Aa Aa
4 მარტი 2021  |  20:40

ამ სქემას კრუიფიც იყენებდა: 2 მომენტი - როცა დეტალები შესამჩნევი გახდა

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში „ბარსელონამ“ „სევილიას“ 0:2 შემოუტრიალა და მორიგი დასამახსოვრებელი „ქამბექი“ შემოგვთავაზა, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

ეს მოგება რონალდ კუმანის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პსჟ-სთან საშინაო მარცხის შემდეგ ბევრი თვლიდა, რომ „ბარსასთვის“ სეზონი უკვე დასრულებული იყო.

ამ გამარჯვებამ კუმანის ბიჭებს რწმენა და თავდაჯერება შემატა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, დღეს მინდა „ბარსა“ – „სევილიას“ ბოლო 2 შეხვედრაზე გესაუბროთ. კატალონიელებმა ჯერ ლა ლიგაში, შემდეგ კი თასზე ხულენ ლოპეტეგის ძალიან დაბალანსებულ და საკმაოდ შეკრულ კოლექტივს 5 გოლი გაუტანა და თავად ერთიც არ მიუღია. როგორც მოხდა ეს? როგორ შეძლო მთელი სეზონის განმავლობაში დაცვაში საშინლად მოთამაშე „ბარსელონამ“ მიჯრით ორი ასეთი დონის მატჩის ჩატარება? ერთმა გადაწყვეტილებამ, ერთმა ტაქტიკურმა მანევრმა, „ჭადრაკის დაფაზე“ 1-2 ფიგურის გადაადგილებამ შესაძლოა მთელი სცენარი შენს სასიკეთოდ შეცვალოს. ჩვენც სწორედ ეს ვიხილეთ.

მთავარი კადრი - 120 წუთიანი დრამის შემდეგ

სანამ უშუალოდ ტაქტიკურ განხილვაზე გადავალ მინდა ციფრებსაც შევხედოთ.

„სევილიასთან“ შეხვედრამდე, ლა ლიგისა და კოპა დელ რეის ეგიდით გამართული ბოლო 10 მატჩიდან „ბარსელონამ“ გოლი მხოლოდ 2-ში არ გაუშვა და ორივე მათგანი უსუსტეს „ელჩესთან“ იყო. დანარჩენ 8 შეხვედრაში კუმანის გუნდმა 15 გოლი გაუშვა, რაც საშინლად ცუდი სტატისტიკაა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი თავის შეცდომას გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა და სათამაშო სქემა სწორედ ამის შემდეგ შეცვალა. ბოლო ორ მატჩში „ბარსამ“ საკმაოდ სტაბილურ და დალაგებული დაცვის მქონე სევილიას 5 უპასუხო გოლი გაუტანა.

რაც შეეხება „სევილიას“, ლოპეტეგის გუნდს ლა ლიგისა და კოპა დელ რეის ეგიდით გამართულ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გაშვებული - ბურთების შეფარდება 20-1-ზე.

აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ხულენ ლოპეტეგის გუნდი არც ისე მარტივი დასამარცხებელია. მიუხედავად იმისა, რომ ანდალუსიელებმა ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდთან“ შინ 2:3 დათმეს, 2-ბურთიანი ფორით მყოფი „დალაქების“ დამარცხება და მიჯრით ორ შეხვედრაში მათთვის 5 გოლის გატანა ურთულესი საქმეა. ეს მხოლოდ სწორი ტაქტიკითა და უდიდესი ძალისხმევის შედეგად არის შესაძლებელი.

სქემის ცვლილება - დემბელე, პრესინგი და სხვა დეტალები

კუმანმა მიმდინარე სეზონში გუნდში თავისი სქემა დანერგა - 4-2-3-1, თუმცა ბევრმა ტრავმიანობამ და იძულებითმა ექსპერიმენტებმა ნიდერლანდელს საქმე გაურთულა. „ბარსას“ თამაშს დაღი ყველაზე მეტად მცველების მოსაკლისებამ დაასვა.

ამ სეზონში ბევრი ისეთი მატჩი იყო, როდესაც გუნდმა ქულები უწყინარ სიტუაციაში კონკრეტულად რომელიმე მცველის ინდივიდუალური შეცდომის შედეგად დაკარგა.

„სევილიასთან“ ჩატარებულ ამ ორ მატჩამდე კუმანის გუნდს სეზონში არცერთი პრინციპული დაპირისპირება არ ჰქონდა მოგებული.

პსჟ-სთან შეხვედრის წინ აშკარა იყო, რომ „ბარსა“ 4-2-3-1 სქემით მბაპესთან და კომპანიასთან დიდი საფრთხის წინაშე დადგებოდა. მოლოდინი გამართლდა - კუმანის გუნდმა უშანსოდ 1:4 წააგო.

„ბარსელონა“ - პსჟ-ს მატჩის შემდგომ ანალიზში ვახსენე, რომ ასეთი სუსტი დაცვის მქონე გუნდს პარიზელების წინააღმდეგ 3 ცენტრალური მცველით უნდა ეთამაშა, რათა უკანა ხაზში არსებული „ორპირი ქარი“ როგორმე შეემაგრებინათ.

კუმანი შეცდომებზე გვიან სწავლობს, მაგრამ რაც მთავარია გაკვეთილს ითვისებს და მან ეს ყველაფერი „სევილიას“ წინააღმდეგ გაითვალისწინა. შემადგენლობაში 1 ცენტრალური მცველის დამატებამ „ბლაუგრანა“ ძალიან დააბალანსა და გუნდს პრესინგის თამაში გაუმარტივა.

აღსანიშნავია, რომ კუმანისთვის ეს სქემა ნაცნობია. ფეხბურთელობისას იგი კრუიფის „დრიმ თიმის“ წევრი იყო და 1991-92 წლების სეზონში ლეგენდარული ნიდერლანდელი 3-მცველიან განლაგებას ხშირად იყენებდა.

გადავიდეთ დემბელეზე, რომელიც კუმანმა ფლანგს მოაშორა, რის შემდეგაც მას გაცილებით ნაკლები კრეატიული გადაწყვეტილების მიღება უწევდა. მწვრთნელმა ის ამ მოვალეობისგან გაათავისუფლა. უსმანს მნიშვნელოვან მომენტებში კრეატიულად აზროვნების დიდი პრობლემა აქვს და ხშირად მისი დრიბლინგი გაუაზრებელი გადაწყვეტილებით სრულდება ხოლმე.

კუმანმა ფრანგი ცენტრფორვარდად შეწია და აქცენტი მის სისწრაფეზე გააკეთა.

ნაკლები წნეხის ქვეშ მყოფმა დემბელემ „სევილიას“ ორივე შეხვედრაში გაუტანა. მისმა სისწრაფემ კი ანდალუსიელთა უკანა ხაზს პრობლემები ნამდვილად შეუქმნა.

2 მომენტი - როცა დეტალები შესამჩნევი გახდა

„ბარსამ“ სახიფათო მომენტი შეხვედრის საწყის წუთებშივე შექმნა, რა დროსაც დავინახეთ, რომ „სევილიას“ ამჯერადაც ძალიან გაუჭირდებოდა.

უფრო მარტივად რომ ავხსნა, პოზიციური შეტევისას „ბარსას“ განლაგება ასეთი იყო: ალბა და დესტი ფლანგებზე წინ იწევდნენ და მაქსიმალურად აუტის ხაზთან ახლოს მოქმედებდნენ, რომ მეტოქის დაცვა გაშლილიყო. მათ ვიდალისა და აკუნიას ყურადღება მარტივად მიიპყრეს. ამ მომენტში მესი ცენტრში სიღრმიდან მოქმედებს. არგენტინელს მუდამ 2-3 კაცი მეურვეობს, ამჯერადაც ლეოს ასაყვანად დიეგო კარლოსმა ცენტრისკენ აიწია და უკან სივრცე დატოვა, რომელშიც დე იონგი შეიჭრა.

სურათი ასეთია: მესის 3 კაცი მეურვეობს, ერთი კი პედრის - შედეგად მეტოქის დაცვაში სივრცე ჩნდება. ბურთს პედრი იღებს და მას 2 არჩევანი აქვს: გადააწოდოს მარტო მყოფ დე იონგს, ან ზუსტი პასით დემბელეს სისწრაფე გამოიყენოს, რომელიც კუნდესთან ერთი-ერთზეა დარჩენილი.

პედრი არჩევანს დემბელეზე აკეთებს, უსმანი მეტოქეს სისწრაფეში ჩაგრავს, მაგრამ დარტყმა არაზუსტია (ამ მომენტში ფრანგს გასწვრივ დე იონგის დანახვა შეეძლო და გოლი გარდაუვალი იქნებოდა, თუმცა მის საფეხბურთო ინტელექტზე ზემოთ უკვე ვისაუბრე...). საბოლოოდ, ალეიშ ვიდალმა დაზღვევაზე დროულად გადმოსვლა ვერ შეძლო, რადგან თვალყური ალბაზე ეჭირა. ამ მომენტში თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ანგარიში გახსნილიყო.


„ბარსასთვის“ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მომენტების გამოუყენებლობაა. ამჯერადაც, კუმანის გუნდმა ბევრი საგოლე შანსი შექმნა, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვერ შეძლო. დროის გასვლასთან ერთად მწვრთნელს გარისკვა და ერთი მცველის მოხსნა მოუხდა.

კუმანმა დესტი გაიყვანა, რომელიც არც ისე დამაჯერებელი იყო, მაგრამ ამერიკელს საჭირო სისწრაფე აქვს, რომლითაც ცენტრალური მცველების დაზღვევას ახერხებს ხოლმე.

დესტმა მოედანი 63-ე წუთზე დატოვა, მარჯვენა მცველად კი მინგესამ გადაიწია, რომელსაც კარიერაში შესაძლოა საუკეთესო თამაში ჰქონდა, მაგრამ ფლანგის მცველის კვალობაზე ის არც ისე სწრაფია.

ამ მომენტით კარგად ისარგებლა ლოპეტეგიმ, რომელმაც პარალელურად თამაშში ლუკას ოკამპოსი ჩართო და მარცხენა ფლანგიდან თამაში გაამწვავა.

67-ე წუთზე მინგესა ოკამპოსთან ერთი-ერთზე ბრძოლას აგებს და ყვითელ ბარათს იღებს. 73-ე წუთზე კონტრშეტევა ოკამპოსზე პასით გრძელდება, მინგესამ არგენტინელთან ბრძოლა მეორედაც წააგო, თუმცა ამჯერად დარღვევა საჯარიმოში იყო, რაც პენალტით დასრულდა.


დიახ, ამ მომენტში „ბარსას“ მთელი დაცვა ჩავარდა, მაგრამ ფაქტია, რომ 3 ცენტრალური მცველით თამაშისას, როცა ფლანგიდან დაზღვევაზე დესტი თამაშობდა, „დალაქებმა“ მსგავსი სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს. ამჯერად კი ეს გამოუვიდათ.

„ბარსას“ ტერ შტეგენმა უშველა და პენალტი მოიგერია. ამ მომენტში უკვე ცხადი იყო (პირადად ჩემთვის), რომ კატალონიელები მეორეს აუცილებლად გაიტანდნენ. 78-ე წუთზე კუმანმა მინგესა გამოცვალა და დაცვის მარჯვენა ფლანგზე ფირპო დააყენა, რომელმაც საკმაოდ კარგად ითამაშა. „სევილიას“ ამის შემდეგ სახიფათოდ აღარ შეუტევია.

ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3-1-4-2 სქემით თამაშისას „ბარსელონას“ უკანა ხაზში საკმაოდ მცირე სივრცეები რჩება. ნახევარდაცვა განაპირა მცველებთან ერთად პრესინგზე გაცილებით თამამად მიდის, რომლის შედეგი ასეთია - გუნდი თავის დაცვას საკუთარი კარიდან მაქსიმალურად შორს ახერხებს, მეტოქეს კი შესატევად არც ისე ბევრი ვარიანტი რჩება.

კუმანი მეტ ნდობას იმსახურებს

რონალდ კუმანი ექსტრაკლასის მწვრთნელი არ არის, ის არც გვარდიოლაა და არც კლოპი, მაგრამ მას „ბარსელონა“ ძალიან უყვარს, მის საქმეში მთელს სულს და გულს დებს. მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანილი და საკმაოდ კარგად ათამაშებული ნიდერლანდების ნაკრები მიატოვა, რადგან „ბარსას“ გაწვრთნის შანსი ჰქონდა.

ასეთ რამეს რამდენი მწვრთნელი იზამდა? ბევრი არა.

კუმანის ხელში არც ისე დიდი რესურსია. რაც აქვს, ისიც მის ხელში სრულად არ არის. უამრავი ტრავმა, 3-0-ზე, 4-0-ზე და 8-2-ზე განადგურებული გუნდი, რომელსაც თავისივე პრეზიდენტი „ბოტების ქარხნით“ ებრძოდა, ლანძღავდა და სოციალურ ქსელებში როცა მოუნდებოდა მაშინ აკრიტიკებდა - კუმანმა ძალიან, ძალიან, ძალიან არასახარბიელო და რთულ მომენტში გუნდის ჩაბარების სურვილი გამოთქვა და თავისივე საათივით აწყობილი ნიდერლანდების ნაკრებიდან წამოვიდა.

როგორც მინიმუმ ეს კაცი მეტ პატივისცემას და ნდობას იმსახურებს.

მიმდინარე სეზონში კუმანის მხრიდან ტაქტიკურად რამდენიმე თვალშისაცემი შეცდომა ვნახეთ, თუმცა ამ ფორმაციის „ბარსა“, რომ მის მიერ დაკომპლექტებული გუნდი არ არის, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.

შესაძლოა ნიდერლანდელი ზაფხულში პოსტიდან დაითხოვონ, ეს საერთოდ არ გამიკვირდება, თუმცა პირადად მე, კუმანის აწყობილი და შესაბამისად დაკომპლექტებული „ბარსელონას“ თამაშს სიამოვნებით ვნახავდი.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში