ჩემპიონთა ლიგა, მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„გუნდის შემართება უცვლელია, ზეწოლა კი კიდევ უფრო დიდი“ - ანჩელოტი „სიტისთან“ მატჩზე

26 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

შეხვედრის დაწყებამდე 1 დღით ადრე, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ანჩელოტიმ

„ისტორია, რომელიც მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე აქვს, ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ბევრად მეტს, ვიდრე ჩვენი მეტოქეებისთვის. ბოლო წლებში ეს ისტორია კიდევ უფრო გაიზარდა, რაც მოთამაშეებს მაისურის სიმძიმის გრძნობაში კიდევ უფრო ეხმარება.

გუნდის შემართება უცვლელია, ზეწოლა კი კიდევ უფრო დიდი. რა თქმა უნდა აქ ყოფნით ბედნიერები ვართ, მაგრამ როგორც წესი, ჩვენთვის ნახევარფინალში გასვლა წარმატებად ვერ ჩაითვლება, რადგან მუდმივად ფინალისკენ ვისწრაფვით, ესაა წარმატებაც და მიზანიც.

ბუნებრივია, ყველაფერი სანტიაგო ბერნაბეუზე გადაწყდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმატების მისაღწევად შეიძლება 180 წუთი იყოს საჭირო, ან უფრო მეტიც. სასიამოვნოა, რომ ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ის ფაქტი, რომ ჩვენს პირისპირ საკმაოდ ძლიერი გუნდი იქნება არ გვაშფოთებს. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ძალიან რთული მეტოქეები გვყავდა, რომლებსაც ტურნირის მოგებასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ნახევარფინალში ჩვენ გავედით“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება სამშაბათს, საქართველოს დროით 23:00 საათზე „ეტიჰედ სთედიუმზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ სიტი v მადრიდის რეალი - მატჩის წინ
მანჩესტერ სიტი v მადრიდის რეალი - მატჩის წინ