ელ გუახე - ბიჭი, რომელმაც მამის ოცნება რეალობად აქცია
Aa Aa

ელ გუახე - ბიჭი, რომელმაც მამის ოცნება რეალობად აქცია

ესპანეთის ქალაქ ლანგრეოსთან მდებარე პატარა სოფელ ტულიაში, მეშახტის ღარიბ ოჯახში 1981 წლის 3 დეკემბერს ბიჭი გაჩნდა, რომელსაც დავიდი დაარქვეს.

მშობლები მეორე გოგოს შეძენას ელოდნენ და საამისოდ ემზადებოდნენ, თუმცა მოლოდინი სხვა აღმოჩნდა - ოჯახს პატარა ბიჭი შეეძინა, რომელმაც ესპანური ფეხბურთის ისტორიაში თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა.

პატარა დავიდის მამა ფეხბურთზე უზომოდ იყო შეყვარებული, თუმცა მის მეუღლესა და ქალიშვილს სპორტი საერთოდ არ აინტერესებდათ. ბიჭის შეძენისას მან დაიყვირა - „ის ჩემი პატარა ფეხბურთელი გახდება“.

მამამ დავიდს ფეხბურთისადმი მთელი თავისი სიყვარული გადასცა და მას იქამდე ედგა გვერდში, იქამდე უმყარებდა რწმენას და აძლევდა მოტივაციას, სანამ პროფესიონალი ფეხბურთელი არ გახდა.

ფეხის მოტეხვიდან, ფეხის მოტეხვამდე - ყველაფერი ამით დაიწყო და მსგავსადაც დასრულდა...

16 წლის ასაკში ვილიას უნდა გადაეწყვიტა სწავლას გაყვებოდა, თუ ფეხბურთს. უკვე იმ ეტაპზე იყო, რომ ორივე ერთად ვეღარ ესწრებოდა. მას ცხოვრებაში პირველი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუხდა.

დავიდი დედასთან მივიდა და უთხრა: "დედა, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში შევეცდები ფეხბურთელი გავხდე, ხოლო, თუ არაფერი გამომივიდა გპირდები, რომ სკოლაში დავბრუნდები და სწავლას გავაგრძელებ".

ამ დღიდან 6 თვის შემდეგ, ვილიამ თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა და უკვე ცხადი იყო, რომ მისი გზა დიდი ფეხბურთისკენ მიდიოდა...

დავიდის ცხოვრება კიდევ ერთი ლამაზი, ღრმა და დასამახსოვრებელი საფეხბურთო ისტორიაა, რომელსაც 2 მძიმე ტრავმა თან სდევს. შეგვიძლია მისი კარიერა ფეხის მოტეხვიდან, ფეხის მოტეხვამდე დავყოთ. ყველაფერი სწორედ ამით დაიწყო და მსგავსადაც დასრულდა.

„ბავშვები ფეხბურთს ყველგან ვთამაშობდით სადაც შეგვეძლო - ქუჩებში, სკვერებში და ავტოსადგომებზე. როცა 4 წლის ვიყავი თამაშისას დავეცი, ზედ ჩემზე უფროსი ბიჭი დამეცა და ფეხი მოვიტეხე.

ექიმებმს ჩემი ნახვის შემდეგ დიდი იმედი არ ჰქონდათ. სხვა გზა არ იყო, ერთი ფეხი მოკლე უნდა მქონოდა, თუმცა ამ რეალობას მამაჩემი არ შეეგუა და ყველაფერი გააკეთა, რომ გამოსავალი ეპოვა.

მან სხვა ექიმი მოძებნა, რომელსაც ჰქონდა თეორია. საავადმყოფოში დამაწვინეს, ფეხებზე საწონები ჩამომკიდეს და ასე მკურნალობდნენ. პროცესი ძალიან რთული იყო, თუმცა ეს აუცლებელი გახლდათ, რათა ძვალი გაზრდილიყო.

გამოჯანმრთელების შემდეგ ფეხბურთის თამაში გავაგრძელე. ტრავმის შემდეგ ორივე ფეხით თამაშს ვეჩვეოდი. მამაჩემმა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. ის არამხოლოდ მამა, არამედ მეგობარი იყო“.

დავიდმა ფეხი თავისი კარიერის გარდამავალ ეტაპზე კიდევ ერთხელ მოიტეხა. შემდგარი ვარსკვლავი, ქვეყნის ლეგენდა და დიადი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი - არც ისე მნიშვნელოვან მატჩში დაეცა, მაგრამ წამოდგომისას უკვე ის „ელ გუახე“ აღარ იყო, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით... ამაზე ვრცლად უფრო ქვემოთ ვისაუბრებ...

„ელ გუახე“ - როგორ შეიქმნა ვილიას ზედმეტსახელი

დავიდის დაუღალავი შრომა, ეთიკა, მისი უნარები აძლევდა საშუალებას, რომ მასზე უფროს ბიჭებთან ერთად ევარჯიშა. სწორედ მაშინ შეარქვეს დავიდს ეს ზედმეტსახელი "ელ გუახე", ანუ ბავშვი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე მოედანზე, ასევე ქუჩაშიც.

„კარგად მახსოვს, ფეხის მოტეხვის შემდეგ მამაჩემი ვარჯიშს როგორ მაძალებდა. ის ძალიან დამეხმარა, რომ მარცხენა ფეხით კარგად დარტყმა მესწავლა, რადგან მარჯვენა ფეხზე დიდი ტრავმა მქონდა გადატანილი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა მშობლებმა დანებების უფლება არ მომცეს“.

დავიდის ცხოვრებაში მამის როლი განუსაზღვრელად დიდი იყო და ამას თავადაც ხაზგასმით აღნიშნავს:

„მას ფეხბურთზე დავყავდი, უყურებდა ჩემ ვარჯიშებს და საჭირო რჩევებს მაძლევდა. მის გარეშე დავიკარგებოდი. რასაც მივაღწიე, ეს მთლიანად მისი დამსახურებაა.

მარტო ნიჭით წარმატებული ვერასდროს გახდები. ყველაფერი ამისთვის დიდი შრომა არის საჭირო. ეს მამაჩემმა მასწავლა...“

ვარსკვლავი, რომელსაც მეტად უნდა ვაფასებდეთ

დავიდ ვილიამ მსოფლიოს თავი „სარაგოსაში“ კარგი თამაშის შემდეგ გააცნო. მის მიმართ დაინტერესება პირველმა „ვალენსიამ“ გამოიჩინა. „ღამურებმა“ გამოსასყიდიც გადაიხადეს - 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ელ გუახე“ „მესტალიაზე“ გადავიდა.

220 მატჩი, 127 გოლი - ვილიას შედეგი შთამბეჭდავი იყო, თუმცა მან და „ვალენსიამ“ მხოლოდ სამეფო თასის მოგება შეძლეს.

ძალიან სიმპათიური და საკმაოდ ძლიერი „ლოს ჩე“ „ბარსელონასა“ და „რეალს“ დიდ წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა, როგორც ეს რაფაელ ბენიტესის ფორმაციის გუნდის დროს იყო.

ვილიამ „მესტალიაზე“ 5 სეზონი გაატარა, რაც აშკარად ზედმეტი იყო. მას წასვლა ადრეც შეეძლო, თუმცა ფეხბურთში ასე ხშირდა ხდება ხოლმე.

2009 წელს „ბარსელონამ“ „ვალენსიასთან“ ხანგრძლივი მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანა და ვილიას გაფორმება ვერ მოახერხა. ესპანელის სანაცვლოდ კატალონიელებმა აქცენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩზე გააკეთეს.

თანხას პლუს ეტოო - „ბარსელონას“ ცუდად გამოუვიდა. თავისი ლეგენდა ზლატანის გარიგებაში ჩართეს და „ინტერს“ ფაქტობრივად ხურდაში გაატანეს.

2009-2010 წლების სეზონში პეპ გვარდიოლამ უკვე იცოდა, თუ რა წარმატებულად მუშაობდა მისი ახალი სქემა, რომელშიც მესი ცრუ ცხრიანად თამაშობდა, მაგრამ ეს შეუძლებელი ხდებოდა, როცა მოედანზე ზლატანი იყო.

სწორედ ამიტომ უნდოდა გვარდიოლას ვილიას გაფორმება, რადგან ესპანელი მის სქემაში იდეალურად ჯდებოდა. მას 9 ნომრად და მარცხენა გარემარბად თამაში თანაბრად კარგად გამოსდიოდა. დავიდი არის ის, ვინც დღეს „ბარსას“ და მესის აკლიათ - უნივერსალი, „ცივსისხლიანი მკვლელი“, რომელიც ლეოს შექმნილ მომენტებს დააგვირგვინებს.

ჩემი აზრით, ვილია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფორვარდია. დიახ, მას სუპერვარსკვლავის სტატუსი ჰქონდა, მოიგო ყველაფერი, მაგრამ ფეხბურთზე საუბრისას, კამათისას, შედარებებისას მას ძალიან იშვიათად თუ ახსეებს ვინმე.

„ელ გუახემ“ ყველაფერი მოიგო, რაც შეიძლება ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერისას ინატროს. და ეს არ ყოფილა უბრალოდ ტიტულები - ვილიამ მისი გუნდების მიერ მოპოვებულ ტრიუმფებში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა.

დუბლი ლეგენდარულ „ელ კლასიკოში“ (5-0), გოლი ჩემპიოთა ლიგის ფინალში „უემბლიზე“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში, გამარჯვების მომტანი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში (პორტუგალიასთან) და მეოთხედფინალში (პარაგვაისთან), ევრო 2008-ის ბომბარდირი - ეს ვილიას მნიშვნელოვანი კარიერული გოლების არასრული ჩამონათვალია. გარდა ამისა, მას უამრავი უმაღლესი დონის შეხვედრა აქვს ჩატარებული და დღემდე, ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია (59 გოლი).

დავიდის კარიერა ამტკიცებს იმას, რომ ის არამხოლოდ ექსტრაკლასის ფორვარდი, არამედ ეგრეთწოდებული „დიდი მატჩების“ ფეხბურთელიც იყო.

მისი კარიერა და სახელი 2 რამის გამო არ არის უფრო დიდი - პირველი: რაზეც უკვე ვისაუბრე, ვილიამ „ვალენსიადან“ გრანდში გადასვლა ცოტათი დააგვიანა. მას საკლუბო დონეზე უმაღლესი მიზნებისთვის გაცილებით ადრე უნდა ებრძოლა. მეორე: ფეხის მოტეხვის შემდეგ, მასში ის ცეცხლი ჩაქვრა, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი აღტაცემაში მოჰყავდა.

ბოლოს მინდა ვილიას კარიერის ამ მძიმე მონაკვეთზე საუბრით დავასრულო.

ყველაფერი ამით დაიწყო და მსგავსადაც დასრულდა...

ვილიამ 2011-12 წლების სეზონი ჩვეულ სტილში დაიწყო. იყო აგრესიული, ეფექტური, გაჰქონდა ლამაზი გოლები. მესი-ვილია-პედროს ტრიო მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდა.


2011 წლის მიწურულს დეკემბერში, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვილიამ „ალ სადის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ფეხი მოიტეხა. დავიდი იმ მომენტში 30 წლის იყო.


მისი გოლები „ბარსასთვის“ შეუფასებელი მნიშვნელობის იყო. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსისთან“ გვარდიოლას გუნდს, სწორედ ვილიას მსგავსი „ცივსისხლიანი მკვლელი“ დააკლდა, რომ უამრავი გაფუჭებული შანსიდან 1 მაინც გოლად ექციათ...

„ელ გუახემ“ „ბარსელონაში“ თავისი ბოლო სეზონი 2012-2013 წლებში ჩაატარა. იყო ლამაზი მომენტები, რომლებიც ესპანელის უსაზღვრო კლასს კიდევ ერთხელ გვანახებდა, თუმცა ეს უკვე ის ვილია აღარ იყო, რომელსაც ფეხის მოტეხვამდე ვიცნობდით.

დავიდს სეზონის შუაწელს მშრალი სერია ჰქონდა. ცუდ ფორმაში იყო და თავის შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენდა. ამ დროს კი „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი „სან სიროზე“ „მილანთან“ 0:2 წააგო, რასაც არავინ ელოდა.

განმეორებითი დაპირისპირება და ეგრეთწოდებული „Remuntada”.

“ელ გუახეს“ ამ გოლმა „სისხლის გემო“ გაახსენა. მისმა ემოციებმა ყველაფერი თქვეს, აქ კომენტარი ზედმეტი იყო...


სუპერვარსკვლავი, ესპანური ფეხბურთის ლეგენდა და დიადი „ბარსას“ ერთ-ერთი ლიდერი - არც ისე მნიშვნელოვან მატჩში დაეცა, მაგრამ წამოდგომისას უკვე ის „ელ გუახე“ აღარ იყო, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით.

ვილიამ „ბარსას“ შემდეგ „ატლეტიკოშიც“ ჩინებულად ითამაშა, ლა ლიგაც მოიგო, თავისი კლასის დემონსტრირებას ყველგან და ყოველთვის ახდენდა, მაგრამ მასში ის ცეცხლი აღარ ენთო, რომელმაც თავის დროზე ყველანი მოგვნუსხა.

მისი სათამაშო სტილის და იმ ყველაფრის გამო, რასაც ვილიამ თავის კარიერაში მიაღწია, მას ფეხბურთზე კამათის დროს და შედარებებისას ყოველთვის გავიხსენებ და შევეცდები მის მხარეს ვიდგე, რადგან თავის დროზე ის ფეხბურთის მხარეს იდგა.

გაზიარება: