გრიკ ფრიკის აღზევება - გზა სიღარიბიდან სუპერმაქსიმალურ კონტრაქტამდე
Aa Aa

გრიკ ფრიკის აღზევება - გზა სიღარიბიდან სუპერმაქსიმალურ კონტრაქტამდე

„ეს ჩემი სახლია, ეს ჩემი ქალაქია. დალოცვილი ვარ კიდევ 5 წლის განმავლობაში მილუოკი ბაქსის წევრი რომ ვიქნები. მოდი, ეს წლები ეფექტურად გამოვიყენოთ. შოუ გრძელდება“. „მილუოკი ბაქსში“ შოუ ნამდვილად გრძელდება. ახლახან იანის ანტეტოკოუნმპომ გუნდთან სუპერმაქსიმალური კონტრაქტი გააფორმა და ვისკონსინელებს საკუთარი მომავალი კიდევ 5 წლით დაუკავშირა.

„გრიკ ფრიკისა“ და „მილუოკის“ შეთანხმებას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ქომაგთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც „ბაქსს“ მიღებული გადაწყვეტილება დაუწუნეს. დღეს, „მილუოკის“ მიერ გაკეთებულ არჩევანზე საუბარს არ ვაპირებ, დღეს მინდა, იმ გზაზე გესაუბროთ, რომელიც ბერძენმა კალათბურთელმა ზემოთ ხსენებულ კონტრაქტამდე მისასვლელად გაიარა.

ბიჭი, რომელსაც კალათბურთი არ უყვარდა

2006 წელს, 11 წლის ანტეტოკოუნმპო ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე საბერძნეთისა და აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართულმა მატჩმა მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია.

„კალათბურთის თამაში 2007 წელს დავიწყე. იმ შეხვედრას რაც შეეხება, მაშინ პატარა ტელევიზორი გვქონდა, რომლის შესაძენადაც ბევრი მუშაობა დაგვჭირდა და მამაჩემი მისით ძალიან ამაყობდა. მახსოვს, სოფოკლის სხორციანიტისი, რომელიც უზარმაზარი იყო და მის თამაშს თვალს ვერ ვწყვეტდი.

მანამდე კალათბურთი საერთოდ არ მიყვარდა. ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი და მინდოდა, ტიერი ანრის მსგავსი მოთამაშე გამოვსულიყავი. არასდროს დამავიწყდება მაშინ ამერიკა როგორ დავამარცხეთ, მაგრამ ნაკრების წარმატებაზე კი არა, საერთოდ სხვა რამეზე ვფიქრობდი - „აი, შავკანიანი ბიჭი, რომელიც გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც შეგვიძლია პროფესიონალი სპორტსმენები გავხდეთ და საბერძნეთის ეროვნულ გუნდში ვითამაშოთ“. მაშინ პირველად ვირწმუნე, რომ ამის გაკეთება შემეძლო და ეს სოფოკლისის დამსახურებაა. ის ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ის შესანიშნავი ბიჭი იყო, რომელიც საბერძნეთში მცხოვრებ შავკანიან ახალგაზრდებს ოცნების საშუალებას აძლევდა. 12 წლის ასაკში კალათბურთით დავკავდი, თუმცა კალათბურთის თამაში ყოველდღიურად დაახლოებით 15 წლის ასაკში დავიწყე, რადგან მანამდე ეს სპორტი არ მიყვარდა“.

იანისი და NBA-ის სკაუტები

„იანისის დონის დადგენა ურთულესი რამ იყო. იგი ნახევრად სამოყვარულო ლიგაში ასპარეზობდა. მის წინააღმდეგ ასაკოვანი და ჭარბწონიანი 40 წლის კაცები გამოდიოდნენ, რომლებსაც შესვენებისას სუნთქვა უჭირდათ. მიუხედავად ამისა, ანტეტოკოუნმპო ნამდვილად არ ბრწყინავდა და საშუალოდ 9 ქულასა და 5 მოხსნას აგროვებდა. მას ჩავარდნებიც ხშირად ჰქონდა და თუ სწორად მახსოვს, სეზონის ბოლო შეხვედრაში, რომელიც მაშინ მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო, 4 ქულა დააგროვა და პერსონალური ფოლების გამო პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუწია. სკაუტებმა, რომლებიც მატჩზე იმყოფებოდნენ, ყველაფერი საკუთარი თვალით იხილეს და ატირებული იანისიც ნახეს. მის გარშემო სკეპტიციზმი სწორედ ამ მომენტის შემდეგ გაჩნდა“. - იხსენებს „ბოსტონის“ საერთაშორისო სკაუტინგის დირექტორი, რაიან მაკდონა.

ანტეტოკოუნმპომ NBA-ის დრაფტის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. იგი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშზე ოცნებობდა და ვარაუდობდა, რომ ამისთვის საზაფხულო ლიგაზე ან რაიმე სახის სპეციალურ სინჯებზე მოუწევდა წასვლა.

„დღესდღეობით ევროპელი კალათბურთელები NBA-ის გუნდების რადარზე ფიბას ეგიდით გამართული ტურნირებისა ან Nike Hoop Summit-ის საშუალებით ხვდებიან. იანისს ეს ფუფუნება არ ჰქონია და NBA-ის სკაუტებს მისი აღმოჩენა გაუჭირდათ, რადგან ისინი საბერძნეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონს თვალს ნამდვილად არ ადევნებენ“, - აცხადებს ESPN-ის ანალიტიკოს ჯონათან გივონი.

გამომდინარე აქედან, გასაკვირი სულაც არ ყოფილა, რომ ანტეტოკოუნმპოს არ სჯეროდა მის მატჩებს NBA-ის სკაუტები რომ ესწრებოდნენ. „ჩემთან უცხო ადამიანები მოდიოდნენ და რაღაცებს მეკითხებოდნენ. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და ჩემს თავს ვეუბნებოდი: „იქნებ მატყუებენ“? თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ სკაუტები ფაქტობრივად ყველა ვარჯიშს ესწრებოდნენ და დროთა განმავლობაში ამას შევეგუე“.

ურთულესი ბავშვობა - ბიჭი, რომელსაც ხანდახან საჭმელიც არ ჰქონდა

„გრიკ ფრიკის“ გზა, რომელიც მან NBA-ში მოსახვედრად გაიარა, ურთულესი აღმოჩნდა. იანისი უკიდურეს სიღარებიში გაიზარდა და იყო შემთხვევები, როცა მთელი დღე მშიერი რჩებოდა.

„იანისი ყოველდღე ფეხით თითქმის 6-8 კილომეტრს გადიოდა, რათა ფილათლიტიკოსის დარბაზში მისულიყო და ევარჯიშა. ვარჯიშის შემდეგ, იგი ძალიან დაღლილი იყო და ხშირად იქვე იძინებდა, რადგან ღამით სახლში ფეხით წასვლას არ რისკავდა“, - ამბობს ანტეტოკოუნმპოს აგენტი, გიორგოს პანუ.

„ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა საჭმელი გვქონოდა. იმ პერიოდს დღევანდელი გადმოსახედიდან რომ შევხედოთ და გავითვალისწინოთ რამდენია საჭირო სპორტსმენისთვის, რათა სათანადოდ იკვებოს, ოპტიმალური ფორმა შეინარჩუნოს და კუნთებმა ზრდა განაგრძონ, შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ იმდენს ნამდვილად არ ვიღებდით, რამდენიც აუცილებელი გახლდათ. სკოლაში წასვლამდე არაფერს ვჭამდი. სკოლიდან სახლში მისვლისას საჭმელი ხან გვქონდა, ხან - არა. შემდეგ ვარჯიშზე მივდიოდით და ვარჯიშებს 11 საათზე ვამთავრებდით. ხშირად იყო მომენტები, როცა პირველად სწორედ ამ დროს ვჭამდი.

ერთხელ, ჩემმა აგენტმა, გიორგოს პანუმ ექიმთან მიმიყვანა. ამ უკანასკნელმა სისხლი ამიღო და ამიხსნა, რომ საკვების მიღებისას რეჟიმის დაცვა აუცილებელი გახლდათ. ამაზე გიორგოსმა იზრუნა, მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა - გამორიცხული იყო, მე საჭმელი მქონოდა, ჩემს ძმებს კი - არა. პანუს ეგონა, რომ მის მიერ შეძენილ საკვებს მხოლოდ მე მივირთმევდი, მაგრამ რეალურად ჩემთვის მხოლოდ მეოთხედს ვიყენებდი და დანარჩენს ჩემს ძმებს ვუნაწილებდი“.

„იანისი ნუტრიციონისტთან მივიყვანეთ, ტესტები ჩაუტარდა და ანალიზები აუღეს. იმავე საღამოს კი მირეკავენ და მეუბნებიან: „ანალიზის პასუხები შევისწავლეთ და თქვენს ბაბუას უნდა უთხრათ, რომ სპორტს თავი დაანებოს, ნაკლები იმოძრაოს და მეტი ხორცი მიიღოს“. „მეგობარო, გაგიჟდი? რა ბაბუაზე ლაპარაკობ? ბიჭი 16 წლისაა“, - ვუპასუხე მე. „მაშინ ხვალ ეს 16 წლის ბიჭი მოიყვანე და ჩემთან მოდით. დეტალებზე უნდა ვილაპარაკოთ“, - მითხრა ექიმმა“, - იხსენებს პანუ.


„მახსოვს, გიორგოსს უთხრეს: „თქვენი ბაბუა ღვიძლს უნდა გაუფრთხილდეს და ალკოჰოლის მიღებაზე უარი თქვას“. პანუ გაოცდა, დაიბნა და დამირეკა: „იანის, ალკოჰოლს იღებ“? „ჩემო კარგო, რძის საყიდელი ფული არ მაქვს და ალკოჰოლს როგორ ვიყიდი“, - ვუპასუხე მე. გაგიკვირდებათ და ექიმებმა მას მოახსენეს, რომ 70 წლის მოხუცის ღვიძლი მქონდა, რომელიც სისტემატურად სვამდა. აი, რა ხდება, როცა ყოველდღე თავდაუზოგავად ვარჯიშობ და საჭმელს საღამოს 11 საათზე ჭამ. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნება“.

ოჯახის სიყვარული

„გრიკ ფრიკისთვის“ ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა და ამას ხელს ახლაც ვერაფერი უშლის. იანისის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა პანუ „სარაგოსასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და სურდა, რომ ანტეტოკოუნმპოს ოჯახს საცხოვრებელი ადგილი რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იანისის სახლში საშინლად ციოდა, „გრიკ ფრიკის“ დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„პირველივე დღიდან მივხვდი, მისთვის ოჯახი რამდენად მნიშვნელოვანი იყო. დედამისი საავადმყოფოში დააწვინეს და იქ მინიმუმ ერთი დღე უნდა გაეტარებინა, თანაც ექიმებმა ზუსტად არ იცოდნენ რა სჭირდა. მახსოვს, იანისს ვუთხარი: „კარგი, წავედით და ხვალ დილით დავბრუნდეთ“. „არა, თქვენ მე არ მიცნობთ. ღამეს აქ გავათენებ“, - მივიღე პასუხად. „იანის, აქ ვერ დარჩები, არ შეიძლება“, - ვუთხარი მე, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვალა, საპირფარეშოში დაიმალა, ღამით გამოვიდა და დილამდე დედამისის პალატასთან მდგარ სკამზე იჯდა.

როცა სარაგოსასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, ვუთხარი, რომ ესპანეთში წასვლა, საცხოვრებელი ადგილის შერჩევა, ხალხის გაცნობა, რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება და იქაურ ცხოვრების წესთან შეგუება მოუწევდა. მან კი ასე მიპასუხა: „რას ნიშნავს წასვლა მომიწევს? მე და ჩემი ოჯახი ერთად წავალთ“.

დედამისი კონტრაქტის გაფორმების პროცესს დაესწრო და ჩემმა ერთ-ერთმა პარტნიორმა წარუმატებლად იხუმრა: „დედაშენის წამოყვანა რაში გჭირდებოდა? ახალგაზრდა ბიჭი ხარ, იქ მარტო თუ იქნები, მშვენივრად გაერთობი“. ამ სიტყვების შემდეგ, იანისმა ტირილი დაიწყო, მითხრა, რომ არსად წავიდოდა და კონტრაქტი დახია. მოგვიანებით, ჩემს მანქანაში ჩავსხედით და მისგან ეს სიტყვები მოვისმინე: „გგონიათ, როცა ფული გამიჩნდება, ჩემს ოჯახსა და მშობლებს დავივიწყებ“?! - იხსენებს პანუ.

ბიჭი, რომლის თამაშის ნახვაც ყველას სურდა

NBA-ის დრაფტამდე ერთი თვით ადრე, ტრევიზოში ტრადიციული ევროკემპი გაიმართა, რომელზეც ევროპული კალათბურთის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეები მიიწვიეს და მათ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სკაუტები აკვირდებოდნენ. ანტეტოკოუნმპო კი ამ დროს საბერძნეთის ახალგაზრდულ გუნდში ვარჯიშობდა და იტალიისგან შორს არ იმყოფებოდა.

„დილით კემპის ფარგლებში გამართულ თამაშებს დავესწარით, შემდეგ კი მანქანებში ჩავსხედით და ანტეტოკოუნმპოს სანახავად გავემართეთ. ქალაქამდე, სადაც იანისი იმყოფებოდა, ცალმხრივი გზა იყო, რომელიც ძალიან მალე მანქანებით გაივსო. ყველა პატარა ქალაქში მდებარე მოკრძალებული დარბაზისკენ მიემართებოდა“, - იხსენებს „ინდიანას“ გენერალური მენეჯერი, კევინ პრიჩარდი.

პრიჩარდის მიერ ხსენებულ მოკრძალებულ დარბაზში „გრიკ ფრიკმა“ თანატოლების წინააღმდეგ ითამაშა და სკაუტები, რომლებიც მატჩს დაესწრნენ, დაარწმუნა, რომ ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე თვლიდნენ. თუ მანამდე ანტეტოკოუნმპოს მეორე რაუნდის პიკად მოიაზრებდნენ, იმ მატჩის შემდეგ, ვითარება შეიცვალა და მას პირველი რაუნდის შუაში არჩევას უწინასწარმეტყველებდნენ.

შეხვედრაზე დასასწრებად მისულმა სკაუტებმა დრო იხელთეს და ანტეტოკოუნმპოს გაესაუბრნენ. „ატლანტას“ გენერალური მენეჯერი, უეს უილკოქსი იხსენებს: „მახსოვს, მაგიდასთან ვისხედით და იანისი დაჟინებით იმეორებდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი გახდებოდა და ოჯახზე იზრუნებდა. აშკარა იყო, რომ კალათბურთისა და ოჯახის გარდა არაფერი აინტერესებდა. მივხვდით, რომ ასეთი მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდა მოთამაშე გუნდში აუცილებლად უნდა აგვეყვანა, თუმცა მაშინ არავის ეგონა, რომ იგი MVP-დ და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ჩამოყალიბდებოდა. ამაზე მხოლოდ ის საუბრობდა და სიმართლე გითხრათ, დღევანდელი გადმოსახედიდან მის მიერ მიღწეული წარმატება ორმაგად გასაოცარი სწორედ ამიტომაა“.

დღე, როცა ყველაფერი შეიცვალა

2013 წლის დრაფტამდე „ატლანტა“ იანისს დაჰპირდა, რომ აუცილებლად აირჩევდა და „ჰოუქსი“ ცდილობდა, ტრეიდების საშუალებით უფრო მაღალი პიკი მიეღო, რათა მიზნისთვის მიეღწია. ჯორჯიელთა დაპირების შემდეგ, იანისის აგენტებმა სხვა გუნდებთან გასაუბრებაზე უარი განაცხადეს და მათ თავიანთი კლიენტის შესახებ ინფორმაციაც არ მიაწოდეს.

2013 წლის დრაფტზე პირველი „კლივლენდ კავალიერსი“ იყო. „კავსს“ წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ უნდა აერჩია და არაა ცნობილი იანისის ვარიანტი განიხილებოდა თუ არა. საბოლოოდ, „კლივლენდმა“ პირველ ნომრად ენტონი ბენეტი აიყვანა.

აი, მეორე პიკის მქონე „ორლანდო“ „გრიკ ფრიკის“ აყვანაზე ნამდვილად ფიქრობდა, თუმცა „მეჯიქის“ რჩეული ვიქტორ ოლადიპო გახდა. „კავალიერსისა“ და „ორლანდოს“ გარდა ანტეტოკოუნმპოს სხვა გუნდებიც აკვირდებოდნენ, მაგრამ ზოგს მისი პოზიციის კალათბურთელი არ სჭირდებოდა, ზოგს სხვა მიზნები ჰქონდა და ა.შ.

2013 წლის დრაფტზე მე-12 ნომერი „ოკლაჰომა სითი თანდერი“ იყო. „ოქეისი“ და „ატლანტა“ პიკების გაცვლაზე კინაღამ შეთანხმდნენ და „ჰოუქსმა“ მიზანს კინაღამ მიაღწია, მაგრამ „ოკლაჰომამ“ ბოლო მომენტში უკან დაიხია და სტივენ ადამსი აირჩია. მე-13 „დალასი“ იყო, რომელსაც თავისუფალი აგენტების ბაზარზე დუაით ჰოვარდის გადაბირება სურდა და უკან არაფერზე იხევდა, რათა ეკონომია გაეკეთებინა. „მავერიქსმა“ თავისი პიკი „ბოსტონ სელთიქსს“ დაუთმო, რომელმაც კელი ოლინიკი აირჩია.

„მილუოკი ბაქსს“, ისე როგორც 2013 წლის ყველა მონაწილეს „ატლანტა ჰოუქსის“ გარდა, იანისისზე ინფორმაცია არ ჰქონდა. ჯორჯიელები „მილუოკისაც“ დაუკავშირდნენ და პიკების გაცვლა შესთავაზეს, მაგრამ „ბაქსმა“ იუარა, „მილუოკიმ“ დრაფტამდე ჯერ კიდევ 2 თვით ადრე იცოდა ვინ უნდა აერჩია. ვისკონსინელებმა არჩევანი იანის ანტეტოკოუნმპოზე შეაჩერეს - 2013 წლის დრაფტის საუკეთესო კალათბურთელზე, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა! 

გაზიარება: