წიტაიშვილის დებიუტი ისევ გადაიდო - ბარსამ რაიო გაანადგურა
ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურში „რაიო“ „ნოუ კამპზე“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და სამბურთიანი სხვაობით, 2:5 დამარცხდა. „ვალეკანოს“ განაცხადში იყო გიორგი წიტაიშვილი, თუმცა მადრიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ბენიატ სან ხოსემ მას თავის გამოჩენის საშუალება ამჯერადაც არ მისცა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ლა ლიგური დებიუტი კიდევ ერთხელ გადაიდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, კატალონიელებმა შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთის დემონსტრირება მოახდინეს და მათი უპირატესობა ეჭვქვეშ წუთითაც არ დამდგარა. დუბლი მასპინძლების ორმა ფეხბურთელმა, ლამინ იამალმა და რაფინიამ შეასრულა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა კილიან მბაპეს გაუსწრო და 5 გოლით ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში. ასევე აღსანიშნავია კატალონიელთა ახალწვეულების, ენტონი გორდონისა და კარიმ ადეიემის კარგი ასპარეზობა, რომელთაც საგოლე პასები შეასრულეს.
ცნობისათვის, სამი ტურის შემდეგ 9 ქულით „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილის ლიდერია, „რაიოს“ კი 1 ქულა აქვს და მეთვრამეტე ადგილზეა. მომდევნო ტურში კატალონიელები სტუმრად „ვალენსიასთან“ ითამაშებენ, ხოლო „ვალეკანო“ „რასინგს“ უმასპინძლებს და სრულიად შესაძლებელია ერთგვარი ქართული დერბი ვიხილოთ - გიორგი წიტაიშვილი გიორგი გულიაშვილის წინააღმდეგ.