Aa Aa

უნიკალური მარსელო ბიელსა

ინგლისში ერთ-ერთი ვიზიტისას მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე ვალდანომ, მარსელო ბიელსას უცნაური ხასიათი საკუთარ თავზე გამოცადა. ამ უკანასკნელისთვის ფეხბურთი ყველაფერზე მაღლა დგას და მუდამ გამარჯვებაზეა ორიენტირებული.

ვალდანოს 1996 წელს მომხდარი ისტორია კარგად ახსოვს. ის ბიელსასთან ერთად სეირნობდა, როცა მარსელო უეცრად მოუბრუნდა და ჰკითხა: წაგებული მატჩების შემდეგ, თვითმკვლელობაზე არასდროს გიფიქრია“?

2019-20 წლების სეზონის დაწყებამდე ბიელსამ ანდერ ერერა და ხუან მატა სადილზე დაპატიჟა. რესტორანში მისვლისას მარსელომ განტვირთვის ნაცვლად სამარილე და საპილპილე აიღო და მათი დახმარებით საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფიის დემონსტრირება დაიწყო. საქმე მეკარესთან ერთი-ერთზე გასულ ფეხბურთელსა და გოლის გატანის სხვადასხვა გზას ეხებოდა. ბიელსას 14 ვარიანტი ჰქონდა მომზადებული...

ერერა: ბიელსა დარიგებების მიცემას არასდროს წყვეტს. ის გიჟია, ამ სიტყვის კარგი გაგებით. მისი ვარჯიშები საკმაოდ დიდხანს გრძელდება და მაშინ სრულდება, როცა თავს ბედნიერად გრძნობს და კმაყოფილია. ხანდახან ერთსა და იმავეს ორი საათის განმავლობაში ვაკეთებდით, მაგრამ როგორ გინდა შეეკამათო, როცა მიღებული ცოდნა მოედანზე ყოფნისას ძალიან გეხმარება“.

მარსელო განსაკუთრებული პიროვნებაა. იგი ყველა შეხვედრას თვალს ადევნებს და თუ რამე მოეწონება აუცილებლად ჩაინიშნავს. მაგალითად,მანჩესტერისშესრულებით კარგი კომბინაცია რომ ენახა, მეორე დღეს ჩვენ გაგვიზიარებდა და იქამდე გვავარჯიშებდა, სანამ თითოეულ მოძრაობას იდეალურად არ გავითავისებდით“.

ბიელსას ფეხბურთი ძალიან უყვარს, მაგრამ გაწონასწორებული ადამიანი ნამდვილად არ გახლავთ. მარსელოს ზედმეტსახელი „ელ ლოკოა“. „ნიუელსში“ ყოფნისას მან კლუბის უკანახაზელს, ფერნანდო გამბოას, უცნაურად მიმართა და მზად იყო ფეხბურთელისთვის თითი მოეჭრა, თუ ეს გუნდს გამარჯვებას მოუტანდა. ბიელსა ის ადამიანია, ვინც ერთ-ერთი მარცხის შემდეგ თავისივე ასისტენტმა, ხორხე გრიფამ, საპირფარეშოში ჩაკეტა. რატომ?! მარსელო განრისხებული და გააფთრებული იყო და არავინ იცის გასახდელში რომ შესულიყო რა მოხდებოდა.

არგენტინაში ბიელსას უნიკალური ხასიათის შესახებ ასეთი ლეგენდაა გავრცელებული. 1992 წელს მისმა გუნდმა 6-0 წააგო. „ულტრასებმა“ პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტეს და მარსელოს სახლის წინ შეიკრიბნენ. მოულოდნელად არგენტინელმა სპეციალისტმა კარები გააღო და ქომაგების წინაშე ყუმბარით წარსდგა. ბიელსა მათ დაემუქრა... გულშემატკივრები შეშინდნენ და გაიქცნენ, რაც ბიელსასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორც ამბობენ იგი მათ ყუმბარით შეიარაღებული მისდევდა.

„ალბისელესტეს“ ყოფილი მეკარე, პაბლო კავალიერო, იხსენებს, რომ ერთხელ ბიელსამ ბაზაზე ყოფნისას ღამის 2 საათზე სარბენად წასვლა გადაწყვიტა. 2001 წელი იდგა და იმ დროს არგენტინაში ადამიანებს ხშირად იტაცებდნენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არგენტინის ნაკრების ბაზის დაცვის წარმომადგენლები კბილებამდე შეიარაღებულნი იყვნენ. უეცრად მათ უცხო პიროვნება შენიშნეს, რომელიც დარბოდა. ბიელსას ყურსასმენები ეკეთა, თავისივე ტაქტიკის განხილვას უსმენდა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ გაცემული ბრძანებები არ გაუგონია. მოგვიანებით კი, გაოცდა, როცა მის სახესთან ერთდროულად რამდენიმე იარაღი გაჩნდა. როგორც ჩანს იმ მომენტში შიშმა იმძლავრა და არგენტინელმა სპეციალისტმა თქვა: არ ისროლოთ! ბიელსა ვარ“!

მარსელო ფეხბურთზე შეყვარებული პიროვნება და საოცრად სულგრძელი ადამიანია. 2008 წლის მარტში იგი „კათოლიკასა“ და „რივერ პლეიტის“ მატჩს უნდა დასწრებოდა, რათა ალექსის სანჩესის თამაში ეხილა, თუმცა სტადიონზე მისულმა ორი ბავშვი დაინახა, რომლებიც ფეხბურთს ქუჩაში თამაშობდნენ. არგენტინელს ბევრი არ უფიქრია... მან საკუთარი ბილეთები მაშინვე ყმაწვილებს უსახსოვრა, თავად კი, შეხვედრას ქალაქის ერთ-ერთ ბარში უყურა.

ბიელსას იდეაფიქსი მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მოძიებაა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მარსელომ მწვრთნელის რანგში პირველი სამსახური ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიიღო. არგენტინელს სრული თავისუფლება ჰქონდა, რის გამოც გუნდის დაკომპლექტებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. მარსელომ სინჯებზე 3000-ზე მეტი მოთამაშე მიიწვია და მათგან 20 აარჩია. ახალგაზრდობაში იგი ფეხბურთის ანალიტიკურ მხარეს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და მსოფლმხედველობა არც 63 წლის ასაკში შეუცვლია.

არგენტინელი სპეციალისტის ყოფილი შეგირდი, გამბოა, იხსენებს: ერთხელ ბიელსას ასეთი რამ ვუთხარი: პროფესორო, იცი პრობლემა რაშია? შენ ფეხბურთით ცხოვრობ, ჩვენ კი ამ სპორტის გარდა სხვა რაღაცებიც გვაინტერესებს“.

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში მარსელო ბიელსა საფეხბურთო ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. არგენტინელმა სპეციალისტმა ყველაფერი აღიარა და დასძინა, რომ ეს ერთჯერადი ქმედება არ ყოფილა. აღიარების მიუხედავად, ბიელსას „ჯაშუშთა ქსელის“ გამოაშკარავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთი ჯაშუში მარსელომ „ნიუელს ოლდ ბოიზში“ ყოფნისას „გადაიბირა“, მეორე პიროვნებასთან კონტაქტი ჩილეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებულ პერიოდში დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ ტაბლოიდებთან კომენტარის გაკეთებაზე ორივე კატეგორიულ უარს აცხადებს.

ბიელსას ქმედებებთან დაკავშირებული სკანდალი დიდი მოულოდნელობა ნამდვილად არ გახლავთ. მარსელო ის ადამიანია, ვინც „ნიუელს ოლდ ბოიზის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი იმიტომ დატოვა, რომ გუნდის მმართველმა საბჭომ ფეხბურთელების დაჯარიმებაზე უარი განაცხადა. არგენტინული კლუბის მოთამაშეები საქორწინო ცერემონიის შემდეგ, გამართულ წვეულებაზე ღამის 5 საათამდე დარჩნენ. ბიელსამ კი, კატეგორიულად მოითხოვა, რომ 1-ზე სახლში წასულიყვნენ... მარსელო მათ დასჯას სწორედ ამიტომ ითხოვდა...

ბიელსა ყველაფერს აკონტროლებს და 24 საათის განმავლობაში მუშაობს. მისი ყოფილი ასისტენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, იხსენებს: „ყველაზე დიდი გამოწვევა ოჯახის შენარჩუნება იყო. ჩემს მეუღლეს არ სჯეროდა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდი“.

დაბოლოს, თითოეული ფეხბურთელის შესახებ მარსელოს ყველაფერი კარგად მოეხსენება და უპასუხისმგებლობას არავის პატიობს. ერთხელ მისი შეგირდი საზაფხულო შესვენებიდან წონაში მომატებული დაბრუნდა. მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი აღარ მიუღია...

ბიელსა უნიკალური პიროვნებაა... ის კი, ვინც მის დიქტატორულ რეჟიმს უძლებს ნამდვილად დასაფასებელია...

გაზიარება: