ჩელსი, დიდიე დროგბა
Aa Aa

“პანენკას დარტყმა მინდოდა, გონს მოვეგე და გადავიფიქრე“ - მე დიდიე დროგბა ვარ

დიდიე დროგბამ იცოდა, რომ 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მისთვის ევროპის მთავარი პრიზის მოპოვების ერთადერთი შანსი იყო, სანამ „ლურჯების“ ვარსკვლავები დაიშლებოდნენ. სტემფორდ ბრიჯზე არეულობის გასაოცარ სეზონში, დიდების ეს ვალსი არასოდეს ჩანდა სავარაუდო - და მაინც..

ანდრე ვილაშ-ბოაშმა „ჩელსის“ ყველა ფეხბურთელს ერთნაირი კითხვა დაუსვა და ყველასგან მსგავსი პასუხი მოისმინა. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა, სანამ დროგბას ჯერი არ დადგა..

„ლივერპულთან“ წაგების შემდეგ, პორტუგალიელმა მწვრთნელმა უფროსი და გამოცდილი ფეხბურთელები შეკრიბა. იმ დროს „ჩელსი“ პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილს იკავებდა. ტერიმ, ლამპარდმა, ჩეხმა და დროგბამ ვილა-ბოაშს ურჩიეს, რომ საკუთარი ფილოსოფია შეეცვალა, რადგან ეს არ მუშაობდა..

ლევერკუზენის „ბაიერთან“ მატჩის წინ(ჯგუფური ეტაპი), ანდრემ ფეხბურთელებს განუცხადა: „ჩვენს ფილოსოფიას არ უნდა ვუღალატოთ. მჯერა ასე ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ..“

იმის გათვალისწინებით, რაც დროგბამ და სხვა ფეხბურთელებმა ბოაშს ურჩიეს, სრულიად საპირისპირო მოხდა. მოთამაშეებმა ეს ღალატად აღიქვეს. მათი აზრით, ანდრეს კლუბის სხვა მიმართულებით წაყვანა მათ გარეშე სურდა..

33 წლის დროგბას ხშირად ცვლიდა და მის ნაცვლად ფერნანდო ტორესს ათამაშებდა. 33 წლის იყო ფრენკ ლამპარდიც, ხოლო ჯონ ტერი 31-ის ხდებოდა და ქპრ-სთან მატჩის შემდეგ, ანტონ ფერდინანდისთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო სპორტული გამოძიება დაიწყო..

მათზე რამდენიმე თვით უფროსი ვილაშ-ბოაში კი ჯიუტად იქცეოდა. მას სულ ერთი კითხვა ჰქონდა. სჯეროდათ, თუ არა ფეხბურთელებს მისი ფილოსოფიის. პორტუგალიელი ფიქრობდა, რომ ასე ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოიგებდა..

ყველას პასუხი „დიახ“ იყო, მაგრამ დროგბასი არა. დიდიემ თქვა: „არა, მე ამის არ მჯერა..“

„ჩელსი“ „ბაიერთან“ 1:2 დამარცხდა და მერვედფინალში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დროგბასთვის ეს საკმარისი იყო და ვილაშ-ბოაშს ღიად დაუპირისპირდა. მისმა აგენტმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებდა და წავიდოდა იქ, სადაც მეტ ფულს გადაუხდიდნენ..

2004 წლის შემდეგ, დროგბამ და მისმა ასაკოვანმა თანაგუნდელებმა არაერთი ტიტული მოიგეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც მიუწვდომელი იყო. დიდიე ანდრეს კი აკრიტიკებდა, მაგრამ იაზრებდა, რომ ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების ბოლო შანსი იყო.. ეს იქნებოდა ბოლო ცეკვა..

კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელის ტრანსფერის ისტორია საკმაოდ საინტერესოა.. როდესაც 2004 წელს მოურინიო „ჩელსის“ მწვრთნელად დაინიშნა, მას რომან აბრამოვიჩმა ტრანსფერებისთვის კოლოსალური თანხა გამოუყო. რუსმა ოლიგარქმა „განსაკუთრებულს“ სრული თავისუფლება მიანიჭა..

ჟოზემ კი თავდამსხმელად ისეთი ფეხბურთელი მოიყვანა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სულ რაღაც 6 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და 21 წლამდე პროფესიონალი ფეხბურთელიც კი არ იყო. მოურინიომ დროგბას უსიტყვო ნდობა გამოუცხადა..

დიდიე 7 წლის ასაკში საცხოვრებლად სამშობლოში დაბრუნდა, რადგან საბუთების პრობლემა შეექმნა. როდესაც ეს ყველაფერი მოგვარდა, დროგბას ევროპაში დაბრუნება არ სურდა, რადგან კოტ-დ'ივუარში თავს კომფორტულად გრძნობდა, მაგრამ მისმა ორივე მშობელმა სამსახური დაკარგა და იძულებულნი გახდნენ საფრანგეთში დაბრუნებულიყვნენ..

18 წლის ასაკში ის საფრანგეთის მეორე დივიზიონის გუნდში „ლე მანსში“ თამაშობდა. მისი იმედი ჰქონდათ, მაგრამ დროგბას უსარგებლო საკვებისადმი ლტოლვა ჰქონდა და ფიზიკური კონდიციები არასდროს ჰქონდა ნორმაში..

„აფრიკელი ბიჭი თავს ძლიერად და ხელშეუხებლად იგრძნობს. ეს არის ის, რაც შენს გენებშია. საშიშროება ის არ არის, რომ ამ ნდობით შეიძლება დაბრმავდეთ. არა!! მე ხშირად ვაკეთებდი ისეთ რამეს, რაც არ უნდა გამეკეთებინა დიეტის და ფიტნესის თვალსაზრისით.. ვფიქრობდი, რომ ამით არ ვრისკავდი..“ - განაცხადა დროგბამ

ფიზიკური ფორმის ცუდმა მდგომარეობამ და უცებ ახალი რეჟიმის ჩამოყალიბებამ ტრავმის მიღების შანსი გაზარდა. დროგბამ ტერფი მოიტეხა და დიდი პერიოდი გაუცდა..

„მაშინაც კი, როცა ფეხი მოვიტეხე, მაინც მჯეროდა, რომ მწვერვალზე ავიდოდი.“ - თქვა დროგბამ

„მარსელმა“ კოტ-დ'ივუარელი თავდამსხმელი 3.3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. დიდიემ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში მადრიდის „რეალს“ ბერნაბეუზე გაუტანა, მაგრამ ფრანგები 2:4 დამარცხდნენ..

მეორე მატჩში, საფრანგეთში ბელგრადის „პარტიზანს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა, ხოლო მოურინიოს „პორტუს“ წინააღმდეგ ანგარიში გახსნა..

მოედანზე შესასვლელ გვირაბში ჟოზემ დროგბას უთხრა: „ერთ დღეს შენ ჩემი ფეხბურთელი გახდები..“

იმ დროისთვის, როცა მოურინიო „ჩელსის“ ჩაუდგა სათავეში, დროგბამ დაამტკიცა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში შეეძლო. უეფა-ს თასზე მან „ლივერპულს“ და „ნიუკასლს“ 2-2 გოლი გაუტანა..

მოურინიოს დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ, „ჩელსიმ“ კოტ-დ'ივუარელის სანაცვლოდ კლუბის რეკორდული თანხა 24 მილიონი ევრო გადაიხადა. როდესაც დიდიე ლონდონის აეროპორტში ჩაფრინდა მას პირადად ჟოზე დახვდა და ფრანგულად უთხრა:

„შენ კარგი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ, თუ გინდა, რომ დიდი ფეხბურთელი იყო, მაშინ დიდ კლუბში უნდა ითამაშო ჩემთვის.“

მოგვიანებით, დროგბამ FFT-ს განუცხადა: „ყველაზე დიდი რამ, რაც მოურინიომ ჩემთვის გააკეთა, იყო მისი რწმენა ჩემს მიმართ. მსოფლიოში უამრავი კარგი თავდამსხმელი არსებობდა, მაგრამ არჩევანი მან ჩემზე შეაჩერა.“

დროგბამ „ჩელსიზე“ და მის შემადგენლობაზე ბევრი არაფერი იცოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა:

„ვარჯიშზე ვიღაც მაღალი ბიჭი დავინახე. სარეზერვო გუნდის მოთამაშე მეგონა და ვიფიქრე, რომ მეტი პრაქტიკისთვის პირველ გუნდში გადმოიყვანეს. ვიკითხე, თუ ვინ იყოს ის. იცით ვინ აღმოჩნდა? ჯონ ტერი..“

„არისტოკრატებს“ პეტრ ჩეხიც შეუერთდა. ლამპარდს დიდებული სეზონი ჰქონდა, ხოლო დიდიე დროგბა ფაზლის ბოლო კაშკაშა ნაწილი იყო, რომელმაც ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ლივერპულს“ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნს“ გაუტანა.

მიუხედავად ამისა, დიდიე მაინც ნერვიულობდა, რადგან პირველ ლონდონურ სეზონში მხოლოდ 16 გოლი გაიტანა, ხოლო წინა სეზონში „მარსელის“ რიგებში 32..

იმის გამო, რომ დიდიე აფრიკის თასზე სათამაშოდ წავიდა, ჟურნალისტებმა გააკრიტიკეს. გაკრიტიკება რბილი ნათქვამია.. ის მიწასთან გაასწორეს. 2006 წელს კოტ-დ'ივუარელ თავდამსხმელს „ჩელსის“ დატოვება უნდოდა და ამას სერიოზულად განიხილავდა, მაგრამ მისმა მეუღლემ გადააფიქრებინა..

როგორც აღმოჩნდა, ამ საკითხზე მხოლოდ მეუღლეს არ უმუშავია.

„ლამპარდი, ტერი და ჩეხი ჩემი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. დასასვენებლად ვიყავი წასული და ვრცელი წერილი მომწერეს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა დავრჩენილიყავი. მათი როლი ჩემს გადაწყვეტილებაში ძალიან დიდია..“ - განაცხადა დროგბამ

2011/2012 წლების სეზონში, დიდიემ ვილაშ-ბოაშთან საუბარი გადაწყვიტა, რადგან „სტოკ სიტისთან“ სათადარიგოთა სკამზე დასვა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და დროგბამ მხოლოდ 15 წუთი ითამაშა..

2010/2011 წლებში დროგბამ ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 13 გოლი გაიტანა. ის მალარიით იყო დაავადებული და გარკვეული დროის გამოტოვება მოუწია. „არისტოკრატებმა“ ფერნანდო ტორესი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოიყვანეს, მაგრამ ესპანელმა ვარსკვლავმა ვერ გაამართლა და სეზონის ბოლომდე მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, „ჩელსი“ პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და ანჩელოტი ვილაშ-ბოაშით შეცვალეს..

დროგბას პორტუგალიელ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ვილაშ-ბოაში მოურინიოს თანაშემწე იყო. აქედან გამომდინარე, კოტ-დ'ივუარელს მისი დანიშვნა გაუხარდა, თუმცა სცენარი სულ სხვანაირად განვითარდა..

ანდრეს გუნდის გადახალისება და ასაკოვანი ფეხბურთელების სკამზე გადასმა სურდა. ამან კი ყველაფერი გააფუჭა..

დიდიემ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა: „სანდო წყაროსგან გავიგე, რომ ვილაშ-ბოაშს ჩემი, ლამპარდის და ეშლი კოულის მოშორება სურდა. წინასასეზონო მომზადების შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ ტორესი ყველაფერში უკეთესი იყო. რეალურად, იმ დროს საუკეთესო ანელკა იყო და არა ტორესი. ანდრეს ვთხოვე, რომ ჩემს წინაშე გულწრფელი ყოფილიყო და ეთქვა სად იყო ჩემი ადგილი. პირდაპირი პასუხი მოერიდა და ორაზროვანი პასუხი გამცა.“

დიდიე იმედგაცრუებული დარჩა პორტუგალიელი მწვრთნელის გადაწყვეტილებით და ფილოსოფიით.. დაიწყო ცუდი პერიოდი.. მარცხი „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ და დროგბა გააძევეს. შემდეგ წაგება „არსენალთან“ 3:5 და „ლივერპულთან“ ქულების დაკარგვამ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბა..

საქმეში თავდამსხმელის აგენტი ჩაერთო. დროგბას სეზონის ბოლოს ხელშეკრულება უმთავრდებოდა და ამით მანიპულირება დაიწყო. აგენტმა განაცხადა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებდნენ და დიდიე წავიდა იქ, სადაც უფრო მეტს გადაუხდიდნენ. ამის პარალელურად, „ჩელსი“ თავის ასაკოვან მოთამაშეებს იცავდა და დიდ პატივს სცემდა..

ლევერკუზენის „ბაიერთან“ დამარცხების შემდეგ, ლონდონურ კლუბს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ვალენსია“ აუცილებლად უნდა დაემარცხებინა. ასეც მოხდა, „არისტოკრატებმა“ 3:0 მოიგეს და დუბლი დროგბამ შეასრულა, მაგრამ კოტ-დ'ივუარელი სხვა ფაქტმა აღაშფოთა..

ალექსს და ნიკოლას ანელკას ვილაშ-ბოაშმა პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებმა ეს გააპროტესტეს და ტრანსფერი მოითხოვეს. „ჩელსის“ ხელმძღვანელობაზე გავლენას ვილაშ-ბოაში ახდენდა და მოთამაშეებს არასასიამოვნო პასუხი გასცეს. მათ უთხრეს, რომ წასვლა თავისუფლად შეეძლოთ..

ანელკას ჩინელები ეპატიჟებოდნენ და სულ მალე დიდიეც დაპატიჟეს. მას ნებისმიერ დროს შეეძლო წასვლა და „ჩელსისთვის“ ზურგის შექცევა..

როდესაც დროგბამ შეთავაზება ოფიციალურად მიიღო ვილაშ-ბოაშთან მივიდა და საქმის კურსში ჩააყენა. პორტუგალიელმა მას მოცდა სთხოვა.

დროგბა იანვარში ლონდონიდან წავიდა, მაგრამ არა გუნდიდან. ის აფრიკის თასზე გაემგზავრა და კიდევ ერთი შოკის მომგვრელი მარცხი იწვნია.. კოტ-დ'ივუარი ფინალში ზამბიასთან დამარცხდა..

დიდიე კიდევ უფრო მძიმე კრიზისში მყოფ „ჩელსიში“ დაბრუნდა. მის არ ყოფნაში „ლურჯებმა“ 4 ქულა დაკარგეს. ჯონ ტერის სასამართლო გაიწელა და FA-მ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება. მას ინგლისის ნაკრების კაპიტნობის უფლება ჩამოართვეს, ხოლო კაპელოს გადადგომა მოუწია. ეშლი კოული კი პირადად დაუპირისპირდა ვილაშ-ბოაშს.

„მე აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი და ამას შენი ტაქტიკით ვერასდროს შევძლებთ.“ - თქვა ეშლიმ

პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკან დახევას, შეტევაზე გადასვლა არჩია და Daily Mail-თან თქვა: „ჩემს პროექტს ფეხბურთელები მხარს არ უჭერენ. მხარს მხოლოდ ხელმძღვანელობა მიჭერს და მე სრული უფლებამოსილება მაქვს ყველაფერზე. ორი ფეხბურთელი წავიდა და მომავალში კიდევ ბევრი გაყვება მათ.“

რამდენიმე დღის შემდეგ, „ჩელსი“ სტუმრად „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდა და 1:3 წააგო. დროგბა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ლამპარდი და ეშლი კოული არა. კოული ცვლილებაზე ბოსინგვას ნაცვლად შევიდა და რომ არა ის, ლონდონელები 1:4-ს წააგებდნენ.

მატჩის შემდეგ ლამპარდმა განაცხადა: „ჩემი და ვილაშ-ბოაშის ურთიერთობა გაუარესდა. შეიძლება ეს გარედან არ ჩანს, მაგრამ დამერწმუნეთ, ყველაფერი ძალიან ცუდად არის.“

ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ „ჩელსის“ მეოთხედფინალში გასვლა შეეძლო..

დიდიეს ჩემპიონთა ლიგის მოგების ოცნება არაერთხელ დამსხვრეულა. ყველაზე მკაფიოდ კი 2008 წელს მოსკოვში.. გამარჯვებასთან ერთი ნაბიჯი აშორებდა და თასი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დარჩა. ის იმ მომენტში თავს ყველაზე მარტოსულად გრძნობდა..

იმ სეზონში, კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელი მოურინიოს წასვლის გამო სასოწარკვეთილი იყო. „განსაკუთრებულთან“ დამშვიდობების დროს დროგბა ატირდა. შემდეგ კი აბრამოვიჩთან სასაუბროდ წავიდა..

მიუხედავად ამისა, ავრამ გრანტმა „არისტოკრატები“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად გაიყვანა. მოსკოვის ფინალის დროს, დიდიე ემოციურად ძალიან ცუდად იყო, რადგან მისი საყვარელი ბებია საავადმყოფოში დააწვინეს და ზუსტად თამაშის დროს, ის სიკვდილს ებრძოდა. ფეხბურთელის გონება კი საავადმყოფოსკენ იყო მიმართული..

კონცენტრაციას ვერაფრით ახერხებდა.. დამატებით დროში ვიდიჩს დაარტყა და გააძევეს. მოგვიანებით დროგბამ თქვა: „იმ დროს, გასახდელში მიმავალი გზა ყველაზე გრძელი გზა იყო ჩემს ცხოვრებაში..“

პეტრ ჩეხმა კრიშტიანუ რონალდუს პენალტი მოიგერია და თითქოს გმირი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დროგბა სტადიონზე აღარ იყო და მეხუთე პენალტის შესრულება ჯონ ტერის მოუწია, რომელსაც ფეხი დაუცდა და ვერ გაიტანა.. ასევე, ანელკას საშინლად შესრულებული პენალტი და „იუნაიტედი“ ჩემპიონია..


„პირდაპირ გასახდელში წავედი და მარტო დავჯექი. ვცდილობდი ამ კოშმარული სიზმრიდან გამოსვლას, მაგრამ მივხვდი - ეს რეალობა იყო.. გასახდელში პირველი რომან აბრამოვიჩი შემოვიდა თავის 10 წლის შვილთან ერთად. ბიჭი გაუჩერებლად ტიროდა. ნელ-ნელა სხვებიც შემოვიდნენ და ყველა მე მეკითხებოდა, თუ როგორ ვიყავი..

2009 წელს „ჩელსის“ ჰქონდა შანსი შეეჩერებინა ის მოცემულობა, რაც დღეს არსებობს. საუბარი იმაზეა, რომ პეპ გუარდიოლას „ბარსელონა“ ისტორიაში საუკეთესო გუნდად მოიაზრება.. ლონდონელები ამასთან ძალიან ახლოს იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში..

მატჩის მიმდინარეობისას, „არისტოკრატებს“ 3 პენალტი არ დაუდეს, ხოლო, როცა ინიესტამ ანგარიში გაათანაბრა „ჩელსის“ კიდევ ჰქონდა მომენტი, როცა მათთვის პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა, ოვრებომ კვლავ არაფერი მოიმოქმედა..

გამწარებული დროგბა ოვრებოს ბოლო ხმაზე უყვიროდა. გუუს ჰიდინკი მის შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს დიდიე დაცვის თანხლებით გაიყვანეს მოედნიდან..

„ეს არ იყო კარგი მაგალითი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ფეხბურთის ყურებას. პირობას გაძლევთ, ასეთი რამ ჩემი მხრიდან აღარ განმეორდება.“ - საბოლოოდ კოტ-დ'ივუარელმა ბოდიში მოიხადა

2012 წლის მარტი - ძველი გვარდიის დაბრუნება

„ნაპოლისთან“ საპასუხო მატჩის წინ, დროგბამ გუნდს მიმართა. 11 დღით ადრე, „ვესტ ბრომვიჩთან“ წაგების შემდეგ, რომან აბრამოვიჩმა ვილაშ-ბოაშის ნდობა დაკარგა და გუნდიდან გაუშვა. მის ნაცვლად კი დროებით მწვრთნელად დი მატეო დაინიშნა..

ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, ძველ ფეხბურთელებს კვლავ მიეცათ ბევრი რამის დამტკიცების საშუალება..

„იანვარში წასვლა შემეძლო, მაგრამ არ წავედი. იცით რატომ? მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ..“ - მიმართა დროგბამ გუნდს

ძველი გვარდია დაბრუნდა!! ძირითად დროში დროგბამ, ტერიმ და ლამპარდმა გაიტანეს - 3:1 და მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც მეოთხე გოლი ბრანისლავ ივანოვიჩმა გაიტანა. „არისტოკრატები“ მეოთხედფინალში გავიდნენ!!

„ლურჯებმა“ „ბენფიკასთან“ ტორესის და დროგბას გარეშე ითამაშეს. დიდიემ მხოლოდ 2 წუთი ითამაშა, მაგრამ მისთვის მთავარი დი მატეოსთან სწორი კომუნიკაცია იყო. იტალიელმა სპეციალისტმა კოტ-დ'ივუარელს აუხსნა, რომ ის უკვე ასაკში იყო(34 წლის) და დასვენება სჭირდებოდა. ლისაბონური ბარიერი პრობლემას არ წარმოადგენდა..

ნახევარფინალში კვლავ „ბარსელონა“ იცდიდა. შურისძიებისთვის დროგბას შესანიშნავი შანსი ჰქონდა. პირველ მატჩში, რომელიც „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა, გუარდიოლას გუნდს 72%-იანი ბურთის ფლობის მაჩვენებელი ჰქონდა და 743 პასი გაკეთებული. ლონდონელებს კი სულ რაღაც 169. მთელი მატჩის განმავლობაში „ბლაუგრანა“ დომინირებდა, მაგრამ გოლი „ჩელსიმ“ გაიტანა.

„ჩვენ მხოლოდ ერთი შანსი გვქონდა და ეს უნდა გამოგვეყენებინა. ბედნიერი ვარ, რომ გოლი მე გავიტანე.“ - თქვა დროგბამ თამაშის შემდეგ

საპასუხო მატჩი კიდევ უფრო რთული გამოდგა. სერხიო ბუსკეტსმა ანგარიში გახსნა, შემდეგ ინიესტამ სხვაობა ორამდე გაზარდა და ჯონ ტერი მინდვრიდან გააძევეს. „ჩელსი“ განწირულს ჰგავდა..

თუმცა ლამპარდის გენიალურმა პასმა ბევრი რამ შეცვალა. ფრენკმა რამირესს საოცარი გადაცემა გაუკეთა. ბრაზილიელმა კი ვიქტორ ვალდესს შანსი არ დაუტოვა. ლონდონელებს სტუმრად გატანილმა გოლის წესმა უპირატესობა მისცა..

მეორე ტაიმში „არისტოკრატები“ დაცვაში იდგნენ და დროგბამ მარცხენა მცველის პოზიცია დაიკავა. მისმა ამ პოზიციაზე გამოუცდელობამ ლონდონელები კინაღამ დასაჯა. დიდიემ ფაბრეგასი წააქცია და პენალტი დაინიშნა, თუმცა „ლურჯებს“ გაუმართლათ და მესიმ ვერ გაიტანა..

კატალონიელებმა გოლი ვეღარ გაიტანეს და პირიქით, ბოლო წუთზე ტორესმა ანგარიში გაათანაბრა - „ჩელსი“ ფინალში გავიდა, სადაც „ბაიერნი“ ელოდა..


დი მატეომ იცოდა, რომ ფინალში მსგავსი ტაქტიკა და იღბალი ისევ დასჭირდებოდა.. „ლურჯებს“ ტერი, ივანოვიჩი, რამირესი და რაულ მეირელეში არ ჰყავდა.. „ბაიერნმა“ 34-ჯერ დაარტყა და 20 კუთხური ჩააწოდა. საბოლოოდ, 83-ე წუთზე ტომას მიულერმა გაიტანა..

„ეს ჩემთვის ოცნების დასასრულს ჰგავდა“ - თქვა დიდიემ თამაშის შემდეგ

ხუან მატამ თავდამსხმელის სასოწარკვეთა იგრძნო.. ესპანელი ნახევარმცველი მას ამხნევებდა: „უნდა გჯეროდეს დიდიე, უნდა გჯეროდეს“!!

90 წუთის განმავლობაში „ჩელსიმ“ პირველი კუთხური მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ჩააწოდა. ბურთთან მატა მივიდა, ჩააწოდა და დროგბამ ნოიერის კარი აიღო - „ლურჯებმა“ წონასწორობა აღადგინეს..

კოტ-დ'ივუარელმა ლეგენდამ ყველაფერი კინაღამ წყალში ჩაყარა, როდესაც დამატებით დროში, საკუთარ საჯარიმოში თამაშს წესები დაარღვია და „ჩელსის“ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან არიენ რობენი მივიდა, რომელიც წლების წინ „არისტოკრატების“ ღირსებას იცავდა.

„რობენთან მივედით და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოვახდინეთ. ვუთხარით, რომ ის ჩვენი კარგი მეგობარი იყო. მას „ჩელსი“ უყვარდა და ეს შანსი ჩვენთვის არ უნდა მოესპო.“

ჩეხმა პენალტი მოიგერია და 120 წუთი ფრედ 1:1 დასრულდა. ლონდონელებს ოცნების ასრულებამდე ერთი ნაბიჯი აშორებდათ..

დროგბას ადრეც არაერთხელ განუცდია მარცხის გემო. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოსკოვში, აფრიკის ერთა თასის ფინალში ეგვიპტისა და ზამბიის წინააღმდეგ. ლივერპულში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სახლში ევერტონთან ასოციაციის თასზე, ლიგის თასზე „ჩარლტონის“, „ბარნლისა“ და „ბლექბერნის“ წინააღმდეგ, „ამიენისა“ და „ანგულემის“ წინააღმდეგ Coupe de France-ზე.. ეს საშინელი სტატისტიკა იყო..

მატამ ოცნება საფრთხის წინაშე დააყენა, რადგან ბურთი პირდაპირ მანუელ ნოიერს მოარტყა.. დავიდ ლუისმა, ლამპარდმა და ეშლი კოულმა გაიტანეს და ივიცა ოლიჩის ჯერი დადგა, რომელსაც ჩეხმა აუღო..

შემდეგ ბასტიან შვაინშტაიგერმა ვერ გაიტანა და „ჩელსი“ ზუსტად იმ პოზიციაში დაბრუნდა, როგორშიც მოსკოვში იყო.. მათ გადამწყვეტი პენალტი უნდა შეესრულებინათ, მაგრამ ამჯერად ბურთთან არა ტერი, არამედ დროგბა მივიდა..

მცირე გამორბენი, დარტყმა და „ჩელსი“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია..


„არ ვნერვიულობდი, საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. ბურთთან სპეციალურად ახლოს დავდექი, რათა ნოიერს ბევრი ფიქრის დრო არ ჰქონოდა. ერთი წამის განმავლობაში პანენკას დარტყმას ვფიქრობდი, მაგრამ გონს მოვეგე და გადავიფიქრე. სამაგიეროდ, ჩემს თავს ვუთხარი რაღაც, რასაც ბავშვობაში ვეუბნებოდი: „თუ გაიტან, ჩვენ გავიმარჯვებთ. გიყვარს ამ პოზიციაში ყოფნა.”“

იმ ღამეს, მოედანზე ზეიმის დროს, დროგბა, ჩეხი, ლამპარდი და ტერი ერთად აღმოჩნდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ..

ისინი მაშინაც ერთად იყვნენ, როცა მათ ანდრე ვილაშ-ბოაში ებრძოდა..

„მადლობა გადავუხადე მათ იმისთვის, რაც გააკეთეს და ვუთხარი, რომ მათთან ერთად თამაში პატივი იყო..“

გასახდელში დაბრუნებულმა დროგბამ ჩემპიონთა ლიგის თასი დაიჭირა ხელში და საუბარი დაუწყო: „ამდენი ხანი რატომ მალოდინე? აქამდე რატომ არ მოხვედი ჩემთან?“

ჰკითხა მან და ჩამოთვალა გაცდენილი წლები..

ბევრს აინტერესებდა რჩებოდა, თუ არა დიდიე გუნდში. ჩემპიონობის აღლუმის შემდეგ, კოტ-დ'ივუარელმა თავისი რაზმი შეკრიბა და წასვლის შესახებ ამცნო. დროგბა ტიროდა და ტიროდა ყველა.. ეს იყო საოცარი 8-წლიანი ისტორიის ლამაზი, მაგრამ მაინც მოულოდნელი დასასრული..

ჩინური და თურქული კარიერის შემდეგ, დროგბა კვლავ დაბრუნდა „ჩელსიში“, მაგრამ მას იქ ლამპარდი აღარ დახვდა.. დიდი ოთხეული - დროგბა, ლამპარდი, ჩეხი ტერი!! მათ ერთად დიდი წარმატებისთვის აღარ მიუღწევიათ, მაგრამ წარუშლელი ისტორია დაწერეს..

2012 წელს მათი ბოლო ცეკვა იყო..

„ეს ყველაფერი ფილმს ჰგავდა.. ფილმს, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს..“ - მე დიდიე დროგბა ვარ

 

გაზიარება: