პატარა სოფლელი ბიჭი, ვინც ოჯახის ოცნება რეალობად აქცია
Aa Aa

პატარა სოფლელი ბიჭი, ვინც ოჯახის ოცნება რეალობად აქცია

1984 წელს, ესპანეთში ლა მანჩის რეგიონში, ალბასეტეს პროვინციის სოფელ ფუენტეალბილიაში მხოლოდ 6 ბიჭი დაიბადა. მათგან ერთი ავტომექანიკოსია, მეორე მოტოციკლებს არემონტებს, მესამე სანტექნიკოსია, ანდრესი კი, რომელსაც ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, 12 წლის ასაკში ბარსელონაში გადაბარგდა.

ამ ისტორიაში არ არის გასაოცარი დრამატიზმი. ინიესტა არ ოცნებობდა, რომ თავისი მშობლიური სოფლიდან გაეღწია, ის „ბარსელონას“ მატჩების ყურებისას ბოლო ხმაზე არ ყვიროდა და არც კატალონიური კლუბიდან მიღებული ოფიციალური წერილის წაკითხვისას დაუწყია სიხარულისგან ხტუნვა.

როდესაც ოჯახმა „ლა მასიადან“ ოფიციალური მოწვევა მიიღო, ანდრესს არსად წასვლა არ უნდოდა. მან, ოჯახის წევრებს ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრა, რომ სახლში დარჩენა უნდოდა, რა დროსაც საქმეში გაოცებული მამა ჩაერთო. ის, შვილს მთელი კვირის განმავლობაში უხსნიდა, თუ რატომ არ უნდა ეთქვა მას უარი ასეთ ვარიანტზე - ეს იყო სასტიკი შეცდომა და სიმხდალე.

„მე არ მინდოდა, რომ შორს და დიდი ხნით წავსულიყავი. თუმცა, კარგად ვიცოდი, როცა მამაჩემი რაიმეზე ასე მაწვებოდა და თავს იდებდა - ის, აუცილებლად მართალი იყო. მან მაიძულა ამ შემოთავაზებისთვის ისე შემეხედა, როგორც გამოწვევას“. - იხსენებს ინიესტა.

პირველ დღეს, ფუენტეალბილიადან ბარსელონაში ფაქტიურად მთელი ოჯახი წავიდა - დედა, მამა, ბაბუა და თავად ინიესტა. ისინი პატარა ბიჭისთვის მხარის დასაჭერად გაემგზავრნენ და სასტუმროში დაბინავდნენ, თავად ანდრესი კი „ლა მასიაში“ დარჩა.

მშობლიური სახლიდან შორს მყოფმა ანდრესმა, მთელი ღამე დაძინება ვერ შეძლო და ის, იმ ღამეს მის ცხოვრებაში დღემდე უწოდებს ყველაზე საშინელს. ზუსტად იგივე განცდებში იყო მამამისიც: „მეგონა, რომ მოვკვდებოდი. ოთახში ჰაერი არ მყოფნიდა. ძალიან ვღელავდი - ასე როგორ, ის ახლა მარტოა. თუმა, ამასთან შეგუება მომიხდა“. - იხსენებს ანდრესის მამა.

„აკადემიაში გატარებული პირველი თვეები ჩემთვის საშინელი იყო. როცა უქმეებზე შინ ვბრუნდებოდი ვტიროდი. საბოლოოდ, შემდეგ ნერვიულობა შევწყვიტე, რადგან როგორც იქნა მოტივაცია გავათვითცნობიერე: არ შეიძლება შევცდე, არ შეიძლება ოჯახი დავაღალატო, ბოლომდე გასვლაა საჭირო, გადავწყვიტე გავმხდარიყავი ფეხბურთელი“, - იხსენებს ინიესტა.

2000-იანების ბოლოს, ესპანეთში არსებობდა კონსპირაციული თეორია, რომ ინიესტა მადრიდის „რეალს“ აღმერთებდა. სწორედ ამიტომ არ უნდოდა მას ბარსელონაში გადასვლა, თუმცა ეს ვერსია შემდგომში ფეხბურთელმა უარყო.

„ლა მასიაში“ ანდრესის კარიერა თითქმის იდეალურად განვითარდა. 16 წლის ასაკში, ძირითად გუნდში დააწინაურეს. ის, იმდენად კარგი იყო, რომ პეპ გვარდიოლამ ჩავის ჩასჩურჩულა: „შენ მე შემცვლი, აი ეს ბიჭი კი ჩვენ ორივეს ჩაგვანაცვლებს“.

ყველაფერი ხომ მართლაც ასე მოხდა...

რას ნიშნავს ინიესტა მშობლიური ალბასეტესთვის

ინიესტას შეგვიძლია თანამედროვე ესპანურ სპორტში ალბასეტეს რეგიონის მთავარი წარმომადგენელი ვუწოდოთ, ან თუნდაც მთლიანად ესპანურ კულტურაში.

მორიგი მოგებული ტრებლის შემდეგ, ინიესტამ კამერის წინ დაიყვირა - „წინ „ბარსა“! წინ კატალონია! წინ ფუენტეალბილია!“ ალბათ, პირველად მოხდა, როცა ამ პატარა სოფლის სახელი, რომელშიც მხოლოდ 2000 ადმაიანი ცხოვრობს საჯაროდ გაჟღერდა და მსოფლიომ პირველად „დაგუგლა“.

ფუენტეალბილიას ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ ხუან რამონ პარდომ შემდეგ განაცხადა, რომ ვიღაცებს შესაძლოა ასეთი რეკლამა მილიონობით ევრო დაჯდომოდა, მათთვის კი ეს უფასოდ მოხდა - „ჩვენთვის, ეს ფასადაუდებელი ყურადღება იყო“, - ამბობს პარდო.

ინიესტას გამო და მისი იმ ცნობილი შეძახილის შემდეგ, ფუენტეალბილიაში მართლაც უამრავი ტურისტი ჩავიდა, რომლებიც „ბარსელონას“ მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი. რამდენიმე წლის წინ, ქუჩაში ინიესტას ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს - როგორც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლის გამტანი და ყველაზე დიდებული ადამიანი, რომელიც იქ დაიბადა.

ბარი, რომელიც 40 წელზე მეტია ანდრესის ბაბუამ გახსნა, ინიესტას მუზეუმად გადაკეთდა, რომელსაც ბებია და ბაბუა უვლიან.

2008 წელს ალბასეტეს მთელ პროვინციას ანდრესი კიდევ უფრო შეუყვარდა, როცა მან ადგილობრივი სკოლისთვის როიალი შეიძინა. ახლა მასზე ადგილობრივი ბავშვები სწავლობენ.

შესაძლოა არ იცოდეთ, რომ ინიესტა მესამე დივიზიონში მოთამაშე კლუბ „ალბასეტეს“ ყველაზე დიდი აქციონერია. 2011 წელს, ანდრესმა კლუბის რამდენიმე ათასი აქციის შესაძენად 420 ათასი ევრო გადაიხადა. ორი წლის შემდეგ კი, ფეხბურთელმა კლუბი დაშლისგან იხსნა, როცა მათ 200 ათასიანი ვალი დაუფარა. რომ არა მისი ეს დახმარება, „ალბასეტე“ დავალიანების გამო სეზონს ვერ დაასრულებდა და მეოთხე დივიზიონში დაქვეითდებოდა.

ყველაფრის მიუხედავად, ინიესტა უკვე დიდი ხანია არ მალავს, რომ ის თავს კატალონიელადაც გრძნობს: „მე, წარმოშობით ფუენტეალბილიადან ვარ, თუმცა ზუსტად ასევე, თავს ესპანელად და კატალონიელად ვთვლი. არ შეიძლება, ამ გრძნობებს შეუთავსებელი ვუწოდოთ. ამაში არანაირი წინააღმდეგობრივი არ არის. კატალონიაში 20 წელზე მეტი ვიცხოვრე, ჩემი ოჯახიც აქ არის“.

ღვინო და ინიესტა - ოჯახის ახდენილი ოცნება

ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ინიესტა „ალბასეტეს“ აქციებს შეიძენდა, 2010 წელს, მან კაპიტალი მეღვინეობაში დააბანდა, კერძოდ კი La Bodega-ში, რომელიც ზუსტად მის სოფელში მდებარეობს და მას მამამისი ხოსე ანტონიო მართავს.

ინიესტა ყოველწლიურად 700 ათას ბოთლ ღვინოს ასხამს - თეთრი, წითელი, ვარდისფერი და ცქრიალა. მაღაზიებში ღვინო სხვადასხვა ფასში იყიდება: Finca el Carril-ის ღირებულება 30 ევროდან იწყება, ხოლო Corazon Loco 5 ევროდან.

განსაკუთრებული გეორგრაფიული და კლიმატური მდებარეობა, ინიესტას ღვინის ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს - ორი მდინარის ხეობათაშორისი მდებარეობა, თიხნარი ნიადაგი, მცირე ნალექი და ბევრი მზე.

„მიუხედავად იმისა, რასაც ხალხი ლაპარაკობს, ჩვენ არ გვაქვს დიდი ქარხანა. უბრალოდ საოჯახო წარმოებაა. ინიესტების ოჯახი დიდი ხანი ოცნებობდა, რომ ღვინის წარმოება ჰქონოდათ“. - ამბობს კარლოს ფერნანდესი, რომელიც ინიესტას ღვინის გავრცელებისთვის მუშაობს.

მიუხედავად ინიესტას უდიდესი პოპულარობისა, მისი ღვინის ბიზნესს არანაირი მოგება არ მოაქვს. 2014-2015 წლებში დეკლარაციაში მიუთითეს, რომ ღვინის ბიზნესს 380 ათასი ევროს დანაკარგი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ანდრესი საოჯახო ბიზნესის მიტოვებას არ აპირებს - პირველ რიგში იმიტომ, რომ ანდრესმა იცოდა ბიზნესი თვითღირებულებას კარგა ხანს ვერ აინაზღაურებდა. მეორე - ეს, მისთვის სუფთა საოჯახო ისტორიაა.

ის, არის უბრალოდ ბიჭი, რომელმაც ოჯახს ოცნება აუსრულა და ამით, იგი ძალიან ამაყობს.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მშობლიურ მიწაზე ამ საქმით ვარ დაკავებული, სადაც ჩემი ოჯახი დაარსდა. ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა“, - ანდრეს ინიესტა ლუხანი, პატარა მორიედებული სოფლელი ბიჭი, რომელმაც თავი მთელ მსოფლიოს შეაყვარა.

გაზიარება: