ნიკა ნინუა, დავით მუჯირი, ცოტნე ფაცაცია, ლექსო ფეიქრიშვილი, გურამ გოშთელიანი
Aa
Aa

გოლები ყოფილი გუნდების კარში - იბერია 1999-ის და ტორპედოს სენსაციური მარცხი

გუშინ დაწყებული Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 23-ე ტური დღეს სამი შეხვედრით დასრულდა და გულშემატკივრებმა სენსაციური შედეგებიც იხილეს. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999“-მა სტუმრად „გაგრასთან“ 0:2 წააგო და ეს გასაკვირი ნამდვილად არ იყო, რადგან ევროტურნირებზე ასპარეზობამ „იბერიელების“ ფიზიკურ კონდიციებს ასე თუ ისე საკუთარი კვალი დაატყო. მე-12 წუთზე გაგრელები გურამ გოშთელიანმა დააწინაურა, რომელმაც ყოფილი კლუბის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. საბოლოო შედეგი კი 82-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ალექსანდრე ფეიქრიშვილის მოპოვებული 11-მეტრიანი გოლად დავით მუჯირმა აქცია.

„მეშახტემ“ ჩემპიონატში 20-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს, ტყიბულელებმა ამის გაკეთება სტუმრად „ტორპედოსთან“ შეხვედრაში მოახერხეს, რომელიც 2:0 დაამარცხეს. აუცილებლად ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ „მეშახტეს“ კახა ჩხეტიანი ამზადებს, რომლის დაბრუნებასაც „ტორპედოს“ ქომაგები ამ დრომდე ითხოვენ. ორივე გოლი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. ჯერ ცოტნე ფაცაცია იდეალურად გაისარჯა და ყოფილი გუნდის კარის აღება გოშთელიანის მსგავსად მანაც არ აღნიშნა, ხოლო ორიოდე წუთში ისევ ფაცაციამ ჩინებული გრძელი პასით შეტევაში კვირკვია-გოგოლაშვილის დუეტი გაუშვა და ამ უკანასკნელმა ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

„დინამო თბილისმა“ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე „დილას“ უმასპინძლა, მეტოქე 2:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. მასპინძლების რიგებში თითო ბურთი ნიკოლოზ ნინუას და მაქსიმ ტეიშეირას ანგარიშზეა და ორივე მათგანს საგოლე პასი ლეუ სანტუშმა მიაწოდა. სტუმართაგან ერთადერთი ბურთი კი ულამაზესი დარტყმით ბლანკსონ ანოფმა გაიტანა.

ცნობისათვის, Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას 23 ტურის შემდეგ 42 ქულით „რუსთავი“ ლიდერობს და მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „დინამო თბილისსა“ და „დინამო ბათუმს“ 5 ქულით უსწრებს, თუმცა თემურ ქეცბაიას შეგირდებს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ გამართული. მომდევნო, რიგით 24-ე ტურის მატჩები 4-6 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა | იბერია 1999-ზე რთული კალენდარი მხოლოდ 4 გუნდს აქვს
კონფერენს ლიგა | იბერია 1999-ზე რთული კალენდარი მხოლოდ 4 გუნდს აქვს