ზიზუს
Aa Aa

ზიზუს "პირამიდა" - როგორ შევქმნათ მოედანზე რიცხობრივი უპირატესობა

თანამედროვე ფეხბურთში ნახევარდცვას იმდენად დიდი როლი აქვს, როგორც არასდროს. ვისაც ძლიერი შუა ხაზი ჰყავს, ის აკონტროლებს მატჩსაც და სცენარიც მისი კარნახით მიმდინარეობს.

ნახევარდაცვის როლი ხელოვნების დონემდე დახვეწა პეპ გუარდიოლამ, რომელმაც „ბარსელონაში“ 4 წლიანი საოცარი ეპოქა შექმნა, თუმცა დღეს ამ საქმის მორიგ დიდოსტატზე ზინედინ ზიდანზე ვისაუბრებთ, რომელიც „რეალში“ ყველა პრობლემას თავისი უნივერსალი ნახევარმცველებით აგვარებს.

ზიზუმ ბოლო წლებში პრინციპული მატჩების უმრავლესობა 4-3-1-2 (ასევე 4-3-2-1) სქემის გამოყენებით მოიგო.

თქვენს ყურადღებას მადრიდელთა მიერ გამართულ რამდენიმე მატჩზე შევაჩერებთ, რომლებიც გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ.

როგორ დაალაგა ზიდანმა არეული გუნდი

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება „რეალმა“ ძალიან ცუდად დაიწყო. ზიდანის გუნდი პარიზში პსჟ-სთან 0:3 განადგურდა. ზიზუმ ტომას ტუხელის 4-3-3-ს ანალოგიური წყობით უპასუხა, რაც მათთვის ფატალურად დასრულდა.

ზიდანმა ყველაზე კარგად იცის, რომ მისი გუნდის დაცვა დიდად საიმედო არ არის და თუ ნახევარდაცვა მჭიდროდ არ იმოქმედებს, „რეალი“ წასაგებად განწირულია.

ფრანგმა სპეციალისტმა მადრიდში გამართული განმეორებითი მატჩისთვის სქემა შეცვალა და ნაცადი 4 ნახევარმცველიანი ტაქტიკა აირჩია.

პარიზში „რეალის“ ცენტრს კაზემირო, კროოსი და ხამესი იკავებდნენ, მადრიდში კი კროოსსა და კაზემიროს, ფედე ვალვერდე და ისკო დაემატნენ.

მივადექით მთავარ კითხვას - როგორ იყენებს ზიზუ ნახევარდაცვას? კაზემირო და კროოსი ძირითადად მოედნის ცენტრში რჩებიან, ვალვერდე და ისკო კი თამაშს ამწვავებენ, ფლანგებზე ხშირად ინაცვლებენ და ფორვარდებთან ახლოს მოძრაობენ.

მაგალითისთვის ავიღოთ ფედე ვალვერდეს თამაში განმეორებით შეხვედრაში პსჟ-ს წინააღმდეგ. ურუგვაელი ნახევარმცველი მოედანზე გაუჩერებლად მოძრაობდა. ამ ფეხბურთელის პლუსი სწორედ ესაა - მას თანაბრად კარგად თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია და მისი არსენალი საკმაოდ მრავალფეროვანია.

ვალვერდე არის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე რიცხობრივ უპირატესობას ქმნის.

პსჟ-სთან პირველი გოლის დროს ვალვერდე ფლანგზე გადავიდა და კარვახალს შეუწყვილდა, საიდანაც რიცხობრივი უპირატესობა შექმნა, ფედე უცებ ადგილიდან მოწყდა და საჯარიმოსკენ დაიძრა, მცველებმა მისი დაჭერა ვერ შეძლეს, რაც საბოლოოდ გოლით დასრულდა.


 

ისკოს, მოდრიჩისა და ვალვერდეს მსგავსი ნახევარმცველები ზიდანის უმთავრესი კოზირია. ფრანგი სპეციალისტი ყოველთვის ცდილობს, რომ გუნდში რამდენიმე უნივერსალი ნახევარმცველი ჰყავდეს, რათა მოედანზე სიტუაციის შეცვლა სწრაფად შეძლოს.

აქტიური პრესინგი და ნახევარდაცვაში რიცხობრივი უპირატესობა ზიდანს მატჩის სცენარის სათავისოდ წარმართვის საშუალებას აძლევს.

ამ ცვლილებების შემდეგ, „რეალმა“ პსჟ-სთან განმეორებით შეხვედრაში კარისკენ 28-ჯერ დაარტყა, რომელთაგან 13 ზუსტი იყო. მადრიდელებმა მეტოქე დაბომბეს, გუნდი 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანას განაგრძობდა, თუმცა მადრიდელებმა შეხვედრა მაინც ვერ მოიგეს, მაგრამ ეს უფრო უიღბლობის ბრალი იყო, ვიდრე მეტოქის კარგი თამაშის.

აუცილებლად აღსანიშნავია პასების რაოდენობა და სიზუსტე

2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ზიდანი ანალოგიურად მოქმედებდა. მან ანალoგიური სქემა გამოიყენა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ვალვერდეს ნაცვლად მაშინ მოდრიჩი თამაშობდა.

ზიზუს "პირამიდა"

ზიზუ კვლავინდებურად ნახევარდაცვას დაეყრდნო ესპანეთის სუპერ თასზეც, როდესაც ნახევარფინალი და ფინალი 4-3-2-1 სქემით ითამაშა. სწორედ აქ გამოჩნდა კარგად, თუ რამხელა ძალა აქვს ზიდანის „პირამიდას“.

ედენ აზარის არყოფნის გამო ფრანგმა შემადგენლობას არა რომელიმე ფორვარდი, არამედ მორიგი მე-5 ნახევარმცველი დაამატა. ბევრი ფიქრობდა, რომ ასეთი თერთმეტეულით მოთამაშე „ბლანკოსს“ შეტევაში გაუჭირდებოდა, თუმცა ზიდანმა ყველა ვარაუდს ამჯერადაც ამომწურავი პასუხი გასცა. მისი ახალი სქემა მართლაც წააგავს ეგვიპტურ პირამიდებს და ამავდროულად მათსავით უნიკალურია.

მოედანზე მყოფ ერთადერთ ფორვარდ ლუკა იოვიჩთან ყველაზე ახლოს ისკო და მოდრიჩი მოქმედებდნენ, იქვე იყო ფედე ვალვერდეც, საყრდენ ზონას კი კაზემირო-კროოსი აკონტროლებდნენ.

„რეალი“ 120 წუთის განმავლობაში ბურთს 65%-ით ფლობდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა გოლი ვერ გაიტანა, ისინი მაინც პირველ ნომრად თამაშობდნენ და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეს.

ზიდანმა დიდი დანაკლისი და დაცვის არასახარბიელო მდგომარეობა ამჯერადაც ნახევარდაცვის გამოყენებით მოაგვარა.

ანალოგიურად ითამაშა ზიდანმა სუპერ თასის ნახევარფინალშიც „ვალენსიას“ წინააღმდეგ, სადაც ზემოხსენებული „პირამიდა“ ბევრს დროებითი სქემა ეგონა და ფინალში „ბარსელონას“, ან „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ასეთ რამეს აღარ ელოდნენ, თუმცა როდის იყო ზიზუს ქმედებები ლოგიკას ექვემდებარებოდნენ?

როცა მადრიდელები 4-3-3-ს იყენებენ, არის მატჩები სადაც გუნდის თამაშში ხარვეზები ჩნდება, რაც ქულის ან ქულების დაკარგვით სრულდება ხოლმე. ამის ნათელი მაგალითი ვიხილეთ ლა ლიგის 24-ე ტურში, სადაც „რეალმა“ „სელტას“ უმასპინძლა და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა.

ზიდანმა ამჯერად 4-3-3 გამოიყენა, რამაც მეტოქეს მოედნის ცენტრში სივრცეები დაუტოვა და ბურთის ამოტანა გაუმარტივა. ვიგოელები მწვავე გადაცემებს მარტივად ასრულებდნენ, რაც კურტუას კარში 2 გოლითა და დაკარგული 2 ქულით დასრულდა.

მიმდინარე სეზონში მოსალოდნელია, რომ ზიზუ თავის ფავორიტ სქემას კიდევ ბევრჯერ გამოიყენებს და ეს ძირითადად რთულ, გამორჩეულ შეხვედრებში მოხდება.

უშეცდომო არავინაა, მათ შორის არც ზიზუ, თუმცა მთავარია როგორ რეაგირებ პრობლემის დანახვის შემდეგ. ფრანგი სპეციალისტი სიტუაციის გამოსწორების ნამდვილი დიდოსტატია. რა მდგომარეობაში ჩაიბარა მან გუნდი და რა ფორმაში არიან ისინი ამჟამად - კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია.

ამ მომენტისთვის ზიდანი არის მწვრთნელი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ნახევარდაცვას ყველაზე უკეთ იყენებს და ამას მისი გუნდის მიერ დაფიქსირებული შედეგებიც ადასტურებს.

გაზიარება: