''თითქოს უხილავია და მეტოქეებს შორის აჩრდილივით ძვრება'' - რუსეთში ქართველი პულიშიჩს შეადარეს
Aa
Aa

''თითქოს უხილავია და მეტოქეებს შორის აჩრდილივით ძვრება'' - რუსეთში ქართველი პულიშიჩს შეადარეს

რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა შემდეგი სათაურით: ''ვინ არის ''რუბინის'' თვალისმომჭრელი პატარა მოცეკვავე?''

მასალაში 19 წლის ტალანტის კარიერის მნიშვნელოვან დეტალებზეა ყურადღება გამახვილებული, თბილისის ''დინამოს'' აკადემიაში აღზრდილმა ფეხბურთელმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის პირველ გუნდში მცირე დრო დაჰყო, შემდეგ ''რუსთავში'' გადავიდა.

2019 წლის ზამთრიდან რუსეთის პრემიერ ლიგაში ასპარეზობს. მისი პირველი რუსული გუნდი მოსკოვის ''ლოკომოტივი'' იყო, სადაც იჯარით ნახევარი სეზონი გაატარა. 2019 წლის ზაფხულიდან კვარაცხელია ყაზანის ''რუბინის'' საკუთრებაშია.

სტატიის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი კვარაცხელიასა და ლონდონის ''ჩელსის'' ამერიკელი შემტევის, კრისტიან პულიშიჩის შედარებას ეთმობა. სტატიის ავტორი თვლის, რომ მათ მსგავსი სათამაშო სტილი აქვთ.

''ამერიკელ კრისტიან პულიშიჩს დიდი სისწრაფით მოძრაობისას ბურთი ყოველთვის ფეხთან ახლოს აქვს და თითქმის ყოველთვის მაქსიმალური სისწრაფით მოძრაობას. ანალოგიურად ძალიან სწრაფია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ფეხბურთელებს შორის აჩრდილივით ძვრება. კვარაცხელია თითქოს უხილავია ისე სცდება მეტოქის ფეხბურთელებს, მაგრამ როცა მოწინააღმდეგეები მათ წინააღმდეგ თამაშის წესს არღვევენ ან მათ შეჩერებას ცდილობენ, პულიშიჩს და კვარაცხელიას საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ''.

22 წლის პულიშიჩი ''დორტმუნდის'' აკადემიაში ირიცხებოდა, შემდეგ პირველ გუნდში დააწინაურეს, სადაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. 2019 წლის იანვარში, ამერიკელი 58 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ლონდონის ''ჩელსიმ'' გადაიბირა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა. 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. 2020-21 წლების სეზონის საწყის 10 ტურში კვარაცხელიამ 168 მცდელობიდან 87 დრიბლინგი წარმატებით შეასრულა, რაც რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები