კირკიტაძის გოლით - ბათუმის დინამომ ლიდერ რუსთავს მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბათუმის „დინამო“ „რუსთავს“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე რუსთაველთა მეკარის, პაპუნა ბერუაშვილის უხეში შეცდომის შემდეგ თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა. 70-ე წუთზე „რუსთავი“ ახლოს იყო გოლთან, თუმცა ნოდარ ყალიჩავამ ბათუმელები გადაარჩინა.
ამ გამარჯვების შედეგად ბათუმელები 40 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე არიან - პირველზე კი კვლავ გია ცეცაძის გაწვრთნილი „რუსთავია“ (42 ქულა).
ხვალ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ 3 მატჩი გაიმართება: მეშახტე-სპაერი, დილა-გაგრა და იბერია 1999-სამგურალი, კვირას კი ტურს ტორპედო-დინამო თბილისის მატჩი დახურავს.