ბაიერნი, ჩემპიონთა ლიგა, მანჩესტერ სიტი
Aa Aa

მანჩესტერ სიტი VS ბაიერნი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტი“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან და საჭირო სიახლეს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

მერვედფინალი

მერვედფინალური წილისყრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ „რეკორდმაისტერი“ „პარი სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდებოდა. სპორტულ მედიაში ფავორიტად პარიზული გრანდი ჩათვალეს, მაგრამ შედეგი სულ სხვა იყო

გერმანულმა გიგანტმა პირველი შეხვედრა პარიზში 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი კომანმა გაიტანა. განმეორებითი შეხვედრა „ბაიერნისთვის“ უფრო მარტივი გამოდგა და იმ დროისთვის ნაგელსმანის გუნდმა 2:0 მოიგო. გოლები ჩუპო-მოტინგმა და გნაბრიმ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ გერმანელებმა ფრანგული ბარიერი საკმაოდ მარტივად დაძლიეს.

რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, „ქალაქელები“ ლაიპციგს შეხვდნენ. პირველი მატჩი დაძაბულად წარიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა კი ერლინგ ჰოლანდის ბენეფისად იქცა, რომელმაც გერმანელებს 5 გოლი გაუტანა. ჯამში კი გუარდიოლას გუნდმა 7:0 მოიგო.

პრემიერ ლიგა

„მანჩესტერ სიტი“ მეოთხედფინალურ შეხვედრას საკმაოდ კარგ ხასიათზე ხვდება, რადგან მისმა კონკურენტმა „არსენალმა“ ქულები დაკარგა და „ქალაქელებს“ ქულათა სხვაობის შემცირების კარგი შანსი აქვთ. ამ მომენტისთვის, „სიტისა“ და „მეთოფეებს“ შორის სხვაობა 6 ქულაა და თუ პეპის შეგირდები მომავალ მატჩს მოიგებენ 3 გახდება. უკანასკნელ ტურში, მანჩესტერული გრანდი საუთჰემპტონს დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.

ბუნდესლიგა

გერმანიის თასზე „ფრაიბურგთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში კვლავ „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდა და მატიას დე ლიხტის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი საკმაოდ დაძაბულია. „რეკორდმაისტერი“ „დორტმუნდის ბორუსიას“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

დანაკლისი:

მატჩამდე 1 დღით ადრე გაირკვა, რომ ჩუპო მოტინგმა ტრავმა მიიღო და გუნდს ინგლისში ვერ გაყვა. 34 წლის თავდამსხმელს მუხლის პრობლემები აქვს. ტომას ტუხელის განკარგულებაში ასევე მანუელ ნოიერი და ლუკას ერნანდესი ვერ იქნებიან.

პეპ გუარდიოლას განსაკუთრებული პრობლემები არ აქვს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო „ბაიერნის“ წინააღმდეგ მხოლოდ ფილ ფოდენი ვერ ითამაშებს.

ტუხელი VS გუარდიოლა

ეს ორი მწვრთნელი ერთმანეთს კარიერაში 10-ჯერ შეხვდნენ. ესპანელმა 5-ჯერ მოიგო, გერმანელმა 3-ჯერ, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება 2021 წელს მოხდა.

იმ დროს გერმანელი „ჩელსის“ წვრთნიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ლონდონელები სწორედ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდნენ და კაი ჰავერცის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს.

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის წინ?

„პირველ რიგში ამბიცია უნდა გვქონდეს. ეს მთავარი ფაქტი იქნება. ერთმანეთს ორი დაბალანსებული გუნდი ხვდება. განსხვავებას დეტალები შექმნის. ყველამ იცის როგორი გუნდია „ბაიერნი“. რთული მატჩი იქნება. კანსელუსთან დაპირისპირება უცნაური იქნება, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ის ჩემი ფეხბურთელი იყო.

მიმდინარე სეზონს წინა წლებს ვერ შევადარებ, რადგან ფეხბურთი ყოველ წელს იცვლება. მიუხედავად ამისა, აქ ვართ და გარანტიას გაძლევთ, რომ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ. ჩვენ დიდებული ფეხბურთელები გვყავს და არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჰყავს „ბაიერნს“. ნაგელსმანიც და ტუხელიც კრეატიული მწვრთნელები არიან და ორივესთან დაპირისპირება რთულია.

იულიანის გათავისუფლებით გაკვირვებული დავრჩი. ამ საკითხზე რეალურ აზრს ვერ გამოვთქვამ. როდესაც მწვრთნელს ათავისუფლებენ და ახალი მწვრთნელი იგებს, ამბობენ, რომ გუნდი სწორად მოიქცა. როდესაც საპირისპირო ხდება, ყველას ძველი დამრიგებელი ენატრება. შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთელები იდეალურ ფორმაში არიან.

შეტევაში ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავს. ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ. „ბაიერნთან“ დაპირისპირება ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება. ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ. „ბაიერნი“ არ არის შექმნილი განმეორებითი მატჩისთვის. ეს გუნდი გამარჯვებისთვის შეიქმნა.“

რა თქვა ტუხელმა მატჩის წინ?

ზოგადად, პეპის გუნდებს ყოველთვის აქვთ თავისი უნიკალური სტილი. ჩვენის მხრივ ვეცდებით, რომ კონკურენციის სწორი გზები ვიპოვოთ როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშეც. სრულყოფილი თამაში გვჭირდება. კარგად გავაანალიზეთ „სიტის“ ბოლო რამდენიმე კვირა. ინგლისში რამდენიმე წელი ვმუშაობდი და ვფიქრობ, კარგად გვაქვს წარმოდგენილი, თუ რა გველოდება ხვალინდელ შეხვედრაში. მეტოქეს დომინაცია უყვარს, ჩვენ კი ამის შეჩერებას ვეცდებით.

ამ ტურნირზე თამაშით ყველა აღფრთოვანებულია და ამ ეტაპის დაძლევა ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. ეს ზუსტად ისეთი ტესტია, როგორსაც ვისურვებდით. ბოლო შედეგებს უნდა დავეყრდნოთ, რომ რაიმე შანსი გვქონდეს. აშკარაა სიტის სათამაშო სტილი და ვხედავ, როგორი ეფექტი მოიტანა პეპმა ბოლო 6, თუ 7 წლის მუშაობის შედეგად. ძალიან შემტევი და ძლიერი გუნდია, რომელიც კარგ ფორმაშიცაა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება 11 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: