Aa Aa
27 ივლისი 2020  |  18:31

"არ ინერვიულო, ვერ გაგვიტანენ" - მოტივატორი კაპიტანი, რომელმაც იტალია გააჩემპიონა

კომენტატორი ფაბიო კარესა თუ გახსოვთ? ადამიანი, რომელიც იტალიაში პოპულარული ნახევარფინალური მატჩის წაყვანის დროს გახდა: „კანავარომ ბურთი მოიპოვა... დაიწყოო შეტევა... ბურთითაა ტოტი, რომელმააც მონახა ჯილარდინო, ის მარტოა მეტოქესთან. ჯილარდინოო აუტყეებს მოწინააღმდეგეს და გადაცემა დელ პიეროზე... დელ პიეროოო... გოოოოლ... გოოოოოოლ, ჩვენ მივდივართ ბერლინში“, - Youtube-ს კომენტარებში იტალიელები წერენ, რომ ისინი ამ ვიდეოს ყოველდღე უყურებენ, ზოგმა საერთოდ კარესას ეს ისტორიული კომენტირება ტელეფონის ზარად დაიყენა.


„ჩემში იყო აღუწერელი ადრენალინი“, - იხსენებს კანავარო. “ისე მინდოდა მოგება, რომ სხვაზე ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი. ბოლო ხუთი ჩაწოდებიდან ყველა თავით გამოვიტანე. როდესაც დავინახე, რომ გადაცემა პოდოლსკიზე კეთდებოდა, დაველოდე მოვლენებს, თუ ის მიღებისას შეცდომას დაუშევბდა, ბურთი ჩვენ დაგვრჩებოდა და კონტრშეტევას წამოვიწყებდით. მისთვის ბურთის ართმევის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. მხოლოდ მატჩის შემდეგ ვნახე, რომ ტოტიმ ძალით წამართვა ბურთი“.

ფაბიოს თვითდაჯერებულ თამაშსა და მონდომებას ასახელებენ იტალიის ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. „თუ გინდა, რომ საუკეთესო მცველი გახდე, აუცილებელია, საუკეთესო მეტოქეებს ეთამაშო. არ აქვს მნიშვნელობა სიმაღლეს, ტექნიკასა და სისწრაფეს, მთავარია შენს თავში დარწმუნებული იყო. მართალი გითხრათ, 2006 წლის 9 ივლისამდე საკუთარ თავში ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ ამ დღეს თავს ზემოთ მსოფლიო ჩემპიონატის თასი ავწიე“.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე კანავარო ჯილდოებით არ გამოირჩეოდა. მას „პარმასთან“ ერთად უეფა-ს თასი ჰქონდა მოგებული და ასევე იტალიის სუპერ თასის გამარჯვებული გახლდათ, ერთხელ კი იტალიის ფეხბურთის ოსკარის წოდების მფლობელი იყო.

ავსტრალიასთან 1/8 ფინალური დაპირისპირებისას, იტალიის ნაკრები 50-ე წუთიდან კაცნაკლული დარჩა. მოედნიდან გააძევეს მარკო მატერაცი, რომელიც უხეშად ბრეშიანოს ეთამაშა. ლიპიმ ლუკა ტონი მოხსნა და მინდორზე შეიყვანა ანდრეა ბარძალი, რომლისთვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი იყო. კანავარო მასთან მივიდა და გაამხნევა: „ანდრეა, არ ინერვიულო. ჩვენ არ გავუშვებთ“. იტალიამ ის მატჩი 1:0 მოიგო, ხოლო ავსტრალიელებმა უმრავლესობაში გატარებულ 40 წუთში კარში ზუსტად 2-ჯერ დაარტყეს.


ფაბიოს თქმით, გერმანიის მუნდიალისას ფორმის პიკში იყო და ფსიქოლოგიურადაც შესანიშნავად გახლდათ მომზადებული. კანავარო გერმანიაში „იუვენტუსის“ ერთ-ერთი ლიდერის რანგში ჩავიდა, მაგრამ გუნდი გარიგებული მატჩების გამო ქვედა დივიზიონში იყო დაქვეითებული. „ბევრს არ უნდოდა, რომ მე ნაკრებში ვყოფილიყავი. ჩვენი არავის სჯეროდა, ამიტომ თითოეულ ასეთ ადამიანს ყველაფერს მოედანზე ვუმტკიცებდით“, - იხსენებს ლეგენდარული მცველი.

„ყველას ეგონა, რომ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გავუძლებდით და მეტოქეები მოედანზე გვაჯობებდნენ, ეს კი ჩვენი მთავარი მოტივატორი გახდა. მადლობა ღმერთს, რომ თითოელი ფეხბურთელი სერიოზულად მიუდგა საქმეს და ერთმანეთს პატივს სცემდნენ. საბოლოოდ, ჩვენ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფორმის პიკს მივაღწიეთ“, - ამბობს მარჩელო ლიპი.

ტურნირები მაგიდის ჩოგბურთში, FIFA-ში და ბევრი სხვა ბევრი გასართობი. მაგალითად, ლიპიმ მკვდარი თევზი ტბაში დამალა და საღამოს თავიანთ ფეხბურთელებს უმტკიცებდა, რომ მან ის ცარიელი ხელებით დაიჭირა. მასიმო ოდო კი ნაკრების დალაქი გახდა. ასე ერთობოდნენ მომავალი მსოფლიო ჩემპიონები გერმანიაში.

„ჩვენ ვიყავით ექსკურსიაზე. ასეთი გასვლებისას შორს ხარ სახლიდან და თანაკლასელებს უკეთესად იცნობ და მათთან ახლოვდები, უმეგობრდები. იცვლება მასწავლებელიც, რომელიც მთელი ცხოვრება გასწავლის, მაგრამ ერთად ყოფნის დროს ხვდები, რომ იგი არის საუკეთესო ადამიანი, რომელსაც შენთვის მხოლოდ კარგი უნდა“, - ეს უკვე მარკო მატერაცის სიტყვებია.

როგორ გაცვალა „ინტერმა“ კანავარო სათადარიგო მეკარეში?!..

ინტერში“ ჩათვალეს, რომ ფაბიო დაბერდა და „იუვეში“ გაუშვეს. თანაც, მაშინ 30 წლის მცველი გაიცვალა ტურინელთა სათადარიგო მეკარე ფაბიან კარინიში. ისე გამოვიდა, რომ ორივე ფეხბურთელი 10 მილიონ ევროდ შეფასდა და კლუბებმა მშრალი იჯარა გააფორმეს. კანავაროს ტურინში მეორე სუნთვა გაეხსნა და გოლების გატანაც დაიწყო. ის გულშემატკივრების ახალ კერპად იქცა“, - ასე ახასიათებდა გამოცემა La Repubblica კანავაროს პირველ სეზონს „იუვეში“.

ფაბიო კაპელომ ტურინულ კლუბში „პარმას“ დიდი სამეული კანავარო, ბუფონი და ტურამი დააბრუნა. „მათ გვერდით თამაში მარტივია - თუ შეცდები, ისინი დაგაზღვევენ. თუ მეც და ლილიანმაც შეცდომა დავუშვით, მაშინ კარში „ჯიჯია“ და სანერვიულო მაინც არაფერია. ამიტომ მათან თამაში ყველაზე მეტად მიადვილდებოდა“, - ამბობს 2006 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული.

კანავარო თავისი ეპოქის იდეალური მცველი იყო. მაშინდელ ფეხბურთში ცენტრალურ მცველებს ორი რამ ევალებოდათ: თამაში პირდაპირ ოპონენტთან ან ფლანგის მცველის დაზღვევა, თუ იგი შეტევაში ჩარჩებოდა. „თავისუფლად თამაში შეგიძლია მაშინ, როდესაც უკან გაზღვევენ. როცა ცენტრთან ვჩერდებოდი, უკნიდან ხმა მესმოდა: შეგიძლია წინ წახვიდე, ყოველთვის დაგაზღვევ. ეს ფაბიო კანავაროს ხმა იყო“, - იხსენებს „რეალის“ განაპირა მცველი მარსელო, რომელიც ფაბიოს მხარდამხარ 2.5 სეზონის განმავლობაში თამაშობდა.

სტაბილურობა, მობილურობა, პოზიციის არჩევა, ბრძოლის მოგება. ყველა ამ ასპექტში ფაბიო საუკეთესოთა შორის იყო და იმიტომაც წლების განმავლობაში საუკეთესო მცველად ითვლებოდა.

ჰქონდა მას სუსტი მხარე? კი, ასეთი კი ერთი რამ იყო - ცენტრში ასვლასა და საყრდენი ნახევარცველების დაზღვევას ვერ იტანდა. ეს ფაქტი პეპ გუარდიოლამ აღმოაჩინა და ერთ-ერთი „ელ კლასიკოს“ დროს ლეო მესი ცრუ ფროვარდად ათამაშა. კანავარო იმ შეხვედრაში დაიკარგა, ხოლო „ბარსას“ დომინირება მთელი თამაში გაგრძელდა.

2006 წელს, ფაბიომ ტურინულ კლუბთან ერთდ მეორე „სკუდეტო“ მოიგო, მაგრამ „ბებერი ქალბატონი“ გარიგებული მატჩების გამო სკანდალში გაეხვა. კანავარომ და ბუფონმა გულშემატკივრებში დიდი აგრესია გამოწვიეს. ქუჩებში „იუვეს“ ფეხბუღთელების სურათები გაავრცელეს, წარწერით - იძებნებიან. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატმა ყველაფერი შეცვალა. „როდესაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს იგებ, ყველაფერს გპატიობენს. მეც და „ჯიჯიც“ სამშობლოში გმირებად დავბრუნდით“.

გერმანელი ფეხბურთელები ფაბიოზე ბევრად მაღლები იყვნენ. მაგალითად, მერტესაკერი კანავაროზე 23 სანტიმეტრით მაღალი იყო. „ჰიმნების დასრულების შემდეგ ხელის ჩამორთმევის დროს არც ერთმა გერმანელმა თვალებში არ შემომხედა. მაშინვე მივხდი, რომ მათ ჩვენი ეშინოდათ და ჯიჯის ვუთხარი, ჩვენ უკვე ფინალში ვართ-მეთქი. ალბათ, მაშინ ბუფონმა იფიქრა, რომ გავგიჟდი, მაგრამ დამატებით დროში როცა ლიპიმ ჩვენი სქემა 4-2-4-ზე გადააწყო, ნამდვილად მეგონა რომ ის გაგიჟდა. მოედანზე ერთდროულად იყვნენ ჯილარდინო, ტოტი, იაკვინტა და დელ პიერო. თამაშის შემდეგ კი მაესტრომ გვითხრა: „შენ და მატერაცი ცენტრში, ამ დუეტს კი გატუზო გეხმარებოდათ... გერმანია ვერასდროს გაგვიტანადა“, - იხსენებს კანავარო.

ფინალური მატჩი კანავაროსა და ანრის შეტაკებით დაიწყო. ფაბიომ ფინალიც უშეცდომოდ ჩაატარა. იტალიის ნაკრები იმ მსოფლიოზე გამორჩეოდა მცველების თამაშით, ბუფონმა კი საკუთარ კარში მხოლოდ 2 გოლი მიიღო. ჯგუფურ ეტაპზე, ძაკარდომ აშშ-ს ნაკრებთან ავტოგოლი „მიითვალა“, ხოლო ფინალში ზიდანმა „აძურას“ პენალტიდან გაუტანა.

ფინალური შეხვედრა 1:1 დასრულდა. ზიდანის გოლს მატერაციმ ზუსტი თავურით უპასუხა, პენალტების სერიის დროს კი კანავარო ცენტრში იდგა და უყურებდა, თუ როგორ ურტყამდნენ მისი თანაგუნდელები თავიანთ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან თერთმეტმეტრიანებს. თავად კაპიტანი პენალტს არ დაარტყამდა, 14 წლის ასკში მან თერთერტმეტრიანი გააფუჭა და იმის მერე ნიშნულთან აღარ მიდიოდა. „მე ნეაპოლელი ვარ და ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცრუმორწმუნე ვარ. ვნერვიულობდი და სანამ გროსომ არ გაიტანა, ძეგლივით ვიდექი“.

La Gazzetta dello Sport-მა კანავაროს ფინალურ მატჩსა და მთლიანად ტურნირზე შეფასებად 10 ქულა დაუწერა: ფეხბურთელი, რომელიც დაცვას მაშინაც კი მომღიმარი სახით ხელმძღვანელობდა, როცა გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა".

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ „იუვე“ სერია B-ში დააქვეითეს. ბუფონი, ნედვედი და დელ პიერო გუნდში დარჩნენ, ხოლო კანავარო ტურამის, იბრაჰიმოვიჩის, ვიეირასა და ემერსონის მსგავსად, სხვაგან წავიდა. „კონკრეტულად „რეალის“ წინადადება რომ არა, „იუვენტუსში“ დავრჩებოდი. ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე გუნდის ხემძღვანელობასაც და გულშემატკივარსაც ვესაუბრე. მე ტურინში ძალიან კარგი პერიოდი გავატარე. ჩვენ გავდიოდით მოედანზე, ბოლომდე ვიბრძოდით და არც ერთი წამით არ გვიფიქრია, რომ თამაშები გარიგებული იყო“.

„იტალიელი მცველი „სამეფო კლუბში“ 32 წლის ასაკში გადავიდა. მან იმედები ვერ გაამართლა“, - წერდნენ ესპანური გამოცემები. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ახალ გუნდსა და ახალ ჩემპიონატში თამაში რთულია. ნახევარმცველები არ აზღვევდნენ ფაბიოს და ის ბევრ მომენტში პოზიციას კარგავდა. მიუხედავად ამისა, France Football-მა „ოქროს ბურთის“ 2006 წლის ჯილდო იტალიელთა კაპიტანს გადასცა.

ამასთან დაკავშრებით, საფრანგეთში უკმაყოფილება იყო და თავისი აზრი გამოთქვა მიშელ პლატინიმაც, რომელმაც საუკეთესოებად ტიერი ანრი და რონალდინიო დაასახელა. ასევე ემოციები ფრანკ რიბერიმაც ვერ დამალა. მაშინ ახალგაზრდა ვინგერმა გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა. უკმაყოფილოები იტალიაშიც აღმოჩნდნენ. კერძოდ, ჯანი რივერამ France Football-ს გადაწყვეტილება დაუწუნა, რადგან მიაჩნდა, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი ჯანლუიჯი ბუფონი უნდა გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ ბუფონს უპირატესობას იტალიური მედიაც ანიჭებდა.

„იმიტომ მოვიგე, რომ იმ წელს თავდამსხმელები ცუდ ფეხზე დგებოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ვთვლი, რომ მათ აღიარეს იტალიური დაცვის სკოლა და მე, როგორც კაპიტანს, ჯილდო გადმომცეს. ჩავატარე ძალიან კარგი სეზონი „იუვეში“, შემდეგ კი არაჩვეულებრივად ვიასპარეზეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. დიახ, მთელმა გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა, მაგრამ მე რომ არ ვყოფილიყავი, საუკეთესო თასი ჩემს ოთახში არ იდებოდა“, - აცხადებდა კანავარო.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფაბიომ ტატუ გაიკეთა წარწერით - „არ შეგეშინდეთ, იყოთ გამბედავები“. მას არც თავიდან ეშინოდა, როდესაც ნაპოლის ვარჯიშზე პატარა ბიჭმა ფეხებში ვარდნა მარადონას გაუკეთა. ვარჯიში შეჩერდა და ყველა დიეგოს რეაქციას ელოდა. არგენტინელმა თინეიჯერი შეაქო და ვარჯიშის შემდეგ ბუცებიც აჩუქა. იმ მომენტიდან მას სჯეროდა, რომ ოცნებები ხდება.

„იტალიაში ყველა ბავშვის ოცნება გადაჭედილი ტრიბუნების წინ ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშია. შეიძლება, მცველი მაღალი ან დაბალი იყოს, მაგრამ მთავარია, მას საკუთარი თავის სჯეროდეს. ყოველი დღე ახალი გამოწვევებითაა სავსე და მათი დაძლევით შენ იზრდები. ჩემთვის ეს ყველაფერი მარადონასთან შეხვედრით დაიწყო და დღემდე გრძელდება“...

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში