კორეაში პირველივე წუთზე გაიტანა | ბუღრიძის სადებიუტო გოლი ახალ გუნდში
სამხრეთ კორეის საფეხბურთო ჩემპიონატში, K ლიგა 2-ის 25-ე ტურში, „გიმჰესა“ და „ჯონნამის“ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. აუტსაიდერთა დაპირისპირებაში ანგარიში პირველივე წუთზე „ჯონნამის“ ქართველმა შემტევმა, ირაკლი ბუღრიძემ გახსნა. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, თავად ბუღრიძე კი 62-ე წუთზე შეცვალეს.
28 წლის ქართველმა გარემარბმა „ჯონნამის“ რიგებში K ლიგა 2-ში თავისი მესამე შეხვედრა ჩაატარა (ჯამში მოედანზე 98 წუთი აქვს გატარებული). აღსანიშნავია, რომ ის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და სადებიუტო გოლიც გაიტანა.
ბუღრიძემ 2026 წლის სეზონი ასევე K ლიგა 2-ის კლუბ „ჩუნგბუკ ჩონჯუში“ დაიწყო, სადაც 9 მატჩში მხოლოდ 84 წუთი ითამაშა, თუმცა 2 საგოლე მოქმედებით (1 გოლი, 1 საგოლე პასი) მაინც გამოირჩა. ზაფხულში მან კლუბი შეიცვალა და კარიერა „ჯონნამში“ გააგრძელა.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას: სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგაში, სადაც 16 გუნდი მონაწილეობს, „ჯონნამი“ 20 ქულით მე-15 ადგილზეა და ბოლოადგილოსან „გიმჰეს“ 7 ქულით უსწრებს.