Aa Aa

"რთულ მომენტებში თვალებს ვხუჭავ და"... - იცნობთ, ასეთ ჯენარო გატუზოს?

პირველად, როცა წყობიდან გამოსული ადამიანი ვნახე, 8 ან 9 წლის ვიყავი. დედაჩემზე მაქვს საუბარი. ყველაფერი საძინებელ ოთახში გაკრულ პოსტერს უკავშირდება, რომელზეც იტალიელი ნახევარმცველი, სალვატორე ბანი გახლდათ გამოსახული. იგი ჩემი კუმირი იყო. ბანი კოჭებამდე ჩამოწეული საფეხბურთო წინდებით (ე.წ გამაშებით) თამაშობდა, რაც ჩემში აღტაცებას იწვევდა. უცნაურია, ფეხბურთზე შეყვარებული ბავშვი აქცენტს ამაზე რომ აკეთებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ არაფრის ეშინოდა და დამცავების გარეშე თამაშობდა, ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა. დედაჩემმა მაიძულა, პოსტერი ჩამომეხსნა, თუმცა პროცესში კედელს საღებავიც აძვრა, რაც ძალიან ძვირად დამიჯდა და სილა რამდენჯერმე გამაწნეს.

განსაკუთრებული ჯენარო

წაგებას ვერ ვიტან! მნიშვნელობა არ აქვს რას ვთამაშობ! მეზიზღება, როცა დამარცხებულის სტატუსი მაქვს! გამონაკლისი არ არსებობს! ასეთი ხასიათით გამოვირჩევი. წარმატების მისაღწევად ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ! გამარჯვებისკენ სწრაფვა ჩემს დნმ-შია! ყველაფერი გენეტიკურად მამაჩემისგან და ბიძაჩემისგან მერგო. ჩვენს ოჯახში ყველას ასეთი დამოკიდებულება აქვს!

ფეხბურთელობისას ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებდი. რჩევებს არ ვითვალისწინებდი და ისე ვთამაშობდი, როგორც მინდოდა. წონას ყოველდღიურად ვაკონტროლებდი და ყოველდღე ერთსა და იმავე საკვებს მივირთმევდი - თეთრი ბრინჯი და ქათმის მკერდი. ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს ახლოს არ ვეკარებოდი, წლების განმავლობაში მხოლოდ წყალს ვსვამდი და საღამოობით რეგულარულად დავრბოდი.

შეხვედრების დაწყებამდე ნამდვილი მანიაკი ვიყავი. ღამით არასდროს ვიძინებდი და სატელევიზიო გადაცემებს ან ფილმებს ვუყურებდი, გამოძინებას კი შუადღეს, მატჩების დაწყებამდე ვასწრებდი. ოთახის მეზობელი ალბათ, ამიტომ არ მყოლია.

ცოტა ხნის წინ, გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად ფეხბურთი აღარასდროს ვითამაშო, რადგან მუდამ სულელურ საკითხებზე ვიწყებ კამათს. სამწვრთნელო შტაბის წევრებთან და ყოფილ თანაგუნდელებთანაც ზუსტად იგივე ხდება. მათ წინააღმდეგ თამაშს თავს ვარიდებ, რადგან როცა მაისურს ვირგებ და ბუცებს ვიცვამ, მეტოქეების სახეებს ვეღარ ვხედავ და ვერ ვხვდები რას ვაკეთებ, თამაშის შემდეგ კი ვფიქრობ: „ეს მე გავაკეთე?! ეს მე ვთქვი?! ძალიან მრცხვენია“.

ასე რომ, სჯობს ნაცნობ ადამიანებთან თამაშისგან თავი შორს დავიჭირო... როცა მოედანზე ვარ და ბურთს ვხედავ, ჩემში ცხოველი იღვიძებს.

საწვავის ავზები კარის ძელების ნაცვლად

12 წლის ვიყავი, როცა ჩემი გუნდის მაისურით მოედანზე გავედი. ამის შემდეგ, ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მანამდე კარის ძელების ნაცვლად, საწვავის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ ავზებს ვიყენებდით, პლაჟზე ვთამაშობდით და მაყურებლების როლს მეთევზეები ირგებდნენ. საოცარი ბავშვობა მქონდა. ყოველდღიურად „სან სიროზე“, „უემბლიზე“, „მარაკანაზე“ და „ლა ბომბონერაზე“ გამოვდიოდით, რადგან ყველაფერი ჩვენზე იყო დამოკიდებული და ქუჩებსა და პლაჟებს ცნობილი სტადიონების სახელებს ვარქმევდით.

ახლა ყველაფერი სხვანაირადაა და ბავშვებს 5 საათამდე სკოლაში უწევთ დარჩენა, რადგან მათი მშობლები სამსახურში იმყოფებიან. სამწუხაროა, მაგრამ ახალგაზრდა თაობა გარეთ იმდენ დროს არ ატარებს, რამდენსაც ჩვენ. დღესდღეობით, ჩრდილოეთ იტალიაში ქუჩის ფეხბურთი მკვდარია და თუ საფეხბურთო სკოლაში არ დადიხარ, ამ სპორტზე რომც გიჟდებოდე, თამაშს მაინც ვერ მოახერხებ.

შარშან, რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ჩემი 10 წლის შვილი ფრანჩესკო კალაბრიაში გავუშვი და 6 კვირის შემდეგ აღტაცებული დამიბრუნდა. იგი მიყვებოდა ისტორიებს, რომლებიც თავს მეც გადამხდენია. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი და ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა. რთულ მომენტებში თვალებს ვხუჭავ და სწორედ იმ პერიოდს ვიხსენებ. პლაჟები... ავზები... ფეხბურთი...

11 წლამდე ქუჩაში ვცხოვრობდი. არა იმიტომ, რომ ოჯახი არ მყავდა, ან სახლი არ მქონდა, უბრალოდ მეგობრების გასაჩენად და ფეხბურთის სათამაშოდ ქუჩა ერთადერთი ადგილი იყო. მაშინ ხალხს ბევრი არაფერი გააჩნდა და უმრავლესობა მწირი გასამრჯელოს სანაცვლოდ მუშაობდა, ჩვენ კი ბავშვები ვიყავით და მხოლოდ გარეთ გასვლა, ფეხბურთის თამაში და საყვარელი სპორტით სიამოვნების მიღება გვინდოდა... ფაქტობრივად სხვა არაფერი გვქონდა! მხოლოდ ფეხბურთი!

ლურჯი რეინჯერი

12 წლის ასაკში „პერუჯას“ აკადემიაში ჩავირიცხე, სადაც 5 წელი გავატარე. პირველი თვეები ურთულესი იყო. თავს მარტოსულად ვგრძნობდი, მაგრამ სიჩუმეში ვიტანჯებოდი და გულისტკივილს არავის ვუზიარებდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი! ჩვენ თითქმის ყველა ახალგაზრდული ტურნირი მოვიგეთ, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ და ვხვდებოდი, რომ პროგრესის გზაზე ვიდექი. მწვრთნელები მეუბნებოდნენ, რომ განსაკუთრებული ვიყავი და პოტენციალი მქონდა, თუმცა გულის სიღრმეში მხოლოდ თავდაუზოგავად შრომაზე ვფიქრობდი.

სულ მალე იტალიის 18-წლამდელთა ნაკრებში გამომიძახეს. საფრანგეთში გამართულ ტურნირზე ვიასპარეზე, რომელსაც რამდენიმე ევროპული გუნდის სკაუტი დაესწრო. ერთ-ერთი მათგანი „რეინჯერსის“ წარმომადგენელი გახლდათ, რომელიც ჩემი გამოსვლით აღფრთოვანებული დარჩა, ცოტა ხნის შემდეგ კი გლაზგოში აღმოვჩნდი.

ნამდვილი პროფესიონალივით ფიქრი და აზროვნება სწორედ შოტლანდიაში დავიწყე. „პერუჯაში“ ყოფნისას გულის სიღრმეში მეგონა, რომ შეცდომების დაშვების შიშის გარეშე მატჩების ჩასატარებლად მენტალური სიძლიერე მაკლდა. ემოციების კონტროლს ვერ ვახერხებდი და ფეხები მიკანკალებდა, თუმცა შოტლანდიაში ყველაფერი შეიცვალა და აბსოლუტურად სხვა ადამიანად ვიქეცი. მივხვდი, რომ მაღალ დონეზე თამაში შემეძლო და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიმართლა ისეთი ფეხბურთელების მხარდამხარ რომ ვასპარეზობდი, როგორებიც ბრაიან ლაუდრუპი და პოლ გასკოინი არიან. ამ უკანასკნელს გამოხტომები ხშირად ახასიათებდა, მაგრამ ახალ გარემოსთან ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა. „გაზას“ უნიკალურობა სწორედ ამაშია. ხალხს გასკოინის ბოროტი ხუმრობები კარგად ახსოვს. მაგალითად, მომენტი, როცა ვარჯიშზე პირველად მისვლა ჩვეულ სტილში მომილოცა და ჩემს საფეხბურთო წინდებში (ე.წ გამაშებში) მოისაქმა, თუმცა პოლის ღირსეული და კეთილი ჟესტების შესახებ ბევრმა არაფერი იცის.

 

ჩემი სტილი

1950-იან წლების შემდეგ, „რეინჯერსში“ ასეთი წესი იყო დამკვიდრებული - ვარჯიშზე ყველა ფეხბურთელი პიჯაკით უნდა მისულიყო. თინეიჯერი ვიყავი და პიჯაკი ჩემი სტილი არ გახლდათ. ამიტომ, გასკოინმა გლაზგოში მდებარე ყველაზე ძვირადღირებულ სამკერვალოში წამიყვანა და მითხრა, რომ 7 ან 8 პიჯაკი ამომერჩია. მან დამარწმუნა, რომ სამკერვალოს კლუბთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და შემეძლო, ნებისმიერი რამ შემეძინა, თანხა კი ხელფასიდან ყოველთვიურად ჩამომეჭრებოდა. რამდენიმე პიჯაკი, პერანგი და ჰალსტუხი ავარჩიე და მათმა ღირებულებამ 10 000 ფუნტი შეადგინა.

გარკვეული დროის შემდეგ, გავიგე, რომ სამკერვალოსა და კლუბს შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობდა. უცნაურია, მაგრამ გასკოინმა გამაცურა, რათა დამხმარებოდა. პოლი რისი პოლი იყო თავის სტილში რომ არ ემოქმედა?! „გაზამ“ პიჯაკების, პერანგებისა და ჰალსტუხების ფული თავად გადაიხადა. ასეთი გასკოინის შესახებ ხალხმა ბევრი არაფერი იცის. პოლის და ჩემი თავგადასავალი არასდროს დამავიწყდება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხმა მისი რეალური სახე დაინახოს. „გაზა“ მუდამ არაორდინალურ გადაწყვეტილებებს იღებდა და გასახდელში მხიარულება ყოველთვის შემოჰქონდა.

„რეინჯერსში“ გატარებული დროით უდიდესი სიამოვნება მივიღე. Old Firm-ის დერბიში ასპარეზობა საოცარი შეგრძნება იყო. „რეინჯერსის“ და „სელტიკის“ დაპირისპირება ფეხბურთზე გაცილებით მაღლა დგას! განსაკუთრებით ადგილობრივი მოთამაშეებისთვის, რომლებიც გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებენ.

მახსოვს, ერთ-ერთი დერბის წინ, უოლტერ სმიტმა სამომავლო მატჩზე რამდენიმე კვირით ადრე დამიწყო საუბარი და მეუბნებოდა: „გთხოვ რინო, ცხოველივით ნუ ითამაშებ და გაფრთხილებას პირველივე ტაიმში ნუ მიიღებ“. სამწუხაროდ, მატჩის დაწყებიდან 20 წამი არ იყო გასული, რომ მსაჯმა ყვითელი მიჩვენა. შესვენებაზე, გასახდელში შესვლისას ემოციები ვერ გავაკონტროლე, კარადას მუშტი მივარტყი და თვალი დავიზიანე. მწვრთნელს ცვლილების განხორციელება ვთხოვე, რადგან სერიოზული ჭრილობა მქონდა და ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ უარი მივიღე. სმიტმა სამედიცინო შტაბის წევრებთან გამგზავნა. მათ ნაკერები დამადეს და მოედანზე აღმოვჩნდი. აი, ასე უყვართ ფეხბურთი გლაზგოში და ამხელა მნიშვნელობა აქვს Old Firm-ს!

„რეინჯერსში“ ყოფნისას დედაჩემის მიერ ნაჩუქარ ჯვარს ვატარებდი და ყველა გაოცებული მიყურებდა. ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ამის დედაც! რა ჯანდაბა სჭირთ“? ახალგაზრდა ვიყავი და წარმოდგენა არ მქონდა პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის არსებული დაპირისპირება რას ნიშნავდა. ყველაფერს მოგვიანებით ჩავწვდი, მაგრამ ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ჯვარი მომეხსნა.

სიმართლე გითხრათ, იქ ყოფნისას ყველაზე დიდი გამოწვევა დიკ ადვოკაატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. მას უნდოდა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე მეთამაშა. ჯენარო გატუზო მარჯვენა მცველად... წარმოგიდგენიათ? მე ნამდვილად არა!

ფეთქებადი ჯენარო

ფეხბურთელობისას თამაშის ჩანაწერებს არასდროს ვუყურებდი. არასდროს! კარიერის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ეპიზოდის განმეორება ვიხილე. საუბარი მომენტებზე მაქვს, როცა წყობიდან გამოვედი. მახსოვს, ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ნუთუ ეს მართლა მე ვარ?! ნუთუ ეს მართლა მე გავაკეთე?! საკუთარ თავს ვერ ვცნობ“!

ჯო ჯორდანთან მომხდარი ინციდენტის ამსახველ ფოტოს რომ ვუყურებ, არ ვიცი, გავიცინო თუ ვიტირო. „მილანის“ კაპიტნის სამკლაური მეკეთა, რომლის ქვემოთაც სიტყვა „პატივისცემა“ იყო გამოსახული და ამ დროს ადამიანის დახრჩობას ვცდილობდი. ეს ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითი ნამდვილად არაა. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ არ მომხდარა. მილანურ დერბიში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, რონალდოს, „ვუღრენდი". „აიაქსთან“ მატჩისას იბრაჰიმოვიჩს ვეჩხუბებოდი... მსგავსი ინციდენტების გახსენება უსასრულოდ შემიძლია და მგონი, სჯობს გავჩუმდე.

მინდა, აღვნიშნო, რომ როცა იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ გადმოვიდა, ვითარების გასარკვევად ერთი წამი დაგვჭირდა. ერთმანეთს თვალი თვალში გავუყარეთ და ყველაფერი ნათელი გახდა. მივხვდით, რომ ფეხბურთის მიმართ ორივეს ერთი და იგივე დამოკიდებულება გვქონდა. ჩვენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოთამაშეები ვიყავით, მაგრამ ორივეს მსგავსი მენტალიტეტი და გამარჯვებისკენ სწრაფვის დაუოკებელი წყურვილი გვქონდა.

ყოველთვის წარმატების მიღწევა მსურდა, მაგრამ მეტოქისთვის ტრავმის მიყენების განზრახვით მოედანზე არასდროს გავსულვარ. უბრალოდ მინდოდა, ბურთი დამებრუნებინა ან ბურთზე პირველი ვყოფილიყავი.

მატჩების მიმდინარეობისას თუ საქმე კარგად არ მიდიოდა, კარლო ანჩელოტი მახსენდებოდა და ვცდილობდი მის გამო თამაშში გარდატეხა შემეტანა. იგი წლების განმავლობაში ჩემი მთავარი მწვრთნელი იყო და ჩემთვის მამასავით გახლდათ. კარლოს პიროვნული მახასიათებლების გამო უბრალოდ ვერ შეიყვარებდი. მიუხედავად ამისა, შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა და ოჯახის წევრებივით ვიყავით.

შესანიშნავი დუეტი

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც ანჩელოტიმ გააკეთა, ჩემსა და პირლოს პარტნიორობას უკავშირდება. ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ ეროვნულ გუნდში ვთამაშობდით და ახალგაზრდულ ნაკრებებშიც მოგვიწია გამოსვლა. პირლო mezza punta გახლდათ, თუმცა კარლომ პოზიცია შეუცვალა, უკან დახია და ჩემთან ძალიან ახლოს გაამწესა.

ანდრეა ფენომენალური ფეხბურთელი იყო და ყველა პოზიციას ირგებდა. მას საოცარი ტექნიკა და მონაცემები ჰქონდა. ხალხს ხშირად ავიწყდება, რომ იყო დრო, როცა მას მთელი დღის განმავლობაში შეეძლო სირბილი.

სპორტული გადმოსახედიდან პირლო ნამდვილი ცხოველი გახლდათ! მას შეეძლო, 90 წუთი ერბინა და არ დაღლილიყო, თუმცა აღვნიშნავ, რომ ჩემი წყალობით გაცილებით ნაკლები მანძილის დაფარვა უწევდა. ძალიან გამიმართლა მასთან ერთად რომ მომიწია თამაში. როცა რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, პირლოს გადაცემას ვუკეთებდი და ის ყველაფერს აგვარებდა.

ანდრეას ვინც არ იცნობს ჰგონია, რომ იგი ცივი, ჩუმი და უემოციო ადამიანია, მაგრამ რეალურად ეს ასე არაა! იგი ჩინებული ნაბიჭვარია, რომელიც პოზიტივითაა სავსე და ხშირად ხუმრობს. პირლო ყველაფერთან ერთად შესანიშნავი თანაგუნდელია და მასთან ერთად დროის გატარება დიდი სიამოვნებაა.

ხალხი მის ავტობიოგრაფიულ წიგნში ნახსენები ისტორიების შესახებ კითხვებს ხშირად მისვამს. დამიჯერეთ, მან ჩვენი თავგადასავალის მხოლოდ 10 პროცენტი გაანდო საზოგადოებას. ვერ წარმოიდგენთ, ანდრეასთვის სილა რამდენჯერ გამიწნია. თითოეული დარტყმის სანაცვლოდ ერთი ცენტი რომ მიმეღო, ახლა მილიონი ევრო მექნებოდა. იგი ყოველთვის ცდილობდა, გავებრაზებინე, რაც რთული არასდროს ყოფილა. მუდამ დაძაბული ვიყავი, ის კი სიდინჯით გამოირჩეოდა. საოცარი დუეტი ვიყავით. ანდრეას ჩემი მახეში გაბმა ადვილად გამოსდიოდა და ისეთი რეაქცია მქონდა, „მილანის“ ფეხბურთელები სიცილით კვდებოდნენ.

2007 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნახევარფინალის წინ, რომელიც „მანჩესტერთან“ უნდა გაგვემართა, სასადილოში ვისხედით, ყველა ნაყინს ჭამდა, მე კი, როგორც ყოველთვის თეთრ ბრინჯს მივირთმევდი და თანაგუნდელებს ასეთი ფრაზით მივმართე: „ბიჭებო, ყურადღებით იყავი, ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს გასამართი“. ამაზე პასუხი მასიმო ოდომ გამცა: „კარგი რა, ნაყინის ჭამა გვაცადე, შენნაირი გიჟები კი არ ვართ“.

იგი ცეცხლს ეთამაშებოდა და ეს მშვენივრად იცოდა! ნერვების მოთოკვა ვერ მოვახერხე. მასიმოსკენ გავემართე და ფეხში ჩანგალი ჩავარჭვე. ინციდენტამდე რამდენჯერმე გავაფრთხილე, თუმცა დაცინვა არ შეუწყვიტავს და ამის გამო დაისაჯა.

მეორე შემთხვევა 2006 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდა. იტალიის ეროვნულ გუნდთან ერთად ვიყავი და ვარჯიშის შემდეგ, ფიზიოთერაპევტთან წავედი. ამასობაში ორი იდიოტი, დე როსი და პირლო ჩემი ოთახისკენ გაემართნენ. ერთი ლოგინის ქვეშ, მეორე კი კარადაში დაიმალა. სამი საათის განმავლობაში მელოდებოდნენ და 11 საათზე, როცა დავბრუნდი, გული გამიხეთქეს, თუმცა შემდეგ, ოთახის კარები ჩავკეტე და ორივე მაგრად ვცემე.

 

უმაღლეს მწვერვალზე

რა თქმა უნდა, ეროვნულ გუნდთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. ბავშვობაში „მილანის“ მაისურით თამაშსა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობდი, „სკუადრა აძურას“ რიგებში ასპარეზობასა და მსოფლიო ჩემპიონატის დასაკუთრებაზე ოცნება კი აზრადაც არ მომსვლია. ეს უკვე სითავხედე იყო. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიჯერებდი, მუნდიალის ტრიუმფატორი რომ გავხდი.

ყველაფერი მარჩელო ლიპის დამსახურება იყო. ნახევარფინალის მოგების შემდეგ ვგრძნობდით, რომ იტალიელი სპეციალისტი „სკუადრა აძურას“ აუცილებლად დატოვებდა. მარჩელოს პრესაში რეგულარულად აკრიტიკებდნენ და მისი შვილის შესახებ დასმული კითხვებით თავს აბეზრებდნენ. ლიპისთვის ურთულესი პერიოდი იდგა და მის დახმარებას აქტიურად ვცდილობდი. ალბათ, მსურდა, იტალიელი დარჩენაზე დამეყოლიებინა და მასთან ერთად გამარჯვება ზედმეტად ემოციურად სწორედ ამიტომ ვიზეიმე. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ ტრუსების ამარა ვიყავი. თერთმეტმეტრიანების სერიას სათადარიგოთა სკამიდან ვუყურე და როცა მოვიგეთ, მოედანზე შევვარდი. ამ მომენტში ჩემი შორტი რაღაცას გამოედო და გაიხა.

მენატრება თუ არა ფეხბურთის თამაში? სულაც არა! ამ სპორტს ყველაფერი მივეცი და არაფერს ვნანობ!

ერთხელ, „მილანისა“ „კატანიას“ მატჩი 5 წუთის დაწყებული იყო, როცა მუხლის მყესი გავიწყვიტე... მოედანი არ დამიტოვებია და შეხვედრა განვაგრძე, რადგან ცხოვრებაში უამრავი მტკივნეული დარტყმა მქონდა მიღებული და მეგონა, სერიოზული არაფერი იყო. სამწუხაროდ, შევცდი... „მილანისთვის“ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. სხეულს დასვენების საშუალებას არ ვაძლევდი და ამის გამო დავისაჯე. შეხედეთ, ჩემს მარჯვენა ხელს. ნახეთ, რა უცნაური ფორმა აქვს მიღებული.

ერთ-ერთი თამაშის წინ მითხრეს, რომ ოპერაცია მჭირდებოდა (ხელზე) რის გამოც ორი თვე ვერ ვითამაშებდი, რა თქმა უნდა, ქირურგიულ ჩარევაზე უარი ვთქვი და 4 დღის შემდეგ, მოედანზე გავედი...მომდევნო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ვარდნას ვაკეთებდი, მარჯვენა ხელის თავის ადგილას ხელახლა ჩასმა მიწევდა.

ჩემი კარიერის ანალიზისას ვხვდები, რომ სხვებისგან პასუხისმგებლობის გრძნობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამომარჩევდა. შეცდომის დაშვების შემდეგ, თანაგუნდელებს ბოდიშს ვუხდიდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ იგივე არ განმეორებულიყო. ახლაც ასე ვარ! მართალია, სათადარიგოთა სკამზე ვზივარ და მწვრთნელის ფუნქციებს ვითავსებ, მაგრამ თამაშს იმავე დამოკიდებულებით ვუდგები და გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებ.

ვგრძნობ, რომ ოდნავ წყნარი გავხდი, თუმცა ვიღაცამ მღვდლობა რომ შემომთავაზოს უარით გავისტუმრებ! ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და ეს სპორტი ძალიან მიყვარს.

გაზიარება: