Aa
Aa

ტუხელი იმედგაცრუებულია: "დამსახურებულად დავმარცხდით"

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის წლევანდელ გათამაშებაში მეორე მარცხი იწვნია. პარიზელები „პარკ დე პრენსზე“ „რეიმსს“ დაუპირისპირდნენ, მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს და 0-2 წააგეს. „რეიმსის“ წარმატების მთავარი შემოქმედები კამარა და დია იყვნენ. პსჟ-მ კი ლიგა 1-ის ეგიდით გამართულ ბოლო 44 შეხვედრაში გოლი პირველად ვერ გაიტანა.

ბუნებრივია ფრანგული გრანდის მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი შედეგით უკმაყოფილო იყო და ჟურნალისტებთან საუბრისას თავისი გუნდი გააკრიტიკა.

„ჩვენ მიერ ნაჩვენები თამაშით იმედგაცრუებული ვარ. პარკ დე პრენსზე პსჟ-ს მაისურით თამაში განსაკუთრებული შეგრძნებაა და სამწუხაროდ ჩვენი გამოსვლა წარმატების მისაღწევად საკმარისი არ გახლდათ“.

„პირველი 10-15 წუთი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შემდეგ დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი უფრო და უფრო უარესდებოდა“.

„რეიმსთან მატჩში ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ და დამსახურებულად დავმარცხდით“.

„რეიმსთან“ წაგების შემდეგ პსჟ-ს 15 ქულა დარჩა. პარიზელები სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო შეხვედრას სტუმრად „ბორდოს“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები