ენტონი ჯოშუა, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

პოლი: მომზადებისას შეცდომა დავუშვი, ჯოშუასთან უკეთ ბრძოლა შემეძლო

ენტონი ჯოშუასთან გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, ჯეიკ პოლს სჯერა, რომ სათანადო მომზადების შემთხვევაში, მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის დამარცხებას შეძლებდა.

„ვისურვებდი, მოსამზადებლად სამ კვირაზე მეტი მქონოდა. შესაძლოა, მეტი კუნთოვანი მასა დამეგროვებინა, რათა რინგის ცენტრში მყარად დავმდგარიყავი და მის წინააღმდეგ მებრძოლა. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ მოსამზადებელი ეტაპი მაღალმთიან ადგილებში არ გავიარე. დიახ, საწვრთნელი ბანაკის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ასეთი ბრძოლისთვის საჭირო კარდიო (გამძლეობა) არ მეყო, ამის მიღწევა კი მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე ვარჯიშითაა შესაძლებელი“,

- განაცხადა ამერიკელმა თავისი ძმის, ლოგან პოლის პოდკასტში (Impaulsive).

უფრო მეტიც, პოლი დარწმუნებულია, რომ არასაკმარისი მომზადების მიუხედავადაც კი, ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქის შერყევა შეძლო.

„ზოგადად, ამ დონის მებრძოლთან რინგზე ყოფნა უდიდესი გამოცდილებაა. ბევრი რამ ვისწავლე და ვხედავ, რომ უკეთ გამოსვლაც შემეძლო. დიახ, ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რამდენად ძლიერია ის. მიუხედავად ამისა, ერთ მომენტში მაინც შევაზანზარე. მე ის ნამდვილად შევარყიე“,

- დაამატა პოლმა.

ჯოშუასა და პოლის ორთაბრძოლა, რომელიც გასულ უქმეებზე მაიამიში გამართული კრივის საღამოს მთავარი მოვლენა იყო, მეექვსე რაუნდში ამერიკელი ბლოგერის ნოკაუტით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები