თუ ვინმესი უნდა ეშინოდეთ, ეს ჩვენ ვართ | იამალი საფრანგეთის ნაკრებზე
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ბელგია დრამატულ მატჩში 2:1 დაამარცხა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში პირველად გავიდა 2010 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიო თასი მოიპოვა. „ფურია როხა’’ 30-ე წუთზე ფაბიან რუიზმა დააწინაურა. 41-ე წუთზე კასტანეს ჩაწოდებით დე კეტელარემ თავური დარტყმით გაათანაბრა. 88-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა მიკელ მერინომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი წინ გაიყვანა, საბოლოოდ ეს გოლი გამარჯვების აღმოჩნდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ იამალი დასახელდა, რომელმაც მედიასთან საუბარში განაცხადა: „ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ნახევარფინალში ყოფნის შესაძლებლობა გვაქვს. აქ უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით, ბოლომდე გასვლა გვინდა და შემდეგ ეტაპზე გასვლით ძალიან კმაყოფილები ვართ“.
იამალი მატჩის შესახებ: „ვფიქრობ, მეტოქეს საგრძნობლად ვჯობდით. მართალია, გაშვებულმა გოლმა უცნაური შეგრძნება დაგვიტოვა, რადგან ზუსტად მაშინ გაგვიტანეს, როცა საუკეთესოდ ვთამაშობდით, მაგრამ რაც არის, ეგ არის. შეიძლება ჩანს, რომ ძალიან ლამაზ ფეხბურთს არ ვთამაშობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რეალობა ისაა, რომ ჩვენთან ტოლ-სწორად არცერთ გუნდს არ უთამაშია“.
იამალი მომაალ მეტოქე საფრანგეთზე: „ვფიქრობ, თუ ვინმესი უნდა ეშინოდეთ, ეს ჩვენ ვართ, სწორედ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ისინი გამოთიშა (ერთა ლიგაზე გასულ წელს). ცხადია, ორი უძლიერესი, მსოფლიო კლასის ნაკრები ვართ, ჩემი აზრით, ორი საუკეთესო. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ შიში საერთოდ არ გვაქვს“.
მუნდიალის ნახევარფინალში ესპანეთის მეტოქე საფრანგეთია. მატჩი 14 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.