელებმა სიურპრიზი შემოგვთავაზეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, თანაც ისე, რომ ერთი შეხვედრაც არ წააგეს. „ბენფიკას“ და პსჟ-ს ყველაფერი ერთნაირი ჰქონდათ, ქულები, გაშვებული და გატანილი ბურთები, ამ თანაფარდობის გამო კი პირველი ადგილის ვინაობა ყვითელი ბარათებით გაირკვა, რომელიც უფრო ნაკლები პორტუგალიურ გუნდს ჰქონდა.

პარიზელებს ბოლო კვირებში სახარბიელო პერიოდი ნამდვილად არ აქვთ. გუნდი ჯერ საფრანგეთის თასიდან გამოვარდა, შემდეგ კი ლიგა 1-ში „მონაკოსთან“ 3:1 დამარცხდა. ამის მიუხედავად, გალტიეს გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 54 ქულით მაინც ლიდერობს და მეორეადგილოსან „მარსელს“ 5 ქულით უსწრებს.

დანაკლისი:

იყო საუბარი, რომ ხვალინდელ შეხვედრას ტრავმების გამო მესი და მბაპე გამოტოვებდნენ, თუმცა ორივე მათგანმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და დიდი ალბათობით, ხვალ მოედანზეც მოგვევლინებიან. ამის მიუხედავად, პსჟ-ს მცირე დანაკლისი მაინც აქვს, მუკიელესა და რენატო სანჩესის სახით.

რა თქვა გალტიემ მატჩის წინ:

ვიცი, რომ ჩემი მოთამაშეები ასეთ რთულ დროს, თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებენ და ყველა მატჩში მაქსიმუმს იძლევიან. თასიდან გამოვარდნა სამწუხაროა. ამაში ყველა დამნაშავეები ვართ და სიტუაციას ვაანალიზებთ. ვეძებთ საუკეთესო გამოსავალს. ჩემს გარშემო შექმნილ ზეწოლას გაგებით ვეკიდები და კრიტიკას პატივს ვცემ.

რაც შეეხება მბაპეს, გუშინ მან ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, დღეს კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადა. ჯერ არ გადამიწყვეტია, დავაყენებ თუ არა მას სასტარტო თერთმეტეულში. ხვალ დილით მის მდგომარეობას შევამოწმებთ და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, ექიმებსაც დაველაპარაკებით. კილიანმა საოცარი სამუშაო გასწია, რომ სამატჩო სიაში მოხვედრილიყო. ხვალ ყველასთვის გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებ და პირველი, ვისაც მოვუსმენ, ეს სწორედ მბაპე იქნება. ის სიაში უბრალოდ სათადარიგოთა სკამზე ყოფნის გამო არ შემიყვანია.

არის თუ არა „ბაიერნი“ ფავორიტი? არა. შანსები 50-50-ზეა. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია და ჩემს ფეხბურთელებს ამ დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. ვიცით, რომ „ბაიერნმა“ რთული პერიოდის გადალახვა შეძლო, მაგრამ ეს ახლა ჩვენი საქმე არ არის. ხვალ კიდევ ერთი მატჩი გვექნება, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, შედარებით რთული.

რაც შეეხება ნაგელსმანს, ის ახალგაზრდა, თანამედროვე მწვრთნელია, რომელიც ყველა გუნდს, სადაც უმუშავია, კარგად მოერგო. მას აქვს როგორც ძლიერი, ისე რთული მხარეებიც და ამაზე ვიმუშავეთ.

ბაიერნი

C ჯგუფში მიუნხელების მეტოქეები „ინტერი“, „ბარსელონა“ და „ვიქტორია პლზენი“ იყვნენ. შესაბამისად ყველა ელოდა, რომ ნაგელსმანის გუნდს ჯგუფიდან მარტივად გასვლა გაუჭირდებოდა, თუმცა „რეკორდმეისტერმა“ ყველა შეხვედრის მოგება შეძლო და პლეი-ოფში 18 ქულით გავიდა. შესაბამისად, ნაგელსმანის გუნდი ტურნირის მიმდინარე სეზონში გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 6-დან ექვსივე შეხვედრის მოგება შეძლო.

მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ, „ბაიერნმა“ სეზონი არადამაჯერებლად განაახლა და ზედიზედ 3 ფრე ითამაშა, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში რეაბილიტაცია შეძლო და მეტოქის კარში 7 გოლიც შეაგდო. მე-20 ტურის შემდეგ ნაგელსმანის გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 43 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან ბერლინის „უინიონს“ 1 ქულით უსწრებს.

ბოლო ტურში მიუნხენელებმა საკუთარ მოედანზე „ბოხუმს“ 3:0 მოუგეს და 1/8 ფინალურ მატჩს მეტოქესთან შედარებით უკეთესი ხასიათით ხვდებიან.

დანაკლისი:

ლუკას ერნანდესი, სადიო მანე, მაზრაუი, ნოიერი.

რა თქვა ნაგელსმანმა მატჩის წინ:

„ბოხუმთან“ ჩატარებული მატჩით კმაყოფილი არ ვარ. თუ პსჟ-სთანაც ასე ვითამაშებთ, მაშინ შანსი არ გვექნება.

როგორ შევაჩერებთ მესის? ეს გუნდურად უნდა გავაკეთოთ. უნდა ვეცადოთ, რომ მესიმდე პასები არ მივუშვათ, ისევე როგორც ნეიმარზე და მბაპეზე. მათ ასევე ჰყავთ სწრაფი მცველები. შეცდომები არ უნდა დავუშვათ და მხოლოდ ვარსკვლავებზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თუმცა, ვფიქრობ, რომ პსჟ-მაც უნდა იზრუნოს ჩვენი ფეხბურთელების შეჩერებაზე. საბოლოოდ ჯამში, უკეთესი ფორმა ასეთ დუელებში გადამწყვეტი იქნება.

კარგი იქნება თუ მბაპე და მესი ითამაშებენ. ზოგადად, მესი არის ფეხბურთელი, რომელმაც იცის როგორ ითამაშოს, ბევრის რომ არ ივარჯიშოს. ჩვენ ყველა სცენარისთვის მოვემზადებით. ორივეს შეუძლია მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი გუნდისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ ამისთვის მზად ვიქნებით.

ჩემპიონთა ლიგა ყველა ტურნირთან შედარებით განსხვავებული შეჯიბრია. აქ ყველა გუნდის მიზანი ერთია, მაქსიმალურად შორს წასვლა. ხვალ დაცვით თამაშს არ ვაპირებთ. თანაბარი დუელი იქნება, შანსები კი 50-50-ზე. გვსურს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გასვლითი შეხვედრა ჩავატაროთ, ამაში ძალიან დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ საუკეთესო დასასრული გვექნება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ბაიერნის“ დაპირისპირება 14 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

გაზიარება: