ლევან შენგელია, პანეტოლიკოსი, პანათინაიკოსი
Aa
Aa

შენგელიამ პანათინაიკოსს გაუტანა - ქართველის გუნდი მაინც დამარცხდა

საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-17 ტურში ლევან შენგელიას „პანეტოლიკოსი“ სტუმრად გათამაშების ლიდერ „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დამარცხდა.

ქართველი შემტევი პირველივე წუთებიდან სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. „პანათინაიკოსის“ კარში ერთადერთი გოლიც სწორედ შენგელიას ანგარიშზეა, თუმცა, ქართველის გოლმა „პანეთოლიკოსი“ მარცხისგან მაინც ვერ იხსნა.

მასპინძლებმა ანგარიში 51-ე წუთზე, სპორარის გოლით გახსნეს, 89-ე წუთზე კი სპორარის დუბლით სხვაობა ორბურთამდე გაზარდეს. მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე ლევან შენგელიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და საბოლოოდ, შეხვედრა „პანათინაიკოსის“ გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ლევან შენგელიასთვის ეს გოლი მიმდინარე სეზონში პირველი იყო. ქართველმა ფეხბურთელმა „პანეტოლიკოსის“ შემადგენლობაში ამ სეზონში მე-13 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

„პანეტოლიკოსი“ საბერძნეთის სუპერ ლიგის 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. ქართველი ფეხბურთელის გუნდს მომდევნო შეხვედრა 14 იანვარს, საკუთარ მოედანზე „არისის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები