ჯანლუიჯი ბუფონი
Aa Aa

"არაფერი გინანია.. ეს არის ის, ვინც ხარ.. შენ არსებობ.." - მე ჯანლუიჯი ბუფონი ვარ

ძვირფასო 17 წლის ჯანლუიჯი ბუფონო..

„ამ წერილს 44 წლის ასაკის ჯანლუიჯი გწერს, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ განიცადა და ასევე ბევრი შეცდომაც დაუშვა. შენთვის კარგი და ცუდი ამბავი მაქვს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მე აქ ვარ, რათა შენს სულზე გესაუბრო.

დავიწყოთ ცუდი ამბით. შენ ხარ 17 წლის და როგორც შენს ოცნებაშია, აპირებ გახდე პროფესიონალი ფეხბურთელი. შენ გგონია, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ სიმართლე ისაა ჩემო მეგობარო, რომ შენ მთავარი არ იცი..

რამდენიმე დღეში შანსი მოგეცემა, რათა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარო „პარმას“ რიგებში და შენ საკმარისი არ იცი, რომ შეშინებული იყო. შენ უნდა იწვე საწოლში და თბილ რძეს სვამდე. მაგრამ იცი რის გაკეთებას აპირებ? ღამის კლუბში მეგობართან ერთად წახვალ..

გეგმაში ერთი ჭიქა ლუდის დალევა გექნება, მაგრამ ზედმეტი მოგივა. ასე ქვეცნობიერად უმკლავდები იმ ზეწოლას, რომელსაც ვერ გრძნობ. შენ არც კი იცი, რომ კლუბიდან პოლიციასთან კამათის თანხლებით გამოხვალ.

უბრალოდ სახლში წადი და ლოგინში დაწექი..

და გთხოვ, ნუ მიაფსამ პოლიციის მანქანის ბორბალს. მათ ეს სასაცილოდ არ მოეჩვენებათ და შესაძლოა, რაც აქამდე გააკეთე ყველაფერი წყალში ჩაყარო.

ეს არის ქაოსი, რომელსაც შენ თავს უმიზეზოდ უქმნი. შინაგანი წვა გაქვს, რომელსაც შეცდომის დაშვებამდე მიჰყავხარ. რა თქმა უნდა, თანაგუნდელებს აჩვენებ, რომ ძლიერი და თავისუფალი ხარ, მაგრამ ეს არის ნიღაბი, რომელსაც ურცხვად ატარებ.

რამდენიმე დღეში სამი რამით დასაჩუქრდები. ეს ძალიან სასიამოვნო იქნება, მაგრამ ამავდროულად საშიში.

ფული, დიდება და შენი ოცნების სამუშაო..

შენ ალბათ ახლა ფიქრობ, თუ რა შეიძლება იყოს ამ ყველაფერში საშიში..

კარგი.. ეს ნამდვილი პარადოქსია..

ერთის მხრივ, მეკარეს ნდობა სჭირდება. ის უნდა იყოს უშიშარი. თუ თქვენ მწვრთნელს არჩევანს მსოფლიოში ყველაზე ტექნიკურ და მსოფლიოში ყველაზე უშიშარ მეკარეს შორის გააკეთებინებთ, ის აუცილებლად უშიშარს აირჩევს.

მეორეს მხრივ, უშიშარი მეკარე ყოველთვის დაივიწყებს, რომ გონება აქვს. თუ ნიჰილისტური ცხოვრებით იცხოვრებ და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრებ, შენი ცხოვრება ჭკნობას დაიწყებს. საბოლოოდ ისეთი დეპრესიული გახდები, რომ საწოლიდან ადგომა არ მოგინდება.

შეგიძლია გაიცინო თუ გინდა, მაგრამ ეს დაგემართება. და ეს ყველაფერი მაშინ მოხდება, როცა კარიერის მწვერვალზე იქნები და ყველაფერი გექნება. 26 წლის ასაკში „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მეკარე იქნები. გექნება ბევრი ფული და პატივისცემა. მეტიც, შენ „სუპერმენს“ დაგიძახებენ.

სინამდვილეში შენ სუპერ გმირი არ ხარ! შენ ხარ ისეთი კაცი, როგორიც სხვები.. სიმართლე კი ისაა, რომ ამ პროფესიამ შესაძლოა რობოტად გადაგაქციოს. შენი ყოველდღიური რუტინა შესაძლოა ციხე გახდეს. დადიხარ ვარჯიშზე, შემდეგ თამაშობ. ხან იგებ, ხან აგებ.. ღამე სულ გძინავს და ეს ყოველდღე მეორდება..

ერთ დილას, ვარჯიშზე წასვლის წინ ადგები და ფეხი უკონტროლოდ აგიკანკალდება. იმდენად სუსტი იქნები, რომ მანქანასაც ვერ გაატარებ. თავიდან იფიქრებ, რომ ეს უბრალოდ დაღლილობაა ან რაიმე ვირუსი, მაგრამ შემდეგ, ყველაფერი გაუარესდება. ერთადერთი რისი გაკეთებაც გენდომება დაძინებაა. ვარჯიშზე ყველა ბურთის მოგერიებას ტიტანური ძალისხმევა დასჭირდება. 7 თვის განმავლობაში შენს ცხოვრებაში სიხარულის პოვნა გაგიჭირდება.

ახლა ამ მომენტში შესვენების დროა..

იმიტომ, რომ მე ვიცი რას იფიქრებ ამის წაკითხვისას 17 წლის ასაკში..

შენ იტყვი: „როგორ არის ეს შესაძლებელი? მე ბედნიერი ადამიანი ვარ. ლიდერად დავიბადე. თუ მე „იუვენტუსის“ მეკარე ვიქნები და მილიონებს გამოვიმუშავებ, შეუძლებელია ბედნიერი არ ვიყო.. ასეთ დროს დეპრესია გამორიცხული იქნება.“

კარგი, მე შენ მნიშვნელოვან კითხვას დაგისვამ. ჯანლუიჯი, რატომ გადაწყვიტე შენი ცხოვრება ფეხბურთისთვის დაგეთმო? გახსოვს?

ძალიან გთხოვ, არ მიპასუხო, რომ ეს უბრალოდ თომას ნ’კონოს გამო იყო.. შენ უფრო ღრმა დეტალებში უნდა წახვიდე და ისე გამცე პასუხი.

შენ იყავი 12 წლის.. დიახ!

1990 წლის მუნდიალი იტალიაში ჩატარდა.. დიახ!

პირველი მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც არგენტინა და კამერუნი შეხვდნენ.. დიახ!

თვალი დახუჭე და გაიხსენე, სად იყავი მატჩის მიმდინარეობისას? მისაღებ ოთახში სულ მარტო იჯექი. სად იყვნენ მაშინ შენი მეგობრები? ვერ გაიხსენებ.. ბებიაშენი სამზარეულოში იყო და ლანჩს ამზადებდა. ისე ცხელოდა, რომ ყველა ფანჯარა დახურა, რათა ოთახში მეტი სისუფთავე ყოფილიყო. სრული სიბნელე სუფევდა, გარდა ტელევიზორის ყვითელი ნათებისა..

რა დაინახე?

შენ უცნაური სახელი კამერუნი დაინახე..

იმ მომენტამდე კამერუნის არსებობის შესახებ არაფერი იცოდი. რა თქმა უნდა, შენ არგენტინა და მარადონა იცი, მაგრამ კამერუნის ფეხბურთელებში რაღაც ჯადოსნური იყო. ზაფხულის მზის ქვეშ ძალიან ცხელა, მაგრამ მათ მეკარეს შორტების ნაცვლად გრძელი სპორტული შარვალი ეცვა. გრძელი მწვანე პერანგი ვარდისფერი საყელოთი.. როგორ მოძრაობს, როგორ დგას, მისი ფანტასტიკური ულვაში.. მან შენი გული დაიპყრო..

ის ყველაზე მაგარი კაცია, ვინც ოდესმე გინახავს..

კომენტატორი ამბობს მის სახელს: თომას ნ’კონო !

შემდეგ მაგია..

არგენტინამ კუთხური ჩააწოდა. ნ’კონო კარიდან გამოვიდა, ბურთს მუშტები დაარტყა და 30 მეტრის მოშორებით გადააგდო. ეს იყო მომენტი, როცა გაიაზრე, რა გინდოდა ცხოვრებაში გეკეთებინა..

შენ არ გინდოდა ყოფილიყავი უბრალოდ მეკარე..

შენ გინდოდა ნ’კონოსნაირი ყოფილიყავი..

გინდოდა მამაცი, ველური და თავისუფალი ყოფილიყავი..

ყველაფერი აქ დაიწყო. კამერუნმა გაიტანა და სავარძლიდან წამოხტი. მთელი მეორე ტაიმი ფეხზე იდექი და ნერვიულობისგან ცუდად გახდი. კამერუნს ორი კაცი გაუძევეს.. ამ თამაშის ყურებისას გახდი ის, ვინც ახლა ხარ..

ტელევიზორის უკან დადექი, რადგან ყურება არ შეგეძლო. დროდადრო უკან ბრუნდები, რამდენიმე წამით მატჩს შეხედავ, მაგრამ ისევ უკან იხევ.. ბოლოს შენ დაინახე, რომ კამერუნელი ფეხბურთელები ზეიმობდნენ. პირდაპირ ქუჩაში გაიქეცი, სადაც შენი მეზობელი ორი შვილით დაგხვდა და გკითხეს: „ნახე რა ქნა კამერუნმა? ნახე?“

იმ დღეს შენში ცეცხლი გაჩნდა..

კამერუნი არის ადგილი, რომელიც არსებობს. თომას ნ'კონო არის ადამიანი, რომელიც არსებობს. შენ აჩვენებ მსოფლიოს, რომ ბუფონი არსებობს..

სწორედ ამიტომ გახდი ფეხბურთელი. არა დიდების ან ფულის გამო, არამედ ნ’კონოს არტისტულობის, სტილის და სულის გამო!

შენ ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეს: „ფული და დიდება არ არის მიზანი, თუ შენ სულზე არ ზრუნავ, თუ არ ეძებ შთაგონებას ფეხბურთის მიღმა ვერაფერს მიაღწევ. ერთი რჩევის მოცემა, რომ შემეძლოს, აუცილებლად გეტყოდი, რომ გარშემომყოფებით უფრო მეტად დაინტერესდი! ამით უამრავ გულისტკივილს გადაარჩენ. ასევე საკუთარ თავს და ოჯახს..

იყო მეკარე, ნიშნავს იყო გამბედავი! დიახ, ეს სიმართლეა..

მაგრამ გამბედაობა უცოდინრობას არ ნიშნავს ჯიჯი..

შენი დეპრესიის სიღრმეში რაღაც უცნაური და ლამაზი მოხდება.. ერთ დილას რუტინის დარღვევას გადაწყვეტ და ტორინოს ერთ-ერთ რესტორანში წახვალ სასაუზმოდ. გზად ხელოვნების მუზეუმს გაივლი..

გარეთ გამოკრულ სურათზე „შაგალი“ ეწერება..

ეს სახელი ადრეც გქონდა გაგებული, მაგრამ მისი ხელოვნების შესახებ არაფერი იცოდი..

საქმეები გაქვს..

გზაში უნდა იყო..

შენ ბუფონი ხარ..

მაგრამ ვინ არის ბუფონი?

რეალურად ვინ ხარ შენ?

იცი?

ეს ამ წერილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. იმ მუზეუმში იმ კონკრეტულ დღეს აუცილებლად უნდა შეხვიდე. ეს შენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება..

თუ მუზეუმში არ შეხვალ და გააგრძელებ ცხოვრებას, როგორც ფეხბურთელი და სუპერმენი, მაშინ ყველა გრძნობას სარდაფში ჩაკეტავ და შენი სული გაუარესდება..

მაგრამ თუ შიგნით შეხვალ შაგალის ასობით პორტრეტს დაინახავ. მათი უმეტესობა შენ არაფერს მოგიტანს, ზოგი კარგი იქნება და დაგაინტერესებს, ზოგიც კი საერთოდ არაფერს გეტყვის..

მაგრამ შემდეგ დაინახავ ერთ სპეციფიკურ ნახატს, რომელიც ელვისებურად გაგაბრუებს.. მას The Walk(სეირნობა) ჰქვია.

სურათზე კაცი და ქალი პარკში არიან და პიკნიკი აქვთ მოწყობილი, მაგრამ ყველაფერი ჯადოსნურია. ქალი ანგელოზივით მიფრინავს ცაში, ხოლო მამაკაცი მიწაზე დგას, მისი ხელი უჭირავს და იღიმის.

ეს ბავშვის ოცნებას ჰგავს..

ეს სურათი გადმოსცემს რაღაცას სხვა სამყაროდან. ბავშვური განცდა დაგეუფლება.. ბედნიერი და უბრალო იქნები..

ეს გაგახსენებს იმ გრძნობას, როდესაც ნ’კონომ არგენტინის ნაკრების ჩაწოდებული კუთხური გააუვნებელყო და ბურთი 30 მეტრის მოშორებით მუშტებით გადააგდო..

გრძნობა, როცა ბებია სამზარეულოში ფუსფუსებდა..

სიბნელეში, ტელევიზორის უკან ჯდომის შეგრძნება და ლოცვა კამერუნისთვის..

ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენ ადვილად დავივიწყებთ ამ გრძნობებს..

მეორე დღესვე უნდა დაბრუნდე მუზეუმში, ეს აუცილებელია..

ბილეთების ჯიხურში მყოფი ქალი სასაცილოდ გიყურებს და გეკითხება: „კი მაგრამ შენ გუშინ არ იყავი აქ?“

ყურადღება არ მიაქციო, დაბრუნდი შიგნით ! ეს ხელოვნება შენი საუკეთესო წამალია. როდესაც გონებას გახსნი, შინაგანი სიმძიმე, რომელსაც გრძნობ მოგეხსნება! როგორც ქალის ჰაერში აწევა შაგალის ნახატში..

ამ მომენტში წარმოუდგენელი ირონიაა. ხანდახან ვფიქრობ, რომ ცხოვრება ჩვენთვის უნდა დაიწეროს. იმდენი აუხსნელი და ლამაზი რამ დაგემართება, რომლებიც თითქოს პირდაპირ შენთან არის დაკავშირებული. ეს კი ერთ-ერთი მათგანია.

როდესაც „პარმას“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ, უცოდინარობის გამო ისეთ რაღაცას გააკეთებ, რაც სამომავლოდ გამოგადგება.. დიდი მატჩის წინ, შენ გააკეთებ ისეთ რამეს, რითიც თანაგუნდელებს აჩვენებ, რომ ლიდერი, მამაცი და მტკიცე ხასიათის ფეხბურთელი ხარ.

სათამაშო მაისურზე დაწერ შეტყობინებას, რომელიც სკოლაში სწავლის დროს მერხზე ამოტვიფრული დაგხვდა..

შენ დააწერ: „სიკვდილი მშიშარებს“

იფიქრებ, რომ ეს უბრალოდ სამოტივაციო განცხადებაა..

შენ არ იცოდი, რომ ეს ულტრამემარჯვენე ფაშისტების სლოგანი იყო..

ეს იქნება შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც შენს ოჯახს დიდ ტკივილს მოუტანს, თუმცა ეს შეცდომა მნიშვნელოვანია, რადგან შეგახსენებს, რომ ადამიანი ხარ! სამომავლოდ ფეხბურთი ბევრ რამეს მოგცემს, მაგრამ არასდროს უნდა დაგავიწყდეს, რომ შენ არაფრით განსხვავდები ელექტრიკოსისგან ან ბარში მომუშავე მიმტანისგან.

ეს არის ის, რაც დეპრესიიდან გამოგიყვანს. არ ჩაიბეჭდო, რომ განსაკუთრებული ხარ. გახსოვდეს, შენ ისეთივე ხარ, როგორიც ყველა.. 17 წლის ასაკში ამას ვერ მიხვდები, მაგრამ გპირდები, რომ ნამდვილი სიმამაცე სისუსტის გამოვლენაა და ამისი არ უნდა შეგრცხვეს!

შენს ცხოვრებაში იმდენი რამე გელოდება, რომ ახლა ამის სანახავად ძალიან ახალგაზრდა და გულუბრყვილო ხარ. მე მხოლოდ იმას ვნანობ, რომ გაცილებით ადრე არ გახსენი შენი გონება სამყაროსთვის.. 44 წლის ასაკში ამ შინაგან წვას მაინც იგრძნობ. ბოდიში ამას, რომ ვამბობ, მაგრამ მაინც არ იქნები ბოლომდე კმაყოფილი. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაც კი ვერ დაგიმშვიდებს სულს.. შენს კარიერას მაინც რაღაც დააკლდა..

გახსოვს, როცა უდინეში ბიძასთან წახვედი? მაშინ ზამთარი იყო და ძალიან ციოდა.. ეს ის მოგონება ხომ არ არის, რომელსაც მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები იხსენებენ? მაშინ 4 წლის იყავი და მთელი ღამე თოვდა. იმ დღემდე თოვლი ნანახი არ გქონდა. გაიღვიძე, ფანჯარაში გაიხედე და მთელი ქვეყანა თეთრი იყო. თითქოს ეს სიზმარს ჰგავდა..

გარეთ პიჟამათი გაიქეცი და ვერც კი გაიაზრე, რომ ეს თოვლი იყო. ერთი წუთითაც კი არ გიყოყმანია.. გახსოვს რა გააკეთე?

პირდაპირ თოვლში გადახტი..

ბებია ყვიროდა: „ჯანლუიჯი არააააააააააააააააააააა“

მთლიანად სველი იყავი და იღიმებოდი..

საბოლოოდ, მთელი კვირა სიცხე გქონდა..

მაგრამ არაფერი გინანია..

ეს არის ის, ვინც ხარ..

შენ ბუფონი ხარ..

შენ აჩვენებ მსოფლიოს, რომ არსებობ..!“

გაზიარება: